ბრძანება N 1893
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1893
03.02.2023
შპს „----------“-ს (ს/ნ ----------)
(მის: ----------)
2022 წლის 10 ნოემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) №76252/1/2022 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 25 ოქტომბრის №ა194-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტს, 2022 წლის 26 ოქტომბრის №27058 ბრძანებას გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ და 2022 წლის 26 ოქტომბრის №081-193 საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ კომპანია დაარსების დღიდან ახორციელებდა ხილბოსტნეულის იმპორტს კანონმდებლობის სრული დაცვით, თუმცა ამ ეტაპზე ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს. საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „----------“-ის საბაჟო დეკლარაციების გადამოწმება. გადამოწმებულ იქნა საქართველოში საქონლის გაფორმებისას წარდგენილი დოუმენტები და საქონლის გადაადგილების (წარმოშობის) სერთიფიკატების ნამდვილობა და სიზუსტე, ექსპორტიორ ქვეყანაში (----------). შემოწმების აქტით ირკვევა, რომ ---------- საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროსგან მიღებული წერილით და მათ მიერ გამოგზავნილი დოკუმენტებით, საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერთიფიკატების გადამოწმების შედეგად მათი კანომდებლობიდან გამომდინარე ჩაითვალა უარყოფითად, ვინაიდან ექსპორტიორის მიერ არ არის წადგენილი YGM ანგარიშგებები, რომელიც აუცილებელია პროცესის შესაფასებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ ზემოთ ჩამოთვლილი საბაჟო დეკლარაციებით შემცირებული იმპორტის გადასახადები ჩაითვალა არასწორად და მოხდა კომპანიის დაჯარიმება, რაც არამართლზომიერად მიაჩნია.
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მომწოდებელ კომპანიასთან უკვე შედგა სატელეფონო კომუნიკაცია და მიიღო დაპირება, რომ მათგან უახლოეს დღეებში მიღებულ იქნება დამადასტურებელი დოკუმენტი საქონლის გადაადგილების (წამოშობის) სერთიფიკატების ნამდვილობის და სიზუსტის შესახებ, რასაც წარმოადგენს მომავალში.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 25 ოქტომბრის №26983 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) სახელზე გაფორმებული №„----------“ (10/04/2021წ.), №„----------“ (17/05/2021წ.), №„----------“ (19/05/2021წ.), №„----------“ (21/05/2021წ.), „----------“ (24/05/2021წ.) და „----------“ (04/06/2021წ.) საბაჟო დეკლარაციების საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.
შპს „----------“-მა (ს/ნ ----------) აღნიშნული დეკლარაციებით განახორციელა სხვადასხვა დასახელების საქონლის (ხილბოსტნეული) იმპორტი „----------“ რესპუბლიკიდან, რომელთა გაფორმების დროსაც გამოიყენა საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატები, რის საფუძველზეც საქონლის იმპორტი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან.
ზემოხსენებული საბაჟო დეკლარაციებით საქართველოში საქონლის გაფორმებისას წარდგენილი დოკუმენტები და საქონლის გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატების ნამდვილობა და სიზუსტე გადამოწმდა ექსპორტიორ ქვეყანაში (----------).
2021 წლის 26 ნოემბერს „----------“ საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროსაგან მიღებული წერილით (შემ. №244575/21) გამოგზავნილი დოკუმენტების საქართველოში საქონლის გაფორმებისას წარდგენილ დოკუმენტებთან შედარების შედეგად გაირკვა, რომ შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) №„----------“ (10/04/2021წ.), №„----------“ (17/05/2021წ.), №„----------“ (19/05/2021წ.), №„----------“ (21/05/2021წ.), №„----------“ (24/05/2021წ.) და №„----------“ (06/04/2021წ.) საბაჟო დეკლარაციებში ღირებულება ჰქონდა შემცირებული, ასევე, 2022 წლის 1 აპრილს ამავე ქვეყნის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროსაგან მიღებულ წერილში (შემ. №57500/21) აფიქსირებენ, რომ საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატების გადამოწმების შედეგები მათი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩაითვალა უარყოფითად (გადმოგზავნილი სერტიფიკატების უკანა გვერდებზე, მე-14 გრაფები უარყოფითად არის შევსებული), ვინაიდან ექსპორტიორის მიერ არ არის წარდგენილი „YGM“ ანგარიშგებები, რომლებიც აუცილებელია პროცესის შესაფასებლად.
აქედან გამომდინარე, ზემოთ ხსენებულ საბაჟო დეკლარაციებში, როგორც საბაჟო ღირებულების შემცირებამ, ასევე, საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატების არასწორად გამოყენებამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება.
შემოწმების შედეგად, შედგენილ იქნა 2022 წლის 25 ოქტომბრის № ა 194-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი, 2022 წლის 26 ოქტომბრის №27058 ბრძანება გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ და გამოიცა 2022 წლის 26 ოქტომბრის №081-193 საგადასახადო მოთხოვნა. შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) №„----------“ (10/04/2021წ.), №„----------“ (17/05/2021წ.), №„----------“ (19/05/2021წ.), №„----------“ (21/05/2021წ.), №„----------“ (24/05/2021წ.) და №„----------“ (04/06/2021წ.) საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ იმპორტის გადასახდელი - 50215,95 ლარი, მათ შორის დღგ - 9738.95 ლარი, იმპორტის გადასახადი - 40477 ლარი, საურავი - 13201.83 ლარი, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სანქცია ჯარიმის სახით შეეფარდა - 100431,90 ლარი.
აღნიშნულ მასალებს გადამხდელი 2022 წლის 10 ნოემბერს გაეცნო შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.
ამავე საკანონმდებლო აქტის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:
ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;
ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.
ხოლო ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით დადგენილია:
9. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
ამავე მუხლის მე-15 ნაწილი ადგენს, რომ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ„ ინსრუქციის (დანართი №2) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი აზუსტებს, რომ საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემოწმება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციაში მითითებულია ასეთი შეღავათებით სარგებლობის შესახებ. ამისათვის საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ამოწმებს საბაჟო დეკლარირებისას წარდგენილ დოკუმენტებს, რაც აუცილებელია შეღავათების მისაღებად. ამასთან, მოწმდება წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა:
ა) საბაჟო ან/და საგადასახადო კანონმდებლობის ან/და საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმების ან/და საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებთან;
ბ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმების მოთხოვნებთან.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი, დადგენილია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო შეღავათის გასავრცელებლად წარდგენილია საქართველოს მიერ რატიფიცირებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საფუძველზე გაცემული/შედგენილი საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საეჭვოა მისი ნამდვილობა, შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად ხორციელდება დოკუმენტის გამცემ ქვეყანაში გადამოწმება, რის თაობაზე უნდა ეცნობოს დეკლარანტს.
ამავე ინსტრუქციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის მიზანია საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და სახეობათა რაოდენობის ან/და სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის სისწორის ან/და საქონლის მიმართ დაწესებულ აკრძალვებთან ან/და შეზღუდვებთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის შემოწმება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)– იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 200 პროცენტის ოდენობით
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია, რომ შპს „----------“-ს საბაჟო დეკლარაციებში ღირებულება ჰქონდა შემცირებული, ასევე, საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატების გადამოწმების შედეგები მათი კანონმდებლობიდან გამომდინარე ჩაითვალა უარყოფითად, ვინაიდან ექსპორტიორის მიერ არ არის წარდგენილი „YGM“ ანგარიშგებები, რომლებიც აუცილებელია პროცესის შესაფასებლად. აქედან გამომდინარე, საბაჟო დეკლარაციებში, როგორც საბაჟო ღირებულების შემცირებამ, ასევე, საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატების არასწორად გამოყენებამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება.
მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს და სხვა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს მის მიერ მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო საბაჟო დეპარტამენტს თავის მხრივ უნდა დაევალოს მითითებულ ვადაში მომჩივნის მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საქონლის გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატების ნამდვილობა და სიზუსტე დამატებით გადაამოწმოს ექსპორტიორ ქვეყანაში და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს მის მიერ მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო საბაჟო დეპარტამენტს თავის მხრივ უნდა დაევალოს მითითებულ ვადაში მომჩივნის მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საქონლის გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატების ნამდვილობა და სიზუსტე დამატებით გადაამოწმოს ექსპორტიორ ქვეყანაში და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრაძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.