გადაწყვეტილება №20173/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.09.2023
№ დოკუმენტი 20173/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20173/2/2023

21 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 4.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20173/2/2023).

 

დავის საგანი:

ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2022 წლის №024-74 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11151 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 219 235,91 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 324 960

ჯარიმა - 812 400

საურავი - 81 875,91

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია შპს „----------“-გან (ს/ნ ----------), შპს „----------“-სგან (ს/ნ ----------), შპს „----------“-სგან (ს/ნ ----------) და შპს „----------“-სგან (ს/ნ ----------) მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ში წარმოშობილი ვალდებულებების სისწორის საკითხი.

შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს 2021 წლის აპრილისა და აგვისტოს საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა 328 713 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან 324 959 ლარი წარმოადგენს შპს „----------“-სგან (ს/ნ ----------), შპს „----------“-სგან (ს/ნ ----------), შპს „----------“-სგან (ს/ნ ----------) და შპს „----------“-სგან (ს/ნ ----------) მიღებული ანგარიშფაქტურების შესაბამისი დღგ-ის თანხას.

შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ საწარმოს შპს „----------“-სგან (ს/ნ ----------), შპს „----------“-სგან (ს/ნ ----------), შპს „----------“-სგან (ს/ნ ----------) და შპს „----------“-სგან (ს/ნ ----------) მიღებული ანგარიშფაქტურების (ავ----------, ავ---------- , ავ----------, ავ----------, ავ----------, ავ----------, ავ----------, №----------, ავ----------, ეა----------, ეა----------, ეა----------, ეა----------) შესაბამისი საქონელი/მომსახურება არ მიუღია და აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2022 წლის №024-74 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11151 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და 280-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს 2021 წლის აპრილისა და აგვისტოს საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, რის საფუძველზეც შემოწმებით განხორციელდა ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და შესაბამისი ჯარიმის დაკისრება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და შესაბამისი სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დასახელებული და გაუქმებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ წარმოადგენს ყალბ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, ვინაიდან შპს „----------“-საგან (ს/ნ ----------), შპს „----------“-საგან (ს/ნ ----------) შპს „----------“-საგან (ს/ნ ----------) და შპს „----------“-სგან (ს/ნ ----------) მოწოდებულია საწარმოზე სამშენებლო მომსახურება და შესაბამისად, აღნიშნული სამშენებლო მომსახურება მიწოდებულია დამკვეთზე, კერძოდ სახელმწიფოზე, სადაც მოგებული იყო ტენდერი და შესაბამისად, შესრულებული სამუშაოები ჩაბარებულია, აქედან გამომდინარე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული მომსახურება წარმოადგენს რეალურად შესრულებულ სამუშაოებს და დღგ-ის ჩათვლები არის რეალური, რის გამოც აღდგენილი უნდა იქნას დღგ-ის ჩათვლები და დამატებით დარიცხული გადასახადები გაუქმდეს სანქციებთან ერთად.

ასევე, ზემოთ დასახელებულ საწარმოებზე ავანსად გადახდილია თანხები და მიღებულია საავანსო ანგარიშ-ფაქტურები, რაც კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენს ჩათვლის საფუძველს, რის გამოც ავანსზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლები ექვემდებარება აღდგენას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი-22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს 2021 წლის აპრილისა და აგვისტოს საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა 328 713 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან 324 959 ლარი წარმოადგენს შპს „----------“-სგან (ს/ნ ----------), შპს „----------“-სგან (ს/ნ ----------), შპს „----------“-სგან (ს/ნ ----------) და შპს „----------“-სგან (ს/ნ ----------) მიღებული ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ-ის თანხას.

გამოძიებით დადგენილია, რომ საწარმოს შპს „----------“-სგან (ს/ნ ----------), შპს „----------“-სგან (ს/ნ ----------), შპს „----------“-სგან (ს/ნ ----------) და შპს „----------“-სგან (ს/ნ ----------) მიღებული ანგარიშფაქტურების (ავ----------, ავ-----------, ავ----------, ავ----------, ავ----------, ავ----------, ავ-----------, №----------, ავ----------, ეა----------, ეა----------, ეა----------, ეა----------) შესაბამისი საქონელი/მომსახურება არ მიუღია და აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ დღგ-ის ჩათვლა გაუქმებულია და სანქცია დაკისრებულია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს განხორციელებული დარიცხვის კორექტირების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს დღგ-ის დეკლარაციებით ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, რის საფუძველზეც შემოწმებით განხორციელდა ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და შესაბამისი ჯარიმის დაკისრება. ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და შესაბამისი სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ დღგ-ის ჩათვლა გაუქმებულია და სანქცია დაკისრებულია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს განხორციელებული დარიცხვის კორექტირების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 178(1); 275(2); 280(1)