ბრძანება N 23372

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.10.2025
№ დოკუმენტი 23372
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23372

23 ოქტომბერი 2025

ბრძანება

შპს „---------“ (ს/ნ „---------“)

(მის.: „---------“)

2025 წლის 9 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 სექტემბრის, 2 ოქტომბრის და 9 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმი №81, №83 და №85) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“ ) 2025 წლის 9 სექტემბრის №97893/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 აგვისტოს №081-232 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირზე გადახდილი იჯარის მომსახურების თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. განმარტავს, რომ საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირთან და შესაბამისად, საწარმო ასრულებდა საგადასახადო აგენტის ფუნქციას, კერძოდ, იჯარის მომსახურების თანხას ბეგრავდა გადახდის წყაროსთან, ხოლო როდესაც ფიზიკური პირის შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს კომპანიამ შეწყვიტა საშემოსავლო გადასახადის გადახდა, რადგან უკვე მეიჯარეს ეკისრებოდა აღნიშნული საგადასახადო ვალდებულება.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ დირექტორს გააჩნია გარკვეული ვალდებულებები, კერძოდ, დირექტორმა გადაიხადა კომპანიის კუთვნილი ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით, ასევე, საკუთარი ხარჯებით ააშენა შენობა, საიდანაც კომპანია იღებს საიჯარო შემოსავალს. აცხადებს, რომ დირექტორს ასევე გატანილი აქვს თანხები, მაგრამ არაუმეტეს შენობის აშენებისთვის დახარჯული თანხისა.

3. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის №9475 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „--------“ ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 7 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 11 აგვისტოს №18033 ბრძანება და ამავე თარიღის №081-232 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 63 217 ლარი, მათ შორის, გადასახადი 39 043 ლარი, ჯარიმა 19 358 ლარი, საურავი 4 816 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

 საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში, ქალაქ „--------“-ში, იჯარით აღებულ 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აშენებული აქვს კონსტრუქციული ნაგებობა, ხოლო იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირთან. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული მასალები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე გადახდილი იჯარის მომსახურების თანხები. შესაბამისად, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, გაანგარიშდა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი განაცემებისა და საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, რომელიც შედარდა დეკლარირებულ მონაცემებს და გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებამ იხელმძღვანელა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული მასალებით (საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული გატარებები, და სხვა). ამასთან, 2025 წლის 21 ივლისს გადასახადის გადამხდელის ობიექტზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და სალაროში არსებულმა ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა ნული ლარი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ, „სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით, კომპანიის საკასო ხარჯების 10%-ისა და საკასო შემოსავლების 10%-ის ოდენობის მიხედვით გაანგარიშდა სალაროს გონივრული ნაშთი და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2024 წლის ოქტომბრის თვიდან სალაროში უფიქსირდება არაგონივრული ნაღდი ფულის ნაშთი, რომელმაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 62 424 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო თვეში არსებული არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2025 წლის 25 სექტემბერს 14:30 საათზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 2 ოქტომბერსა და 9 ოქტომბერს, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვებზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული აქვს კონსტრუქციული ნაგებობა, ხოლო იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირთან. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული მასალები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე გადახდილი იჯარის მომსახურების თანხები. შესაბამისად, იჯარის მომსახურების თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, ფიზიკურ პირზე გადახდილი იჯარის მომსახურების თანხის გადახდის წყაროსთან დაუკავებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მეიჯარე ფიზიკური პირი (უცხო ქვეყნის მოქალაქე) აღნიშნულ პერიოდში არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული და არც დეკლარირებული აქვს მონაცემები, შესაბამისად, კომპანიას ჰქონდა ვალდებულება გადახდის წყაროსთან დაეკავებინა იჯარის მომსახურების თანხა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმებამ შეისწავლა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, კერძოდ, კომპანიის საკასო ხარჯების 10%-სა და საკასო შემოსავლების 10%-ის ოდენობის მიხედვით გაანგარიშდა სალაროს გონივრული ნაშთი და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2024 წლის ოქტომბრის თვიდან სალაროში უფიქსირდება არაგონივრული ნაღდი ფულის ნაშთი, რომელმაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 62 424 ლარი. ამასთან, 2025 წლის 21 ივლისს გადასახადის გადამხდელის ობიექტზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და სალაროში არსებულმა ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა ნული ლარი. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო თვეში არსებული არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, დირექტორის მიერ გადახდილი კომპანიის კუთვნილი ჯარიმის თანხისა და შენობის აშენებისას გაწეული ხარჯების ფულადი სახსრების მოძრაობაში გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლისას იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციითა და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული მასალებით (საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული გატარებები, და სხვა) და ფულის მოძრაობაში სრულად გაითვალისწინა გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული ოპერაციები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირზე გადახდილი იჯარის მომსახურების თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

2.გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

3. გადამხდელი მიუთითებს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში,იჯარით აღებულ 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აშენებული აქვს კონსტრუქციული ნაგებობა, ხოლო იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირთან. დადგინდა, რომ გადამხდელს სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე გადახდილი იჯარის მომსახურების თანხები. შესაბამისად, შემოწმების მიერ, სსკ-ის 154-ე მუხლის მიხედვით, გაანგარიშდა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი განაცემებისა და საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, რომელიც შედარდა დეკლარირებულ მონაცემებს და გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

2.შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებამ იხელმძღვანელა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული მასალებით.ამასთან, გადამხდელის ობიექტზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და სალაროში არსებულმა ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა ნული ლარი. შემოწმების მიერ,დადგინდა, რომ გადამხდელს 2024 წლის ოქტომბრის თვიდან სალაროში უფიქსირდება არაგონივრული ნაღდი ფულის ნაშთი, რომელმაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 62 424 ლარი.შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო თვეში არსებული არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს, სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),100,101,154,269.