ბრძანება N 18626

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31.07.2023
№ დოკუმენტი 18626
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18626

31 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------’’- ს (ს/ნ ------)

(მის.: -------------)

2022 წლის 24 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 ივლისის სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 3 ნოემბრის №16967/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--------’’-ს (ს/ნ -------) №67077/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №094-179 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ და ბუღალტრულად დაფიქსირებულ სარეზერვო კაპიტალს შორის სხვაობის თანხის (379 656 ლარი) ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 11 მარტის №6810 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------’’-ს (ს/ნ ------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 28 დეკემბრის №41614 ბრძანება და ამავე თარიღის №094-179 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 209 829 ლარი, მათ შორის: გადასახადი 110 517 ლარი, ჯარიმა 55 322 ლარი, საურავი 43 990 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და 2022 წლის 8 ივნისის №14253 ბრძანებით საჩივარი პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 ივნისის №14253 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2022 წლის 3 ნოემბრის №16967/2/2022 გადაწყვეტილებით, საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 3 ნოემბრის №16967/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.’’

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს დეკლარირებულ მონაცემებზე დაყრდნობით დაგროვილმა მოგებამ 2009-2016 წლებში შეადგინა 963 090 ლარი, საიდანაც 2016 წლის ჩათვლით გაცემულია 340 502 ლარის დივიდენდი. 2017 წლის მოგებამ შეადგინა 162 779 ლარი, გასაანგარიშებლად გამოყენებულ იქნა ზემოაღნიშნულ ბაზაში არსებული შეძენა/რეალიზაციის ამსახველი დოკუმენტები, სმფ-ის საწყისი მონაცემი აღებულია 2016 წლის მოგების დეკლარაციიდან, ხოლო საბოლოო - ბუღალტრულად დაფიქსირებული ნაშთი 2018 წლის 1 იანვრისთვის. 2017 წელს გაცემულმა დივიდენდმა შეადგინა 21 137 ლარი. აღნიშნული მონაცემებით 2018 წლის 1 იანვრისთვის ნაშთმა შეადგინა 764 230 ( 963 090 -340 502 +162 779-21 137) ლარი. შემოწმებისათვის წარმოდგენილი ბუღალტრული მონაცემებით მუხლში ,,საკუთარი კაპიტალი’’ საწყის ნაშთად დაფიქსირებულია 384 573.45 ლარი. საწარმოს დირექტორის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2021 წლის 22 დეკემბერს წარმოდგენილ ახსნაგანმარტებით ბარათში მითითებულია შემდეგი: ,,წლების მიხედვით დარიცხულმა სარეზერვო კაპიტალმა 2009-2017 წლებში შეადგინა 963092 ლარი. გაცემულმა დივიდენდმა, ჯარიმებმა და საქველმოქმედო დახმარებებმა შეადგინა 454641 ლარი, ხოლო 2017 წელში ჩამოწერილი იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის წარმოშობით დებიტორული დავალიანება 231 102 ლარი და 2017 წლის ზარალმა შეადგინა 164841 ლარი’’. შემოწმებისათვის არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ინფორმაცია, რის საფუძველზეც მოხდებოდა აღნიშნულის შესწავლა-გაანალიზება. ამასთან აღსანიშნავია, რომ საწარმოს ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა არ განუხორციელებია. ასევე, საწარმო ძირითად საშუალებებს არ არიცხავს ამორტიზაციას, ამასთან უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში არ შეუცვლია ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა 527 547 ლარი (ბუღალტრულად ძირითადი საშუალებები 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აღრიცხულია 538 410 ლარის ღირებულებით).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სხვაობის თანხა შემოწმებით განსაზღვრულ და ბუღალტრულად დაფიქსირებულ სარეზერვო კაპიტალს შორის 379 656 (764 230-384 573.45) ლარის ოდენობით განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ უპროცენტო სესხად. შემოწმების მიერ ზემოაღნიშნულ სესხზე გაგრძელდა პროცენტის (20%) დარიცხვა და შესაბამისი თანხა, როგორც ანგარიშვალდებული პირის სარგებელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმებამ ხანადზმულ პერიოდში განხორციელებულ ოპერაციებზე მოახდინა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. აცხადებს, რომ შემოწმება სადავოდ ხდის ამნისტირებულ პერიოდში დივიდენდის სახით განხორციელებულ განაცემებს და გაუნაწილებელ მოგებას აკლებს მხოლოდ დეკლარირებულ მონაცემებს, მაშინ როდესაც კომპანიას გაუნაწილებელი მოგებისთვის გამოკლებული აქვს როგორც დივიდენდები, ასევე 2017 წელს ტრანსპორტირებისთვის მეწარმე ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები და სხვა სახის გამოსაქვითი ხარჯები. აღნიშნული ხარჯები შემოწმებამ არ გაითვალისწინა. შემოწმებამ 2017 წლის მოგება ზემოაღნიშნული ხარჯების გარეშე გაიანგარიშა. გადამხდელისთვის გაურკვეველია, როგორ აქვს სესხის კვალიფიკაცია მინიჭებული 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელებულ ოპერაციებს, რომლებითაც შემცირებული აქვთ გაუნაწილებელი მოგება. გადამხდელი აღიარებს, რომ ეს პროცესები მოხდა 2018 წლის 1 იანვრამდე და თუ მოხდა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, სწორედ იმ პერიოდში უნდა დარიცხვოდათ შესაბამისი გადასახადი. ითხოვს თავიდან მოხდეს საკითხის შესწავლა (გაწეული ხარჯებით მიღებული შემოსავლის/მოგების შემცირება, გაუნაწილებელი მოგების ნაშთის შემცირება) და საგადახადო ვალდებულებების დაკისრება განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა შეისწავლოს, გაანალიზოს და გააკონტროლოს მათ შორის გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია ნებისმიერ (მათ შორის ხანდაზმულ) პერიოდზე ჩაატაროს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები ან/და გადასახადის გადამხდელისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, თუ გამოიკვეთა შეუსაბამობები, საგადასახადო ორგანო უნდა დაეყრდნოს მის მიერ დადგენილ მონაცემებს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვროს პირის მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლების/გაწეული ხარჯების გათვალისწინებით გაანგარიშებული გაუნაწილებელი მოგება, გავლენას არ ახდენს შესამოწმებელ პერიოდში წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებზე და აღნიშნული საფუძვლით შემოწმებით განსაზღვრულ და ბუღალტრულად დაფიქსირებულ სარეზერვო კაპიტალს შორის სხვაობის თანხის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა დაუსაბუთებელია.

ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს სარეზერვო კაპიტალის საწყისი ნაშთის გაანგარიშების მიზნებისთვის არ გაითვალისწინოს ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლები/გაწეული ხარჯები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------’’-ს (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სარეზერვო კაპიტალის საწყისი ნაშთის გაანგარიშების მიზნებისთვის არ გაითვალისწინოს ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლები/გაწეული ხარჯები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ და ბუღალტრულად დაფიქსირებულ სარეზერვო კაპიტალს შორის სხვაობის თანხის (379 656 ლარი) ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სხვაობის თანხა შემოწმებით განსაზღვრულ და ბუღალტრულად დაფიქსირებულ სარეზერვო კაპიტალს შორის 379 656 (764 230-384 573.45) ლარის ოდენობით განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ უპროცენტო სესხად. შემოწმების მიერ ზემოაღნიშნულ სესხზე გაგრძელდა პროცენტის (20%) დარიცხვა და შესაბამისი თანხა, როგორც ანგარიშვალდებული პირის სარგებელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს სარეზერვო კაპიტალის საწყისი ნაშთის გაანგარიშების მიზნებისთვის არ გაითვალისწინოს ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლები/გაწეული ხარჯები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 49(1"ე"), 43(4), 491, 73(4)(9"ბ"), 97(1"ბ"), 982(3"ზ")(8), 101(1), 154(1"ა").