გადაწყვეტილება №21530/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.04.2024
№ დოკუმენტი 21530/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№21530/2/2023

23 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---ს“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“-ის 8.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21530/2/2023).

 

დავის საგანი:

ფიზიკური პირებისგან მიღებული მომსახურების დაქირავებით მუშაობად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2022 წლის №021-111 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28582 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 80 425 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 45 535

ჯარიმა - 18 915

საურავი - 15 975

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა ტურიზმის სფეროში ოთხი მიმართულებით:

1. ავტობუსებით/მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა საქართველოს ქალაქებიდან (----) ---ის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მინივენი, ჯიპები, ავტობუსები, მსუბუქი ავტომანქანები) გაქირავება ტურისტულ ჯგუფებზე

3. ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა საქართველოში და ტურისტული პაკეტის მიწოდება

4. საერთაშორისო გადაზიდვა.

ამდენად, შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება როგორც დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა (სატრანსპორტო მომსახურება ქვეყნის შიგნით), ასევე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. საწარმოს საკუთრებაში გააჩნია 39 ავტოსატრანსპორტო საშუალება, ეკონომიკურ საქმიანობაში ასევე გამოყენებულია იჯარით აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომპანიას არ ჰყავს დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები.

წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ან/და ინდ. მეწარმედ რეგისტრირებულ პირთან, რომლებიც არიან მძღოლები, გაფორმებული აქვს სატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულებები, რომელთა დანართებში ასახულია შესასრულებელი მარშრუტების ჩამონათვალი, განხორციელებულ თითოეულ მარშრუტზე ასანაზღაურებელი მომსახურების საფასური და საწვავის ოდენობა (ხელშეკრულებები იდენტურია ყველა მძღოლისთვის).

ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული არ არის სამუშაო საათები ან/და სავალდებულოდ შესასრულებელი რეისების ჩამონათვალი. შესრულებული სამუშაოს შემდგომ ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებშიც მოცემულია შესაბამის პერიოდში მძღოლის მიერ გამომუშავებული ანაზღაურება. საწარმოს მიერ მომსახურების თანხის ანაზღაურება ხორციელდება, როგორც სალაროს, ასევე საბანკო გადარიცხვების მეშვეობით. ვინაიდან, გადამხდელის მიერ აღნიშნული საქმიანობის დაქირავებით მომუშავე (თანამშრომელი) მძღოლების გარეშე განხორციელებისას გამოიკვეთა რისკი, რაც საკანონმდებლო მანიპულაციების გზით საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან ნაწილობრივ თავის არიდებას უკავშირდება, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, მძღოლებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, კერძოდ, მძღოლებს დაევალათ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 მაისის №12359 ბრძანების შესაბამისად კითხვარის შევსება (სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების თაობაზე).

ყველა შევსებული კითხვარი გადამოწმდა შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მიღებული შედეგებით დადგინდა გაწეული მომსახურების დაქირავებით მუშაობად დაკვალიფიცირების საკითხი. კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობა დაკვალიფიცირდა, როგორც დაქირავებით მუშაობა, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში კი დაკვალიფიცირდა, როგორც მომსახურების გაწევა.

შემოწმებისთვის კვლევის მთავარ საკითხს წარმოადგენდა იმ მძღოლების კლასიფიკაციის განსაზღვრა, რომელთა ანაზღაურებას ჰქონდა უწყვეტი და თანხობრივად არსებითი მაჩვენებლები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, გამოკითხვის შედეგად განსაზღვრულ იქნა საწარმოს მიერ დაქირავებულ პირთა (მძღოლები) ვინაობა და მათზე გაცემული თანხების/ხელფასის ოდენობა.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, საწარმოს გაეზარდა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი თანხები. შედეგად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 18.11.2022 წლის №29002 ბრძანება და №021-111 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11158 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 13.07.2023 წლის №19845/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28582 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28582 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 81-ე მუხლის პირველი ნაწილით, 90-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 101-ე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომპანიას არ ჰყავს დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები. წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, საწარმოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ან/და ინდ. მეწარმედ რეგისტრირებულ პირებთან, რომლებიც არიან მძღოლები, გაფორმებული აქვს სატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულებები. ხელშეკრულებების დანართებში ასახულია შესასრულებელი მარშრუტების ჩამონათვალი, განხორციელებულ თითოეულ მარშრუტზე ასანაზღაურებელი მომსახურების საფასური და საწვავის ოდენობა (ხელშეკრულებები იდენტურია ყველა მძღოლისთვის). ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული არ არის სამუშაო საათები ან/და სავალდებულოდ შესასრულებელი რეისების ჩამონათვალი. შესრულებული სამუშაოს შემდგომ ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებშიც მოცემულია შესაბამის პერიოდში მძღოლის მიერ გამომუშავებული ანაზღაურება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, მძღოლებს დაევალათ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 მაისის №12359 ბრძანების შესაბამისად კითხვარის შევსება („სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების თაობაზე“).

ყველა შევსებული კითხვარი გადამოწმდა შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მიღებული შედეგებით დადგინდა გაწეული მომსახურების დაქირავებით მუშაობად დაკვალიფიცირების საკითხი. შემოწმებისთვის კვლავ მთავარ საკითხს წარმოადგენდა იმ მძღოლების კლასიფიკაციის განსაზღვრა, რომელთა ანაზღაურებას ჰქონდა უწყვეტი და თანხობრივად არსებითი მაჩვენებლები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, გამოკითხვის შედეგად განსაზღვრულ იქნა საწარმოს მიერ დაქირავებულ პირთა (მძღოლები) ვინაობა და მათზე გაცემული თანხების/ხელფასის ოდენობა. შედეგად, საწარმოს განესაზღვრა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულება. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ როგორც თავდაპირველ საჩივარში აღნიშნა, ყველა მძღოლთან დადებულია იდენტური ხელშეკრულებები, შესასრულებელი სამუშაოც, განურჩევლად ყველა მძღოლისთვის ერთნაირია, ასევე შემოსავლების სამსახურის მხრიდან არ ყოფილა მოთხოვნილი რაიმე მტკიცებულება, რადგან შემოსავლების სამსახურმა ყველა მძღოლთან თავად განახორციელა კომუნიკაცია. ასევე, გამოითხოვა ინფორმაცია შემოსავლების სამსახურისგან იმ მძღოლების შესახებ, რომელთა მუშაობაც დაქირავებით მუშაობად დაკვალიფიცირდა, სადაც გამოიკვეთა ის მძღოლები, რომლებიც არ გამოცხადდნენ შემოსავლების სამსახურში კითხვარის შესავსებად და ეს პირები კვლავ განხილულ იქნენ დაქირავებით მომუშავეებად, რაც ზემოაღნიშნული მიზეზით მიაჩნია უსამართლოდ.

შემოსავლების სამსახურს კვლავ სთხოვა ზემოთ აღნიშნული მძღოლების ხელახალი გამოკითხვა. თუმცა პასუხად, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი არგუმენტი/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. გაიარა თითოეული მძღოლის საკითხი და წარმოადგენს არგუმენტებს თუ რატომ არ უნდა განიხილებოდეს ისინი დაქირავებით მომუშავე პირებად:

1. ი/მ ---- - ძირითადი საქმიანობაა მეფუტკრეობა. თავისუფალ დროს, სურვილის შემთხვევაში სერვის უწევდა შპს ----ს;

2. ი/მ --- - მისი ძირითადი საქმიანობა მაღალი ტვირთგამწეობის ტრანსპორტის მართვაა. სურვილისა და თავისუფალი დროის პერიოდში იგი სერვისს უწევდა შპს ----ს, მის კუთვნილ ავტობუსებზე;

3. ი/მ ---- - ჰყავს საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები. შპს ----მა გამოიყენა მისი კუთვნილი ავტობუსი სულ რამოდენიმე ტურისტული ჯგუფის ექსკურსიისთვის, 2018 – 2019 წლებში, რამოდენიმე თვეზე;

4. ი/მ ---- საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით მოემსახურა შპს ----ს აეროპორტის ტრანსფერებზე, მისი ძირითადი საქმიანობაა ტაქსის მძღოლობა საკუთარი ავტომობილით. აქვს ტაქსისტის ლიცენზიაც;

5. ი/მ ---- - საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით მოემსახურა შპს -----ს რამოდენიმე ტურზე. კომპანიას მისი მომსახურება გამოყენებული აქვს მხოლოდ 2018 წელს 2 თვის განმავლობაში;

6. ი/მ ---- - ჰყავს საკუთარი მიკროავტობუსი, ზამთარში კომპანია იყენებს მის სერვის ----ში მისივე სატრანსპორტო საშუალებით, ზაფხულში ტურისტულ ჯგუფებზე, ასევე თავისუფალ დროს მართავს შპს ----ის კუთვნილ ავტობუსს;

7. ი/მ --- - საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით მოემსახურა შპს ----ის ტურისტულ ჯგუფებს მხოლოდ 2019 წლის რამოდენიმე თვის განმავლობაში;

8. ი/მ ---- - სერვისს უწევდა როგორც ----ს, ასევე სხვა კონკურენტ კომპანიებს.

შპს ---მა მისი მომსახურება მიიღო მხოლოდ 2019 წელს რამოდენიმე თვის განმავლობაში;

9. ი/მ --- - საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით მოემსახურა შპს --- ს მხოლოდ 2019 წლის რამოდენიმე თვის განმავლობაში;

10.ი/მ ---- - საკუთარი ავტობუსით და მისივე შერჩეული მძღოლით შპს ----ს მოემსახურა ----ის აეროპორტი - ----ის მარშრუტზე. კომპანიამ მისი მომსახურება მიიღო 2019 წლის მხოლოდ 4 თვის განმავლობაში;

11.ი/მ ---- - შპს ----მა მისი მომსახურება მიიღო 2019 წლის რამოდენიმე თვეზე. ამ პიროვნებაზე შპს ----მა აღძრა სისხლის სამართლის საქმე, მომსახურების გაწევის პროცესში კომპანიის საკუთრების მითვისებაზე, დავაშია შესული.

12.ი/მ ---- - იგი ძირითადად საქმიანობს აგრარულ სფეროში. საკუთარი ტექნიკით (ტრაქტორით) მომსახურებას უწევს სოფლის მეურნეობაში ჩართულ კომპანიებს. თავისუფალ დროს, სერვის უწევდა შპს ----ს.

13.ი/მ---- - 2019 და 2020 წლის რამოდენიმე თვეზე საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით მოემსახურა შპს ----ს. თან ურთავს გამოთხოვილ ინფორმაციას მძღოლების შესახებ, რომელიც გაეგზავნა შემმოწმებლისგან. ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და არამართებულად დარიცხული თანხების შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28582 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

ფიზიკური პირებისგან მიღებული მომსახურების დაქირავებით მუშაობად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 18.11.2022 წლის №29002 ბრძანება და №021-111 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11158 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 13.07.2023 წლის №19845/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28582 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28582 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,ბ).