ბრძანება N 14199
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14199
20.06.2023
შპს „--------“ (ს/ნ ---------)
(მის: ------------)
2023 წლის 24 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ივნისის სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ --------) №88675/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 3 მაისის №EL208370, №EL208373, №EL208376, №EL208379 და №EL208382 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2023 წლის 22 მარტის №EL69400/82 (№021-82), №EL69400/83 (№021-83), №EL69400/84 (№021-84), №EL69400/85 (№021-85), №EL69400/86 (№021-86), №EL69400/87 (№021- 87) საგადასახადო მოთხოვნები კომპანიის მიერ სადავო აქტებით დაკისრებული თანხა გადახდილ იქნა სრულად. მიუხედავად ამისა, სადავო აქტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გასაჩივრებულ იქნა კანონით დადგენილი წესით.
მისივე განცხადებით, შპს „---------“ და ერთ შემთხვევაში შპს „---------“, ხოლო მეორე შემთხვევაში შპს „-------“ შორის გაფორმდა მიბარების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში, საბაჟო საწყობი ახორციელებდა მიბარებული საქონლის დასაწყობებასა და შენახვას. საბაჟო საწყობში ზემოაღნიშნული კომპანიების საქონლის დასაწყობებისას საქონლის შემოტანა მოხდა არა დაშლილად, არამედ დალუქული ყუთების მეშვეობით. შესაბამისად, დასაწყობებისას შპს „---------“ მხრიდან მოხდა ყუთების გადათვლა და სიგარეტის კოლოფების რაოდენობის ამ გზით დადგენა, ხოლო დასახელებული ყუთების გახსნა არ განხორციელებულა შემნახველი კომპანიის მხრიდან.
მომჩივანს მიაჩნია, რომ სადავო აქტები არაკანონიერია, არ გამომდინარეობს სწორი ფაქტობრივი გარემოებებიდან და უნდა გაუქმდეს, რადგან გაუგებარია თუ, რის საფუძველზე გააკეთა ამდაგვარი დასკვნა შემოსავლების სამსახურმა. მათ მიერ ჩატარებული შემოწმებისას, საწყობში განთავსებული ყუთები, იყო დალუქულ მდგომარეობაში, ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. მომჩივნის მითითებით, შეუძლებელია შპს „-------“ მიერ მომხდარიყო დასაწყობებული ქონების განკარგვა, რადგან აღნიშნული ქონება არ წარმოადგენს შემნახველი საწყობის საკუთრებას. დანაკლისი აღმოჩნდა სწორედ იმის ხარჯზე, რომ სიგარეტის მთლიანი ყუთების ნაწილს აკლდა სიგარეტის კოლოფები, ხოლო ყუთების რაოდენობა იგივეა, რაც განათავსა საბაჟო საწყობში.
მომჩივნის მოსაზრებით, სადავო აქტებით დარიცხული აქვს ის გადასახადები, რისი გადახდის ვალდებულებაც გააჩნია დეკლარანტს - შპს „------“ და შპს „---------“. ამასთან მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 116-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №9) მე-5 მუხლის მე6 პუნქტზე და მიაჩნია, რომ ვინაიდან მიბარებული საქონლის დანაკლისი არ აღემატება დეკლარირებული საქონლის 3%-ს, საბაჟო პასუხისმგებლობა არ უნდა დაჰკისრებოდა.
საჩივრის მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის განაჩენით შპს „--------“ დირექტორი ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით და ზომად განისაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილ იქნა. მომჩივნის მოსაზრებით, აღნიშნული განაჩენით განისაზღვრა როგორც ზიანი, ასევე სასჯელის ოდენობა. შესაბამისად მიაჩნია, რომ ერთი და იგივე სამართალდარღვევაზე როგორც სისხლისსამართლებრივი ასევე ადმინისტრაციული წესით პასუხისგება არ არის კანონიერი და რელევანტური.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს მომართვის საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 4 ნოემბრის №27842 ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 2022 წლის 7 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში განახორციელა შპს „--------“ (ს/ნ ------) კუთვნილი საბაჟო საწყობის მიერ (-------) სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა:
1. შპს „--------“ საბაჟო საწყობში შენახული საქონლის – სიგარეტი 1 032 კოლოფის დანაკლისი. კერძოდ, საბაჟო საწყობში 2021 წლის 21 დეკემბერს №------ საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული, შპს „---------“ (ს/ნ ---------) კუთვნილი სიგარეტის 525 000 კოლოფის ნაცვლად, განთავსებული იყო 523 968 კოლოფი. საქონლის დანაკლისის (1 032 კოლოფი სიგარეტი) საბაჟო ღირებულებამ ინვოისის მიხედვით შეადგინა 823.12 ლარი, ხოლო შესაბამისმა იმპორტის გადასახდელებმა 5988.45 ლარი (იმპორტის გადასახადი - 99 ლარი; აქციზის გადასახადი - 4850.4 ლარი; დღგ - 1039.05 ლარი);
2. შპს „--------“ საბაჟო საწყობში შენახული საქონლის – არაყი 48 ბოთლის დანაკლისი. კერძოდ, საბაჟო საწყობში 2021 წლის 3 ნოემბერს №------ საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული, შპს „----------“ (ს/ნ -------) კუთვნილი არაყის 13 200 ბოთლის ნაცვლად, განთავსებული იყო 13 152 ბოთლი. საქონლის დანაკლისის (48 ბოთლი არაყი) საბაჟო ღირებულებამ ინვოისის მიხედვით შეადგინა 349.73 ლარი, ხოლო შესაბამისმა იმპორტის გადასახდელებმა 585.74 ლარი (იმპორტის გადასახადი - 119.04 ლარი; აქციზის გადასახადი - 324 ლარი; დღგ - 142.7 ლარი);
3. შპს „--------“ საბაჟო საწყობში შენახული საქონლის – არაყი 80 ბოთლის დანაკლისი. კერძოდ, საბაჟო საწყობში 2021 წლის 16 დეკემბერს №------ საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული, შპს „--------“ (ს/ნ ---------) კუთვნილი არაყის 13 200 ბოთლის ნაცვლად, განთავსებული იყო 13 120 ბოთლი. საქონლის დანაკლისის (80 ბოთლი არაყი) საბაჟო ღირებულებამ ინვოისის მიხედვით შეადგინა 141.16 ლარი, ხოლო შესაბამისმა იმპორტის გადასახდელებმა 789.34 ლარი (იმპორტის გადასახადი - 167.4 ლარი; აქციზის გადასახადი - 480 ლარი; დღგ - 141.94 ლარი);
4. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, შპს „---------“ საბაჟო საწყობში შენახული საქონლის – არაყი 106 ბოთლის დანაკლისი. კერძოდ, საბაჟო საწყობში 2021 წლის 15 ოქტომბერს №------ საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული, შპს „--------“ (ს/ნ --------) კუთვნილი არაყის 13 200 ბოთლის ნაცვლად, განთავსებული იყო 13 094 ბოთლი. საქონლის დანაკლისის (106 ბოთლი არაყი) საბაჟო ღირებულებამ ინვოისის მიხედვით შეადგინა 182.96 ლარი, ხოლო შესაბამისმა იმპორტის გადასახდელებმა 1055.77 ლარი (იმპორტის გადასახადი - 230.81 ლარი; აქციზის გადასახადი - 636 ლარი; დღგ - 188.96 ლარი);
5. შპს „--------“ საბაჟო საწყობში შენახული საქონლის – სიგარეტი 2 331 კოლოფის დანაკლისი. კერძოდ, საბაჟო საწყობში 2021 წლის 11 ნოემბერს №------ საბაჟო დეკლარაციით დასაწყობდა, შპს „-------“ (ს/ნ -------) კუთვნილი 441 500 კოლოფი სიგარეტი, აღნიშნული სიგარეტის ნაწილი – 134 000 კოლოფი 2021 წლის 23 დეკემბერს გატანილ იქნა საბაჟო საწყობიდან №------ საბაჟო დეკლარაციით, შემოწმების მომენტისთვის საბაჟო საწყობში ნაშთის სახით არსებული სიგარეტის 307 500 კოლოფის ნაცვლად, აღმოჩნდა მხოლოდ 305 169 კოლოფი სიგარეტი. საქონლის დანაკლისის (2 331 კოლოფი სიგარეტი) საბაჟო ღირებულებამ ინვოისის მიხედვით შეადგინა 587.84 ლარი, ხოლო შესაბამისმა იმპორტის გადასახდელებმა 13121.29 ლარი (იმპორტის გადასახადი - 72 ლარი; აქციზის გადასახადი - 10955.70 ლარი; დღგ - 2093.59 ლარი);
6. შპს „--------“ საბაჟო საწყობში შენახული საქონლის – სიგარეტი 202 კოლოფის დანაკლისი. კერძოდ, საბაჟო საწყობში 2021 წლის 11 ნოემბერს №------ საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული, შპს „-------“ (ს/ნ --------) კუთვნილი სიგარეტის 890 000 კოლოფის ნაცვლად, განთავსებული იყო 889 798 კოლოფი. საქონლის დანაკლისის (202 კოლოფი სიგარეტი ) საბაჟო ღირებულებამ ინვოისის მიხედვით შეადგინა 71.32 ლარი, ხოლო შესაბამისმა იმპორტის გადასახდელებმა 1144.06 ლარი (იმპორტის გადასახადი - 9 ლარი; აქციზის გადასახადი - 949.40 ლარი; დღგ - 185.66 ლარი).
შემოწმების შედეგების საფუძველზე, 2022 წლის 18 ნოემბერს შედგენილ იქნა №01-WHS212856248- 2022 შემოწმების აქტი, რომელიც საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს 2023 წლის 21 მარტის №25155-21-10 სამსახურებრივი ბარათით, გადაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის ------ გაფორმების განყოფილებას, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით.
მოქმედი სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს წარმოეშვა ვალდებულება, შპს „-------“ საბაჟო საწყობში აღმოჩენილ საქონლის დანაკლისზე გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას. გამომდინარე აქედან, 2023 წლის 22 მარტს ქუთაისის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ გამოიცა №EL69400/82, №EL69400/83, №EL69400/84, №EL69400/85, №EL69400/86 და №EL69400/87 საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც შპს „-------“ (ს/ნ -------) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი. ამასთან ერთად, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტზე, შპს „--------“ საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელებთან (შპს „--------“ (ს/ნ ---------); შპს „----------“ (ს/ნ ------)) ერთად სოლიდარულად დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და მის მიმართ 2023 წლის 3 მაისს შედგენილ იქნა №EL208370, №EL208373, №EL208376, №EL208379, №EL208382 და №EL208386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები.
შპს „--------“ (ს/ნ -------) დირექტორის – -------- (პ/ნ --------) მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე სანებართვო პირობების დარღვევით უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, მათ შორის, ზემოაღნიშნული საქონლის უკანონო განკარგვაზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს. საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტი დადასტურდა აღნიშნულ საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 აპრილის განაჩენითაც (საქმე №1/360-23; გამოძიება №092181021007), რომლითაც დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ---------- შორის 2023 წლის 11 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმება. მითითებული განაჩენის მიხედვით, შპს „--------“ (ს/ნ -------) დირექტორმა – ------- (პ/ნ --------) აღიარა დანაშაულის ჩადენა და სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საგადასახადო მოთხოვნები) არ გაუხდია სადავოდ.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ჯ“ ქვეპუნქტით, იმპორტის გადასახდელი არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადი, აქციზი, დამატებული ღირებულების გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებით წარმოიშობა.
ამავე კოდექსის 122-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის პროცედურა საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი დასაწყობდეს საბაჟო საწყობში, საბაჟო ორგანოს საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე.
ამავე საკანონმდებლო აქტის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:
ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;
ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციებით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული და შპს „-------“ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საქონლის დანაკლისს, რაც არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ხოლო ვინაიდან სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია და მათ საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სოლიდარულად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საგულისხმოა ასევე შემდეგი დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიც:
სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო შეთანხმება დამტკიცებულია იმ გარემოების გამო, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილი).
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბრალდებულს განემარტება, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირი გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს პირს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 210-ე მუხლის 12 ნაწილი).
სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა შორის არის ასევე 2022 წლის 18 ნოემბრის №01-WHS212856248-2022 შემოწმების აქტიც, სადაც დაფიქსირებულია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის დანაკლისები.
შპს „---------“ (ს/ნ --------) დირექტორმა – --------- (პ/ნ -------) აღიარა დანაშაულის ჩადენა და სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საგადასახადო მოთხოვნები) არ გაუხდია სადავოდ.
რაც შეეხება მომჩივნის მიერ საჩივარში მოყვანილ არგუმენტს, რომ ვინაიდან მიბარებული საქონლის დანაკლისი არ აღემატება 3%-ს, საბაჟო პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №9) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ითვალისწინებს იმ შემთხვევას, თუ საბაჟო საწყობში შენახული საქონლის დანაკლისი არ აღემატება დეკლარირებული რაოდენობის 3 პროცენტს, საბაჟო ორგანო საბაჟო დეკლარაციაში შესაბამის ცვლილებებს ახორციელებს დეკლარანტის მიერ გაცხადებული და საბაჟო საწყობის მიერ დადასტურებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით. მომჩივანს პასუხისმგებლობა დაეკისრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს მომართვის საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 4 ნოემბრის №27842 ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ 2022 წლის 7 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში შპს „-------“ (ს/ნ --------) კუთვნილი საბაჟო საწყობის მიერ (------) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების შედეგების საფუძველზე (2022 წლის 18 ნოემბერს №01-WHS212856248- 2022 შემოწმების აქტი). შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტი არ გამომდინარეობს იმ სამართლებრივი ნორმიდან, რომელსაც არეგულირებს შესაბამისი ინსტრუქციის მითითებული ნორმა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების (შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 3 მაისის №EL208370, №EL208373, №EL208376, №EL208379 და №EL208382 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების) გაუქმებას და დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლებას
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს მომართვის საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 4 ნოემბრის №27842 ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 2022 წლის 7 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში განახორციელა მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი. შემოწმების შედეგების საფუძველზე, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს წარმოეშვა ვალდებულება, საბაჟო საწყობში აღმოჩენილ საქონლის დანაკლისზე გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.
გამომდინარე აქედან, მომჩივანს უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი. ამასთან ერთად, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტზე, მომჩივანს საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელებთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 6(1), 122(1), 127(1)(3), 70, 163(1), 172(1).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანება.
საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის N 455 დადგენილება.