გადაწყვეტილება №24332/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24332/2/2024
27 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 22.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24332/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2024 წლის №002-170 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23410 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 3 985 350,85 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 2 493 387
დღგ - 809 508
საშემოსავლო გადასახადი - 1 683 879
ჯარიმა - 1 246 694
საურავი - 245 269,85
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა ხილ-ბოსტნეულის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნებიდან და მისი საბითუმო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და ადგილობრივი რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში შემოტანილია 7 268 868 ლარის საბაჟო ღირებულების (საბაჟო გადასახდელების ჩათვლით) პროდუქცია. დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 9 193 710 ლარს. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურად (სასაქონლო-ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) უფიქსირდება 1 550 558 ლარის ღირებულების (დღგ-ის გარეშე) საქონლის რეალიზაცია (დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 16,8%). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.06.2024 წლის №14607 ბრძანებით ჩატარდა საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა. დადგინდა, 21 ივნისის მდგომარეობით არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი (გარგარი, 15 180 ლარი). არ დგინდება საქონლის უდოკუმენტოდ რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა/დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ამასთან გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი არ აქვს სააღრიცხვო ინფორმაცია-დოკუმენტაცია. შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების/დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშება განახორციელა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: უდოკუმენტოდ რეალიზებულად განხილული შესაბამისი სახეობის/კატეგორიის საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი პერიოდის სახეობის/კატეგორიის საქონლის დოკუმენტური (ამავე საწარმოს) ფასები, ხოლო იმ საქონელზე, რომლებზეც იმავე თვეში არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია, გავრცელდა შესაბამისი პერიოდის შესაბამისი კატეგორიის ფასნამატები. საერთო ჯამში, შეწონილმა დოკუმენტურმა ფასნამატმა შეადგინა 90%, რამაც გაზარდა შემოსავლების მოცულობა/დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა; შემოწმებით განსაზღვრული შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად. მიღებული ფულადი შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით, ჩატარდა საწარმოს ფულის მოძრაობის ანალიზი. შესამოწმებელი პერიოდის საწყისი (1.01.2021 წლის) ნაშთი მიჩნეულ იქნა ნულად, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის ნაშთის განსაზღვრისას გამოყენებულია 2024 წლის მაისის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში დაფიქსირებულ ნაღდი ფულის ნაშთს, რომელმაც შეადგინა 750 ლარი. ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზით გამოვლენილი განკარგვადი შემოსავალი, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შემოწმების შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2024 წლის №002-170 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23410 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 64-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101- ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ დგინდება უდოკუმენტოდ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, შემოწმებით მართლზომიერად გავრცელდა უდოკუმენტოდ რეალიზებულ საქონელზე შესაბამისი პერიოდის სახეობის/კატეგორიის საქონლის დოკუმენტური (ამავე საწარმოს) ფასები, ხოლო იმ საქონელზე, რომლებზეც იმავე თვეში არ 3 ფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია, შესაბამისი პერიოდის შესაბამისი კატეგორიის ფასნამატები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს მიერ იმპორტირებული ხილ-ბოსტნეული არის სპეციფიკურად მალფუჭებადი პროდუქტი, რომელსაც ტრანსპორტირებისას (მსოფლიო სტანდარტით) აქვს მინიმუმ 3-5% ბუნებრივი შრობა-დანაკარგი (ფუჭდება და წონაში იკლებს). საქონლის 2-3 დღით ბაზარზე დაყოვნებისას დანაკარგის თითქმის 10-20%-მდე ადის. 5 დღეზე მეტი ხნით დაყოვნებისას დანაკარგი ადის 50-80%-მდე, ზოგ შემთხვევამდე 100%-მდეც. ეს მომენტი შემოწმების შედეგებში საერთოდ არ არის გათვალისწინებული. კომპანიის მიერ იმპორტირებული საქონლის ძირითადი მყიდველები არიან ადგილობრივი გადამყიდველები კერძო პირები, რომლებიც საქონელს იღებენ კონსიგნაციით, შედარებით დაბალ ფასებში, სასაქონლო ზედნადებების გარეშე. იშვიათად (15-20%) მსხვილი მაღაზიები და ჰიპერმარკეტები, რომლებიც ყოველთვის სასაქონლო ზედნადებებით იღებენ დარჩეულ, მაღალი ხარისხის საქონელს გაცილებით მაღალ ფასებში, რაც ბაზრისთვის ტიპიურად დამახასიათებელი მოვლენაა. ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ იმპორტირებული საქონლის დანარჩენი (80-85%) პარტიაც ასეთ მაღალ ფასებშია გაყიდული. მითუმეტეს როდესაც სასაქონლო ზედნადებით გაყიდულ ყოველ მაღალფასიან საქონელზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში კომპანია უთითებს, რომ ეს პროდუქტი არის დარჩეული, რაც შემოწმების შედეგებით მთლიანად იგნორირებულია.
სარეალიზაციოდ შესყიდული 7 268 468 ლარის საქონლის გაყიდვით მიღებული შემოსავალი გამოყვანილია ერთეულ შემთხვევებში, დარჩეულ საქონელზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული ფასების მიხედვით, რის გამოც რეალიზაციამ შეადგინა 13 691 118 ლარი. აქედან გამომდინარე საერთო მოგებამ შეადგინა 6 422 650 ლარი, რაც პროცენტულად 188,4 %-ია, საშუალო წლიური მოგება კი 1 835 000 ლარია (იმის გათვალისწინებით, რომ წელიწადში საშუალოდ 4-5 თვეა იმპორტირებული ხილ-ბოსტნეულზე მუშაობის სეზონი) საშუალო თვიურმა მოგებამ შეადგინა 400 000 ლარი, რაც საქართველოს ხილ-ბოსტნეულის ბაზარზე (ძირითადად ----ის ბაზარზე) წარმოუდგენელი ფაქტია და არარეალურია. სინამდვილეში იმპორტირებული ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციით მიღებული მოგება საქართველოს ბაზარზე საშუალოდ მერყეობს 15-25%-ის ფარგლებში.
შემოწმების შედეგად არარეალურად გაზრდილმა რეალიზაციის თანხამ (მოგება) გამოიწვია ყველა სახის გადასახადების მკვეთრი გაზრდა, რამაც საბოლოო ჯამში ასტრონომიულ ნიშნულს მიაღწია. კომპანიის შემოსავლები დათვლილია ერთეულ შემთხვევებში მსხვილ მაღაზიებზე და ჰიპერმარკეტებში გაყიდული დარჩეულ საქონელზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასების მიხედვით, რომელიც მთლიანი პარტიის მხოლოდ 15-20%-ს შეადგენს და მისი გავრცელება დანარჩენ 80-85%-ზე ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია, მითუმეტეს როცა საქმე ეხება მალფუჭებად ხილ-ბოსტნეულს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს 7 268 868 ლარის საბაჟო ღირებულების (საბაჟო გადასახდელების ჩათვლით) პროდუქცია. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურად (სასაქონლო-ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები) უფიქსირდება 1 550 558 ლარის ღირებულების (დღგ-ის გარეშე) საქონლის რეალიზაცია, რაც არის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 16,8%. არ დგინდება უდოკუმენტოდ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა/დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.
გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი არ აქვს სააღრიცხვო ინფორმაცია-დოკუმენტაცია. საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, ამასთან ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მომჩივნის არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმებით შეწონილმა დოკუმენტურმა ფასნამატმა შეადგინა 90%. საწარმოს დაუკორექტირდა (გაეზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შესაბამისად დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. აგრეთვე, შემოწმებით განსაზღვრული შემოსავალი განხილულ იქნა სრულად მიღებულად. მიღებული ფულადი შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით, ჩატარდა საწარმოს ფულის მოძრაობის ანალიზი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზით გამოვლენილი განკარგვადი შემოსავალი, შემოწმებით დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154.