ბრძანება N 4236

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.02.2026
№ დოკუმენტი 4236
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4236

24 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ --------ის (ს/ნ ----------------)

(მის: -------------------------------)

2026 წლის 27 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა ი/მ --------ის (ს/ნ ----------------) №-------/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №006-582 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული მის მიერ გაკეთებული ახსნა - განმარტებები და მიწოდებული დოკუმენტაცია. შემოსავლები დათვლილ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რაზეც გავრცელდა სხვა აუდირებული კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის ფასნამატი, რომელიც შეადგენს 60%-ს. აუდიტორებს მიაწოდა იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებები თავისი გაანგარიშების ცხრილებით, რეალიზებული საქონლის დეტალური გაშიფვრა თავისი დასახელებებით და ფასებით, ახსნა-განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი შეძენილი საქონელი წარმოადგენს ე.წ ჩაწოლილ საქონელს ვინაიდან მინიმალურია მათზე მოთხოვნა ავტომობილების წლოვანებიდან გამომდინარე. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შემთხვევაშიც კი, მიღებული შედეგები მკვეთრად განსხვავდება (ნაკლებია) შემოწმებით დადგენილი მონაცემებისაგან. დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი მერყეობს 35-40% შორის, მაშინ როცა შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი შეადგენს 60%-ს. ასევე, შემოწმებამ ფასნამატის დასადგენად გამოიყენა სხვა კომპანიის მონაცემები, თუმცა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნული კომპანია მისგან განსხვავებით შესაძლოა ახორციელებდეს სხვა მარკის და წლოვანების ავტომობილების როგორც ახალი, ასევე მეორადი ავტონაწილების შეძენა/რეალიზაციას, რაც არსებით განსხვავებას გამოიწვევდა სარეალიზაციო ფასებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გადამხდელის მონაწილეობით ფასნამატის გაანგარიშების ცხრილების გავლას და დარიცხული თანხების კორექტირებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობას. აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში იჯარით აღებულ ქონებას ჩაუტარდა რემონტი, რაზეც გაწია სხვადასხვა ოდენობის ხარჯები, რომლის ძირითადი ნაწილის დოკუმენტური დადასტურება ვერ ხერხდება. ასევე, კომპანიის მიერ შეძენილია სხვადასხვა დასახელების და ღირებულების ძირითადი საშუალებები, თუმცა შემოწმების მიერ აღნიშნული ხარჯები არ იქნა გათვალისწინებული, რამაც გამოიწვია სალაროს ნაშთის ვირტუალური ზრდა. ითხოვს აღნიშნული ხარჯების გათვალისწინებას.

3. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 ნოემბრის №24424 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ --------ის (ს/ნ ----------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 23 მარტიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 23 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 26 დეკემბერს გამოსცა №28551 ბრძანება და ამავე თარიღის №006-582 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 25 250 ლარი, მათ შორის, გადასახადი 10 370 ლარი, ჯარიმა 13 154 ლარი და საურავი 1 726 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. ი/მ --------ის (ს/ნ ----------------) საქმიანობას წარმოადგენს ახალი და მეორადი ავტონაწილების იმპორტი --დან და რეალიზაცია. შესყიდული საქონლის თვითღირებულება შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არის 398 447 ლარი, დეკლარირებული შემოსავალი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე 114 691 ლარი, ხოლო რეგისტრაციის შემდეგ 120 406 ლარი, დეკლარირებული ფასნამატი 29%, დოკუმენტური რეალიზაცია (ზედნადებით) 64 590 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. წარმოადგინა შეძენა/რეალიზაციის ექსელის ცხრილები, თვის ჭრილში, ჯამურად. წარმოდგენილი გაანგარიშებები არ შეესაბამებოდა საგადასახოდო კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

ფაქტობრივი გარემოებისა და სამართლებრივი ნორმების, ასევე „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების საფუძველზე შემოწმებამ დასაბეგრი შემოსავლის გაანგარიშების მიზნით იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ, შემოწმების მიერ ჩატარდა აუდირებული კომპანიის ფასნამატების ანალიზი და გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. საბოლოოდ, კომპანიის მიერ მიღებულმა/მისაღებმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 373 357 ლარი. შემოწმებით შეიცვალა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი და ნაცვლად 2023 წლის სექტემბრისა განისაზღვრა 2023 წლის 25 მარტით. დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით სხვაობამ შეადგინა - 152 951 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა 195 838 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი - 313 525 ლარს. სხვაობამ, ერთობლივი შემოსავლის დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით შეადგინა 117 441 ლარი. შედეგად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობაზე პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაერიცხა შესაბამისი ჯარიმა.

2. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 25 მარტის მდგომარეობით აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულება, შესაბამისად, ამ პერიოდში ნაშთად რიცხულ სმფ-ზე არ აქვს განხორციელებული 26 088,6 ლარის დღგ-ს ჩათვლა. მეწარმეს არც მის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირების პერიოდში აქვს მიღებული ნაშთად არსებულ სმფზე 13 778 ლარის დღგ-ის ჩათვლა. ამასთან, დეკლარირებულ წლიურ საშემოსავლო გადასახადში არ ჰქონდა გათვალისწინებული დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდზე სმფ-ის ნაშთებისა და გამოქვითვების დღგ-ის თანხით კორექტირების საკითხი.

მოცემული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დაკორექტირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული შეძენილი საქონლის მასალებისა და ნედლეულის, ასევე სმფ-ის საწყისი და საბოლოო ნაშთები 2023 და 2024 წლების წლიურ საშემოსავლო გადასახადში, კერძოდ, 2023 წლის საბოლოო ნაშთმა შეადგინა 178 290 ლარი, ნაცვლად 196 921 ლარისა, ხოლო 2024 წლის საბოლოო ნაშთმა ნაცვლად 172 888 ლარისა შეადგინა 158 313 ლარი. 2023 წელს შესყიდული სმფ-ის ღირებულებამ კი 85 714 ლარი (შესყიდვა 111 802 - ლარი, აღსადგენი დღგ - 26 088 ლარი). გარდა ზემოთ აღწერილი საკითხისა, შემოწმების მიერ დაკორექტირდა 2022 წლის შესყიდული სმფ-ის ღირებულება და გაიზარდა 1 315 ლარით, ხოლო 2024 წელს 341 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ხოლო, მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა. შემოწმებას წარუდგინა საქონლის შესყიდვასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ინვოისები, ცნობები საბანკო ანგარიშების შესახებ და ამონაწერები, რეალიზაცია-შეძენის გაშიფვრისთვის ექსელის ცხრილები. წარდგენილი გაანგარიშებები არ შეესაბამებოდა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებებს, არ ემთხვეოდა საქონლის საინვოისო დასახელებები და სარეალიზაციო დოკუმენტში (სასაქონლო ზედნადებში) ასახული დასახელებები. შემოწმების მიერ, მხოლოდ მცირე ნაწილთან გახდა შესაძლებელი დაკავშირება,საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან მეორადი ნაწილების შემოტანა ხდება ერთიანი წონით და გაერთიანებულია ერთ დასახელებაში სხვადასხვა სახეობისა და ღირებულების საქონელი. აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი ახსნაგანმარტებით ვერ მოახერხებს შესყიდული, რეალიზებული და ნაშთად არსებული საქონლის იდენტიფიკაციას, თუმცა უარს აცხადებს წერილობითი პოზიციის წარმოდგენაზე იმ არგუმენტით, რომ იგი გამოყენებული იქნება მის წინააღმდეგ. შემოწმების ეტაპზე არაერთხელ ეთხოვა ი/მ ------ის წარმომადგენელს ინფორმაცია/დოკუმენტაციის ან პოზიციის წარმოდგენა, როგორც ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ასევე პირადი კომუნიკაციის დროს, თუმცა ვერც შესაბამისი დოკუმენტაცია და ვერც პოზიცია ვერ იქნა წარდგენილი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მითითებებით და არსებული მონაცემებით, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გაავრცელა აუდირებული ფასნამატი - 60%, რამაც გამოიწვია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ცვლილება, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის კორექტირება.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა, ხოლო წარდგენილი გაანგარიშებები არ შეესაბამებოდა საგადასახოდო კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებებს, შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის გაზრდა, განხორციელდა მართლზომიერად. ასევე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდზე დაკორექტირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული შეძენილი საქონლის მასალებისა და ნედლეულის, ასევე სმფ-ის საწყისი და საბოლოო ნაშთები დღგ-ის თანხით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, იჯარით აღებული ქონების რემონტის ხარჯთან და კომპანიის მიერ სხვადასხვა დასახელების და ღირებულების ძირითადი საშუალებების შეძენასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმის ზეპირი განხილვის დროს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია კანონმდებლობით დადგენილი და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება,− იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. იი/მ --------ის (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1.არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.ითხოვს გადამხდელის მონაწილეობით ფასნამატის გაანგარიშების ცხრილების გავლას და დარიცხული თანხების კორექტირებას.

2.ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობას.ითხოვს იჯარით აღებულ ქონების რემონტის,შეძენილი სხვადასხვა დასახელების და ღირებულების ძირითადი საშუალებების ხარჯების გათვალისწინებას.

3.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №24424 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 23 მარტიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №28551 ბრძანება და №006-582 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 25 250 ლარი, მათ შორის, გადასახადი 10 370 ლარი, ჯარიმა 13 154 ლარი და საურავი 1 726 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. წარმოადგინა შეძენა/რეალიზაციის ექსელის ცხრილები, თვის ჭრილში, ჯამურად. წარმოდგენილი გაანგარიშებები არ შეესაბამებოდა საგადასახოდო კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებებს.ფაქტობრივი გარემოებისა და სამართლებრივი ნორმების, ასევე „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების საფუძველზე შემოწმებამ დასაბეგრი შემოსავლის გაანგარიშების მიზნით იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ, შემოწმების მიერ ჩატარდა აუდირებული კომპანიის ფასნამატების ანალიზი და გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. საბოლოოდ, კომპანიის მიერ მიღებულმა/მისაღებმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 373 357 ლარი. შემოწმებით შეიცვალა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი და ნაცვლად 2023 წლის სექტემბრისა განისაზღვრა 2023 წლის 25 მარტით. დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით სხვაობამ შეადგინა - 152 951 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა 195 838 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი - 313 525 ლარს. სხვაობამ, ერთობლივი შემოსავლის დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით შეადგინა 117 441 ლარი. შედეგად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობაზე პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაერიცხა შესაბამისი ჯარიმა.

ამასთან, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 25 მარტის მდგომარეობით აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულება, შესაბამისად, ამ პერიოდში ნაშთად რიცხულ სმფ-ზე არ აქვს განხორციელებული 26 088,6 ლარის დღგ-ს ჩათვლა. მეწარმეს არც მის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირების პერიოდში აქვს მიღებული ნაშთად არსებულ სმფზე 13 778 ლარის დღგ-ის ჩათვლა. ამასთან, დეკლარირებულ წლიურ საშემოსავლო გადასახადში არ ჰქონდა გათვალისწინებული დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდზე სმფ-ის ნაშთებისა და გამოქვითვების დღგ-ის თანხით კორექტირების საკითხი.მოცემული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დაკორექტირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული შეძენილი საქონლის მასალებისა და ნედლეულის, ასევე სმფ-ის საწყისი და საბოლოო ნაშთები 2023 და 2024 წლების წლიურ საშემოსავლო გადასახადში, კერძოდ, 2023 წლის საბოლოო ნაშთმა შეადგინა 178 290 ლარი, ნაცვლად 196 921 ლარისა, ხოლო 2024 წლის საბოლოო ნაშთმა ნაცვლად 172 888 ლარისა შეადგინა 158 313 ლარი. 2023 წელს შესყიდული სმფ-ის ღირებულებამ კი 85 714 ლარი (შესყიდვა 111 802 - ლარი, აღსადგენი დღგ - 26 088 ლარი). გარდა ზემოთ აღწერილი საკითხისა, შემოწმების მიერ დაკორექტირდა 2022 წლის შესყიდული სმფ-ის ღირებულება და გაიზარდა 1 315 ლარით, ხოლო 2024 წელს 341 ლარით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 72(1); 73(5„ა“); 79( „ა“); 80(1); 81(1); 100(1); 102(1,,ა“); 105(1); 145(1.2.3); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 164(1); 165(1.2); 269(7); 282(1);