ბრძანება N 3103
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3103
20.02.2023
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ქ. -------------------)
2022 წლის 26 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 24 ნოემბრის და 2023 წლის 26 იანვრის სხდომებზე (ოქმები №111 და №6) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 8 სექტემბრის №17176/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--------------“ (ს/ნ ---------------) №67267/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის №001-509 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, მიუთითებს, რომ საწარმო კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, კერძოდ, პროგრამა ორისის მეშვეობით და არცერთი საერთაშორისო სტანდარტი არ ავალდებულებს ყოველ რეალიზებულ საქონელზე ჰქონდეს ჩამოწერის დოკუმენტი. გადამხდელი არ ეთანხმება დათვლის პრინციპსაც, კერძოდ, შემოწმების მიერ დოკუმენტური რეალიზაციების ორ ჯგუფად დაყოფას. აცხადებს, რომ იმ ჯგუფის ფასნამატი, რომელიც შემოწმებამ გამოიყენა მოიცავდა მხოლოდ 12-მდე საბურავს. აღნიშნული ფასნამატი კი გავრცელდა საცალო რეალიზაციაზე. გადამხდელი აღნიშნავს, რომ დოკუმენტური რეალიზაციების ასეთი დაყოფა არასწორია, ვინაიდან შემოწმებით მიჩნეულ საბითუმო რეალიზაციებზე მოდის დოკუმენტური რეალიზაციის 25 %, შესაბამისად, არანაირ დაყოფას საცალო და საბითუმო რეალიზაციად ადგილი არ ჰქონია. ამასთან, მეორადი საბურავების სპეციფიკიდან გამომდინარე, იმპორტირებულ ყველა მეორად საბურავს აქვს ერთიდაიგივე თვითღირებულება, თუმცა ბუნებრივია ყველა საბურავი არ არის ერთი ხარისხის. გადამხდელი, აგრეთვე, არ ეთანხმება თანხების აგროსვას და ვირტუალური თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 9 სექტემბრის №26940 ბრძანების და 21 დეკემბრის №37981 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------------“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 30 დეკემბრის №42207 ბრძანება და ამავე თარიღის №001-509 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 968 800 ლარი, მათ შორის, გადასახადი 507 060 ლარი, ჯარიმა 239 572 ლარი, საურავი 222 168 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში 2022 წლის 26 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 ივლისის №17517 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 ივლისის №17517 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2022 წლის 8 სექტემბრის №№17176/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების საბურავების (ძირითადად მეორადი) იმპორტი და ადგილობრივი რეალიზაცია. შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ყოველთვიურად განხორციელებული რეალიზაციის მიხედვით განსაზღვრავს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს და იხდის კუთვნილ დღგ-ს. კომპანია საბუღალტრო აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა „ორისში“, რომლის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება შემდეგი გარემოება: ადგილი აქვს როგორც დოკუმენტურ, ისე უდოკუმენტო რეალიზაციას. დოკუმენტური რეალიზაციის წილი დეკლარირებული ბრუნვის 33%-ს წარმოადგენს, ამასთან დოკუმენტური რეალიზაცია სრულყოფილად ვერ იდენტიფიცირდება საქონლის ჩამოწერასთან. ბუღალტრულ აღრიცხვაში საქონლის ჩამოწერა ხდება ყოველი თვის ბოლოს ერთიანად. შეძენის ინვოისებით, ასევე ბუღალტერიაში ასახული მონაცემებით არ იშიფრება საქონლის სახეობა, ხარისხი, ზომა და სარგებლიანობის დონე, საქონლის დასახელებაში მითითებულია „მეორადი საბურავი“. კომპანიის მიერ დეკლარირებული და სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით წლების ჭრილში ფასნამატი ასე გამოყურება: 2018 წელი- 17.5 %; 2019 წელი- 22%; 2020 წელი - 31 %.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, კომპანიის მიერ გამოწერილი ელ. ზედნადებების და ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი: ადგილი აქვს დოკუმენტური რეალიზაციის ორ ტიპს: 1) იწერება ელ. ზედნადებები და ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ე.წ. „გადამყიდველებზე“ (პირებზე, რომლებიც, თავის მხრივ, დაკავებული არიან მსგავსი საქმიანობით ან/და სისტემატურად ყიდულობენ კომპანიისგან დიდი რაოდენობით საბურავებს) - ასეთი რეალიზაციისას უმეტესად ფიქსირდება თვითღირებულებაზე დაბალ ან მინიმალური ფასნამატით რეალიზაციები. 2) იწერება ელ. ზედნადებები და ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ე.წ. „საბოლოო მომხმარებლებზე“ (პირებზე, რომლებიც საბურავს ყიდულობენ მცირე რაოდენობით - შემდგომი მოხმარების მიზნით) - ასეთი რეალიზაციისას დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები (ფასნამატი) მნიშვნელოვნად აღემატება პირველი ტიპის რეალიზაციებს. შემოწმებით ჩაითვალა, რომ დოკუმენტის გარეშე განხორციელებული რეალიზაციები განეკუთვნება მეორე ტიპის რეალიზაციებს და აღნიშნულზე გავრცელდა შესაბამისი ტიპის რეალიზაციის ფასნამატი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული დასაბეგრი ბრუნვები, დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად, გადანაწილდა შესაბამის საანგარიშო თვეებზე. საწარმოს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება. აგრეთვე, დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავალი არსებითად აღემატება საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით მიხედვით დეკლარირებულ შემოსავალს. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ შემოსავალსა და სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაფიქსირებულ შემოსავალს შორის დადებითი სხვაობის თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად შესაბამისი საანგარიშო პერიოდების/თვეების მიხედვით. კომპანიას განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადში, აგრეთვე, დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ მომჩივანი შემოწმების პროცესში თანამშრომლობდა შემოწმებასთან, მისი მხრიდან ხდებოდა საქონლის იდენტიფიცირება, ნაწარმოები ჰქონდა ბუღალტრული პროგრამა, ამასთან საქონლის შეძენა ხდებოდა მხოლოდ იმპორტის გზით და გადასახადის გადამხდელის მხრიდან საბაჟო დოკუმენტაციაც წარდგენილია, აღნიშნულიდან გამომდინარე სადავო საკითხი საჭიროებს შემოსავლების სამსახურის მხრიდან დამატებით შესწავლას. აგრეთვე, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ შემოსავალსა და სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაფიქსირებულ შემოსავალს შორის დადებითი სხვაობის თანხის კომპანიის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაც საჭიროებს დამატებით შესწავლას.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომ მას გააჩნდა ბუღალტრული პროგრამა და საქონლის შემოტანა ხდებოდა იმპორტის გზით, რაზეც წარდგენილია ინფორმაცია, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელი აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ორისში, თუმცა, წარდგენილი ინფორმაციით სრულად ვერ ხდება დოკუმენტური რეალიზაციის იდენტიფიცირება, ვინაიდან ერთ შემთხვევაში პირდაპირ იძებნება კავშირი რეალიზაციასა და ჩამოწერას შორის, ხოლო მეორე შემთხვევაში ჩამოწერილია სრული თვე ერთი ბუღალტრული გატარებით. ასევე, წარდგენილი ინფორმაციით არ იშიფრება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელი საქონელია გაყიდული და რა ფასად. გადამხდელის მიერ წარდგენილ შეძენის ინვოისებში საქონლის დასახელებაში მითითებულია მეორადი საბურავი, რითაც არ იდენტიფიცირდება საქონლის ხარისხი, ზომა და სარგებლიანობა. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით ვერ ხდება გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობაზე და დასრულებაზე კონტროლი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
შემოწმებით განხორციელებულ გაანგარიშებებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით წარმოდგენილ ინფორმაციას, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ საცალო რეალიზაციაზე გავრცელებულია ე.წ. საბოლოო მომხმარებლებზე დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასებისა და კომპანიის მიერ გაანგარიშებული თვითღირებულების ურთიერთშეპირისპირებით დადგენილი ფასნამატი. აღნიშნული გაანგარიშებით საცალოდ რეალიზებული მეორადი საბურავის ერთეულის სარეალიზაციო ფასი დგინდება 38 ლარი (დღგ-ის გარეშე). შემოწმების პროცესში კომპანიის მიერ საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების დადგენისათვის, საილუსტრაციოდ წარმოდგენილ იქნა 2020 წლის მაისის თვის ანალიზი. კერძოდ, წარმოდგენილ ანალიზში ასახულია კომპანიის კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარატებით ნაღდი ანგარიშსწორებისას საცალოდ რეალიზებული საბურავების ოდენობა, რომლებზეც მითითებულია შესაბამისი ღირებულებები, აგრეთვე, ასახულია უდოკუმენტოდ გაყიდულ მეორად საბურავებზე ე.წ საბანკო „ტერმინალებით“ უნაღდო ანგარიშსწორებით დაფიქსირებული შემოსავალი. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს 2020 წლის მაისის თვესთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია (საქონლის მოძრაობის გაშიფვრასთან დაკავშირებული ცხრილები), სათანადო საფუძვლების შემთხვევაში, შესამოწმებელ პერიოდზე ფასნამატის გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე დადგენილი პროპორციით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ამასთან, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ფასნამატის გაანგარიშების საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ შემოსავალსა და სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაფიქსირებულ შემოსავალს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------------“ (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს 2020 წლის მაისის თვესთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია (საქონლის მოძრაობის გაშიფვრასთან დაკავშირებული ცხრილები), სათანადო საფუძვლების შემთხვევაში, შესამოწმებელ პერიოდზე ფასნამატის გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე დადგენილი პროპორციით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ შემოსავალსა და სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაფიქსირებულ შემოსავალს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა გადასახადი, ჯარიმა და საურავი.საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის №17517 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შრაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. სადაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. და 2022 წლის 8 სექტემბრის №№17176/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 136; 154; 275; 2021წ.მე მოქმედი 160; 161; 171;