გადაწყვეტილება №25469/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25469/2/2025
11 აგვისტო 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ის 16.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25469/2/2025).
დავის საგანი:
1. დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის შემდეგ მისაღები ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლის უფლება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.05.2025 წლის №005-46 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13436 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 42 431,83 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 24 067,68
ჯარიმა - 9 291,91
საურავი - 9 072,24
პროცედურული გარემოებები
მეწარმის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა კოსმეტიკური საშუალებებით. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 11.08.2014 წელს, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 1.02.2021 წლიდან. აუდიტის დეპარტამენტის 30.04.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.05.2025 წლის №005-46 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №13436 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის შემდეგ მისაღები ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლის უფლება ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელი შესყიდვას აწარმოებს ადგილობრივი მომწოდებლისგან სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მეშვეობით. მეწარმეს აქვს 1 საკონტროლოსალარო აპარატი DY---. დოკუმენტური რეალიზაცია დღგ-ის ჩათვლით ფიქსირდება 1617 ლარი, ხოლო დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 339 079 ლარს. ძირითადი შემოსავლები ფიქსირდება პოს-ტერმინალებიდან და საკონტროლო-სალარო აპარატიდან. მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 19.07.2023 წლიდან, თუმცა 100 000 ლარიან ზღვარს გადააჭარბა 28.08.2022 წელს. შესაბამისად, ამ თარიღიდან მისი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 507 206 ლარს. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების მიხედვით. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უფიქსირდება საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დღგ-ის თანხით 6193,7 ლარი. არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 6193,7 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72- ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
რამდენიმე წლის წინ შეიძინა ბინა ბანკის იპოთეკით. შემოსავლის წყაროს შეადგენდა მხოლოდ აღნიშნული საქმიანობით მიღებული შემოსავალი, რომლითაც ვეღარ ფარავდა ყოველთვიურ ბანკის თანხას, ამიტომ მოუწია იძულებით ემიგრაციაში წასვლა. ამჟამად იმყოფება იტალიაში და ამ მაღაზიას ამუშავებს ოჯახის წევრების დახმარებით და დისტანციური ჩართულობით. ვეღარ მოახერხა სათანადო ბუღალტრული ადმინისტრირება, შედეგად, დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად, რაც არ ყოფილა გამიზნული ქმედება. ასევე ვერ მოხერხდა 2023.07.19 პერიოდამდე ზედნადებით შეძენილ საქონლის დიდ ნაწილზე დღგ-ის ჩათვლა, რადგან არაა საქართველოში და ვერ დავუკავშირდა მომწოდებლების ნაწილს, შესაბამისად არ მოხდა ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა მათი მხრიდან. ეს გარემოება აყენებს არასამართლიან მდგომარეობაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უფიქსირდებოდა საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ჩასათვლელი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დღგ-ის თანხით 6193,7 ლარი, რომლის ჩათვლაც გათვალისწინებულია საგადასახდო შემოწმების პროცესში.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს მიღებულ ყველა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე განხორციელებული აქვს დღგ-ის ჩათვლა.
საბჭო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 6.05.2025 წლის №005-46 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა - 9 291,91 ლარი, საურავი - 9 072,24 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს, რომ მისი ქმედება არ ყოფილა წინასწარ განზრახული, არის კანონმორჩილი მოქალაქე, ყოველთვის იხდის კუთვნილ გადასახადებს პირნათლად. ითხოვს გათავისუფლდეს სსკ-ს 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმისა და საურავისგან (18 364.15 ლარი), ხოლო დარიცხულ ძირ თანხას 24 067,68 ლარს გადაიხდის ერთიანი გადახდით პირნათლად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი - 22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
7. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის შემდეგ მისაღები ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლის უფლება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი შესყიდვას აწარმოებს ადგილობრივი მომწოდებლისგან სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მეშვეობით. მეწარმეს აქვს 1 საკონტროლო-სალარო აპარატი დოკუმენტური რეალიზაცია დღგ-ის ჩათვლით ფიქსირდება 1617 ლარი, ხოლო დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 339 079 ლარს. ძირითადი შემოსავლები ფიქსირდება პოს-ტერმინალებიდან და საკონტროლო-სალარო აპარატიდან. მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 19.07.2023 წლიდან, თუმცა 100 000 ლარიან ზღვარს გადააჭარბა 28.08.2022 წელს. შესაბამისად, ამ თარიღიდან მისი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 507 206 ლარს. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უფიქსირდება საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დღგ-ის თანხით 6193,7 ლარი. არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 6193,7 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174 (1, 2); 269 (7).