გადაწყვეტილება №20692/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.02.2024
№ დოკუმენტი 20692/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20692/2/2023

12 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 29.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20692/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1805 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 27.04.2022 წლის №EL161693 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 27.04.2022 წლის №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 8.06.2023 წლის №------- წერილი;

4. შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20308 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 6 055,51 ლარი.

მათ შორის:

ჯარიმა - 55,51

ჯარიმა - 6 000

 

პროცედურული გარემოებები

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტებზე, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 27.04.2022 წლის №EL161690 და №EL161693 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით შეეფარდა ამავე მუხლებით განსაზღვრული სანქციები.

აღნიშნული ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.05.2022 წლის №12725 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 27.10.2022 წლის №16795/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12725 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 3.02.2023 წლის №1805 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საბაჟო დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საბაჟო დეპარტამენტის 27.04.2022 წლის №EL161693 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების შესაბამისი კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1805 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის 8.06.2023 წლის №------- წერილი, რაც, საბაჟო დეპარტამენტის 27.04.2022 წლის №EL161693 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებთან ერთად გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20308 ბრძანებით საჩივარი საბაჟო დეპარტამენტის 27.04.2022 წლის №EL161693 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში დარჩა განუხილველი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო საბაჟო დეპარტამენტის 8.06.2023 წლის №------- წერილის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20308 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

21.04.2022 წელს, შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ მომჩივნის კუთვნილ საბაჟო საწყობში (-------) №------- საბაჟო დეკლარაციით საწყობის პროცედურაში მოექცა სხვადასხვა დასახელების ალაოს ლუდი (საბაჟო ღირებულება - 22 318,55 ლარი).

26.04.2022 წელს, აღნიშნული საქონელი, საბაჟო საწყობის პროცედურიდან №------- საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, რა დროსაც მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“

26.04.2022 წელს განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა და არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ დეკლარირებული ალაოს ლუდი კასრებში (Dead Pony 2 Club – KeyKeg) 10 კასრის ნაცვლად საბაჟო საწყობში აღმოჩნდა 12 კასრი, ხოლო ალაოს ლუდი ბოთლებში (Mr President – Case 12x330ml NBR) ნაცვლად 60 ბოთლისა აღმოჩნდა 36 ბოთლი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნულზე მომჩივანს 27.04.2022 წლის №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქონლის მესაკუთრესთან სოლიდარულად დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილითგათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდათ ჯარიმა 55,51 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების განმეორებით შეუსრულებლობისთვის საბაჟო დეპარტამენტის 27.04.2022 წლის №EL161693 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე.

საბაჟო დეპარტამენტის 27.04.2022 წლის №EL161690 და №EL161693 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული სანქციის გაუქმების მოთხოვნით, №70397/1/2022 საჩივარი მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იყო 29.04.2022 წელს. საჩივარი განხილულია და იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულია 3.02.2023 წლის №1805 ბრძანება.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საბაჟო დეპარტამენტის 27.04.2022 წლის №EL161690 და №EL161693 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გასაჩივრების ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

26.04.2022 წელს კომპანიის საბაჟო საწყობში (GEF75) აქციზური მარკით მარკირების მიზნით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოექცა შპს ------- (ს/ნ -------) კუთვნილი სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული აქციზური ტვირთი (21.04.2022 წ. საბაჟო საწყობის დეკლარაცია C-52972). საბაჟო ფორმალობების სრული დაცვით საბაჟო საწყობმა მოახდინა ტვირთის (3 ადგილი) განთავსება საბაჟო კონტროლის ზონაში დოკუმენტაციაში მითითებული რაოდენობების მიხედვით, კერძოდ სატრანსპორტო ზედდებულში (CMR) მითითებული იყო 3 ადგილი (3 colli).

27.04.2022 წელს შპს ------- სახელზე დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია საბაჟო საწყობში აქციზური მარკით მარკირებული ტვირთის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, რა დროსაც დეკლარაციას განესაზღვრა წითელი დერეფანი. შპს ------- მიერ დეკლარირებული (C-53582 26.04.2022) საქონლის დათვალიერება განახორციელა გეზ თბილისის მებაჟე ოფიცერმა. საქონლის ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, ალაოს ლუდი კასრებში DEAD PONY-KEYKEG 2 ერთეული და ამავდროულად საქონლის დანაკლისი, კერძოდ, ალაოს ლუდი ბოთლებში 2 შეკვრა (სულ 24 ბოთლი) MR PRESIDENT-CASE 12X330ml.

ზემოხსენებულთან დაკავშირებით კომპანიას დაეკისრა პასუხისმგებლობა და სადავო აქტების გასაჩივრების შემდგომ დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დამატებით შესწავლის ხელშეწყობის მიზნით, კომპანიის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის სახით წარდგენილია ექსპორტიორი კომპანიის მიერ გამოგზავნილი წერილის ნოტარიული თარგმანი და ტვირთის დანაკლისის აქტი (CREDIT NOTE) (170014054), რამაც დაადასტურა ის გარემოება, რომ ექსპორტიორი კომპანიის მიერ იქნა არასწორად გამოგზავნილი ტვირთი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება გახდა კიდეც იმის საფუძველი, რომ 27.10.2022 წელს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეესწავლა გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა სადავო სამართალდარღვევის ოქმების კორექტირება (შესაბამისი შემცირება). საბაჟო დეპარტამენტის 8.06.2023 წლის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სადავო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებაზე და ოქმების კორექტირებაზე. სადავო აქტები არის დაუსაბუთებელი, კანონშეუსაბამო და ისინი უნდა გაუქმდეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დადგენილი წესით ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მიაჩნია, რომ განსახილველ დავაში ადგილი არ აქვს სამართალდარღვევას ზოგადად, ბრალეულ ქმედებას. მით უფრო გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საბაჟო დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახური კანონშეუსაბამოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს სამართალდარღვევას. კერძოდ, როგორც სადავო გადაწყვეტილებებით ირკვევა, ადმინისტრაციული ორგანოები მიიჩნევენ, რომ კომპანიის მიერ დარღვეულია საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლი. კერძოდ, ისინი მიუთითებენ, რომ საქონლის შენახვასთან დაკავშირებულმა პირმა უნდა აწარმოოს სათანადო აღრიცხვა დადგენილი ფორმით, რაც გულისხმობს ისეთი მონაცემისა და სხვა ინფორმაციის შენახვას, რომლებიც „საბაჟო ორგანოებს მისცემს საშუალებას ზედამხედველობა გაუწიოს შესაბამის საბაჟო პროცედურას, კერძოდ, ამ პროცედურაში მოქცეული საქონლის იდენტიფიკაციასთან, საბაჟო სტატუსთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით“ ანუ ამ ნორმის ანალიზიდან ჩანს, რომ უნდა ჰქონოდა საქონელზე ინფორმაცია და შეენახა კიდეც იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს საბაჟო პროცედურას საქონლის იდენტიფიკაციასთან, სტატუსის განსაზღვრასთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანოები არ ითვალისწინებენ და იგნორირებას უკეთებენ იმ გარემოებას, რომ ამ შემთხვევაში, 26.04.2022 წელს საბაჟო საწყობში (GEF75) აქციზური მარკით მარკირების მიზნით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოექცა შპს ------- კუთვნილი სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული აქციზური ტვირთი (საბაჟო საწყობის დეკლარაცია C-52972 21.04.2022). საბაჟო ფორმალობების სრული დაცვით საბაჟო საწყობმა მოახდინა ტვირთის (3 ადგილი) განთავსება საბაჟო კონტროლის ზონაში დოკუმენტაციაში მითითებული რაოდენობების მიხედვით, კერძოდ სატრანსპორტო ზედდებულში (CMR) მითითებული იყო 3 ადგილი (3 colli). ტვირთის შენახვა მოხდა სწორედ ტვირთის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული რაოდენობის მიხედვით. სატრანსპორტო ზედდებულში მითითებული იყო 3 ადგილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ განხორციელდა საქონლის იდენტიფიკაცია წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მოხდა მისი აღრიცხვა და შენახვა და განისაზღვრა სტატუსი. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლის გამოყენება კომპანიის პასუხისმგებლობის საფუძვლად, კანონშეუსაბამო და დაუსაბუთებელია.

დარღვეულია „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის მე-9 მუხლი, რომლის თანახმად პირმა, რომელიც ახორციელებს საქონლის შენახვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლის შესაბამისად უნდა აწარმოოს ისეთი მონაცემების აღრიცხვა და შენახვა, რომლებიც საბაჟო ორგანოს საშუალებას მისცემს ზედამხედველობა გაუწიოს შესაბამის საბაჟო პროცედურას, მათ შორის დეტალები საქონლის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ნიშნების, შეფუთვის რაოდენობისა და სახეობის, საქონლის რაოდენობისა და ნორმალური კომერციული ან ტექნიკური აღწერილობის შესახებ. კომპანიის მიერ განხორციელდა ტვირთის აღრიცხვა სატრანსპორტო ზედდებულის მიხედვით და მის საფუძველზე, აღირიცხა ზედდებულში მითითებული საქონელი და მისი სახეობა ანუ განხორციელდა საქონლის იდენტიფიკაცია, განთავსდა ტვირთის თანხმლებ ზედდებულში (CMR) მითითებული 3 ადგილი, ანუ დადგინდა შეფუთვის რაოდენობაც ე.ი. აღირიცხა საქონლის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ყველა მონაცემი, რაც გათვალისწინებულია საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლით.

რაც შეეხება ამავე მუხლში მითითებულ „საქონლის რაოდენობას“, საქონლის რაოდენობის დადგენა საქონლის თანმხლებ დოკუმენტთან მიმართებაში გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი დათვლადია, ანუ არ არის შეფუთული პალეტ ადგილებად და საწყობში წარდგენილია ცალობით. ამ შემთხვევაში კი, საქონელი წარდგენილი იყო შეფუთული, თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული იყო 3 ადგილი, შესანახად წარდგენილი ტვირთის ფუთების რაოდენობა ემთხვეოდა სატრანსპორტო ზედდებულში მითითებული საქონლის სახეობასა და შეფუთვის რაოდენობას, შეფუთვა დარღვეული არ იყო, რაც გამორიცხავდა შეფუთვების შიგნით არსებული საქონლის რაოდენობის გადათვლას კომპანიის მიერ. აღნიშნული არ არის მოწესრიგებული მოქმედი კანონმდებლობით, მით უფრო, რომ საქონელი წარმოადგენს კერძო საკუთრებას და კომპანია ვერ ჩაერევა კერძო მესაკუთრის საკუთრების ინტერესებში. უფრო მეტიც, თვით საბაჟო ორგანოები საქონლის განბაჟების დროს არ არღვევენ შეფუთვების მთლიანობას, გარდა იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია „წითელი დერეფანი“. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოთა ზემოაღნიშნული მოსაზრებაც დაუსაბუთებელია.

ასევე, საყურადღებოა ის გარემოება, რომ როგორც სადავო სამართალდარღვევის ოქმებით დგინდება, პასუხისმგებლობის საფუძველია საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესის და პირობის შესახებ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობის დარღვევა. კერძოდ, საბაჟო საწყობმა ვერ გამორიცხა 26.04.2022 წ. №C5382 საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაწილის (24 ბოთლი ლუდი) განკარგვა ანუ გამოდის, რომ სამართალდარღვევა იმაში გამოიხატა, რომ კომპანიამ „განკარგა“ 24 ბოთლი ლუდი ანუ მოიპარა ან გაყიდა ან ა.შ. ამასთან, მესაკუთრეს პრეტენზია არ გამოუხატავს, არ მოუთხოვია მისთვის 24 ბოთლი ლუდის დაბრუნება?! - აღნიშნულს ადგილი რომ არ ჰქონია, ამას ადასტურებს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დამატებითი დოკუმენტაციის სახით წარდგენილია ექსპორტიორი კომპანიის მიერ გამოგზავნილი წერილი (ნოტარიული თარგმანი) და ტვირთის დანაკლისის აქტი (CREDIT NOTE) (170014054), რამაც დაადასტურა ის გარემოება, რომ ექსპორტიორი კომპანიის მიერ არასწორად იქნა გამოგზავნილი ტვირთი და რომ სწორედ ეს გარემოება გახდა კიდეც იმის საფუძველი, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული იქნა 27.10.2022 წლის გადაწყვეტილება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

ცალსახაა, რომ ადგილი არ აქვს კომპანიის მიერ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განკარგვას. მით უფრო გაურკვეველია და დაუსაბუთებელი შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში სხვა დაუსაბუთებელ გარემოებებთან ერთად იმის მითითება, რომ ადგილი აქვს საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა. რა შეუთანხმებელ ქმედებას აქვს ადგილი ან რაში გამოიხატა იგი? - სრულიად გაურკვეველია. შესაბამისად, პასუხიმგებლობის დაკისრება კომპანიისთვის და დაჯარიმება ამ საფუძვლებით, სრულიად დაუსაბუთებელია და კანონშეუსაბამო. ასევე, თუ ჯარიმდება იმის გამო, რომ მოახდინა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაწილის (24 ბოთლი ლუდი) განკარგვა, მაშინ სრულიად დაუსაბუთებელია სადავო საბაჟო დეპარტამენტის 8.06.2023 წლის გადაწყვეტილებასა და შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის სადავო №20308 ბრძანებაში გამოყენებული საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლით და ზემოთ მითითებული ინსტრუქციებით დადგენილი ისეთი მონაცემების აღრიცხვა და შენახვა, რომლებიც საბაჟო ორგანოს საშუალებას მისცემს ზედამხედველობა გაუწიოს შესაბამის საბაჟო პროცედურას, მათ შორის, დეტალები საქონლის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ნიშნების, შეფუთვის რაოდენობისა და სახეობის, საქონლის რაოდენობისა და ნორმალური კომერციული ან ტექნიკური აღწერილობის შესახებ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივნის მიერ საბაჟო დეპარტამენტის 27.04.2022 წლის №EL161693 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების თაობაზე საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 29.04.2022 წელს (№70397/1/2022). შემოსავლების სამსახურის მიერ №70397/1/2022 საჩივარზე მიღებულია 3.02.2023 წლის №1805 ბრძანება.

შემოსავლების სამსახურში 18.07.2023 წელს წარდგენილი საჩივრით (№82401/1/2023) მომჩივნის მიერ მოთხოვნილი იქნა საბაჟო დეპარტამენტის 27.04.2022 წლის №EL161693 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმება.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან საბაჟო დეპარტამენტის 27.04.2022 წლის №EL161693 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების თაობაზე წარდგენილ საჩივარზე მომჩივნის მიმართ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ 3.02.2023 წლის №1805 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება, საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

2. შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1805 ბრძანების აღსრულების შედეგები

ფაქტების აღწერა

საბაჟო დეპარტამენტის 27.04.2022 წლის №EL161693 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.05.2022 წლის №12725 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 27.10.2022 წლის №16795/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მომჩივანი მიუთითებს, რომ ექსპორტიორი კომპანიის მიერ არასწორად იყო გამოგზავნილი ტვირთი, რასაც მომწოდებელი ადასტურებს წერილობით და განმარტავს, რომ მოხდა ლუდის სახეობების არევა კერძოდ, 2 შეკვრა ლუდის ნაცვლად გამოგზავნილ იქნა 2 ბალონი ლუდი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ წერილზე შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12725 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1805 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საბაჟო დეპარტამენტის 27.04.2022 წლის №EL161693 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების შესაბამისი კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1805 ბრძანების აღსრულების მიზნით გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის 8.06.2023 წლის №------- წერილი, სადაც მითითებულია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შპს ------- წარმოადგენს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს, რომელმაც საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული, შპს ------- კუთვნილი აქციზური საქონლის იმ რაოდენობის შენახვაზე აიღო პასუხისმგებლობა, რაც მითითებული იყო საბაჟო დეკლარაციაში (№------- 21.04.2022). შპს ------- განმარტებით, საქონელი საბაჟო საწყობში განთავსდა სატრანსპორტო ზედდებულში მითითებული ადგილების შესაბამისად (3 ადგილი) და არ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მომხდარიყო შეფუთული ადგილების (3 შეფუთული პალეტი) დაშლა და შიგთავსის რაოდენობების გადათვლა. როგორც ირკვევა, საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის აღრიცხვა სათანადო წესით განხორციელებული არ ყოფილა და საქონლის ნაკლებობაც (დანაკლისი) გამოვლენილია მხოლოდ აღნიშნული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად წარდგენილი №------- საბაჟო დეკლარაციის „წითელ დერეფანში“ მოხვედრისას განხორციელებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას შპს ------- მიერ წარდგენილ, ექსპორტიორი კომპანია „-------“-ის 28.04.2022 წლის წერილში მითითებული გარემოება, რომ მათ მიერ არასწორად იყო გამოგზავნილი ტვირთი, არ წარმოადგენს საფუძველს როგორც საბაჟო საწყობში ფაქტიურად წარდგენილი საქონლის რაოდენობის დასადგენად, ასევე საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვისა და სანებართვო პირობების დარღვევისათვის 27.04.2022 წლის №EL161693 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან გასათავისუფლებლად. შესაბამისად, მითითებული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების კორექტირება არ განხორციელდა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლის პირველ ნაწილზე და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №9) მე-9 მუხლზე.

შპს -------, როგორც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი, რომელიც ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის შენახვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ვალდებულია საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №9) მე-9 მუხლის შესაბამისად აწარმოოს ზემოაღნიშნული მონაცემების აღრიცხვა და შენახვა.

საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია აწარმოოს საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ნაშთების აღრიცხვა ამ ინსტრუქციის №5 დანართის შესაბამისად. ხსენებული დანართი კი ითვალისწინებს საქონლის დასახელების, რაოდენობის, წონის/მოცულობის (კგ, ლიტრი და სხვა) შესახებ მონაცემების აღრიცხვას.

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ზემოაღნიშნული დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, საბაჟო დეპარტამენტმა მართებულად მიაჩნია, რომ არ არსებობს საბაჟო დეპარტამენტის 27.04.2022 წლის №EL161693 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების კორექტირების საფუძველი.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1805 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ საბაჟო დეპარტამენტის 8.06.2023 წლის №------- გადაწყვეტილებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტები მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.

საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის 19.04.2023 წლამდე მოქმედი რედაქციით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

დადგენილია, რომ 21.04.2022 წელს, შპს ------- (ს/ნ -------) მიერ მომჩივნის კუთვნილ საბაჟო საწყობში (-------) №------- საბაჟო დეკლარაციით საწყობის პროცედურაში მოექცა სხვადასხვა დასახელების ალაოს ლუდი (საბაჟო ღირებულება - 22 318,55 ლარი). 26.04.2022 წელს, აღნიშნული საქონელი, საბაჟო საწყობის პროცედურიდან №------- საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, რა დროსაც მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“. 26.04.2022 წელს განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა და არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ დეკლარირებული ალაოს ლუდი კასრებში (Dead Pony 2 Club – KeyKeg) 10 კასრის ნაცვლად საბაჟო საწყობში აღმოჩნდა 12 კასრი, ხოლო ალაოს ლუდი ბოთლებში (Mr President – Case 12x330ml NBR) ნაცვლად 60 ბოთლისა აღმოჩნდა 36 ბოთლი. მომჩივანს 27.04.2022 წლის №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქონლის მესაკუთრესთან სოლიდარულად დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172- ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და 27.04.2022 წლის №EL161693 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.

აღნიშნული ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.05.2022 წლის №12725 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 27.10.2022 წლის №16795/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12725 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს. საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, მომჩივნის არგუმენტზე, რომ ექსპორტიორი კომპანიის მიერ არასწორად იყო გამოგზავნილი ტვირთი, რასაც მომწოდებელი ადასტურებს წერილობით და განმარტავს, რომ მოხდა ლუდის სახეობების არევა კერძოდ, 2 შეკვრა ლუდის ნაცვლად გამოგზავნილ იქნა 2 ბალონი ლუდი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ წერილზე შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია, საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნა ამავე სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1805 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საბაჟო დეპარტამენტის 27.04.2022 წლის №EL161693 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების შესაბამისი კორექტირება.

საბაჟო დეპარტამენტის 8.06.2023 წლის №------- წერილში აღნიშნულია, რომ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის აღრიცხვა სათანადო წესით განხორციელებული არ ყოფილა და საქონლის ნაკლებობაც (დანაკლისი) გამოვლენილია მხოლოდ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად წარდგენილი №------- საბაჟო დეკლარაციის „წითელ დერეფანში“ მოხვედრისას განხორციელებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას შპს ------- მიერ წარდგენილ, ექსპორტიორი კომპანია „-------“-ის 28.04.2022 წლის წერილში მითითებული გარემოება, რომ მათ მიერ არასწორად იყო გამოგზავნილი ტვირთი, არ წარმოადგენს საფუძველს როგორც საბაჟო საწყობში ფაქტიურად წარდგენილი საქონლის რაოდენობის დასადგენად, ასევე საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვისა და სანებართვო პირობების დარღვევისათვის 27.04.2022 წლის №EL161693 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან გასათავისუფლებლად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საბაჟო დეპარტამენტის 8.06.2023 წლის №------- წერილით ამავე დეპარტამენტის 27.04.2022 წლის №EL161693 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების კორექტირებაზე მომჩივანს უარი ეთქვა სადავო საკითხის შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1805 ბრძანების შესაბამისად სრულყოფილად შესწავლის შედეგად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს

1. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1805 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

21.04.2022 წელს, ორგანიზაციის მიერ მომჩივნის კუთვნილ საბაჟო საწყობში საბაჟო დეკლარაციით საწყობის პროცედურაში მოექცა სხვადასხვა დასახელების ალაოს ლუდი.

26.04.2022 წელს განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა და არადეკლარირებული საქონელი.

აღნიშნულზე მომჩივანს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქონლის მესაკუთრესთან სოლიდარულად დაეკისრა საბაჟო კოდექსით განსაზღვრული სანქციები.

აღნიშნული ოქმები არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ 3.02.2023 წლის №1805 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება, საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების კორექტირებაზე უარი მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172(1); 176(2);