ბრძანება N 10929

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.05.2024
№ დოკუმენტი 10929
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10929

02 მაისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“-ს (ს/ნ „--------“)

(ფაქტ. მის.: "--------")

2023 წლის 28 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 აპრილის №21251/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „------“-ს (ს/ნ „--------“) 2023 წლის 28 ივლისის №82688/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №006-342 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით;

2. შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6485 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ს (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 7 ივლისის №16418 ბრძანება და ამავე თარიღის №006-342 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 409 340 ლარი, მათ შორის, გადასახადი 232 439 ლარი, ჯარიმა 116 220 ლარი და საურავი 60 681 ლარი ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25813 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 17 აპრილის №21251/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25813 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებაში სადავო საკითხთან დაკავშირებით მითითებულია შემდეგი:

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა, თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1.გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს კვების ობიექტების მომარაგება. შემოწმებისთვის წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, სადაც საქონლის ჩამოწერა ხორციელდებოდა პერიოდულად. გადამხდელის განმარტებით, პერიოდის ბოლოსთვის ატარებდა ინვენტარიზაციას და აღნიშნული შედეგების მიხედვით ახორციელებდა ბუღალტრულად ნაშთის დატოვებას (ასევე, წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება პერიოდის ბოლოს არსებული სმფ-ის ნაშთის შესახებ) და აღნიშნავდა, რომ რეალიზაციას ახორციელებდა დოკუმენტით. შემოწმებით დადგინდა, რომ დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 99%-ს, ხოლო რეალიზაცია არაიდენტიფიცირებად მყიდველებზე - 1%-ს. გადამხდელს პერიოდის ბოლოსთვის უნდა დარჩენოდა იმაზე მეტი ნაშთი, ვიდრე ინფორმაცია იქნა მოწოდებული. გადამხდელმა შემოწმების პროცესში განახორციელა ბუღალტრული აღრიცხვის კორექტირება და საქონელი ჩამოწერა დოკუმენტების მიხედვით, ამასთან, შედეგებიდან გამომდინარე გაზარდა პერიოდის ბოლოსთვის ნაშთები. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ 2023 წლის მარტის მოგების გადასახადის დეკლარაციაში 2022 წლის ბოლოს არსებული სმფ-ების ნაშთი დაფიქსირებულია მცირე ოდენობით, შემოწმებით პერიოდის ბოლოსთვის გათვალისწინებულ იქნა წარმოდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში დაფიქსირებული ნაშთები და აღნიშნულ ნაშთებსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად მისივე დოკუმენტურად რეალიზაციის ფასნამატით (2020 წელს - 7,46%, 2021 წელს - 11,89%, 2022 წელს - 13,74%). აღნიშნული რეალიზაციით მიღებული შემოსავლით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. აღნიშნული რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავლის 99% მიღებულია დოკუმენტური რეალიზაციიდან, ხოლო 1% - არაიდენტიფიცირებად მყიდველებზე განხორციელებული რეალიზაციებიდან. შემოწმებით გაირკვა, რომ გადამხდელს პერიოდის ბოლოსთვის უნდა დარჩენოდა იმაზე მეტი ნაშთი, ვიდრე ინფორმაცია იქნა მოწოდებული. გადამხდელმა შემოწმების პროცესში განახორციელა ბუღალტრული აღრიცხვის კორექტირება და საქონელი ჩამოწერა დოკუმენტების მიხედვით, ასევე, გაზარდა პერიოდის ბოლოსთვის ნაშთები. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, შემოწმებით პერიოდის ბოლოსთვის გათვალისწინებულ იქნა ფინანსურ ანგარიშგებებში დაფიქსირებული ნაშთები და აღნიშნულ ნაშთებსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად მისივე დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის ხელფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, საწარმო რეალიზაციას სრულად ახორციელებს მხოლოდ დოკუმენტით, კერძოდ, საქონლის 99%-ის რეალიზაცია განხორციელებულია სასაქონლო ზედნადებებით. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმე არც ერთხელ არ არის დაჯარიმებული საქონლის უსაბუთო ტრანსპორტირებისთვის ან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე. ამასთან, შემოსავლების სამსახურს არ განუხორციელებია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, შესაბამისად, გაუგებარია ერთობლივი შემოსავლისა და დღგ-ის ბრუნვის დაუსაბუთებელი ზრდა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაფიქსირებული საბოლოო ნაშთის ღირებულება 2023 წლის მარტის მდგომარეობით შეადგენს 149 713 ლარი დღგ-ს გარეშე. საწარმო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას. 2023 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს მეწარმის სასაქონლო მარაგების ნაშთი უნდა შეადგენდეს -134 548 ლარს დღგ-ის გარეშე, რაც გონივრულ საფუძველს ნამდვილად მოკლებულია. დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი აუდიტის დეპარტამენტს დადგენილი აქვს მკვეთრად განსხვავებული რეალურ ფასნამატთან შედარებით. კომპანია საქონლის მიწოდებას ახორციელებს საშუალოდ 7-8%-იანი ფასნამატით, მაშინ, როდესაც აუდიტის დეპარტამენტს 2021 წლისთვის დადგენილი აქვს 11,89%, ხოლო 2022 წელს დადგენილი აქვს 13,74 პროცენტი, რაც საბითუმო რეალიზაციის შემთხვევაში ფიზიკურად შეუძლებელია, მითუმეტეს იმ გარემოებაში, როდესაც კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს საქონელს. შესაბამისად, სრულიად გაურკვეველია ერთობლივი შემოსავლის ზრდა, როცა საქონლის რეალიზაციის 99% განხორციელებულია დოკუმენტით, ხოლო ინვენტარიზაციით არ დადგენილა საქონლის ნაშთის ოდენობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ს (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილ ფასნამატს.

2. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 99%-ს, ხოლო რეალიზაცია არაიდენტიფიცირებად მყიდველებზე - 1%-ს. გადამხდელმა შემოწმების პროცესში განახორციელა ბუღალტრული აღრიცხვის კორექტირება და საქონელი ჩამოწერა დოკუმენტების მიხედვით, ამასთან, შედეგებიდან გამომდინარე გაზარდა პერიოდის ბოლოსთვის ნაშთები. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ 2023 წლის მარტის მოგების გადასახადის დეკლარაციაში 2022 წლის ბოლოს არსებული სმფ-ების ნაშთი დაფიქსირებულია მცირე ოდენობით, შემოწმებით პერიოდის ბოლოსთვის გათვალისწინებულ იქნა წარმოდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში დაფიქსირებული ნაშთები და აღნიშნულ ნაშთებსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად მისივე დოკუმენტურად რეალიზაციის ფასნამატით.აღნიშნული რეალიზაციით მიღებული შემოსავლით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა.

2. რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით - საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154,160,161,163,164.