გადაწყვეტილება №25027/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.06.2025
№ დოკუმენტი 25027/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25027/2/2025

16 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,29.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 7.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25027/2/2025).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო შემოწმების დანიშვნის და ვადის გაგრძელების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებების მართლზომიერება;

2. შემოწმების შედეგად 2021-2023 წლებში დადგენილი შემოსავლების, ერთობლივ შემოსავალში ჩართვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.01.2024 წლის №196 ბრძანება;

2. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2024 წლის №021-90 საგადასახადო მოთხოვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2024 წლის №26936 ბრძანება;

4. შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3452 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 9 989 650,39 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 6 755 083

ჯარიმა - 2 060 038

საურავი - 1 174 529,39

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.04.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2024 წლის №021-90 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3452 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო შემოწმების დანიშვნის და ვადის გაგრძელების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 11.01.2024 წლის №196 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 1.01.2021 წლიდან 1.04.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლების დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების დასრულებამდე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანებები შემოწმების ვადის გაგრძელებასა და ცვლილებასთან დაკავშირებით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 263-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 63-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის, ვადის გაგრძელებისა და კამერალური საგადასახადო შემოწმების ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ამ საკითხთან დაკავშირებით არგუმენტებს არ წარმოადგენს.

 

2. შემოწმების შედეგად 2021-2023 წლებში დადგენილი შემოსავლების, ერთობლივ შემოსავალში ჩართვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა არასრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გადამხდელის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის დამუშავების შედეგად, გადასახადის გადამხდელს 2021-2023 წლებში დაუდგინდა მიღებული შემოსავლები, რომლებიც ჩაირთო ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 61- ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველ და მე-9 ნაწილებზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ფიზიკურ პირს შესაძლოა ჰქონდეს ამ შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები ან/და ეს შემოსავლები სრულად არ ეკუთვნოდეს მას და იგი წარმოადგენდეს მხოლოდ თანხის გამტარს, გარკვეული საკომისიო თანხის მიღების სანაცვლოდ. აქედან გამომდინარე, შემმოწმებელი ვალდებული იყო გადასახადის გადამხდელისგან ან/და მეორე მხარისგან შესწავლის მიზნით გამოეთხოვა დამატებითი დოკუმენტები, რაც მათი მხრიდან არ მომხდარა.

 

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2024 წლის №021-90 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 2 060 038 ლარი და დაერიცხა საურავი 1 174 529,39 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სრულად მოეხსნას ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული ჯარიმა და საურავის თანხა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევით მიღებული შემოსავალი ან განხორციელებული სხვა ოპერაცია იბეგრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი.

საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად:

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის, ვადის გაგრძელებისა და კამერალური საგადასახადო შემოწმების ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ბრძანებები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად. მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი არგუმენტები, თუ რის საფუძველზე ითხოვს აღნიშნული ბრძანებების გაუქმებას. შესაბამისად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

საბჭოს სხდომაზე მომჩივანმა განმარტა, რომ თანხების გადარიცხვისას ასრულებდა შუამავლის როლს და იღებდა შესაბამის ანაზღაურებას. გადარიცხული თანხები არ წარმოადგენს მის შემოსავალს. თუმცა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს განხორციელებული ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველს.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში. საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანს უფლება აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძველზე (მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით), მიმართოს დავის განმხილველ ორგანოს დავის განახლების მოთხოვნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ამ საკითხთან დაკავშირებით არგუმენტებს არ წარმოადგენს

2.მომჩივანი მიიჩნევს,რომ შემმოწმებელი ვალდებული იყო გადასახადის გადამხდელისგან ან/და მეორე მხარისგან შესწავლის მიზნით გამოეთხოვა დამატებითი დოკუმენტები, რაც მათი მხრიდან არ მომხდარა.

3.მომჩივანი ითხოვს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სრულად მოეხსნას ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული ჯარიმა და საურავის თანხა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 1.01.2021 წლიდან 1.04.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლების დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების დასრულებამდე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანებები შემოწმების ვადის გაგრძელებასა და ცვლილებასთან დაკავშირებით.

2.გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა არასრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გადამხდელის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის დამუშავების შედეგად, გადამხდელს 2021-2023 წლებში დაუდგინდა მიღებული შემოსავლები, რომლებიც ჩაირთო ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე, დაეკისრა სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3.აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 2 060 038 ლარი და დაერიცხა საურავი 1 174 529,39 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),100,102,269(7).