ბრძანება N 11680
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11680
29.05.2023
------- ------------ის (პ/ნ ----------------------)
(მის:-------------------------------------)
2023 წლის 5 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 მაისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა ------- ------------ის (პ/ნ ----------------------) №80822/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №EL205803 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მიფრინავდა -----ში მეუღლესთან და მეგობართან ერთად. მათ არ შეხვდათ საბაჟო კონტროლის დერეფანი და გადაწყვიტეს გაევლოთ უსაფრთხოების კონტროლი, იმის იმედით, რომ უსაფრთხოების კონტროლის გავლის შემდეგ შეხვდებოდათ საბაჟო დერეფანი, სადაც შეძლებდა თანხის დეკლარირებას. თანხა იდო ჩანთაში და ბარგის შემოწმების დროს უსაფრთხოების კონტროლის თანამშრომელს უთხრა, რომ აქვს 57 000 აშშ დოლარი. უსაფრთხოების კონტროლის თანამშრომელმა განუმარტა, რომ თანხის დეკლარირება უნდა მოეხდინა იქამდე, სანამ მივიდოდა უსაფრთხოების კონტროლის ზონამდე. შემდეგ მოსულ მებაჟე-ოფიცერს მისი თხოვნის მიხედვით წაჰყვა საბაჟო კონტროლის ზონაში, სადაც განმარტა, რომ არანაირი განზრახვა არ ჰქონდა კანონის დარღვევისა და დეკლარირების გარეშე თანხის გატანის. ვინაიდან ეჩქარებოდა და იყო იმის ალბათობა რომ გამოტოვებდა ფრენას, გადაწყვიტა ჩაებარებინა ოქმი და გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა.
მომჩივნის მოსაზრებით, მას არ გაუვლია საბაჟო გამშვები პუნქტი ან რომელიმე განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც ეკუთვნოდა საბაჟო კონტროლის ზონას. შესაბამისად მიჩნია, რომ მისი ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ფულის გადატანა. ასევე მიუთითებს, რომ ბარგის შემოწმებისას უსაფრთხოების კონტროლის თანამშრომლებმა გამოიძახეს საბაჟო ოფიცერი, რომელსაც ჰკითხა, თუ სად უნდა მომეხდინა თანხის დეკლარირება და ნაცვლად იმისა, რომ მისი მიმართვის საფუძველზე გაეცა ინფორმაცია და დახმარებოდა კანონის შესაბამისად, რათა მოეხდინა თანხის დეკლარირება, მიიყვანა საბაჟო კონტროლის ზონაში უკვე სამართალდამრღვევის როლში.
მომჩივანი ასევე განმარტავს, რომ როდესაც მებაჟე-ოფიცერს მიმართა კითხვით, შეიძლებოდა თუ არა, რომ გათავისუფლდეს საბაჟო სანქციისგან, რადგან ის აპირებდა თანხის დეკლარირებას,უპასუხა, რომ შეუძლებელია პირი გათავისუფლებულ იქნას სანქციისგან, რითაც მომჩივნის მოსაზრებით მიეწოდა არასწორი ინფორმაცია.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 10 აპრილს რეისით თბილისი------- (------) მიფრინავდა ----- -------ი. საავიაციო უსაფრთხოების მიზნით და საავიაციო უსაფრთხოების დადგენილი ნორმების გათვალისწინებით მოხდა ------- ------------ა და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რა დროსაც ხელბარგში აღმოაჩნდა დაუდეკლარირებელი თანხა 57 000 აშშ დოლარი, რამაც ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 144 381 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი №-------------“.
ვინაიდან ----- ------ის მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადატანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უფლებამოსილი პირის მიერ, 2023 წლის 10 აპრილს შედგენილი №EL205803 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ----- ------ს საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 14 438 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ჯარიმის თანხა გადახდილ იქნა იმავე დღეს, რის შემდეგაც შეივსო და დარეგისტრირდა №-------- ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია.
საბაჟო დეპარტამენტის №11187 ბრძანებით ფიზიკური პირი ------- ------------ის (პ/ნ ----------------------) მიმართ 2023 წლის 10 აპრილს შედგენილ №EL205803 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში გასწორდა შეცდომა და მე-4 გრაფაში მითითებული „საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილი“ შეიცვალა „საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით“.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.
ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 29-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლის ზონა არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების და პირის მიმართ ხორციელდება საბაჟო კონტროლის ღონისძიებები.
„საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 თებერვლის №3386 ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო კონტროლის ზონა მოიცავს საერთაშორისო აეროპორტში – მოფრენისა და გაფრენის ზონას და სექტორს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გატანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საბაჟო სამართალდარღვევისთვის სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საბაჟო ფორმალობების გავლა, მათ შორის ფიზიკური პირის საბაჟოდეკლარაციების შევსება მგზავრების მიერ ქვეყნის დატოვებისას შესაძლებელია აეროპორტის გაფრენის დარბაზის პირველ სართულზე. აგრეთვე, საავიაციო უსაფრთხოების და საპასპორტო კონტროლის განხორციელებამდე დამატებით ნათლად არის მინიშნებები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. თავდაპირველად წითელი დერეფანი მოქალაქეს აფრთხილებს შემდეგი წარწერით: „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ საბაჟო ორგანოს“, აღნიშნულის შემდეგ ვიდრე კონკრეტულად საავიაციო უსაფრთხოების შემოწმებისთვის გათვალისწინებულ ზონაში შევა მგზავრი, გაივლის გასასვლელს სადაც მწვანე დერეფანზე დატანილია შემდეგი წარწერა: „არ ექვემდებარება დეკლარირებას“.
მიუხედავად აეროპორტში არსებული აღნიშვნებისა,------- ------------ს არ მოუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის ფულის დეკლარირების მოთხოვნით და აგრეთვე საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის განხორციელებამდე არც საავიაციო უშიშროების თანამშრომლებთან განუცხადებია თანხის არსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.------- ------------ის (პ/ნ ----------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საავიაციო უსაფრთხოების მიზნით და საავიაციო უსაფრთხოების დადგენილი ნორმების გათვალისწინებით მოხდა მომჩივანისა და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რა დროსაც ხელბარგში აღმოაჩნდა დაუდეკლარირებელი თანხა ,აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი “.
ვინაიდან მომჩივანის მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადატანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უფლებამოსილი პირის მიერ, შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დავით მზიკიანს საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა .
აღნიშნული ჯარიმის თანხა გადახდილ იქნა იმავე დღეს, რის შემდეგაც შეივსო და დარეგისტრირდა ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);
ასევე საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:5; 6; 27(1); 29; 163(1); 169(3);
„საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 თებერვლის №3386 ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტი;
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი;