გადაწყვეტილება №19019/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.03.2023
№ დოკუმენტი 19019/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19019/2/2023

24.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------------ (ს/ნ-------------- )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „--------------“-ის 1.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19019/2/2023).

 

დავის საგანი:

1. სააქციო საზოგადოების ერთპიროვნული დამფუძნებელი ფიზიკური პირისთვის მის საკუთრებაში არსებული სხვა კომპანიის 100%-იანი წილის ნასყიდობის საფასურის გადახდის დივიდენდის გაცემად ჩათვლა;

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №001-243 საგადასახადო მოთხოვნა;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №001-37330 შეტყობინება;

3. შემოსავლების სამსახურის 13.02.2023 წლის №2574 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 6 397 043,42 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 3 746 498

მოგების გადასახადი - 2 919 355

საშემოსავლო გადასახადი - 827 143

ჯარიმა - 1 873 249

საურავი - 777 296,42

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია -------------- (ს/ნ -----------) წილის შეძენიდან გამომდინარე განხორციელებული ოპერაციებიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების ასახვის სისწორე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №001-243 საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის მთელ ქონებაზე 22.12.2022 წლის №001-37330 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №001-243 საგადასახადო მოთხოვნა და ვალის მართვის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №001-37330 შეტყობინება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.02.2023 წლის №2574 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სააქციო საზოგადოების ერთპიროვნული დამფუძნებელი ფიზიკური პირისთვის მის საკუთრებაში არსებული სხვა კომპანიის 100%-იანი წილის ნასყიდობის საფასურის გადახდის დივიდენდის გაცემად ჩათვლა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

სს ------------ (ს/ნ -------------) დაფუძნებულია 11.12.2019 წელს. საწარმოს იურიდიული მისამართია: ქ. -------------- დამფუძნებელია (100%-იანი წილის მფლობელი) -------------- (პ/ნ --------------). 25.12.2019 წლის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით სს „-------------- “- ფ/პ ------------სგან შეიძინა შპს --------ას (ს/ნ --------------) 100%-იანი წილი. შპს ----------- დაფუძნებულია 1995 წელს. საწარმოს რეგისტრირებული იურიდიული და ფაქტობრივი მისამართია: ქ. --------------. საწარმოს ძირითადი საქმიანობა მოიცავს მისი კუთვნილი ქონების იჯარით გაცემას ადგილობრივ ბაზარზე. 25.12.2019 წლამდე საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელი იყო ფ/პ --------------. წილის ნასყიდობის ხელშეკრულების თანმდევი დოკუმენტის (დანართი 1-ის) საფუძველზე მხარეთა შეთანხმებით გასაყიდი წილის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი ექსპერტის დასკვნის შესაბამისად. 21.02.2020 წლის №001223520 ექსპერტის დასკვნით, დამკვეთის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის და კვლევით ნაწილში ასახული გარემოებებისა და დაშვებების გათვალისწინებით, შპს -------------ას 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულება 26.12.2019 წლის მდგომარეობით განისაზღვრა 105 875 858 ლარით. აღნიშნული შეფასების ძირითად შემადგენელს წარმოადგენს შპს --------------ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება (ს/კ --------------- რეგისტრირებული უძრავი ქონება 55 907 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული 32 ერთეული შენობა-ნაგებობა), რომლის საბაზრო ღირებულება 26.12.2019 წლის მდგომარეობით განისაზღვრა 108 916 950 ლარით (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 21.01.2020 წლის №000378720 ექსპერტის დასკვნა) ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, წილის მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ფასი გადაიხადოს წინამდებარე წილის საკუთრებაში რეგისტრაციიდან 9 წლის ვადაში. აღსანიშნავია, რომ სს „-------------“-ის შემოსავლების წყაროს წარმოადგენს შპს --------------- (ს/ნ --------------) მიღებული დივიდენდები. 2020 წლიდან 1.12.2022 წლამდე სს „---------------“-ს შპს-------------დან მიღებული აქვს დივიდენდები ჯამურად 18 656 228 ლარი. საგადასახადო კოდექსის ნორმებიდან გამომდინარე, შპს ------------- დამფუძნებელ იურიდიულ პირზე დივიდენდის გაცემასთან დაკავშირებით გადასახადების დაკავება არ მოუხდენია. თავის მხრივ, სს „--------------“-მ მიღებული დივიდენდებიდან 15 715 944 ლარი გასცა ფ/პ --------------ზე შეძენილი წილის ღირებულების დასაფარად.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება:

ა) იურდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) აქციონერის/პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება;

ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის საქართველოში საიჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა.

ამრიგად, საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის, დივიდენდად ჩაითვლება სააქციო საზოგადოების აქციონერის მიერ აქციების ფლობის ფაქტიდან გამომდინარე მიღებული ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება ამ სააქციო საზოგადოების მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს. საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. მაშასადამე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, სამეურნეო ოპერაციას შეუცვალოს კვალიფიკაცია იმ შემთხვევაში, როდესაც სამეურნეო ოპერაციის მონაწილეთა ნების გამოვლენის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. კერძოდ, საგადასახადო ორგანოს მიერ სამეურნეო ოპერაციის შეფასებისას მხარეთა ნება განიმარტება ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ადგილი აქვს გადასახადებისგან თავის არიდებას/დამალვას ან/და საგადასახადო შეღავათით არამართლზომიერ სარგებლობას. კვალიფიკაციის შეცვლის პირობებში, საგადასახადო ორგანო სამეურნეო ოპერაციას აფასებს მისი შინაარსის (მხარეთა ნების ან მიზნის) და არა გაცხადებული ფორმის მიხედვით, შესაბამისად, ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი, აგრეთვე მასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა ეფუძნება სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში საეჭვო სამეურნეო ოპერაციასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგს. საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების მიზანს წარმოადგენს არა მხარეთა მიერ ნების გამოვლენისთვის ან მისი ფორმისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება, არამედ ოპერაციის მხარეთა ნების ნამდვილი შინაარსის დადგენა. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირს გადასახადის გადახდის ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, აუცილებელია დადგინდეს მისი ნამდვილი ნება კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის შესრულებისას. მხოლოდ ოპერაციის ნამდვილი შინაარსის განსაზღვრის შემთხვევაში, შესაძლებელია იმის დადგენა, წარმოიქმნა თუ არა ის გარემოება, რომელიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამასთან, გადასახადების გამოანგარიშების სისწორის და სისრულის და მათი დროულად გადახდის კონტროლი, საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა. მოგების გადასახადის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადასახადის გადახდის ვალდებულებას წარმოშობს საწარმოს მიერ საკუთარი მოგების განაწილება პარტნიორზე ან აქციონერზე. ამასთან, ასეთ მოგებად დაკვალიფიცირდება ნებისმიერი მოგება, რომელიც პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება, ამასთანავე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. შესაბამისად, ნასყიდობის გარიგების შემთხვევაში, აუცილებელი პირობაა საკუთრების უფლების გადაცემა, რაც განსაზღვრავს ამ გარიგების ძირითად არსს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლიდან გამომდინარე, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. შესაბამისად, იურიდიულ პირს გააჩნია დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა და საკუთარი ქონება, რომელიც იურიდიულად გამიჯნულია მისი დამფუძნებლის, პარტნიორის ან აქციონერის ქონებისგან. ამრიგად, იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსსა და ამ ოპერაციაში მონაწილე პირთა რეალურ ნებას, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა უნდა მოხდეს ოპერაციის შინაარსზე დაყრდნობით.

ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად იკვეთება, რომ -----------ას და სს ------- შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას არ მოჰყოლია ----------- მიერ შპს ----------ას წილის 100%-ზე საკუთრების უფლების გასხვისება. კერძოდ, შესაბამისი აქტივის ბენეფიციარ მესაკუთრედ ისევ -------------- რჩება, რამდენადაც იგი ფაქტობრივად აკონტროლებს სს „---------------“-ს, წარმოადგენს მისი აქციების 100%-ის მესაკუთრეს და ერთადერთი პირია, ვისაც უფლება აქვს მიიღოს შემოსავალი შპს ------------ მიერ საკუთარი მოგების განაწილებიდან. საბოლოოდ განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში, --------------ას მიერ შპს --------------ას 100%-იანი წილის სს „-------------“-სთვის მიყიდვით არ განხორციელებულა ფაქტობრივი მესაკუთრის ცვლილება, ვინაიდან ორივე კომპანიის ერთადერთ დამფუძნებელს წარმოადგენს-------------- და ოპერაციის განხორციელების შედეგად შპს --------------ას არაპირდაპირ მესაკუთრედ კვლავ რჩება აღნიშნული პირი. ასევე აღსანიშნავია, რომ სს „-----------“-ს კაპიტალი შეადგენს 0 ლარს, ხოლო გაუნაწილებელი მოგება შეადგენს შპს -------------დან მიღებულ დივიდენდს. სს „------------“-ს დამოუკიდებელი შემოსავალი არ გააჩნია და წილის ნასყიდობის ღირებულების დაფარვასაც იგი ახორციელებს შპს -----------გან მიღებული დივიდენდის წილიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც განსახილველი ოპერაციის ფარგლებში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ გამოხატავს იმ ნებას, რომელიც უშუალოდ მიმართული იქნებოდა არჩეული ოპერაციის ფორმის შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ, კერძოდ, წილის ნასყიდობის შედეგად შესაბამისი აქტივის გასხვისებისკენ, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, ------------ას და სს „-------------“-ს შორის გაფორმებული შპს ------------ წილის 100%-ის ნასყიდობის ხელშეკრულება არ იქნება მიღებული მხედველობაში, რამდენადაც ამ სამეურნეო ოპერაციას არ გააჩნია რეალური ეკონომიკური გავლენა. კერძოდ, აღნიშნული ოპერაციის ერთადერთ რეალურ შედეგს წარმოადგენს -----------ას მიერ განაწილებული მოგების გადასახადებისაგან გათავისუფლება.

ამრიგად, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სს „--------------“-ს მიერ --------------ის შპს -------------- წილის 100%-ის ნასყიდობის საფასურის გადახდა, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, განხილული იქნა დივიდენდის გადახდად და შესაბამისად, მოგების განაწილებად. აქედან გამომდინარე, მოცემული თანხის გადახდამ სააქციო საზოგადოებისთვის წარმოშვა საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი და ასევე,ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, გადახდილი დივიდენდის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება. შედეგად, საწარმოს განესაზღვრა გადასახადი, ხოლო საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ფ/პ ------------ და სს „-------------“-ს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებით ------------ას მიერ შპს -----------ას წილის 100%-ზე საკუთრების უფლების გასხვისება არ მომხდარა. შესაბამისი აქტივის ბენეფიციარ მესაკუთრედ ისევ ----------- რჩება, რამდენადაც იგი ფაქტობრივად აკონტროლებს სს „-------------“-ს, წარმოადგენს მისი აქციების 100%-ის მესაკუთრეს და ერთადერთი პირია, ვისაც უფლება აქვს მიიღოს შემოსავალი ------------ას მიერ საკუთარი მოგების განაწილებიდან. აღნიშნული ოპერაციის განხორციელების შედეგად შპს -----------ას არაპირდაპირ მესაკუთრედ კვლავ რჩება აღნიშნული პირი. ასევე აღსანიშნავია, რომ სს „-------------“-ს კაპიტალი შეადგენს 0 ლარს, ხოლო გაუნაწილებელი მოგება შეადგენს შპს---------დან მიღებულ დივიდენდს. სს -------------- არ ახორციელებს დამოუკიდებელ საქმიანობას და არ გააჩნია შემოსავალი, ხოლო წილის ნასყიდობის ღირებულების დაფარვას იგი ახორციელებს შპს ---------------გან მიღებული დივიდენდის წილიდან. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ხელფასების გაცემა უფიქსირდება სამ პირზე ---------- (პ/ნ ------------, ბუღალტერი), ----------ზე (პ/ნ -----------, დირექტორი) და ---------------- (პ/ნ --------------), ხოლო აღნიშნული ხელფასების გაცემა საწარმო მიერ დაწყებულია 2021 წლის აპრილის თვიდან და ყოველთვიურად სტაბილურად შეადგენს დარიცხულ 1 500 ლარს.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 28.07.2022 წლის №20231 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, წილის ნასყიდობის ვალდებულების დასაფარად, გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და დივიდენდად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ოპერაციის ფარგლებში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არ მომხდარა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი

ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტში - ინფორმაცია გადასახადის გადამხდელთან გამოყენებული დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მეთოდის შესახებ - შემმოწმებლებს დასახელებების:

1) სააღრიცხვოს დოკუმენტაცია;

2) ბუღალტერია;

3) საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტები;

4) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის წესზე, აღწერილობით ნაწილში მითითებული აქვთ, რომ:

„საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ:

1. სსკ 49-ე მუხლის 1 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად: დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.

2. სსკ 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე)“.

აუდიტორების მიერ მითითებული მუხლები და პუნქტები, რომლებიც ციტირებულია შემოწმების აქტიდან, არის არასრული ამონაგლეჯი კანონმდებლობის მიერ დადგენილი დანაწესიდან, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის აღნიშნული დანაწესები ასე იკითხება:

ა) საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი:

„დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“.

როგორც აუდიტორების მიერ მოყვანილი ციტირებიდან ჩანს, ნებსით თუ უნებლიეთ გამოტოვეს მთავარი, ანუ პირობა იმის, თუ რა შემთხვევაში შეუძლიათ დაეყრდნონ ზემოაღნიშნულ ნორმას. მოცემულ შემთხვევაში კი გადასახადის გადამხდელმა სრულად და დროულად, მოთხოვნილი საკითხების სრულ შესაბამისობაში წარუდგინა აუდიტორებს საგადასახადო კონტროლის

განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია. გარდა ამისა, დადგენილი წესით მიმდინარეობს სააღრიცხვო-საბუღალტრო საქმიანობა და სრულ შესაბამისობაშია ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული არცერთი შემთხვევა არ დაუფიქსირებია შემმოწმებლებს, რაც საშუალებას მისცემდა მათ დამოუკიდებლად განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებების მოცულობა.

ბ) საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მ-5 ნაწილი:

საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ანალიზის საფუძველზე: (26.12.2013 №1886)

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას;

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისთვის ან/და პირადი მოხმარებისთვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

როგორც ზემოთ მოყვანილ პირველ შემთხვევაში, აქაც აუდიტორების მხრიდან შეგნებულად თუ შეუგნებლად არასრულად აქვთ წარმოდგენილი კანონისმიერი დათქმა. მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს მოცემული საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და/ან „ბ“ („ბ.ა“, „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს, რაც მოცემული გადასახადის გადამხდელის მიმართ არ დასტურდება, უფრო ზუსტად არც ერთ ფაქტს არ აქვს ადგილი.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, აუდიტორების მხრიდან კომპანიის საგადასახადო შემოწმების დროს გამოყენებული დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მეთოდი არასწორად, შეცდომით და უსაფუძვლოდ არის შერჩეული და გამოყენებული, რასაც შედეგად მოჰყვა ასევე დაუსაბუთებელი მიდგომები და უსაფუძვლო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა

შპს ---------- (ს/ნ ----------) დაფუძნებულია ---------- წელს, მისამართი ქ. ----------, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო ფიზიკური ---------- (პ/ნ ----------).

11.12.2019 წელს დარეგისტრირდა სს ---------- (ს/ნ ----------), მისამართი ქ. ----------, რომლის აქციათა 100%-ის მესაკუთრეა ფიზიკური პირი ---------- (პ/ნ ----------).

25.12.2019 წელს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ხელშეკრულება შპს -----------ას (ს/ნ -----------) 100%-იანი წილის ნასყიდობის შესახებ, რომლის თანახმადაც ფ/პ ----------ამ (პ/ნ ------------) მისი კუთვნილი 100%-იანი წილი სასყიდლიანი საბაზრო ფასით გადასცა სს „-----------“-ს (ს/ნ -----------).

მოცემული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის და 25.12.2019 წელს გაფორმებული „ხელშეკრულების საგნის ღირებულების“ განსაზღვრის თაობაზე შედგენილი ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, „მხარეთა შეთანხმებით გასაყიდი წილის ნასყიდობის ფასი განისაზღვრება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად“ და „წილის მყიდველი“ ვალდებულია ნასყიდობის ფასი გადაიხადოს წინამდებარე წილის საკუთრებაში რეგისტრაციიდან 9 წლის ვადაში. გადახდის ვადა შეიძლება შეიცვალოს, რის შესახებაც დამატებით შეიტანება წერილობითი ცვლილება დანართში“.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 21.02.2020 წელს გასცა ექსპერტიზის დასკვნა №------, რომლის თანახმადაც შპს ------------ (ს/ნ -----------) 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულება 26.12.2019 წლის მდგომარეობით განისაზღვრა 105 875 858 ლარით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 21.01.2020 წელს გასცა ექსპერტიზის დასკვნა №000378720, რომლის თანახმადაც ქ. თბილისში, თ. ერისთავის ქ. №5-ში განთავსებული ს/კ -------------- რეგისტრირებული უძრავი ქონების (55 907 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული 32 ერთეული შენობა-ნაგებობა) საბაზრო ღირებულება 31.12.2019 წლის მდგომარეობით განისაზღვრა 108 916 950 ლარად.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს ქ.--------- მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობ ავეჯის სავაჭრო ობიექტს - -----------. საექსპერტო დასკვნებითა და მოსახლეობის ფართო მასალებისთვის კარგად ცნობილი ობიექტის საშემფასებლო მონაცემები უდავოდ რეალურია, რაც ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის (საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლი) დადებული გარიგების ფასის უტყუარობისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა!

1.12.2022 წლის მდგომარეობით კომპანიას ფინანსური აღრიცხვის შედეგით ერიცხება გაუნაწილებელი მოგება 18 345 3627 ლარის ოდენობით, რომლის დივიდენდად გაცემის შემთხვევაში შესაბამისად მოხდება მოგებისა და დივიდენდის საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა და შესაბამისად დეკლარირებაც.

2019 წლის 2-5 დეკემბრის პერიოდში ფ/პ ------------ იმყოფებოდა ------------ (ქ. ---------) ---------- ბიზნესმენებისთვის ბიზნეს გარიგების დადების თაობაზე, რომელიც ეხებოდა შპს --------ას ტერიტორიაზე, --------- მხრიდან მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას და მოცემულ პროექტში უცხოელი ინვესტორების დაინტერესებასა და ჩართულობას.

აღნიშნულ შეხვედრაზე არაბი ინვესტორების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ:

ა) ისინი უნდა შესულიყვნენ ისეთ სამეწარმეო სუბიექტში მესაკუთრეებად, რომელიც იქნებოდა ახლად დაფუძნებული და მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე აქტივების მფლობელი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონოდა ძველი ისტორიული წარსული;

ბ) უნდა ყოფილიყო სააქციო საზოგადოება, რადგან აქციათა მესაკუთრეებს უნდა ჰქონოდათ ფასიანი ქაღალდების მართვა თავისუფლად და შეუზღუდავად;

გ) ქონებას, სადაც იქნებოდა ინვესტიციები განხორციელებული, არ უნდა ჰქონოდა სესხი და/ან რაიმე ვალდებულება და/ან არ უნდა ყოფილიყო დატვირთული რაიმე ფორმით მესამე პირების სასარგებლოდ;

დ) ტერიტორიასთან მისასვლელი გზების და ------------ კომფორტული მდგომარეობის უზრუნველყოფისთვის უნდა მომხდარიყო მიწის ნაკვეთის შეძენა;

ე) ადგილობრივ ხელისუფლებისთვის უნდა მომხდარიყო მიმართვა სამშენებლო პროექტის დასამტკიცებლად და შესაბამისი სამშენებლო კოეფიციენტების მისაღებად. ინვესტორების მოთხოვნების გაზიარება მოხდა და გატარდა შემდეგი ღონისძიებები:

1) 11.12.2019 წელს ფ/პ ------------- (პ/ნ-----------) აფუძნებს სს ----------“-ს (ს/ნ -----------);

2) 25.12.2019 წელს ფ/პ -------------- (პ/ნ ----------) აფორმებს შპს ----------- (ს/ნ ----------) 100%-იანი წილის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას სს „----------“-ზე (ს/ნ -----------); 3

) -----------*.2020 წწ პერიოდში -------------- მიდის ------------ (ქ. -----------) ინვესტორებთან აღნიშნული მოთხოვნების სამართლებრივად შესრულებული პაკეტით;

4) ტერიტორიასთან მისასვლელი გზების გაფართოების უზრუნველსაყოფად შპს ---------- (ს/ნ------------) ყიდულობს: - 800 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას 23.10.2020 წ. (ქ. ------------, ს/კ ------------); - 128 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას 19.02.2021 წ. (ქ. ----------მიმდებარედ, ს/კ -------------).

5) შპს ---------- მოახდინა სამშენებლო პროექტის დამუშავება და სამშენებლო ნებართვისთვის და შესაბამისი კოეფიციენტების მისაღებად მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს: - 4.09.2021 წლის მიმართვაზე 16.09.2021 წელს უარის პასუხი იქნა მიღებული; - 4.03.2022 წლის და განმეორებით 24.03.2022 წლის მიმართვისას ფუნქციური ზონის ცვლილების საკითს მიეცა დადებითი შეფასება და მიღებული იქნა თანხმობა.

6) შემუშავებული სამშენებლო პროექტი განკუთვნილია სავაჭრო ცენტრ ------- ტერიტორიაზე სპეციალურად გამოთავისუფლებული, დავაკირებული, დაგრუნტული, მდგრადი მიწის საფარით უზრუნველყოფილი სამშენებლო ტერიტორიისთვის. აღნიშნული პროექტისთვის კონცეპტუალური ნახაზი შექმნილია და წარდგენილია ქ. თბილისის მერიაში.

7) შპს ------------ას (ს/ნ -----------) ჰქონდა სასესხო ვალდებულება სს საქართველოს ბანკის მიმართ და უცხოელი ინვესტორების მოთხოვნისამებრ 20.09.2020 წელს მთლიანად დახურულ იქნა სასესხო ვალდებულება და გამოთავისუფლებული იქნა საზოგადოების ყველა აქტივი ვალდებულებისგან.

ბიზნესის განვითარების სტრატეგიიდან გამომდინარე, უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში განვითარებული პანდემიის გამო, პროცესები იქნა შეფერხებული, თუმცა წამოწყებული ბიზნეს ინიციატივა დღესაც გრძელდება!

8) 3.12.2022 წელს ფ/პ ------------ მიდის ----------- (ქ. ------- ინვესტორებთან შესახვედრად და სს „------------“-ში შექმნილი სიტუაციის გასაცნობად, რაზეც ცალსახად იქნა გაცხადებული შესაძლო ინვესტორების მხრიდან, რომ საგადასახადო ვალდებულებების გარკვევამდე ისინი თავს შეიკავებენ საქართველოში მოცემულ სუბიექტში ინვესტიციების განხორციელებისგან.

9) 13.01.2023 წელს სს „------------“-მ (ს/ნ -----------) შეიძინა შპს „-----------“-სგან (ს/ნ ------------) უძრავი ქონება მისამართზე: ქ. ------------, მიუხედავად არსებული საგადასახადო დავისა. ზემოაღნიშნული ეკონომიკური მიზნის - ინვესტორების შემოყვანისა და მათთვის მიცემული პირობის შესასრულებლად.

შპს ----------*- (ს/ნ ----------) 100%-იანი წილის მესაკუთრე სს ---------- (ს/ნ ----------) ღებულობს დივიდენდებს სულ 18 656 228,7 ლარს: 2020 წელს - 2 048 837,5 ლარი, 2021 წელს 8 048 406,2 ლარი და 1.12.2022 წლამდე 8 558 985 ლარი. შპს ----------ში, როგორც დივიდენდის გამცემ სუბიექტში არ მომხდარა დივიდენდის გაცემასთან დაკავშირებით გადასახადების დაკავება, გადახდა და დეკლარირება თანახმად, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა. სს „-----------“-მ (ს/ნ ----------------) მიღებული დივიდენდები გასცა შესაბამისად შემდეგი დანიშნულებით: 2020 წელს 42 105,26 ლარი - დივიდენდი ფ/პ -------------ზე და დაბეგრილი იქნა შესაბამისად მოგებისა და დივიდენდის საშემოსავლო გადასახადებით და დეკლარირებულია, 1 991 337,5 ლარი - ნასყიდობის საგნის ღირებულების დასაფარავად ფ/პ ----------ზე. 2021 წელს 8 008 851,2 ლარი - ნასყიდობის საგნის ღირებულების დასაფარავად ფ/პ ----------ზე. 1.12.2022

წლამდე 219 400 ლარი - დივიდენდი ფ/პ----------ზე და დაბეგრილი იქნა შესაბამისად მოგებისა და დივიდენდის საშემოსავლო გადასახადებით და დეკლარირებულია. 5 715 755 ლარი - ნასყიდობის საგნის ღირებულების დასაფარავად ფ/პ ---------ზე.

მთლიანობაში შესამოწმებელ პერიოდში სს „------------“-ს (ს/ნ ------------) მიერ ფ/პ -----------ზე (პ/ნ ------------) გადახდილია ნასყიდობის ღირებულება 15 715 943,7 ლარი და დივიდენდი 261 505,26 ლარი.

სს „-----------“-ს (ს/ნ -------------) ფინანსური ანგარიშგება აუდირებულია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ და შესაბამისი დასკვნითურთ ატვირთულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალურ პორტალზე (https://reportal.ge/), სადაც აღნიშნული გასაჯაროვებული მასალების საფუძველზე ყოველი საანგარიშო პერიოდისთვის დადასტურებულია სააქციო საზოგადოების აკუმულირებული გაუნაწილებელი მოგება.

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, მათ შორის საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, წინამდებარე საჩივარში დასახელებული ფაქტების და გარემოებების გათვალისწინებით, განხორციელებული/განსახორციელებელი სამეურნეო ოპერაციები - სს „-----------“-ს (ს/ნ ----------) მიერ ფ/პ ------------ის (პ/ნ -------------) 25.12.2019 წელს შპს -----------ში (ს/ნ -----------) 100%-იანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში წილის ნასყიდობის ღირებულების ვალდებულების დასაფარავად თანხების გადახდა საგადასახადო ორგანოს მიერ არ უნდა დაიბეგროს რაიმე გადასახადით და მათ შორის არც მოგების გადასახადით და არც საშემოსავლო გადასახადით.

შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები უსამართლო და უსაფუძვლოა!

წინამდებარე საჩივარში დასახელებული ფაქტები და გარემოებები ასევე სამეურნეო ოპერაციები მათ შორის სს „-------------“-ს (ს/ნ -------------) მიერ ფ/პ -----------ვის (პ/ნ-----------) 25.12.2019 წელს შპს------------ში (ს/ნ ------------) 100%-იანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში წილის ნასყიდობის ღირებულების დასაფარავად თანხების გადახდა, არ არის საეჭვო და მხარეთა ნების ნამდვილობაც სადავო არ არის.

საჩივარში დასახელებული ფაქტები და გარემოებები ძირეულად არის დაკავშირებული ბიზნესის განვითარებასთან (მათ შორის ინვესტორების მოზიდვასთან) და არსებითი ეკონომიკური გავლენის მქონეა სამეწარმეო სუბიექტთა სამეურნეო და ფინანსურ შედეგებზე, ამასთან მითითებული ფაქტებისა და საგადასახადო კანონმდებლობის გათვალისწინებით განსახილველი სამეურნეო ოპერაციების ფორმა სრულად ასახავს განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების შინაარსს.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 28.07.2022 წლის №20231 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“, მუხლი 6 – „ტერმინთა განმარტებები“ - განმარტავს, „საეჭვო სამეურნეო ოპერაციას“ და მოცემულ შემთხვევაში: - საჩივარში დასახელებული ფაქტები და გარემოებები ასევე სამეურნეო ოპერაციები, მათ შორის სს „-------------“-ს (ს/ნ -------------) მიერ ფ/პ ------------ის (პ/ნ ------------) 25.12.2019 წელს შპს --------------ში (ს/ნ--------------) 100%-იანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში წილის ნასყიდობის ღირებულების დასაფარავად თანხების გადახდა შეესაბამება მის შინაარსს;

- არ განხორციელებულა სამეურნეო ოპერაცია, რომელიც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განთავისუფლებულია გადასახადით დაბეგვრისგან ან/და არ გვისარგებლია დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით;

- არ განხორციელებულა ისეთი ოპერაცია, რომლის შედეგადაც არ წარმოშობილა საგადასახადო ვალდებულება ან/და აღნიშნული საგადასახადო ვალდებულება წარმოიშობა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ;

- მისაღები დივიდენდი სს „--------------“-ს (ს/ნ ------------) აქციონერისთვის/აქციონერებისთვის აკუმულირებულია და მისი გადახდისას სრულად და ყოველგვარი შეღავათების გარეშე ექვემდებარება დაბეგვრას მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემით, აუდიტის დეპარტამენტი შეეცადა კანონით დადგენილი - ფიზიკური პირის საგადასახადო შეღავათის - უფლების გამოყენების აბსტრაგირებას და ეს მცდელობა შემოგვთავაზა არასათანადო მტკიცების ფონზე, რაც რასაკვირველია სამართლებრივი დავის და საჩივრების მიზეზებს წარმოქმნის.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენების წინაპირობების არსებობა საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის დასაბუთებული, რაც იმთავითვე ცხადია. რაიმე ურთიერთობის ფარგლებში ოპერაციის ფორმიდან გამომდინარე შინაარსს ადგენს არა საგადასახადო ორგანო ან საგადასახადო კოდექსი, არამედ ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა

ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს შემმოწმებლების მხრიდან დივიდენდად დაკვალიფიცირებული თანხების ოდენობის დათვლისას შეუსაბამობა 1.01.2022 წლიდან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოს №2547 მანუალთან „განთავსებული კაპიტალის შემცირება“.

როდესაც სამეურნეო ოპერაციის საფუძველი კერძო სამართლებრივი (წილის რეალიზაციის შესახებ) ხელშეკრულებაა, მისი რეგულაცია ხორციელდება სამოქალაქო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით და არა საგადასახადო კოდექსით, შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებით უნდა მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი კონსტრუქციის ფორმის ნორმატიულად დადგენილი შინაარსის და მხარეთა ფაქტობრივი ნების შეპირისპირება.

სწორედ სათანადო ნორმატიული აქტები (მათ შორის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიც) უნდა იქნეს გამოყენებული საგადასახადო ორგანოს მიერ იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა გარიგების ფორმა მხარეთა ნებას, რაც შემოთავაზებული აქტით არ დადგენილა.

აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან განსახილველ საკითხთან მიმართებაში საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის უსწორო განმარტების საილუსტრაციოდ შესაძლებელია ვრცელ არგუმენტებად საქართველოს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებათა პრაქტიკის მოშველიება: №ბს-702-695(2კ-16) 14.03.2017 წ, №ბს-854-846(კ-16) 18.07.2018 წ, №ბს-909(კ-18) 17.01.2019 წ, №ბს-715(2კ-20) 19.10.2021 წ, №ბს-1275(კ-18) 25.11.2021 წ.

ფაქტობრივად განხორციელებულია ტრანზაქცია, რეალური და მრავალმხრივი ეკონომიკური შინაარსით, რაც განპირობებულია და წახალისებულია ბიზნეს სინამდვილით, რომელიც გამომდინარეობს არასაგადასახადო თვალსაზრისებიდან. ცხადია მხოლოდ გადასახადების თავიდან აცილების ელემენტებით არ ჩამოყალიბებულა ეს ბიზნესმოდელი - როგორც ამას წარმოაჩენს შემოთავაზებული საგადასახადო შემოწმების აქტი. მასში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და დართული მტკიცებულებებიდან კი ცხადადაა გადმოცემული რეალური ეკონომიკური ბიზნეს ინტერესი, რომელიც დამოუკიდებელია და არ არის კავშირში მხოლოდ საგადასახადო შეღავათის ათვისების ე.წ. მიზნებთან. განსახილველ შემთხვევაში მეწარმის მაიდენტიფიცირებელი მთავარი მიზანი მოგების მიღებაა და არა საგადასახადო შეღავათის გამოყენება.

განსახილველი საგადასახადო შემოწმების აქტით არ დადასტურდა და არც არსებობს განხორციელებული ოპერაციების ფორმისა და შინაარსის კონფლიქტი. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 181-ე მუხლის („სააქციო საზოგადოებაში დივიდენდის გაცემის წესი“) მიხედვით:

1. სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია შუალედური ან წლიური ფინანსური შედეგების მიხედვით, კანონით დადგენილი წესით მიიღოს განთავსებულ აქციებზე დივიდენდის სახით მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

გ) დივიდენდის გადახდის დღისთვის ან დივიდენდის გადახდის შედეგად სააქციო საზოგადოება გადახდისუუნარო გახდება ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დადგება. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 254-ე მუხლის პირველი პუნქტით მოცემულ სამეწარმეო სუბიექტებზე ვრცელდება ახალი კანონის ამოქმედებამდე არსებული ნორმები შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში და აქედან გამომდინარე ვერ გავრცელდება ის მოთხოვნები, რაც 1.01.2022 წლიდან ამოქმედებულ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით არის დადგენილი.

საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რეზიდენტი კომპანიის მიერ გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობის განსაზღვრის, თუ შეზღუდვის საკითხს. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგინდა დივიდენდის განაწილების პროცედურად და პარტნიორთა პასუხისმგებლობაც. ხოლო, შემოსავლების სამსახურის დათქმები დივიდენდის განაწილებაზე ერთგვარი ჩარევაა პარტნიორის გადაწყვეტილებაში, კერძოდ რომელი წლის დივიდენდი განაწილდეს და რა ოდენობით. მხოლოდ გადასახადების მობილიზებით გამოწვეული დირექტივით (ასეთი ხედვაა შემოთავაზებული წარმოდგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში) და ასეთი ჩარევით, კომპანია გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დგას.

საგადასახადო შემოწმების ჩატარებას უშუალოდ წინ უძღვის კომპანიის მიერ მიმართვა შემოსავლების სამსახურისადმი ფასიანი სერვისის მისაღებად. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანების მე-7 თავით, კერძოდ მე-19 მუხლის დაცვით და დადგენილი წესით სს „--------------“-ს მხრიდან 2.09.2022 წელს მიემართა შემოსავლების სამსახურს წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით და დაინტერესებული პირის მიერ დაესვა მხოლოდ 1 კითხვა: საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, მათ შორის საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, შესაძლებელია თუ არა საგადასახადო ორგანოს მიერ ამ წერილის მე-3 თავში დასახელებული ფაქტების და გარემოებების გათვალისწინებით, სს „------------“-ს (ს/ნ ------------) მიერ ფ/პ ------------ის (პ/ნ --------------) 25.12.2019 წელს შპს ------------ში (ს/ნ ------------) 100%-იანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში წილის ნასყიდობის ღირებულების ვალდებულების დასაფარავად განხორციელებული/განსახორციელებელი სამეურნეო ოპერაციები - თანხების გადახდა დაიბეგროს რაიმე გადასახადით და მათ შორის მოგების გადასახადით?

კითხვის მიზანი გახლდათ:

- საგადასახადო ტვირთის ბუნდოვანება; - მოსალოდნელი არაჯანსაღი დამოკიდებულება გადასახადის გადამხდელსა და თქვენდამი დაქვემდებარებულ უწყებას შორის;

- მოსალოდნელი ადამიანური, შრომითი, დროითი და ფინანსური რესურსების არამართლზომიერი ხარჯვა როგორც გადასახადის გადამხდელის, ისე თქვენდამი დაქვემდებარებული უწყების მიერ, და

- აღნიშნულ ბუნდოვან, გაუმჭვირვალე, სუბიექტურ მოსაზრებებზე დამყარებულ საგადასახადო ტვირთის გამო გადასახადის გადამხდელთა საკმაოდ მოწყვლადი მასის განაწყენება ხელისუფალის მიმართ შესაბამისი სოციალური ფონის დამძიმებისა და დაძაბულობის თანმდევი შედეგებით შემოსავლების სამსახურს გავაცანით სააქციო საზოგადოების პოზიცია წინასწარი გადაწყვეტილებების მიღებისას კითხვა №1-ის შესახებ:

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, მათ შორის საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, ამ წერილის მე-3 თავში დასახელებული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, განხორციელებული/განსახორციელებელი სამეურნეო ოპერაციები - სს „--------------“-ს (ს/ნ -------------) მიერ ფ/პ -------------ის (პ/ნ -------------) 25.12.2019 წელს შპს ----------ში (ს/ნ ------------) 100%-იანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში წილის ნასყიდობის ღირებულების ვალდებულების დასაფარავად თანხების გადახდა საგადასახადო ორგანოს მიერ არ უნდა დაიბეგროს რაიმე გადასახადით და მათ შორის მოგების გადასახადით. შემოსავლების სამსახურმა 7.11.2022 წელს №21-102285 წერილით თავისი პოზიცია წინასწარი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით კითხვა №1-ის შესახებ ასე ჩამოაყალიბა:

თქვენ მიერ 2.09.2022 წელს წარმოდგენილი წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე მოთხოვნასთან (№160108/21) დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახური პირის მიმართვის საფუძველზე უფლებამოსილია გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილება განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით ამ კოდექსით და საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებების თაობაზე. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველზე უარი გეთქვათ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე.

შემოსავლების სამსახურის ზემოთ ხსენებული პოზიცია დასაბუთებული არ არის. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას შებოჭილია კანონიერების პრინციპით. დასაბუთების ვალდებულების განსაკუთრებული მაღალი ხარისხია საჭირო იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემისას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერ ვალდებულებას განაპირობებს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილ იქნეს და მოექცეს სამართლის ჩარჩოებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის სწორად გადაწყვეტამდე, ვინაიდან სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების შედეგს (სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.count.ge 11). გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტისთვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში.

შედეგად აი რა გაკეთდა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან - წინასწარების კომისიის გადაწყვეტილების (არ გამოცემის თაობაზე გადაწყვეტილება) ჩაბარებისთანავე იწერება ბრძანება აუდიტის დეპარტამენტიდან და რამდენიმე კვირაში იწერება შემოწმების აქტი, რომელიც საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად ეგზავნება გადასახადის გადამხდელს.

ძალზე მარტივი აზრის გამოტანაა შესაძლებელი - საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული ოპერაცია: ფიზიკური პირის მხრიდან შპს-ს წილის რეალიზაცია განხორციელდა სააქციო საზოგადოებაზე ნაცვლად ინვესტორზე პირდაპირ მიყიდვისა, რადგან მეწარმეთა კანონმდებლობით მხოლოდ სააქციო საზოგადოების ფორმითაა იმ დასახული მიზნების მიღწევის შესაძლებლობა და გამორიცხავს წილების დაყოფის და მიმოქცევის შესაძლებლობას მრავალ ინვესტორზე - გარდა ამისა ასეთია დამფუძნებელი პარტნიორის ნება და ეს შეუვალი უფლებაა რა ფორმით განახორციელოს ბიზნესი რათა ინვესტორების მოზიდვა განხორციელდეს და ყველამ მიიღოს ინვესტიციის შესატყვისი წილი პროცენტულად - ცალკე აღებული აუდიტორის და შემდეგ უკვე შემოსავლების სამსახური მთლიანობაში - ეჭვები, რომ ეს განხორციელდა გადასახადის თავის დასაღწევად არის სრულიად დაუსაბუთებელი წინადადებები და არც ეყრდნობა ფაქტებს.

სრულიად ჰიპოტეტურადაც, რომ გავყვეთ აუდიტორთა ლოგიკას (და არა ფაქტებს) შესაძლებელია მივიდეთ საგადასახადო შეღავათთან, რომელიც ასევე ფიზიკური პირის ნებაზეა დამოკიდებული და მის უფლებაზე - გამოიყენოს და ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით.

საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები: 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი,გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ განიხილება ფასიანი ქაღალდის/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენდის/პროცენტის მიღების მიზნით. ამასთანავე, აქტივის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება მხედველობაში არ მიიღება, თუ მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დასრულების მომენტიდან მის მიწოდებამდე გასულია 2 წელი.

ამ შემთხვევაშიც გაუგებარია მათი ლოგიკა, თუ რატომ უნდა თქვას ფიზიკურმა პირმა საგადასახადო შეღავათზე უარი.

სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება. ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი, სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა. საბჭოს ყურადღებას ვამახვილებთ ამ უფლებაზე და მოვალეობაზე თუნდაც იმ პირობებში, როცა აქტის ფაქტების და გარემოებების ან დასაბუთების ნაწილში თუ რატომ გამოიყენეს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი, მხოლოდ ცარიელი უჯრების ხილვაა შესაძლებელი - წარმოუდგენელია ასეთ პირობებში შედავება განახორციელოს მომჩივანმა მხარემ, როდესაც სამეურნეო ოპერაციის აღწერა არ ახლავს აქტს და კომპანიას მხოლოდ მოსაზრებებზე პასუხის გაცემა უხდება დავის განმხილველ ორგანოში.

ამ კანონით დადგენილ ამოცანას შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის ორგანომ ვერ გაართვა თავი და მცდარი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოცემით დაასრულა ადმინისტრაციული წარმოება.

საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ცალსახად დაუდგენლობისას, საგადასახადო ორგანომ უნდა იმოქმედოს კონსტიტუციური პრინციპების გათვალისწინებით, არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ ეჭვსა თუ ვარაუდს, რამეთუ ყოველგვარი ეჭვი პირის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს და დაუშვებელია პირისთვის სანქციის შეფარდება იმ პირობებში, როდესაც სამართალდარღვევა ცალსახად არ არის დადგენილი. შესაბამისად, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა ცალსახად არ დასტურდება, დაუშვებელია მის მიმართ დამატებითი დარიცხვის განხორციელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.09.2014 წლის განჩინებით საქმეზე №ბს-246-243(კ-14) განმარტებულია - ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა

- კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრეს მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობით გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2014 წლის გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-463-451(კ-13), საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტილებამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა. მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობითი ფორმით დასაბუთებას. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

კომპანიის ძირითადი მოთხოვნაა, ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის კომპანიისადმი წარდგენილი ყველა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი: 13.02.2023 წლის №2574 ბრძანება, 20.12.2022 წლის №2030 საგადასახადო შემოწმების აქტი, 21.12.2022 წლის №32369 ბრძანება და 21.12.2022 წლის №001-243 საგადასახადო მოთხოვნა.

ამასთანავე, წარმოდგენილი ყველა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის დღიდან ბათილად ცნობასთან ერთად, განისაზღვროს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეწყვეტა მათი გამოცემის და ძალაში შესვლის დღიდან ამასთანავე გაუქმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების ყველა თანხობრივი შედეგები პირადი აღრიცხვის ბარათებიდან.

კომპანიის ალტერნატიული მოთხოვნა - ძირითადი მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში დარიცხული სანქციის მოხსნის შესახებ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

საჩივრის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, გათვალისწინებული უნდ აიყოს ბიზნესის სტატუსი და უცხოური სოლიდური ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობების გაქარწყლების საფრთხე, რამდენადაც კომპანიის აქტივების სარგებლობაზე შეზღუდული წვდომა და საბანკო სერვისებზე წვდომის შეზღუდვა სწორედ იმ ძირითად რისკს წარმოადგენს, როცა ინვესტორის ნდობას განიზიდავს და ბიზნეს პროექტი დგება ჩავარდნის საფრთხის წინაშე, რამდენადაც გასაჩივრებული აქტები სამართლებრივად დაუსაბუთებელია, არ ეყრდნობა ფაქტებს და გარემოებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გამოკვლეული და დადგენილი, კერძოდ გამოკვეთილი არცაა თუ რა დაარღვია კომპანიამ და ან/რა წესი არ დაიცვა.

შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი არასწორად განიმარტა და კომპანიის ალტერნატიული მოთხოვნის დაკმაყოფილება დაუსაბუთებლად იქნა უარყოფილი.

შემოსავლების სამსახურმა სადავო აქტის გამოცემისას არ გამოიყენა კანონი - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას.

კომპანიის მიმართებით საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების მართლზომიერებაზე ასევე მსგავსებები და იდენტური თემები მრავლადაა მითითებული ერთ-ერთ კვლევაში:

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“ (USAID G4G) ჩატარებული იქნა საგადასახადო დავების ანალიზი და წარმოდგენილი კვლევის მე-3 თავში სააგენტო ადგენს კეთილსინდისიერი გადამხდელის მიმართ სანქციის გამოყენების ერთგვაროვნებას და შემოგვთავაზა ერთგვარი ცხრილი, სადაც დავების ორგანოების გადაწყვეტილებების განზოგადოებაა წარმოდგენილი.

„3.1 კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპი როგორც გადაწყვეტილებების ანალიზი აჩვენებს, დავის განმხილველი ორგანოები, ძირითადად განზრახულობის ტესტით ხელმძღვანელობენ კეთილსინდისიერების განსაზღვრისას. ამას გარდა, მხედველობაში მიიღება გადამხდელის სუბიექტური დამოკიდებულება ჩადენილი სამართალდარღვევის მიმართ როგორც ჩადენამდე, ასევე მის შემდეგ (სამართალდარღვევის აღიარება და შედეგების გამოსწორების მცდელობა). ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მაგალითი იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომელიც შედეგობრივად წარმატებული აღმოჩნდა გადამხდელებისთვის:

ფინანსთა სამინისტროს სისტემის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ გადამხდელის განზრახულობა, სამართალდარღვევის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულება, მის მიერ საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ისტორია და სამართალდარღვევის გაცნობიერების შემდეგ გადადგმული ნაბიჯი (სამართლებრივი აღიარება, თანამშრომლობა საგადასახადო ორგანოსთან) ის მთავარი კრიტერიუმებია, რომლებიც დავის განმხილველი ორგანოები ხელმძღვანელობენ კეთილსინდისიერების განსაზღვრისას. ამ კუთხით, გარკვეული თანმიმდევრულობა შეინიშნება შემოსავლების სამსახურისა და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებებში.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის გამო შემოსავლების სამსახურის მიერ დაკმაყოფილებულ საჩივრებში სადავო თანხა უმნიშვნელოა და ხშირად რამდენიმე ასეულ ლარს არ აღემატება.

 

ორგანო კეთილსინდისიერების განსაზღვრისას შეფასებული შედეგი

 

სქოლიო:

5. შემოსავლების სამსახურის 29.06.2016 წლით დათარიღებული №18428 ბრძანება.

6. შემოსავლების სამსახურის პოზიცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების

განხილვის საბჭოს 2.02.2014 წლის გადაწყვეტილებაში საჩივარზე №6734/2/13.

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.10.2015 წლის

გადაწყვეტილება საჩივარზე №10008/2/15.

8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.08.2014 წლის

გადაწყვეტილება საჩივარზე №7684/2/14. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული

დავების განხილვის საბჭოს 28.10.2014 წლის გადაწყვეტილება საჩივარზე №8630/2/14.

9. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 13 ივნისით დათარიღებული №16595 ბრძანება.

10. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 ივნისით დათარიღებული №18409 ბრძანება.

11. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 9 ივნისით დათარიღებული №16351 ბრძანება.

12. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 ივნისით დათარიღებული №16438 ბრძანება.

13. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 იანვრით დათარიღებული №1877 ბრძანება.

14. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.09.2014 წლის

გადაწყვეტილება საჩივარზე №8689/2/14.

15. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 3.06.2015 წლის

გადაწყვეტილება საჩივარზე №9946/2/15.

16. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 5.03.2015 წლის

გადაწყვეტილება საჩივარზე №9569/2/15.

17. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.03.2015 წლის

გადაწყვეტილება საჩივარზე №9703/2/15.

18. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.04.2015 წლის

გადაწყვეტილება საჩივარზე №9548/2/15.

19. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 15.07.2014 წლის

გადაწყვეტილება საჩივარზე №7823/2/14.

20. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.03.2014 წლის

გადაწყვეტილება საჩივარზე №5997/2/14.

სადავო საკითხზე საგულისხმოა, რომ შემოსავლების სამსახურმა შემოგვთავაზა მითითება და 11.04.2022 წელს - კერძოდ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გამოსცა ბრძანება №9021 – „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“. კომპანიის მიმართებით არც ეს მითითებაა დაცული.

შემოსავლების სამსახურის 11.02.2023 წლის №2574 სადავო ბრძანებაში არ არის დასაბუთებული და/ან რაიმე სამართლებრივ აქტზე მითითება და ისეა უარყოფილი დასმული ალტერნატიული მოთხოვნა. შემოსავლების სამსახურს არ დაუსაბუთებია, რას ნიშნავს მიზანშეწონილობა ან რატომ არ მიიჩნია განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება, ან რაში მდგომარეობს საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, შემოსავლების სამსახური ვერ მიუთითებს ვერცერთ ფაქტიურ გარემოებაზე, რაც დაადასტურებდა კომპანიის მხრიდან საგადასახადო ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. პირიქით, შემოსავლების სამსახური 13.02.2023 წლის №274 ბრძანებაში აღნიშნავს: „ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ოპერაციის ფარგლებში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არ მომხდარა“.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ უნდა გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობა და როგორც დავების ორგანომ კომპანია სრულად გაათავისუფლოს საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლიდან მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ სს „-----------“-ის (ს/ნ -----------) ერთპიროვნული დამფუძნებელია ------------ (პ/ნ -------------). 25.12.2019 წლის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით სს „------------“-მ ფ/პ ---------გან შეიძინა შპს ----------- (ს/ნ -----------) 100%-იანი წილი. მხარეთა შეთანხმებით გასაყიდი წილის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ექსპერტის დასკვნის შესაბამისად. 21.02.2020 წლის №001223520 ექსპერტის დასკვნით, შპს ------------- 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულება 26.12.2019 წლის მდგომარეობით განისაზღვრა 105 875 858 ლარით. ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, წილის მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ფასი გადაიხადოს წინამდებარე წილის საკუთრებაში რეგისტრაციიდან 9 წლის ვადაში. სს „------------“-ის შემოსავლების წყაროს წარმოადგენს შპს -----------დან (ს/ნ -------------) მიღებული დივიდენდები. 2020 წლიდან 1.12.2022 წლამდე სს „------------“-ს შპს-----------დან მიღებული აქვს დივიდენდები ჯამურად 18 656 228 ლარი. სს „-------------“-მ მიღებული დივიდენდებიდან 15 715 944 ლარი გასცა ფ/პ -----------ზე შეძენილი წილის ღირებულების დასაფარად.

აუდიტის დეპარტამენტის 9.03.2023 წლის №20249-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, სს „----------“-ის მიერ შპს----------ას (ს/ნ ---------) წილის შეძენიდან გამომდინარე განხორციელებული ოპერაციებიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის დროს შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არ მომხდარა.

საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას, რომ აქტივის ბენეფიციარ მესაკუთრედ ისევ ------------- რჩება, რამდენადაც იგი ფაქტობრივად აკონტროლებს სს „----------“-ს, წარმოადგენს მისი აქციების 100%-ის მესაკუთრეს და ერთადერთი პირია, ვისაც უფლება აქვს მიიღოს შემოსავალი შპს ---------ს მიერ საკუთარი მოგების განაწილებიდან.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სს „-------------“-ს კაპიტალი შეადგენს 0 ლარს, ხოლო გაუნაწილებელი მოგება შეადგენს შპს ------------დან მიღებულ დივიდენდს. წილის ნასყიდობის ღირებულების დაფარვას სს --------- ახორციელებს შპს ----------გან მიღებული დივიდენდის წილიდან. ასევე, დამოუკიდებელი შემოსავალი არ უფიქსირდება. საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას, რომ აქტივის ბენეფიციარ მესაკუთრედ ისევ ------------ რჩება,რამდენადაც იგი ფაქტობრივად აკონტროლებს სს „-----------“-ს, წარმოადგენს მისი აქციების 100%- ის მესაკუთრეს და ერთადერთი პირია, ვისაც უფლება აქვს მიიღოს შემოსავალი შპს ----------ას მიერ საკუთარი მოგების განაწილებიდან.

საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ სს „-----------“-ის მიერ ----------ვის გადახდილი თანხების, მათ შორის გაფორმებული შპს -----------ს წილის 100%-ის ნასყიდობის ხელშეკრულების მხედველობაში მიღების გარეშე, დივიდენდად განხილვა მართლზომიერია და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, მომჩივანს 22.12.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საურავი 0,5 ლარი, ზედმეტობა 5 463,44 ლარი, აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 6 398 913,9 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის მთელ ქონებაზე 22.12.2022 წლის №001-37330 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, მომჩივანს 8.03.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საურავი 0,5 ლარი, ზედმეტობა 3 746 503,01 ლარი, აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 6 486 817,26 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, 238- ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 ნაწილებზე და 239-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, სს „---------“-ს (ს/ნ----------) 22.12.2022 წლის მდგომარეობით უფიქსირდება ზედმეტობა 5 463,44 ლარი და აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 6 398 913,9 ლარი.

ზემოაღნიშნული დავალიანების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე, 22.12.2022 წლის №001-37330 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 22.12.2022 წლის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №001-37330 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მჩივნის არგუმენტაცია ბათილად იქნას ცნობილი კომპანიისადმი წარდგენილი შემოსავლების სამსახურის ყველა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მათ შორის 22.12.2022 წლის №001-37330 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანს 22.12.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საურავი 0,5 ლარი, ზედმეტობა 5 463,44 ლარი, აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 6 398 913,9 ლარი.

ვინაიდან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.