გადაწყვეტილება №21087/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 21087/2/2023
21 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, შემადგენლობით, 7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს-----------16.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21087/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების ოდენობა;
2. ფიზიკურ პირებზე გადახდილი ხელფასის და მომსახურების ანაზღაურების თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2023 წლის №002-140 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.09.2023 წლის №21909 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 31 819 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 17 867
დღგ - 565
საშემოსავლო გადასახადი - 17 302
ჯარიმა - 8 934
საურავი - 5 018
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა გზებისა და ავტობანების მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 6.07.2023 წლის №16282 ბრძანება და 7.07.2023 წლის №002-140 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.09.2023 წლის №21909 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების ოდენობა
ფაქტების აღწერა
საწარმოს გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2017 წლის 1 მაისს, დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2018 წლის 5 ოქტომბერს. საწარმო ახორციელებს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ტენდერებში. გადამხდელმა შესამოწმებელ პერიოდში მოგებული ტენდერების ნაწილი შეასრულა თავად, ხოლო ნაწილი შეასრულა ქვეკონტრაქტორის მეშვეობით, რაზეც შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია. ასევე კომპანია ასრულებს ქვეკონტრაქტორის სამუშაოებს.
შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული პროგრამა, შემოწმების პროცესში წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები და ექსელში დამუშავებული ინფორმაცია. მოწოდებული ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ბაზების დამუშავების საფუძველზე, გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით მიღებულ შედეგებს შორის გამოვლინდა სხვაობა. 2020 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს არ აქვს განაშთული მიღებული ანგარიშ-ფაქტურა (---------; ---------) და ზედმეტად აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხა. 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების შესაბამისად გადამხდელს შეუმცირდა ზედმეტად/არასწორად ჩათვლილი დღგ. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. მიუთითებს ტექნიკურ შეცდომაზე და აცხადებს, რომ ნაცვლად 564 ლარისა უნდა დარიცხვოდა 545 ლარი. ითხოვს, არასწორად დარიცხული გადასახადის და ჯარიმის შემცირებას. აღნიშნული შეცდომის გამო კომპანიას დამატებით დაერიცხა 19 ლარის დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
შემოწმებისას დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით მიღებულ შედეგებს შორის გამოვლინდა სხვაობა. 2020 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს არ აქვს განაშთული მიღებული ანგარიშ ფაქტურა (-----------; ---------) და ზედმეტად აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხა. 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების შესაბამისად გადამხდელს შეუმცირდა ზედმეტად/არასწორად ჩათვლილი დღგ. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემოწმების აქტის ამ ეპიზოდში ადგილი აქვს ტექნიკური შეცდომის საფუძველზე, დღგ-ში დამატებითი თანხის დარიცხვას, კერძოდ, ნაცვლად 564 ლარისა კომპანიას უნდა დარიცხვოდა 545 ლარი. შედეგად ზედმეტად დაერიცხა დღგ 19 ლარი და შესაბამისი ჯარიმა.
მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას, ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ტექნიკური უზუსტობის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის სანქციების) შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
2. ფიზიკურ პირებზე გადახდილი ხელფასის და მომსახურების ანაზღაურების თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ამონაწერში უფიქსირდება ფიზიკურ პირზე გადახდილი ხელფასის და მომსახურების ანაზღაურების თანხები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა 86 885 ლარი, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ შემოწმებისას მის მიერ წარდგენილი გაანგარიშების ცხრილებით უნდა დარიცხვოდა 15 380 ლარი ნაცვლად 17 302 ლარისა. შემოწმების აქტს არ ახლავს გაანგარიშების ცხრილები და შესაბამისად ვერ არკვევს თუ რამ გამოიწვია სხვაობა და რა იქნა დამატებითი თანხების დარიცხვის გამომწვევი მიზეზი. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტთან ერთად გაანგარიშების ცხრილების და არგუმენტების/მტკიცებულებების გავლას. აღნიშნული გაანგარიშების ცხრილები შემოსავლების სამსახურშიც ჰქონდა წარდგენილი, ასევე, წარადგენდა დასახელებულ არგუმენტებს, თუმცა არ იქნა გაზიარებული. საჩივრის განხილვა მოხდა მის გარეშე და არ მიეცა პოზიციის დაცვის შესაძლებლობა. ითხოვს მისი არგუმენტების გათვალისწინებით დარიცხული თანხის კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
შემოწმებისას დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ამონაწერში უფიქსირდება ფიზიკურ პირზე გადახდილი ხელფასის და მომსახურების ანაზღაურების თანხები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა 86 885 ლარი, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე, მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გაანგარიშების ცხრილების შესწავლით დაადგინა, რომ საწარმოს უნდა დარიცხვოდა 15 380 ლარი, ნაცვლად 17 302 ლარისა. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტთან ერთად გაანგარიშების ცხრილების და არგუმენტების/მტკიცებულებების შესწავლას და შესაბამისად, ამ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).
მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას, ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ამ სადავო საკითხის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის სანქციების) შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2023 წლის №002-140 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 8 934 ლარი და საურავი - 5 018 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდეს სანქციებისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.09.2023 წლის №21909 ბრძანება;
3. პირველი და მე-2 დავის საგნების ნაწილში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს სადავო საკითხების მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების ოდენობა;
2. ფიზიკურ პირებზე გადახდილი ხელფასის და მომსახურების ანაზღაურების თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო ახორციელებს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ტენდერებში.
გადამხდელმა, შესამოწმებელ პერიოდში მოგებული ტენდერების ნაწილი შეასრულა თავად, ხოლო ნაწილი შეასრულა ქვეკონტრაქტორის მეშვეობით, რაზეც შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია. ასევე კომპანია ასრულებს ქვეკონტრაქტორის სამუშაოებს.
1.შემოწმების პროცესში , გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით მიღებულ შედეგებს შორის გამოვლინდა სხვაობა. 2020 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს არ აქვს განაშთული მიღებული ანგარიშ-ფაქტურა და ზედმეტად აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შესაბამისად გადამხდელს შეუმცირდა ზედმეტად/არასწორად ჩათვლილი დღგ. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა ჯარიმა.
2.გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ამონაწერში უფიქსირდება ფიზიკურ პირზე გადახდილი ხელფასის და მომსახურების ანაზღაურების თანხები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;173(1);174(1);154(1);275;101(1);