ბრძანება N 14735
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14735
27.06.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს --------ის (ს/ნ --------)
(მის.: ---------)
2023 წლის 22 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომაზე (ოქმი №65) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) №81184/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 აპრილის №001-66 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, არ ეთანხმება 2013 წელს ჩათვლილი დღგ-ის თანხის ნაწილის აღდგენას 2020-2022 წლების პერიოდში. აცხადებს, რომ დღგ-ის თანხის შემცირება უნდა განხორციელებულიყო შენობის დემონტაჟის მომენტში 2019 წელს. ამასთან, აცხადებს, რომ შემოწმების მიერ ჩათვლილი თანხის ერთი მეათედის აღდგენა 2022 წლის აგვისტოს თვეში განხორციელდა არასწორად. განმარტავს, რომ საგადახადო კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული თანხა აღდგენას ექვემდებარებოდა 2022 წლის დეკემბრის თვეში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33730 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 7 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 26 აპრილის №9099 ბრძანება და ამავე თარიღის №001-66 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 157 383 ლარი, მათ შორის, გადასახადი 104 922 ლარი, ჯარიმა 52 461 ლარი, საურავი 0 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
2012 წლის 18 დეკემბერს საწარმომ სს „თიბისი ბანკისგან“ შეიძინა უძრავი ქონება - მიწა (4 540 კვ.მ. ქ. ------), მასზე მდგომი ორი შენობა-ნაგებობით, პირველი შენობანაგებობის ფართის მოცულობა შეადგენდა 1 576,10 კვ.მ-ს, რომლის დემონტაჟი განხორციელდა 2013 წელს, ხოლო მეორე შენობა-ნაგებობის ფართის (შენობა/ნაგებობის) მოცულობა შეადგენდა 48.7 კვ.მ-ს, რომლის სიმაღლე იყო დაახლოებით 65 მეტრი, მასზე განთავსებული იყო 2009 წლიდან 2019 წლამდე სატელეკომუნიკაციო ანძები და ანტენები.
აღნიშნული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ნებართვა შეთანხმდა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში შესაბამისი წესით და მისი დემონტაჟი დასრულდა 2019 წელს. აღნიშნულ ოპერაციაზე სს „თიბისი ბანკმა“ 2012 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რის საფუძველზეც გადამხდელმა 2013 წლის იანვარში ჩაითვალა დღგ 348 991,61 ლარი. მოცემულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით 2019 წლის 20 დეკემბერს შპს „-----“-ის (ს/ნ -----) გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ქონების გაცვლის (ბარტერის) შესახებ, რის მიხედვითაც საწარმომ გადასცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომლის სანაცვლოდაც უნდა მიეღო ამავე მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი ფართის ნაწილი. 2021 წლის 19 იანვარს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით შემცირდა გადასაცემი ფართების ღირებულება და განისაზღვრა ფულადი სახით ანაზღაურება. 2022 წლის აგვისტოში ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებებით შპს „-----“-ის (ს/ნ -----) (იგივე 2022 წლის 9 დეკემბრამდე არსებული შპს „-----“-ის (ს/ნ -----) ) მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ სრულად განესაზღვრა ფულადი სახით ანაზღაურება 5 847 000 ლარის ოდენობით. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაციით, 2022 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით ანაზღაურებულია 948 403 ლარი. ვინაიდან მოცემული პერიოდისთვის არსებულ მიწის ნაკვეთზე ყველა სახის შენობა-ნაგებობა დემონტაჟირებული იყო, მიწის ნაკვეთის რეალიზაციაზე გადამხდელის მიერ დღგ-ის დარიცხვა არ განხორციელებულა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის გათვალისწინებით აღდგენას დაექვემდებარა ჩათვლილი დღგ-ის ერთი მეათედი ოდენობა 2020 წელს, ერთი მეათედი ოდენობა - 2021 წელს და ერთი მეათედი ოდენობა - 2022 წელს (საქონლის რეალიზაცისთან დაკავშირებით მხარეთა შორის გაფორმებული კორექტირებული ხელშეკრულების ბოლო თარიღის შესაბამისად 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში). ასევე, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად:
1.ა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
2. ა.ა) ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
4. ამ მუხლის მე-5–მე-11 ნაწილების გათვალისწინებით, თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებულ იქნა ისეთ ოპერაციებში, რომელთა დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გაუქმებას იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც ის ამგვარ ოპერაციებში იქნა გამოყენებული.
7. ძირითადი საშუალების მიხედვით, თუ იგი გამოყენებულ იქნა ან/და იქნება:
ა) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს აქვს ჩათვლის მიღების უფლება, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა, და ჩათვლილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარება გაუქმებას;
ბ) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, პირს უფლება არ აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს ჩათვლა;
გ) ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ: გ.ა) თუ დღგ-ის გადამხდელის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად;
გ.ბ) დღგ-ის გადამხდელს, გარდა ამ ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულისა, უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში ჩათვლის უფლების მქონე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ყოველწლიურად გასაუქმებელი („გ.ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) ან ჩასათვლელი („გ.ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) დღგ-ის თანხა გაიანგარიშება:
ა) შენობა-ნაგებობებზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობით;
ბ) სხვა ძირითად საშუალებებზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეხუთედის ოდენობით.
10. ამ მუხლით განსაზღვრული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გადაანგარიშება ან/და გაუქმება სავალდებულო არ არის, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია.
12. ამ მუხლის მიზნებისათვის საერთო ბრუნვა არის პირის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის თანხათა ჯამი. ამასთანავე, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისათვის მხედველობაში მიიღება მხოლოდ მუდმივი დაწესებულების მიერ განხორციელებული საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად:
5. თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) თუ დასაბეგრი პირის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ს ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის (საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ჯამური თანხა, დღგ-ის გარეშე) 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება;
ბ) დასაბეგრ პირს, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უფლება აქვს ძირითად საშუალებაზე მიიღოს დღგ-ის ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისთვის ყოველწლიურად გასაუქმებელი (ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) ან ჩასათვლელი (ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) დღგ-ის თანხა გაიანგარიშება: ა) უძრავ ნივთზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობით;
ბ) სხვა ძირითად საშუალებებზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეხუთედის ოდენობით. 7. ამ მუხლის პირველი−მე-6 ნაწილები არ გამოიყენება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში გაუმიჯნავ ოპერაციებში (ოპერაციებში, რომელზეც პირს აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება და ოპერაციებში, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია) ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია. ასეთ შემთხვევაში დასაბეგრ პირს უფლება აქვს სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა.
10. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების ან ძირითადი საშუალებების მიწოდების დროს, ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი/გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება საგადასახადო წლების მიხედვით ამ ძირითადი საშუალებების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად.
ამ ნაწილის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმომ 2012 წელს შეძენილ ორ შენობა-ნაგებობაზე 2013 წლის იანვარში მიიღო დღგ-ის ჩათვლა 348 991,61 ლარის ოდენობით. განხორციელდა შენობანაგებობების დემონტაჟი (პირველი შენობა-ნაგებობის - 2013 წელს, მეორე შენობა-ნაგებობის - 2019 წელს). 2019 წლის 20 დეკემბერს გადამხდელმა გააფორმა ხელშეკრულება უძრავი ქონების გაცვლის (ბარტერის) შესახებ, რის მიხედვითაც მყიდველ მხარეს გადასცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომლის სანაცვლოდაც უნდა მიეღო ამავე მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი ფართის ნაწილი. 2022 წლის აგვისტოს თვეში ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებებით მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მყიდველ მხარეს სრულად განესაზღვრა ფულადი სახით ანაზღაურება 5 847 000 ლარის ოდენობით. ვინაიდან მოცემული პერიოდისთვის არსებულ მიწის ნაკვეთზე ყველა სახის შენობა-ნაგებობა დემონტაჟირებული იყო, მიწის ნაკვეთის რეალიზაციაზე გადამხდელის მიერ დღგ-ის დარიცხვა არ განხორციელებულა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და შესამოწმებელი პერიოდის გათვალისწინებით აღდგენას დაექვემდებარა ჩათვლილი დღგ-ის მეათედი ოდენობები 2020, 2021 და 2022 წლებში. გამომდინარე იქიდან, რომ მიწის რეალიზაციასთან დაკავშირებით მხარეთა შორის გაფორმებული კორექტირებული ხელშეკრულების ბოლო თარიღი წარმოადგენდა 2022 წლის აგვისტოს თვეს, აღნიშნულ პერიოდში მოხდა ბოლო მეათედი თანხის დარიცხვა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ უძრავი ქონების გაცვლის (ბარტერის) შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით/მასში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, რომლითაც ასაშენებელი ფართის სანაცვლოდ მიწოდებულ იქნა მიწის ნაკვეთი, რაზეც მდებარე ყველა სახის შენობა-ნაგებობა დემონტაჟირებული იყო, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა 2013 წელს სრულად ჩათვლილი დღგ-ის თანხის აღდგენა მეათედი ოდენობებით 2020, 2021 და 2022 წლებში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“-ის (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. ლევან წითელაშვილი
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, არ ეთანხმება 2013 წელს ჩათვლილი დღგ-ის თანხის ნაწილის აღდგენას 2020-2022 წლების პერიოდში.
ფაქტობრივი გარემოება:
აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რის საფუძველზეც შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 157 383 ლარი, მათ შორის, გადასახადი 104 922 ლარი, ჯარიმა 52 461 ლარი, საურავი 0 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის გათვალისწინებით აღდგენას დაექვემდებარა ჩათვლილი დღგ-ის ერთი მეათედი ოდენობა 2020 წელს, ერთი მეათედი ოდენობა - 2021 წელს და ერთი მეათედი ოდენობა - 2022 წელს (საქონლის რეალიზაცისთან დაკავშირებით მხარეთა შორის გაფორმებული კორექტირებული ხელშეკრულების ბოლო თარიღის შესაბამისად 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში). ასევე, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ უძრავი ქონების გაცვლის (ბარტერის) შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით/მასში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, რომლითაც ასაშენებელი ფართის სანაცვლოდ მიწოდებულ იქნა მიწის ნაკვეთი, რაზეც მდებარე ყველა სახის შენობა-ნაგებობა დემონტაჟირებული იყო, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა 2013 წელს სრულად ჩათვლილი დღგ-ის თანხის აღდგენა მეათედი ოდენობებით 2020, 2021 და 2022 წლებში.
ვინაიდან მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 177-ე, 274-ე, 275-ე მუხლები.
(2021 წლამდე მოქმედი): 173(1); 174(1,2).