გადაწყვეტილება №24401/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24401/2/2024
26 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------4.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24401/2/2024).
დავის საგანი:
1. გაწეული ხარჯების დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. დირექტორის პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების კომპანიის მიერ დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2024 წლის №022-16 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23404 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 106 776 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 61 102
დღგ - (-847)
მოგების გადასახადი - 17 029
საშემოსავლო გადასახადი - 44 920
ჯარიმა - 30 617
საურავი - 15 057
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 28.07.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 25 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2024 წლის №17972 ბრძანება და №022-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23404 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ,მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი, სათანადო წესით დამოწმებული, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, საჩივარზე თანდართულის) შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23404 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. გაწეული ხარჯების დოკუმენტურად დაუდასტურებლად მიჩნევა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს საბანკო ამონაწერის მიხედვით უფიქსირდება სხვადასხვა კომერციულ დაწესებულებებსა და სავაჭრო ობიექტებში გადახდილი თანხები ჯამში 8 972 ლარის ოდენობით, რომელიც ბუღალტრულად აღიარებულია, როგორც დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა. აღნიშნული ხარჯის გაწევის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა კომპანიის მიერ საბანკო ანგარიშებიდან გასული თანხების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, შემოწმების ეტაპზე არ იქნა წარდგენილი. ასევე, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, არ დგინდება აღნიშნული ტრანზაქციების მიზნობრიობა, შესაბამისად, აღნიშნული თანხები განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს საბანკო ამონაწერების მიხედვით უფიქსირდება სხვადასხვა კომერციულ დაწესებულებებსა და სავაჭრო ობიექტებში თანხების გადახდა, რომლებიც ბუღალტრულად აღიარებულია, როგორც დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში არ იქნა წარდგენილი ისეთი დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა კომპანიის მიერ საბანკო ანგარიშებიდან გასული თანხების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი მიიჩნია, რომ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დირექტორის მიერ კომპანიის ფულადი სახსრების გახარჯვა კომპანიის ბარათით, შემოწმების მიერ დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ხოლო ბუღალტრულად აისახა როგორც მოთხოვნა ანგარიშვალდებულ პირზე, რომელმაც დააბრუნა აღნიშნული თანხა კომპანიაში. კომპანიის ბარათით პირადი მიზნებისთვის გახარჯული თანხა კომპანიას არ უღიარებია ხარჯად და მოთხოვნა ჰქონდა ანგარიშვალდებულ პირზე, რომელსაც შემოჰქონდა ხოლმე გახარჯული თანხა, რაც შემოწმების დროსაც წარედგინა აუდიტორს, ასევე კაპიტალში თანხის შემცირებაც, თუმცა მხოლოდ საბანკო ამონაწერით მოხდა ხელმძღვანელობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საბანკო ამონაწერის მიხედვით უფიქსირდება სხვადასხვა კომერციულ დაწესებულებებსა და სავაჭრო ობიექტებში თანხების გადახდა, რომელიც ბუღალტრულად აღიარებულია, როგორც დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა. აღნიშნული ხარჯის გაწევის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა საბანკო ანგარიშებიდან გასული თანხების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი. აღნიშნული თანხები განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივანი წარმოადგენს შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურ არგუმენტებს და კვლავაც ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, არ წარმოადგენს ისეთ არგუმენტს ანდა მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. დირექტორის პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების კომპანიის მიერ დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის („-------“), საბანკო ამონაწერების, რეალიზაციის ამსახველი ინვოისების და დაბეგვრისთვის საჭირო სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციიის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ დირექტორის პირად საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება კომპანიის კუთვნილი ფულადი სახსრების ჩარიცხვა, რომელიც სრულად არ არის გადატანილი კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე დანიშნულებისამებრ და აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულ პროგრამაში ასახულ შემოსავალს 89 023 ლარით. აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სამართლებრივი საფუძვლები მითითებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტზე, რომ შემოწმების პროცესში რამდენიმე ამგვარ პირად ჩარიცხვასთან დაკავშირებით შემმოწმებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა ნაწილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაითვალისწინა, ხოლო დანარჩენი არ გაუთვალისწინებია. მიუთითებს საჩივარზე დანართის სახით წარდგენილ ახსნა-განმარტებებზე, რომლებითაც დასტურდება, რომ დირექტორის პირად ანგარიშზე თანხები ირიცხებოდა პირადი მიზნებისთვის. აცხადებს, რომ დირექტორს პირად ანგარიშზე შეტანილი აქვს მცირე თანხები საკუთარი მიზნებისთვის, რაც შემოწმებით, ასევე კომპანიის კუთვნილ თანხად ჩაითვალა. აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, ასეთი მცირე თანხები კლიენტების ჩარიცხული ვერ იქნებოდა, ამასთან, მიუთითებს, რომ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების შესახებ დეტალური ინფორმაცია შემოწმებას მიეწოდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი, სათანადო წესით დამოწმებული, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის დირექტორმა წარადგინა ახსნა - განმარტებები, რომლებსაც ადასტურებს მეორე მხარე. რამდენიმე ასეთი პირადი ჩარიცხვის განმარტება გათვალისწინებულია, ხოლო დანარჩენი არა (ანალოგიური შემთხვევები). განმარტავს, რომ ---------- ანგარიშზე პირადი მიზნებისთვისაც ხდებოდა თანხის შეტანა/ჩარიცხვა და არა მხოლოდ კომპანიისთვის. აღნიშნული მარტივად დასტურდება, რადგან -------------- გადარიცხულიც აქვს თანხები მათთან. ასევე, პირად ანგარიშზე ----------- შეტანილი აქვს მცირე თანხები საკუთარი მიზნებისთვის, რაც ასევე კომპანიის თანხად ჩაითვალა. კომპანიის მომსახურებებიდან გამომდინარე, მსგავსი მცირე თანხები კლიენტების ვერ იქნებოდა. დირექტორის მხრიდან გაშიფრული ინფორმაცია მიეწოდა შემოწმებას რაც იყო (პირადი/ეკონომიკური) მის პირად ანგარიშებზე ჩარიცხული/შეტანილი თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
დადგენილია, რომ დირექტორის პირად საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება კომპანიის კუთვნილი ფულადი სახსრების ჩარიცხვა, რომელიც სრულად არ არის გადატანილი კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე დანიშნულებისამებრ და აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულ პროგრამაში ასახულ შემოსავალს. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივანი შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად აღნიშნავს, რომ რამდენიმე პირად ჩარიცხვასთან დაკავშირებით შემმოწმებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა ნაწილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გათვალისწინებულია, ხოლო ნაწილი არა. დირექტორის ანგარიშზე პირადი მიზნებისთვისაც ხდებოდა თანხის შეტანა/ჩარიცხვა და არა მხოლოდ კომპანიისთვის, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ დირექტორს გადარიცხული აქვს თანხები მათთან. ასევე, პირად ანგარიშზე დირექტორს შეტანილი აქვს მცირე თანხები საკუთარი მიზნებისთვის, რაც ასევე კომპანიის თანხად ჩაითვალა. კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, მსგავსი მცირე თანხები კლიენტების ვერ იქნებოდა. დირექტორის მხრიდან გაშიფრული ინფორმაცია მიეწოდა შემოწმებას რაც იყო მის პირად ანგარიშებზე ჩარიცხული/ შეტანილი თანხები.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი, სათანადო წესით დამოწმებული, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, საჩივარზე თანდართულის) შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 30 617 ლარი და განესაზღვრა საურავი 15 057.47 ლარის ოდენობით.
გარდა სადავო საკითხებთან მიმართებით ჯარიმის სახით დაკისრებული თანხებისა, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა, კომპანიის საბანკო ამონაწერებისა და ბუღალტრული პროგრამის შესწავლის/დამუშავების შედეგად, შემდეგ გარემოებათა გამო:
გამოვლინდა კომპანიის მიერ დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემა 96 500 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;
გადასახადის გადამხდელს ფიზიკური პირებისათვის ხელფასის დანიშნულებით გადახდილი აქვს თანხა 910 348 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), რომელიც განსხვავდება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებში ხელფასის სახით დაფიქსირებული განაცემებისგან. გამოვლენილი სხვაობა (49 866 ლარი) დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;
გამოვლინდა გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისგან სხვადასხვა სახის მომსახურების შეძენა (ძირითადად სატრანსპორტო მომსახურების), რაზეც გადახდილია სულ 28 162 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). აღნიშნული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით და ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს შემოწმების აქტით დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, რადგან დანარჩენ საკითხებში გამორჩენილი იყო ზოგიერთ თვეში ხელფასის დაბეგვრა და ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურებების, რომლებიც არ ყოფილან ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულები, მოგების გადასახადით დაიბეგრა სესხად განხილული თანხა, რომლის დაბრუნებაც უნდა მომხდარიყო და ამიტომაც არ იყო დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით, ხოლო მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი რომ იყო ინფორმაცია არ ჰქონდა, შესაბამისად გადასახადის გადახდისგან არიდების მიზანი კომპანიას არ ჰქონია. ითხოვს, ჯარიმა/საურავის პატიებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით.
მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით და უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. თუ გადასახადის გადამხდელის ქმედება გამოწვეულია დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, აღნიშნული ვერ იქნება სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გაწეული ხარჯების დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. დირექტორის პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების კომპანიის მიერ დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადასახადის გადამხდელს საბანკო ამონაწერის მიხედვით უფიქსირდება სხვადასხვა კომერციულ დაწესებულებებსა და სავაჭრო ობიექტებში გადახდილი თანხები რომელიც ბუღალტრულად აღიარებულია, როგორც დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა. აღნიშნული ხარჯის გაწევის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა კომპანიის მიერ საბანკო ანგარიშებიდან გასული თანხების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, შემოწმების ეტაპზე არ იქნა წარდგენილი. ასევე, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, არ დგინდება აღნიშნული ტრანზაქციების მიზნობრიობა, შესაბამისად, აღნიშნული თანხები განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
2.გამოვლინდა, რომ დირექტორის პირად საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება კომპანიის კუთვნილი ფულადი სახსრების ჩარიცხვა, რომელიც სრულად არ არის გადატანილი კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე დანიშნულებისამებრ და აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულ პროგრამაში ასახულ შემოსავალს. აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე დაეკისრა ჯარიმა.
3. გამოვლინდა კომპანიის მიერ დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე დაეკისრა ჯარიმა. გადასახადის გადამხდელს ფიზიკური პირებისათვის ხელფასის დანიშნულებით გადახდილი აქვს თანხა, რომელიც განსხვავდება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებში ხელფასის სახით დაფიქსირებული განაცემებისგან. გამოვლენილი სხვაობა ) დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ასევე დაეკისრა ჯარიმა. გამოვლინდა გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისგან სხვადასხვა სახის მომსახურების შეძენა. აღნიშნული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით და ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(9);101(1);154(1);275;