ბრძანება N 28996
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28996
30 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.:---) 2025 წლის 15 აპრილის და 7 მაისის
საჩივრების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 სექტემბრის, 14 ნოემბრის და 12 დეკემბრის სხდომებზე (ოქმები №76, №95 და №104) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 აგვისტოს №25347/2/2025 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „---ის“ (ს/ნ ---) №95117/1/2025 და №95570/1/2025 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის №EL257653 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და 2025 წლის 5 მარტის №3768 ბრძანებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრების ავტორის განმარტებით, სადავო აქტებში მითითებულია, რომ კომპანია დაჯარიმდა საავტომობილო ბენზინის 40 000 კგ-ის უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურების გამო, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მოცემული რაოდენობა სრულად ჯდება იმ ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობებში, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით არის დადგენილი. კომპანიის მხრიდან მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით შედგენილია შესაბამისი გაანგარიშება/კალკულაცია, რომლის მოთხოვნის შემთხვევაშიც კომპანია მზადაა აღნიშნული გაანგარიშება/კალკულაცია წარუდგინოს შესაბამის უწყებას.
საბაჟო ორგანომ მოახდინა მიღებული მონაცემების, ბაზაში არსებული ფაქტობრივი ნაშთების შედარება შპს „---ს“ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე არსებულ დოკუმენტურად დარჩენილ ნაშთთან (რომელიც საქონლის დოკუმენტურად მიღების, იმპორტში მოქცევის, გასხვისების გათვალისწინებით იქნა დარჩენილი), რის საფუძველზეც ზედაპირული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საბაჟო ორგანომ არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი დანაკარგების ზღვრული ნორმები. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის მხრიდან კომპანიების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის მცდელობაც კი არ ყოფილა, რომლის შემთხვევაშიც კომპანიის მხრიდან იქნებოდა წარდგენილი სრული ინფორმაცია და თავიდან იქნებოდა აცილებული შემოსავლების სამსახურის მხრიდან დაფიქსირებული გადაცდომა და მოცემული გაუგებრობა. მომჩივნის მოსაზრებით, კომპანიას არ გააჩნია რაიმე სახის ვალდებულება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ბუნებრივი დანაკარგების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია, რაიმე ფორმით. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ვინაიდან დადგენილია ნავთობპროდუქტების დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობები, არც საგადასახადო და არც საბაჟო კანონმდებლობის ნაწილში არ არსებობს შესაბამისი ორგანოს პერიოდული ინფორმირების ვალდებულება. მთავარია, საქონლის ფაქტობრივი ნაკლებობა შეესაბამებოდეს (არ აღემატებოდეს) ბუნებრივი დანაკარგების ნორმით მიხედვით გამოანგარიშებული საქონლის ნაკლებობას და საქონლის ნაკლებობა ასახული იყოს ბუღალტრულ აღრიცხვაში როგორც ბუნებრივი დანაკარგი. მომჩივნის განმარტებით, განკარგულად მიჩნეული საქონელი წარმოადგენს არა ბოლოს შემოტანილ საქონელს, როგორც ეს მითითებულია სამართალდარღვევის ოქმში, არამედ წარმოადგენს დიდი ხნის განმავლობაში შემოტანილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების მიხედვით დაგროვილ საქონლის დანაკარგს. მიუხედავად იმისა რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №21071 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტს დაევალა „შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება)“, მომჩივანი არაერთხელ დაუკავშირდა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს და შესთავაზა შეხვედრა აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით. ისე ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არც კი ჰქონია მცდელობა მასთან ერთად გაევლო და დეტალურად გარკვეულიყო საჩივრის არსში. მომჩივნის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლების საფუძველიც, კანონმდებლობის რეგულირების არ არსებობისა და ორაზროვნებიდან გამომდინარე. კომპანია ოქმის შედგენამდე ცდილობდა გაერკვია როგორ და რა ფორმით უნდა ეღიარებინა საბაჟო საწყობში წარმოქმნილი მაქსიმალური ზღვრული ნორმით დადგენილი ბუნებრივი დანაკარგის ოდენობები, რათა გასწორებულიყო მარაგების ნაშთი. სრულად აცნობიერებდა ყოველივეს და კანონის ორაზროვნების ფონზე ცდილობდა გარკვეულიყო აღნიშნულ საკითხში, რათა არ მომხდარიყო კომპანიის დაჯარიმება გაუგებრობის ან სხვა მიზეზის გამო. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 9 ივლისს შპს „---ის“ (ს/ნ ---,) მიერ განხორციელდა საავტომობილო ბენზინის (40 000 კგ) №---საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევა. საქონელი შენახულ იქნა შპს „----ს“ საბაჟო საწყობში (WHS425369095). 2024 წლის 26 ივლისს შპს „---“-ემ (ს/ნ ---) საბაჟო დეპარტამენტს მიმართა №125362/21- 10-21 განცხადებით, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ მისივე კუთვნილ საბაჟო საწყობში (WHS425369095) არ ინახებოდა შპს „----ის“ (ს/ნ ----) მიერ საბაჟო საწყობის პროცედურაში დეკლარირებული, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი (საავტომობილო ბენზინი – 40 000 კგ).
მონაცემთა ბაზებში რეგისტრირებული მონაცემების გადამოწმებით გამოირკვა, რომ შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ არ განსაზღვრულა სხვა საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი და არც საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისთვის საჭირო სხვა აუცილებელი ფორმალობები ყოფილა შესრულებული. ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 30 ივლისს შედგენილ იქნა №EL257653 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „---ს“ (ს/ნ ---), შპს „---“-სთან (ს/ნ ---) ერთად (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL257654), სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 43191.99 ლარის (იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
აღნიშნული აქტი შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრებში (№91668/1/2024, №91692/1/2024, №91693/1/2024 28.08.2024; 29.08.2024) წარმოდგენილი არგუმენტების მიხედვით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას იმის გამო, რომ საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ეტაპზე საბაჟო ორგანოს მიერ არ იყო გათვალისწინებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დადგენილი – ნავთობპროდუქტის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №21071 ბრძანებით შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
საბაჟო დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება). საბაჟო დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №21071 ბრძანების აღსრულების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისას მიჩნეული იქნა, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა და არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან მისი მხრიდან არ ყოფილა უზრუნველყოფილი საავტომობილო ბენზინის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმების გათვალისწინებისთვის, ზემოხსენებული ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით დადგენილი პირობების შესრულება. კერძოდ, მითითებული ნავთობპროდუქტის რეზერვუარში შენახვისას არ განხორციელებულა მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებით განსაზღვრული – ნავთობპროდუქტის ჩამოწერის უფლების მქონე პირის მიერ მისი ჩამოწერა, რაც დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან, ამავე დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად.
ამდენად, საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ 2024 წლის 30 ივლისის №EL257653 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ჯარიმის კორექტირების (შემცირების) საფუძველი და საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 5 მარტის №3768 ბრძანებით შპს „--ს“ (ს/ნ ---) უარი ეთქვა №EL257653 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის კორექტირებაზე (შემცირებაზე).
მომჩივნის მიერ 2024 წლის 30 ივლისის №EL257653 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 5 მარტის №3768 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 მაისის №11102 ბრძანებით შპს „---ის“ (ს/ნ ---) მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარში მომჩივანმა მიუთითა, რომ სადავო ოქმის გამოცემისას არ არის გათვალისწინებული მნიშვნელოვანი გარემოებები, მხედველობაში არ არის მიღებული არსებული უტყუარი მტკიცებულებები რისი გათვალისწინების შემთხვევაშიც შემოსავლების სამსახურის მხრიდან მოხდებოდა საკითხის სხვაგვარი შეფასება, შედეგად კი საქონელი რომელიც მიჩნეული იქნა უკანონოდ განკარგულად, არ იქნებოდა მიჩნეული ასეთად და არც კომპანიის დაჯარიმება არ მოხდებოდა ზემოთ აღნიშნული საფუძვლით.
ამას გარდა, იმ შემთხვევაშიც კი თუ შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნება გაზიარებული ზემოთ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებები მიაჩნია რომ არსებობს სხვა საფუძვლებიც რის მიხედვითაც კომპანია მიჩნეული უნდა იქნეს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელად და მოხდეს დარიცხული სანქციის გაუქმება შეცდომით/არცოდნით ჩადენილი სამართალდარღვევის გამო, ვინაიდან შეცდომა/არცოდნაზე საუბარი შესაძლებელია არამხოლოდ მისი კომპანიის მხრიდან არამედ მ.შ. საბაჟო დეპარტამენტში არსებული ერთიანი პრაქტიკის არ არსებობიდან გამომდინარე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭომ მიუთითა საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე, საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭომ გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №21071 ბრძანებაზე, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 5 მარტის №3768 ბრძანებაზე და მომჩივნის არგუმენტებზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე: - საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია ნავთობპროდუქტის რეზერვუარში შენახვისას ან საზღვაო/სარკინიგზო/საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას ნავთობპროდუქტის, ასევე ნედლი ნავთობის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვისას ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები, რომლის გათვალისწინებასაც ითხოვს მომჩივანი;
- ზემოაღნიშნული არგუმენტის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიღო ნაწილობრივ დაკმაყოფილების ბრძანება და დაევალა საბაჟო დეპარტამენტს მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტების შესწავლა და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სადავო აქტით დარიცხული თანხის კორექტირება; - არც საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და არც აღსრულების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის გათვალისწინებული დანაკარგის ნორმები, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებულია ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმები, რაც დაადასტურა ასევე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საჩივრების ზეპირი განხილვის ეტაპზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №21071 ბრძანება არ არის აღსრულებული ამავე ბრძანების შესაბამისად. ამდენად, მომჩივნის არგუმენტაციის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურში, აღსრულების ეტაპზე საჩივრები განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივრები დაკმაყოფილა ნაწილობრივ, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 30.05.2025 წლის №11102 ბრძანება და საჩივრები, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 აგვისტოს №25347/2/2025 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული საქმის განხილვის ეტაპზე დავის განმხილველი ორგანოს მიერ სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით გადამხდელს გაეგზავნა 2025 წლის 17 სექტემბრის №21-04/65907 წერილი და ეთხოვა წერილის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტისთვის მოეწოდებინა საჩივარში მითითებულ სადავო საკითხთან დაკავშირებული მტკიცებულებები/დოკუმენტები, ასევე, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ დებულების მე-3 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით დადგენილი პირობების შესრულებითვის აუცილებელი მტკიცებულებები/დოკუმენტები (მათ შორის, ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის შესაბამისი ინვენტარიზაციის მასალები).
2025 წლის 17 სექტემბრის №21-04/65907 წერილის საპასუხოდ შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ წარმოდგენილი იქნა 2025 წლის 10 ოქტომბრის №161710/21 განცხადება და შემდეგი დოკუმენტები: განცხადება, საბაჟო დეკლარაციები (№----(29.07.2023); №----(15.08.2023)), 2023 წელს „---“-ის მიერ განხორციელებული ვაგონ ცისტერნების დაცლის ანგარიში (Rail tank car discharging report, №7700-4028-23 11.07.2023, №7700-4037-23 15.08.2023), 2024 წლის პირველ თებერვალს შპს „-----თან“ (ს/ნ ----) დადებული საქონლის/საწვავის ნასყიდობის ხელშეკრულება და ინვენტარიზაციის აქტები (№02032023-1 02.03.2023; №25122023-1 25.12.2023; №19072024-1 19.04.2024). შპს „---ის“ (ს/ნ ----) 2025 წლის 10 ოქტომბრის №161710/21 განცხადებით წარმოდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტის მიერ დავების დეპარტამენტში გადმოგზავნილი ინფორმაციით ირკვევა: 2024 წლის 16 მაისს სს „---ს“ მიერ საბაჟო საწყობის პროცედურაში დადეკლარირდა (საბაჟო დეკლარაცია №---) შპს „---ის“ საბაჟო საწყობში (WHS425369095) განთავსებული 638 400 კგ საავტომობილო ბენზინი. აღნიშნული საქონლის ნაწილი (411 066 კგ) სს „----სა“ და სხვა კომპანიების მიერ სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციით გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში, დარჩენილი ნაშთი (227 334 კგ) კი სრულად გასხვისდა შპს „---ზე“. კერძოდ, 2024 წლის 30 მაისის №--- საბაჟო დეკლარაციით შპს „----ის“ მიერ საბაჟო საწყობის პროცედურაში დადეკლარირდა 220 000 კგ საავტომობილო ბენზინი, ხოლო 2024 წლის 31 მაისს №---- საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოექცა 7 334 კგ საავტომობილო ბენზინი. №---- (31.05.2024) საბაჟო დეკლარაციიდან 7 334 კგ საავტომობილო ბენზინი სრულად იქნა გაშვებული თავისუფალ მიმოქცევაში, ხოლო №---- (30.05.2024) საბაჟო დეკლარაციიდან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა 180 000 კგ საავტომობილო ბენზინი, 40 000 კგ საავტომობილო ბენზინი კი დარჩა ნაშთად. დარჩენილი ნაშთი – 40 000 კგ საავტომობილო ბენზინი, შპს „---ის“ 2024 წლის 21 ივნისის №ID33292041 განცხადების საფუძველზე, 2024 წლის 22 ივნისს №---- საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში.
მითითებულ დეკლარაციას მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“, იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის კრიტერიუმით. ყვითელი დერეფნის განსაზღვრის შემდეგ, 2024 წლის 8 ივლისს, შპს „---მა“ №ID33388071 განცხადებით მიმართა საბაჟო ორგანოს და ითხოვა №---- საქონლის საბაჟო დეკლარაციის გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ თანხის არ ქონის გამო ვერ ახერხებდა დარიცხული გადასახდელების გადახდას. აღნიშნული განცხადების შესაბამისად, 2024 წლის 9 ივლისს გაუქმდა №---- საბაჟო დეკლარაცია და 40 000 კგ საავტომობილო ბენზინი კი №---- საბაჟო დეკლარაციით მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში.
საყურადღებოა, რომ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული 40 000 კგ საავტომობილო ბენზინის მიმართ, შპს „----ის“ მიერ არ განსაზღვრულა სხვა საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი და არც საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისთვის საჭირო სხვა აუცილებელი ფორმალობები შესრულებულა. ვინაიდან 2024 წლის ივლისის თვეში იცვლებოდა საბაჟო საწყობის მესაკუთრე, 2024 წლის 25 ივლისს „----“-ის მიერ განხორციელდა შპს „----ს“ საბაჟო საწყობში არსებული ნაშთების აზომვა (Shore tank inspection report №7700-4305-24 25.07.2024) და საბაჟო საწყობის – შპს „----ის“ 2024 წლის 26 ივლისის №125362/21-10-21 განცხადებით საბაჟო ორგანოს ეცნობა, რომ მის კუთვნილ საბაჟო საწყობში არ ინახებოდა „----ის“ კუთვნილი, №--- საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული, 40 000 კგ საავტომობილო ბენზინი.
დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის (საავტომობილო ბენზინი – 40 000 კგ) უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას და გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 30 ივლისს შედგენილ იქნა №EL257653 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----ს“ (ს/ნ ----), შპს „----ან“ (ს/ნ ----) ერთად (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL257654), სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172- ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 43191.99 ლარის (იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
შპს „----ის“ (ს/ნ ----) მიერ 2025 წლის 10 ოქტომბრის №161710/21 წერილით წარმოდგენილი დოკუმენტებიდან – №---- (29.07.2023) და №---- (15.08.2023) საბაჟო დეკლარაციები ეკუთვნის შპს „----ს“, რომელმაც 2023 წელს საბაჟო საწყობის პროცედურაში მოაქცია 282 247 კგ ბენზინი და მითითებული დეკლარაციები არ წარმოადგენს სადავო საბაჟო დეკლარაციის №---- (09.07.2024) წინმსწრებ დეკლარაციებს. რაც შეეხება ინვენტარიზაციის აქტებს №02032023-1 (02.03.2023) და №25122023-1 (25.12.2023), მათი გათვალისწინებით, შპს ---მა ჩაატარა ინვენტარიზაცია და შესრულდა ობიექტზე არსებული, სასაქონლო მატერიალური მარაგების სრული აღრიცხვა. მითითებული პირის მიერ მოხდა იჯარით აღებული საწვავის რეზერვუარის ჩაზომვა, რის შედეგადაც გამოვლინდა რომ ამ თარიღისთვის საწვავის ნაშთი შეადგენს 0 - ლიტრს და 0 - კგ-ს. ამდენად, ინვენტარიზაციის პერიოდია 2023 წლის 2 მარტი და 25 დეკემბერი და შესაბამისად, მითითებული აქტები კავშირში არაა უკანონოდ განკარგულად/დაკარგულად/განადგურებულად მიჩნეულ საქონლის დანაკლისთან.
№19072024-1 (19.04.2024) აქტში კი მითითებულია, რომ შპს „---მა“ ჩაატარა ინვენტარიზაცია და შესრულდა ობიექტზე არსებული, სასაქონლო მატერიალური მარაგების სრული აღრიცხვა. შედეგად, გამოვლინდა რომ რეზერვუარში ამ თარიღისთვის საწვავის ნაშთი შეადგენს 0 – ლიტრს და 0 – კგ-ს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული აქტი შედგენილია შპს „----ის“ ბუღალტრისა და დირექტორის მიერ და ეს პირები შეიძლება თუ არა მიჩნეულ იქნენ ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ჩამოწერის უფლების მქონე პირებად, ხოლო განსახილველი დოკუმენტი – აზომვაზე უფლებამოსილი პირის (სურვეიერის) მიერ შედგენილ აქტად, ამის შესაბამისი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. ასევე საყურადღებოა, რომ ხსენებულ ინვერტარიზაციის აქტებში არაა მითითებული რომელი რეზერვუარების შემოწმება განხორციელდა. ამასთან, შპს „---ის“ 2025 წლის 10 ოქტომბრის №161710/21 წერილით წარმოდგენილი შპს „---თან“ დადებული საქონლის/საწვავის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-3 პუნქტის 3.3 ქვეპუნქტის მიხედვით, „ყოველგვარი ბუნდოვანების თავიდან არიდების მიზნით, მხარეები თანხმდებიან და აღიარებენ, რომ მყიდველი (შპს „----“) ვალდებულია აღიაროს დანაკარგად საწვავის რეზერვუარიდან დაცლის გამო შესაძლო ბუნებრივი დანაკარგით დამდგარი ზარალი (ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ჩამოწერის უფლების მქონე პირად განისაზღვრება მყიდველი – შპს „----“.). მნიშვნელოვანია, რომ სადავო საავტომობილო ბენზინი შპს „---ს“ შეძენილი აქვს სს „---გან“ 2024 წლის მაისის თვეში, წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება კი დადებულია სხვა პირთან – შპს „----თან“, თანაც 2024 წლის თებერვალში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის №EL257653 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ, არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ 2024 წლის 30 ივლისის №EL257653 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შპს „---ს“ (ს/ნ ---) მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში 2024 წლის 28 და 29 აგვისტოს (საჩივრები: №91668/1/2024, №91692/1/2024 და №91693/1/2024). შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №21071 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამდენად, არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განხილვაზე უარის თქმისა და მისი განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 5 მარტის №3768 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. ამავე კოდექსის 304-ე მუხლის მე-21 ნაწილის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საბაჟო კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად „საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებით.”
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს N20839 ბრძანებით დამტკიცებულია ნავთობპროდუქტის რეზერვუარში შენახვისას ან საზღვაო/სარკინიგზო/საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას ნავთობპროდუქტის, ასევე ნედლი ნავთობის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვისას ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრული ნორმები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ნავთობპროდუქტის/ნედლი ნავთობის ფაქტობრივი ნაკლებობის შემთხვევაში. „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ“ დებულების (დანართი №1) მე-3 მუხლით დადგენილია შემდეგი:
1. სასაქონლო პარტიაზე ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა დასაშვებია წინამდებარე ბრძანების დანართ №2-ში მითითებული ნორმების ფარგლებში.
2. საზღვაო/სარკინიგზო/საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას დანაკარგი გამოითვლება სასაქონლო პარტიიდან, შესაბამის დოკუმენტში მითითებულ რაოდენობასა და დანაკლისის ფაქტის დამდგენი პირის მიერ ჩატარებული აზომვის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ რაოდენობას შორის სხვაობის ფარგლებში.
3. რეზერვუარში შენახვისას ჩამოწერა დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან, ამ დებულების მე-4 მუხლის გათვალისწინებით. 4. ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ჩამოწერის უფლების მქონე პირი განისაზღვრება მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებით.
5. დანაკარგად აღიარებული ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ოდენობა უნდა მიეკუთვნოს ინვენტარიზაციის მომენტში რეზერვუარში დარჩენილ პარტიებს.
ამავე დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის საზღვაო, სარკინიგზო ან საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას ან რეზერვუარში შენახვისას (თითოეულ საცავის სტაციონარულ კოდზე ერთჯერადად, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა) შესაძლო ბუნებრივი დანაკარგი გამოითვლება დანართი №2-ში მითითებული ყოველი კონკრეტული ოპერაციის დასრულების დროს, თითოეული ოპერაციისათვის დადგენილი ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ნორმის ფარგლებში. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ“ დებულებით დადგენილია მათ შორის რეზერვუარში შენახვისას ჩამოწერის სტანდარტი. ნორმის შესაბამისად „რეზერვუარში შენახვისას ჩამოწერა დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან, ამ დებულების მე-4 მუხლის გათვალისწინებით.“ აღნიშნული წესის შესაბამისად იმისათვის, რომ ჩამოწერა მიჩნეულ იქნას დასაშვებად დებულებით განსაზღვრულია შესაბამისი წესით სამი ფაქტის აღრიცხვის აუცილებლობა. აღრიცხული უნდა იყოს „წინა ინვენტარიზაციის შედეგები“, ასევე უნდა განხორციელდეს ჩამოწერის გადაწყვეტილებამდე ინვენტარიზაცია (შემდგომი ინვენტარიზაცია), რომელიც წინ უსწრების ჩამოწერის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას და ასევე აღრიცხული უნდა იყოს რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობა შესაბამისი წესით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დარჩენილი ნაშთი – 40 000 კგ საავტომობილო ბენზინი, შპს „---ის“ 2024 წლის 21 ივნისის №ID33292041 განცხადების საფუძველზე, 2024 წლის 22 ივნისს №--- საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. მითითებულ დეკლარაციას მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“, იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის კრიტერიუმით. ყვითელი დერეფნის განსაზღვრის შემდეგ, 2024 წლის 8 ივლისს, შპს „---მა“ №ID33388071 განცხადებით მომართა საბაჟო ორგანოს და ითხოვა №---საქონლის საბაჟო დეკლარაციის გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ თანხის არ ქონის გამო ვერ ახერხებდა დარიცხული გადასახდელების გადახდას. აღნიშნული განცხადების შესაბამისად, 2024 წლის 9 ივლისს გაუქმდა №--- საბაჟო დეკლარაცია და 40 000 კგ საავტომობილო ბენზინი №--- საბაჟო დეკლარაციით მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში. ამასთან, ვინაიდან 2024 წლის ივლისის თვეში იცვლებოდა საბაჟო საწყობის მესაკუთრე, 2024 წლის 25 ივლისს „---“-ის მიერ განხორციელდა შპს „---ს“ საბაჟო საწყობში არსებული ნაშთების აზომვა (Shore tank inspection report №7700-4305-24 25.07.2024) და საბაჟო საწყობის – შპს „---ის“ 2024 წლის 26 ივლისის №125362/21-10-21 განცხადებით საბაჟო ორგანოს ეცნობა, რომ მის კუთვნილ საბაჟო საწყობში არ ინახებოდა „----ის“ კუთვნილი, №---- საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული, 40 000 კგ საავტომობილო ბენზინი. რაც შეეხება შპს „----ის“ (ს/ნ ----) მიერ 2025 წლის 10 ოქტომბრის №161710/21 წერილით წარმოდგენილი დოკუმენტებს საგულისხმო ფაქტია, რომ №----(29.07.2023) და №--- (15.08.2023) საბაჟო დეკლარაციები ეკუთვნის შპს „---ს“, რომელმაც 2023 წელს საბაჟო საწყობის პროცედურაში მოაქცია 282 247 კგ ბენზინი და მითითებული დეკლარაციები არ წარმოადგენს სადავო საბაჟო დეკლარაციის №--- (09.07.2024) წინმსწრებ დეკლარაციებს. ინვენტარიზაციის აქტებთან №02032023-1 (02.03.2023) და №25122023-1 (25.12.2023) დაკავშირებით კი, საყურადღებოა, რომ ამ აქტების გათვალისწინებით, შპს ----მა ჩაატარა ინვენტარიზაცია და შესრულდა ობიექტზე არსებული, სასაქონლო მატერიალური მარაგების სრული აღრიცხვა.
მითითებული პირის მიერ მოხდა იჯარით აღებული საწვავის რეზერვუარის ჩაზომვა, რის შედეგადაც გამოვლინდა რომ ამ თარიღისთვის საწვავის ნაშთი შეადგენს 0 - ლიტრს და 0 - კგ-ს. ამდენად, ინვენტარიზაციის პერიოდია 2023 წლის 2 მარტი და 25 დეკემბერი და შესაბამისად, მითითებული აქტები კავშირში არაა უკანონოდ განკარგულად/დაკარგულად/განადგურებულად მიჩნეულ საქონლის დანაკლისთან. №19072024-1 (19.04.2024) აქტში კი მითითებულია, რომ შპს „---მა“ ჩაატარა ინვენტარიზაცია და შესრულდა ობიექტზე არსებული, სასაქონლო მატერიალური მარაგების სრული აღრიცხვა. შედეგად, გამოვლინდა რომ რეზერვუარში ამ თარიღისთვის საწვავის ნაშთი შეადგენს 0 – ლიტრს და 0 – კგ-ს.
სხვა ზემოთაღნიშნულ არგუმენტებთან ერთად, რაც უკავშირდება წინა ინვენტარიზაციის თაობაზე დოკუმენტაციის/მტკიცებულების წარმოუდგენლობას, ასევე საგულისხმოა, რომ საბოლოო დოკუმენტი/ზემოაღნიშნული აქტი შედგენილია შპს „----“ ბუღალტრისა და დირექტორის მიერ და ხსენებულ აქტებში არ არის დაცული ინვენტარიზაციისთვის დამახასიათებელი პროცედურები, მათ შორის არ არის გამოკვეთილი შენახვაზე პასუხისმგებელი პირების უშუალო მონაწილეობა, კონკრეტულად რომელი რეზერვუარების შემოწმება განხორციელდა, ასევე მითიითებულია პირები თუ ვინ ესწრებოდა ინვენტარიზაციას, თუმცა არ არის მითითებული ვინ განახორციელა ინვენტარიზაცია, აღნიშნულმა დამსწრე პირებმა თუ სხვა პირებმა, გაზომვის ტექნიკური მონაცემები/პროცედურა და სხვა მონაცემები.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ნათელია, რომ მომჩივნის მიერ ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერისათვის აუცილებელი აღრიცხვის წარმოება არ განხორციელებულა სათანადო წესით. მისი მხრიდან არ არის შესრულებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ“ დებულების (დანართი №1) მე-3 მუხლით დადგენილი პირობები. ამდენად, საბაჟო დეპარტამენტის უარი 2024 წლის 30 ივლისის №EL257653 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული თანხის კორექტირებაზე (შემცირებაზე) მართლზომიერია.
მომჩივნის მოთხოვნაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების 2024 წლის 26 სექტემბრის №21071 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ 2025 წლის 5 მარტის №3768 ბრძანებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის №EL257653 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრების ავტორის განმარტებით, სადავო აქტებში მითითებულია, რომ კომპანია დაჯარიმდა საავტომობილო ბენზინის 40 000 კგ-ის უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურების გამო, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
2024 წლის 9 ივლისის საბაჟო საწყობის დეკლარაციით, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საავტომობილო ბენზინის (40 000კგ) უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურების ფაქტზე, მომჩივანს, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, სოლიდარულად შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა 43 191,99 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი მომჩივანმა 2024 წლის 28 აგვისტოს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.
საბაჟო დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტების შესწავლა და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სადავო აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, შეფარდებული ჯარიმის თანხა არ დაკორექტირებულა. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგები, ასევე საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მომჩივანმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №11102 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივრები საბაჟო დეპარტამენტის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში დარჩა განუხილველი; შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ ბრძანებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (ზ); 304 21.
საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 116 (2).