ბრძანება N 10055

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.05.2025
№ დოკუმენტი 10055
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10055

19 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------------ის“ (ს/ნ --------------)

(მის.: -----------------------------------)

2025 წლის 24 აპრილის და 6 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის პირველი მაისის და 7 მაისის სხდომებზე (ოქმები №33; №36) განიხილა შპს „------------ის“ (ს/ნ --------------) 2025 წლის 24 აპრილის №95250/1/2025 და 6 მაისის №95506/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 მარტის №001-23 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება მიღებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე აღსადგენი დღგ-ის თანხების დარიცხვას. აღნიშნავს, რომ კომპანიის ბუღალტერს დირექტორისგან მიეცა შესაბამისი მითითება აღსადგენი თანხები აესახა 2023 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში, თუმცა როგორც შემოწმების აქტიდან ირკვევა, აღნიშნული ოპერაცია მას არ განუხორციელებია, შესაბამისად, დირექტორის ბრალეულობა არ იკვეთება. შედეგად, ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მარტის №5025 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------------ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 28 მარტის №5864 ბრძანება და ამავე თარიღის №001-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 238 669 ლარი, მათ შორის, გადასახადი 126 547 ლარი, ჯარიმა 63 273 ლარი და საურავი 48 847 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: გადამხდელს 2022 წლის მაისის და ივნისის თვეების საანგარიშო პერიოდებზე სს „---------სგან“ მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეა------- დღგ-ის თანხით 68 919 ლარი და ეა------- დღგ-ის თანხით 146 374 ლარი, რომლებიც ასახული აქვს შესაბამისი პერიოდების დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში და მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები. 2023 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდზე სს „----------ის“ მიერ საწარმოზე გამოიწერა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეკ -------, რომლის მიხედვითაც დაკორექტირდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა------- დღგ-ის თანხით 68 919 ლარი და ჩასათვლელმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 27 230 ლარი, ხოლო აღსადგენმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 41 689 ლარი, ამაევ პერიოდზე ასევე გამოიწერა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეკ ------, რომლის მიხედვითაც დაკორექტირდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---- ----- დღგ-ის თანხით 146 374 ლარი და ჩასათვლელმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 61 516 ლარი, ხოლო აღსადგენმა დღგ-ის თანხამ 84 858 ლარი. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურები არ არის ასახული 2023 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში.

შემოწმების მიერ 2023 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდზე აღდგენას ექვემდებარება დღგის თანხა სულ 126 547 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 7 მაისს 11:15 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორცილდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);

გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელს 2022 წლის მაისის და ივნისის თვეების საანგარიშო პერიოდებზე სს „---------სგან“ მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეა----- დღგ-ის თანხით 68 919 ლარი და ეა----- დღგ-ის თანხით 146 374 ლარი, რომლებიც ასახული აქვს შესაბამისი პერიოდების დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში და მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები. 2023 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდზე სს „------ნგის“ მიერ საწარმოზე გამოიწერა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეკ ----- და ეკ ------, რომლის მიხედვითაც დაკორექტირდა ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და აღსადგენმა დღგის თანხამ შეადგინა სულ 126 547 ლარი, რომელიც გადამხდელის მიერ არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------------ის“ (ს/ნ --------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება მიღებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე აღსადგენი დღგ-ის თანხების დარიცხვას. ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №5025 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №5864 ბრძანება და №001-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 238 669 ლარი, მათ შორის, გადასახადი 126 547 ლარი, ჯარიმა 63 273 ლარი და საურავი 48 847 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელს 2022 წლის მაისის და ივნისის თვეების საანგარიშო პერიოდებზე მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დღგ-ის თანხით 68 919 ლარი და 146 374 ლარი, რომლებიც ასახული აქვს შესაბამისი პერიოდების დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში და მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები. ასევე 2023 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდზე საწარმოზე გამოიწერა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა , რომლის მიხედვითაც დაკორექტირდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დღგ-ის თანხით 68 919 ლარი და ჩასათვლელმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 27 230 ლარი, ხოლო აღსადგენმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 41 689 ლარი, ამაევ პერიოდზე ასევე გამოიწერა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა , რომლის მიხედვითაც დაკორექტირდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დღგ-ის თანხით 146 374 ლარი და ჩასათვლელმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 61 516 ლარი, ხოლო აღსადგენმა დღგ-ის თანხამ 84 858 ლარი. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურები არ არის ასახული 2023 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში.

შემოწმების მიერ 2023 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდზე აღდგენას ექვემდებარება დღგის თანხა სულ 126 547 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174(1.2); 175(1 „ა“); 176(1 ,,ა“) ; 178(1 ,,დ“); 179(1.2..4);