გადაწყვეტილება №23791/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.11.2024
№ დოკუმენტი 23791/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23791/2/2024

22 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 25.08.2024 და 1.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №23791/2/2024, №23832/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შედეგად დადგენილი ფასნამატი და გამოვლენილი ფულის ნაშთის ჩათვლა კომპანიის ანგარიშვალდებული პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2023 წლის №007-364 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17330 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 249 880.87 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 145 744

დღგ - 80 057

საშემოსავლო გადასახადი - 64 333

ქონების გადასახადი - 1 354

ჯარიმა - 72 358

საურავი - 31 778.87

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით, სასმელებით და საკვები პროდუქტებით, იჯარით აღებულ ფართში ----------.

აუდიტის დეპარტამენტის 18.09.2023 წლის №22838 და 27.10.2023 წლის №26504 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 19.09.2023 წლის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 4.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:

- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობები შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. კერძოდ, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად არ ხდებოდა ოპერაციის დაწყება-დასრულებაზე კონტროლი. გამოვლინდა არსებითი სხვაობა კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ დეკლარირებულ ფასნამატსა (2020 წელს 5.8%; 2021 წელს 1%; 2022 წელს 36.9%, 2023 წელს 42.3%) და შემოწმების მიერ დადგენილს, აუდირებულსა და ინვენტარიზაციით გამოვლენილ ფასნამატებს შორის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი. გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების რაოდენობიდან და შინაარსიდან (გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მხოლოდ გაწეულ მარკეტინგულ მომსახურებებზე) გამომდინარე, ვერ მოხერხდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება. საქონლის თვითღირებულებაზე 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში გავრცელდა შემოწმების შედეგად იდენტიფიცირებული იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი, ხოლო 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.10.2023 წლის №22973 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის ფასნამატები, კატეგორიების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 161-ე მუხლების და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და სხვა ხელთ არსებული მასალები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს სალაროში უნდა ჰქონოდა. ამასთან, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გაცემული დივიდენდები არ ჰქონია. შესაბამისად, შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრაჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №31148 ბრძანება და 13.12.2023 წლის №007-364 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 14.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.02.2024 წლის №3049 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 6.06.2024 წლის №22441/2/2024 (1.07.2024წ. 03/50224) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.02.2024 წლის №3049 ბრძანება, საჩივარი, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 24.07.2024 წლის №17330 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად არ ხდებოდა ოპერაციის დაწყებასა და დასრულებაზე კონტროლი. გამოვლინდა არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ დეკლარირებულ ფასნამატსა და შემოწმებით დადგენილს შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოწმებამ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ საქონლის თვითღირებულებაზე 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენება, ხოლო, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში 2023 წლის 19 ოქტომბრის ჩატარებული ინვენტარიზაციის ფასნამატების გამოყენება შესაბამისი კატეგორიების მიხედვით. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა კანონშესაბამისია.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარში მითითებულ არგუმენტებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად:

აუდირებული ფასნამატის გამოყენებასთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის საგადასახადო შემოწმების და გაანგარიშების შედეგების შესახებ ინფორმაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საგადასახადო საიდუმლოებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეცნობა გადასახადის გადამხდელს.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე, შემოწმების მიერ, ინვენტარიზაციით განსაზღვრული ფასნამატი არასწორია და არ შეესაბამება რეალობას, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფასნამატი შემოწმების მიერ გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწერილი საქონლის თვითღირებულებების საფუძველზე.

მომჩივნის არგუმენტთან მიმართებით, რომ შემოწმებამ არასწორად გამიჯნა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები, აუდიტის დეპარტამენტმა განმარტა, რომ დღგ-ის ბრუნვები, როგორც დასაბეგრი, ისე გათავისუფლებული გაანგარიშდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) შეძენის ელექტრონული დოკუმენტების მიხედვით. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაში, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესულია ერთჯერადი პარკებიც.

ფულის ნაშთის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა გაანგარიშების ცხრილები შესამოწმებელი პერიოდის ცვლილებამდე არსებული მონაცემებით, ბანკის ამონაწერის ნაწილის გარეშე, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტში გადატანილია მონაცემები სრულად, მათ შორის საკომისიო ხარჯები 1 924 ლარი. ამასთან, ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში ტერმინალით რეალიზაციის თანხა საკომისიოს გარეშეა, შესაბამისად ცალკე არ არის გამოკლებული ტერმინალის საკომისიოს ხარჯი. ხოლო, რაც შეეხება საპროცენტო ხარჯებს, სესხი გაცემული იყო არა კომპანიაზე, არამედ კომპანიის დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე და დებიტორული დავალიანებების შესახებ წარმომადგენელს შემოწმებისათვის არ მიუწოდებია მონაცემები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა სრულყოფილად არ განიხილა საჩივარი და შესაბამისად მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კერძოდ:

სადავო საკითხი №1: ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ საჩივარში დაობდა, რომ ვინაიდან შემოწმების მიერ საქონლის თვითღირებულებაზე 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გავრცელება განხორციელდა კომპანიის მიმართ და შემოწმების აქტს თან არ ურთავს ამ კომპანიათა შესახებ ინფორმაციას, ამიტომაც დავების საბჭოს მიმართ აყენებს შუამდგომლობას რომ გამოითხოვოს შემოსავლების სამსახურიდან აღნიშნული ინფორმაცია და გადაეცეს კომპანიას, რითაც მოეცემა საშუალება რამდენად შეესაბამება იმ კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა ამ კომპანიის საქმიანობას, არის თუ არა შესადარისი აღნიშნული კომპანიებთან შედარება, როგორ იყო მათთან დაანგარიშებული ფასნამატი და ამ ფასნამატის გაანგარიშების დოკუმენტები, მათ შორის ფასნამატები საქონლის ჯგუფების სახეობების მიხედვით. მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენის შემდგომ ექნება შესაძლებლობა დამატებით წარმოადგინოს არგუმენტირებული პოზიცია ფასნამატის მოცულობასთან დაკავშირებით. ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად შემოწმების აქტში უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. თუ შემოწმება ექსპერტის დასკვნას დაეყრდნო, აქტში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი; გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის ზუსტი თარიღები (თუ მათი დადგენა შესაძლებელია), გადასახადისა და ჯარიმის გაანგარიშება, ჯამურად გადასახდელი ან მისაღები თანხა, იმ დოკუმენტების რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში – ასლები), რომლებითაც დასტურდება ამ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობა, ასევე საგადასახადო შემოწმების აქტის დანართების შინაარსი. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს: კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საგადასახადო ორგანოში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას; მოითხოვოს ინფორმაცია მის მიმართ საგადასახადო კონტროლის განხორციელების საფუძვლის შესახებ.

ამ ნაწილზე შემოსავლების სამსახურმა ბრძანებაში აღნიშნა, რომ აუდირებული ფასნამატის გამოყენებასთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის საგადასახადო შემოწმების და გაანგარიშების შედეგების შესახებ ინფორმაცია, საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საგადასახადო საიდუმლოებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეცნობა გადასახადის გადამხდელს. მხოლოდ ამ პოზიციით შემოიფარგლა შემოსავლების სამსახური და არც ის აცნობა 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია, რომელთა აუდირებული ფასნამატის გავრცელება განხორციელდა კომპანიის მიმართ, რაც მიაჩნია არასწორ მიდგომად. შესაბამისად, კომპანიის მიმართ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 267- ე და 41-ე მუხლები.

შესაბამისად მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდზე დაუსაბუთებლად აქვს გავრცელებული ფასნამატი, შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდზე აქტით დარიცხული თანხები ექვემდებარება სრულად გაუქმებას.

სადავო საკითხი №2: შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე, შემოწმების მიერ, ინვენტარიზაციით განსაზღვრული ფასნამატი არასწორია და არ შეესაბამება რეალობას, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფასნამატი შემოწმების მიერ გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწერილი საქონლის თვითღირებულებების საფუძველზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდზე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე გავრცელებული იქნა 19.10.2023 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით განსაზღვრული ფასნამატები შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, კერძოდ: შემმოწმებლების მიერ კომპანიისათვის გაგზავნილი გაანგარიშების მიხედვით, „გაანგარიშება შემმოწმებლების“, სადაც შიტი „საკონტრ“ მოცემული აქვთ 6 დასახელების პროდუქციის მიმართ განსაზღვრული ფასნამატი და საქონლის ერთეული ღირებულების შეძენისა და რეალიზაციის შედარებით გამოყვანილი აქვთ 31%. რაც არასწორია და არ შეესაბამება რეალობას.

ამასთან, შიტი „აუდ“-ში საქონელი დაჯგუფებული აქვთ 8 კატეგორიად სადაც 6 კატეგორიაზე ფასნამატი აღემატება 20%-ს. ასეთი სახით შემოსავლების გაანგარიშება მცდარია, რადგანაც კომპანიაში 19.10.2023 წელს ჩატარებული იქნა ინვენტარიზაცია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №22973 ბრძანების შესაბამისად ინვენტარიზაციის შედეგებზე მონიტორინგის დეპარტამენტმა შეადგინა შესაბამისი გაანგარიშება სმფ-ის ფაქტიური ნაშთების შესახებ, რომლის მიხედვითაც დადგინდა რომ მაღაზიაში გააჩნდა 36 822,77 ლარის სარეალიზაციო ფასების მიხედვით საქონელი (დღგ-ის ჩათვლით), ამავე ცხრილში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა მიუთითა ერთეული საქონლის შეძენის ღირებულება. აღნიშნული დოკუმენტით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს სრული ინფორმაცია გააჩნდა და თავისუფლად შეეძლო განესაზღვრა საშუალო ფასნამატი, რაც რეალობას წარმოადგენს.

აღნიშნულ დანართში დაამატა შიტი „ფასნამატის გაანგარიშება“ სადაც ინვენტარიზაციით დადგენილი რაოდენობა გამრავლებულია ინვენტარიზაციით განსაზღვრულ ერთეულის ფასზე პირვანდელი ღირებულებით, შესაბამისად ინვენტარიზაციის მასალიდან გამომდინარე სარეალიზაციო საქონლის ჯამური ღირებულება გაყოფილი იქნა ინვენტარიზაციით გამოვლენილი საქონლის პირვანდელ ღირებულებათა ჯამზე, რის შედეგადაც მიიღება საშუალო ფასნამატი 13% ე.ი. ინვენტარიზაციის მასალით დგინდება, რომ 19.10.2023 წლისათვის რა გასაყიდი ღირებულების საქონელი გააჩნდა მაღაზიაში და რამდენი იყო ამ საქონლის თვითღირებულება, შესაბამისად ამ ორი ციფრის გაყოფით მიღებული საშუალო ფასნამატი რეალური ციფრია და აღნიშნული ფასნამატი შემოწმებით უნდა ყოფილიყო გავრცელებული 2020-2023 წლების პერიოდზე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულით, 1.01.2020 წლის მდგომარეობით დეკლარირებულ სმფ + შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე შეძენილი საქონლის ღირებულება და გამოკლებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის არსებული სმფ, რომელიც დაკორექტირებული უნდა იყოს ინვენტარიზაციით გამოვლენილი ნაშთით. ასეთ შემთხვევაში მიიღება რეალურთან დაახლოებული სურათი. ასეთი სახით გაანგარიშების შემთხვევაში მიიღება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დაახლოებით სწორად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებები.

აღნიშნულ პოზიციაზე შემოსავლების სამსახურმა არ იმსჯელა, რის გამოც ითხოვს, რომ შესამოწმებელ პერიოდზე სრულად იქნას გავრცელებული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №22973 ბრძანების შესაბამისად ინვენტარიზაციის შედეგებზე მონიტორინგის დეპარტამენტის შედგენილი გაანგარიშების (სმფ ფაქტიური ნაშთების შესახებ) საშუალო ფასნამატი (და არა ჯგუფების მიხედვით), ვინაიდან ინვენტარიზაციის დროს დათვლილი იქნა მთლიანად მაღაზიაში არსებული საქონლის ნაშთი და განსაზღვრულ იქნა საშუალო ფასნამატიც, შესაბამისად ასეთი სახით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება რელევანტურია და მართლზომიერიც.

სადავო საკითხი №3: შემოსავლების სამსახური ბრძანებაში აღნიშნავს, რომ: „მომჩივნის არგუმენტთან მიმართებით, რომ შემოწმებამ არასწორად გამიჯნა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები, აუდიტის დეპარტამენტმა განმარტა, რომ დღგ-ის ბრუნვები, როგორც დასაბეგრი, ისე გათავისუფლებული გაანგარიშდა კომპანიის შეძენის ელექტრონული დოკუმენტების მიხედვით. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაში, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესულია ერთჯერადი პარკებიც“. ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს შემდეგს: დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში არ უნდა შესულიყო:

ა) კომპანიას გააჩნია, როგორც დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები და ასევე დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. შემმოწმებლებმა არასწორად განსაზღვრეს დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებული ოპერაციის ბრუნვა და ამასთან აღნიშნული რეალიზაციის ოპერაციები მოაქციეს არასწორად მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაში არ მოახდინეს დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვების სრულყოფილად გამოყოფა, რაც ამ შემთხვევაში შესამოწმებელ პერიოდში შეადგენდა 20 678,12 ლარს.

ბ) გაყიდვებთან დაკავშირებული ხარჯები, როგორიცაა ერთჯერადი პარკები არარეალიზებადი, რომელსაც მომხმარებელი იყენებს გარკვეული პროდუქციის განსათავსებლად, საკონტროლო-საკასო აპარატის ლენტების შესყიდვა; მაღაზიის ფართის დასუფთავების ხარჯები: საწმენდი საშუალებები (ფხვნილები, საპონი, საწმენდი სითხე, აქანდაზი და ა.შ.). თუ არაპირდაპირი მეთოდით ფასნამატის პროცენტის გაანგარიშებისას მხედველობაში იღებს აუდიტის დეპარტამენტი სხვა ანალოგიურ გადამხდელთან გამოვლენილ ფასნამატს, მაშინ დასუფთავების ხარჯებიც ანალოგიურ გადამხდელებთან რაც გამოვლინდა ის უნდა იქნეს გათვალისწინებული ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით და გავრცელდეს იჯარით აღებულ კვ.მ-ზე ან/და კომპანიის მიერ წარდგენილი მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც თვეში შეადგენდა 200 ლარს, რემონტის ხარჯები (ძირითადი საშუალებები). ამდენად, ნათელია რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით არასწორად მოხდა კომპანიაზე დღგ-ის გადასახადის დარიცხვა და ნათელია რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანება დაუსაბუთებელია, რადგანაც არ მიეცა საშუალება შემმოწმებლებთან ამ საკითხების გავლის.

სადავო საკითხი №4: შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულია რომ: „ფულის ნაშთის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა გაანგარიშების ცხრილები შესამოწმებელი პერიოდის ცვლილებამდე არსებული მონაცემებით, ბანკის ამონაწერის ნაწილის გარეშე, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტში გადატანილია მონაცემები სრულად, მათ შორის საკომისიო ხარჯები 1 924 ლარი. ამასთან, ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში ტერმინალით რეალიზაციის თანხა საკომისიოს გარეშეა, შესაბამისად ცალკე არ არის გამოკლებული ტერმინალის საკომისიოს ხარჯი. ხოლო, რაც შეეხება საპროცენტო ხარჯებს, სესხი გაცემული იყო არა კომპანიაზე, არამედ კომპანიის დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე და დებიტორული დავალიანებების შესახებ წარმომადგენელს შემოწმებისათვის არ მიუწოდებია მონაცემები“.

ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს შემდეგს: ფაქტობრივად თანხების დარიცხვა აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია „გაანგარიშება შემმოწმებლების“ შიტი „ფული“ შემდეგი სახით: არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ შემოსავალს აკლებენ გასულ თანხებს და ბეგრავენ მიღებულ სხვაობას. მაგრამ დაშვებული აქვთ შემდეგი სახის შეცდომები: არ აქვთ სრულად გამოკლებული ბანკის საკომისიო ხარჯი, მხოლოდ 63,5 ლარი გამოაკლეს, რაც არასწორია, არაა გამოკლებული საბანკო ტერმინალით თანხის გადახდის საკომისიო თანხები, არაა გამოკლებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის არსებული დებიტორული დავალიანება და საბანკო კრედიტის ხარჯები. რაც შეეხება, საპროცენტო ხარჯებს, სესხი გაცემულია კომპანიის დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე, რომელიც იმავე პირობით ნასესხები იყო კომპანიისათვის ამიტომაც უნდა გათვალისწინებულიყო სასესხო თანხები ფულის გაანგარიშებაში.

ამასთან, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდეგი წესით, კერძოდ: სწორად გაანგარიშებული არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ შემოსავალს უნდა გამოაკლდეს დოკუმენტალურად დადასტურებული ხარჯები, ხოლო სხვაობა უნდა განხილულ იქნეს განკარგვად თანხად (რასაც შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული მეთოდური მითითებაც ითვალისწინებს) და დაბეგრილი უნდა იქნას საშემოსავლო გადასახადით. ამდენად ნათელია რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანება დაუსაბუთებელი და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები გასაუქმებელია.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-5 ნაწილებზე, 601 მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო შემოსავლების სამსახურის ბრძანება, გამოცემული წინა პუნქტებში მითითებული კანონის ნორმათა დარღვევით, რის გამოც ის ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, ხოლო 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ:

1. დავების საბჭოს მიმართ აყენებს შუამდგომლობას რომ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და გადასცეს მას, იმ პირის შესახებ რომლის აუდირებული ფასნამატის გავრცელებაც განხორციელდა კომპანიის მიმართ და მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენის შემდგომ ექნება შესაძლებლობა დამატებით წარმოადგინოს არგუმენტირებული პოზიცია ფასნამატის მოცულობასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც შემოსავლების სამსახური შემოიფარგლა იმ პოზიციით, რომ აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას.

2. ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილ ცხრილში მითითებულია ერთეული საქონლის შეძენის ღირებულება. აღნიშნული დოკუმენტით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს სრული ინფორმაცია გააჩნდა და თავისუფლად შეეძლო განესაზღვრა საშუალო ფასნამატი, რაც რეალობას წარმოადგენს. აღნიშნულ ცხრილში დაამატა შიტი „ფასნამატის გაანგარიშება“ სადაც ინვენტარიზაციით დადგენილი რაოდენობა გამრავლებულია ინვენტარიზაციით განსაზღვრულ ერთეულის ფასზე პირვანდელი ღირებულებით, შესაბამისად ინვენტარიზაციის მასალიდან გამომდინარე (შეძენის ფასი შესაძლოა გადამხდელმა მიუთითა, მაგრამ საინვენტარიზაციო კომისია დეტალურად ახდენს ფასების გადამოწმებას) სარეალიზაციო საქონლის ჯამური ღირებულება გაყოფილი იქნა ინვენტარიზაციით გამოვლენილი საქონლის პირვანდელ ღირებულებათა ჯამზე, რის შედეგადაც მიიღება საშუალო ფასნამატი 13%. აღნიშნული ფასნამატი შემოწმებით უნდა ყოფილიყო გავრცელებული სრულ, 2020-2023 წლების, პერიოდზე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. ითხოვს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საცალო ფასების გათვალისწინებით, რაც არაა სადავო და საქონლის შეძენის ღირებულების გადაკონტროლებით, დადგენილი საშუალო ფასნამატის გათვალისწინებას სრულ შესამოწმებელ პერიოდზე.

3. შემოწმების შედეგად არ განხორციელდა დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვების სრულყოფილად გამოყოფა და გაყიდვებთან დაკავშირებული ხარჯების (არარეალიზებადი ერთჯერადი პარკები, საკონტროლო-სალარო აპარატის ლენტების შესყიდვა, მაღაზიის ფართის დასუფთავების ხარჯები და ა.შ.) გათვალისწინება.

4. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდეგი წესით, კერძოდ: სწორად გაანგარიშებული არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ შემოსავალს უნდა გამოაკლდეს დოკუმენტალურად დადასტურებული ხარჯები (არ აქვთ სრულად გამოკლებული ბანკის საკომისიო ხარჯი, საბანკო ტერმინალით თანხის გადახდის საკომისიო თანხები, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის არსებული დებიტორული დავალიანება და საბანკო კრედიტის ხარჯები. რაც შეეხება, საპროცენტო ხარჯებს, სესხი გაცემულია კომპანიის დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე, რომელიც იმავე პირობით ნასესხები იყო კომპანიისათვის ამიტომაც უნდა გათვალისწინებულიყო სასესხო თანხები ფულის გაანგარიშებაში), ხოლო სხვაობა უნდა განხილულ იქნეს განკარგვად თანხად და დაბეგრილი უნდა იქნას საშემოსავლო გადასახადით.

საბჭოს სხდომაზე საჩივრების ზეპირი განხილვისას მომჩივნის არგუმენტებზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა და ასევე, მის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემდეგს:

1. აუდირებული ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით აღსანიშნია, რომ ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის საგადასახადო შემოწმების და გაანგარიშების შედეგების შესახებ ინფორმაცია, საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საგადასახადო საიდუმლოებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეცნობა გადასახადის გადამხდელს.

2. მომჩივანი მიუთითებს საშუალო ფასნამატის (13%) გამოთვლასა (როგორც თავად განმარტავს ითვლის ჯგუფების გარეშე, სრულ, მათ შორის სიგარეტის ჩათვლით, პროდუქციაზე) და გავრცელებაზე. აღსანიშნია, რომ ფასნამატი შემოწმების შედეგად დათვლილია ჯგუფების მიხედვით, მომჩივანი ვაჭრობს შერეული საქონლით და სიგარეტით. ინვენტარიზაციის შედეგად ფასნამატი გამოვლინდა შერეულ საქონელზე 44% და სიგარეტზე 12%. შემოწმების შედეგად საქონლის თვითღირებულებაზე 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში გამოყენებულია იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (შერეულ პროდუქციაზე 20%, სიგარეტზე 8%), ხოლო, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.10.2023 წლის №22973 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის ფასნამატები, რომელიც გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწერილი საქონლის თვითღირებულებების საფუძველზე.

3. დღგ-ის ბრუნვები, როგორც დასაბეგრი, ისე გათავისუფლებული გაანგარიშდა კომპანიის შეძენის ელექტრონული დოკუმენტების მიხედვით. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაში, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესულია ერთჯერადი პარკებიც.

4. გადასახადის გადამხდელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა გაანგარიშების ცხრილები შესამოწმებელი პერიოდის ცვლილებამდე არსებული მონაცემებით, ბანკის ამონაწერის ნაწილის გარეშე, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტში გადატანილია მონაცემები სრულად, მათ შორის საკომისიო ხარჯები 1 924 ლარი. ამასთან, ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში ტერმინალით რეალიზაციის თანხა საკომისიოს გარეშეა, შესაბამისად ცალკე არ არის გამოკლებული ტერმინალის საკომისიოს ხარჯი. რაც შეეხება, საპროცენტო ხარჯებს, სესხი გაცემული იყო არა კომპანიაზე, არამედ კომპანიის დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე და დებიტორული დავალიანებების შესახებ წარმომადგენელს შემოწმებისათვის არ მიუწოდებია მონაცემები. ფულის მოძრაობაში გათვალისწინებულია ბანკით მიღებული შემოსავლები, ტერმინალით რეალიზაცია, დათვლილია უშუალოდ ჩარიცხვები.

აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, ფასნამატის გაანგარიშება ცხრილის სახით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი არგუმენტაციის/დოკუმენტაციის შესწავლა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17330 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, ფასნამატის გაანგარიშება ცხრილის სახით;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის/დოკუმენტაციის შესწავლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შედეგად დადგენილი ფასნამატი და გამოვლენილი ფულის ნაშთის ჩათვლა კომპანიის ანგარიშვალდებული პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭოს სხდომაზე საჩივრების ზეპირი განხილვისას მომჩივნის არგუმენტებზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა და ასევე, მის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემდეგს:

1. აუდირებული ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით აღსანიშნია, რომ ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის საგადასახადო შემოწმების და გაანგარიშების შედეგების შესახებ ინფორმაცია, საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საგადასახადო საიდუმლოებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეცნობა გადასახადის გადამხდელს.

2. მომჩივანი მიუთითებს საშუალო ფასნამატის (13%) გამოთვლასა (როგორც თავად განმარტავს ითვლის ჯგუფების გარეშე, სრულ, მათ შორის სიგარეტის ჩათვლით, პროდუქციაზე) და გავრცელებაზე. აღსანიშნია, რომ ფასნამატი შემოწმების შედეგად დათვლილია ჯგუფების მიხედვით, მომჩივანი ვაჭრობს შერეული საქონლით და სიგარეტით. ინვენტარიზაციის შედეგად ფასნამატი გამოვლინდა შერეულ საქონელზე 44% და სიგარეტზე 12%. შემოწმების შედეგად საქონლის თვითღირებულებაზე 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში გამოყენებულია იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (შერეულ პროდუქციაზე 20%, სიგარეტზე 8%), ხოლო, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.10.2023 წლის №22973 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის ფასნამატები, რომელიც გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწერილი საქონლის თვითღირებულებების საფუძველზე.

3. დღგ-ის ბრუნვები, როგორც დასაბეგრი, ისე გათავისუფლებული გაანგარიშდა კომპანიის შეძენის ელექტრონული დოკუმენტების მიხედვით. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაში, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესულია ერთჯერადი პარკებიც.

4. გადასახადის გადამხდელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა გაანგარიშების ცხრილები შესამოწმებელი პერიოდის ცვლილებამდე არსებული მონაცემებით, ბანკის ამონაწერის ნაწილის გარეშე, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტში გადატანილია მონაცემები სრულად, მათ შორის საკომისიო ხარჯები 1 924 ლარი. ამასთან, ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში ტერმინალით რეალიზაციის თანხა საკომისიოს გარეშეა, შესაბამისად ცალკე არ არის გამოკლებული ტერმინალის საკომისიოს ხარჯი. რაც შეეხება, საპროცენტო ხარჯებს, სესხი გაცემული იყო არა კომპანიაზე, არამედ კომპანიის დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე და დებიტორული დავალიანებების შესახებ წარმომადგენელს შემოწმებისათვის არ მიუწოდებია მონაცემები. ფულის მოძრაობაში გათვალისწინებულია ბანკით მიღებული შემოსავლები, ტერმინალით რეალიზაცია, დათვლილია უშუალოდ ჩარიცხვები.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, ფასნამატის გაანგარიშება ცხრილის სახით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი არგუმენტაციის/დოკუმენტაციის შესწავლა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275.

(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)