გადაწყვეტილება № 26412/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 26412/2/2025
11 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 30.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26412/2/2025).
დავის საგანი:
სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.10.2025 წლის №001-225 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.12.2025 წლის №27254 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 123 037,87 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 76 184,83
დღგ - 8 382,11
საშემოსავლო გადასახადი - 67 692,72
ქონების გადასახადი - 110
ჯარიმა - 37 742,20
საურავი - 9 110,84
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა მეორადი საბურავებით. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 26.03.2019 წელს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 13.10.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით დადგინდა, რომ კომპანიას ჰყავს არარეზიდენტი ----- მოქალაქე ანგარიშვალდებული პირი, რომელიც, გადამხდელის განმარტებით, ახორციელებს საქონლის შეძენასა და ანგარიშსწორებას ადგილზე. ამასთან, დადგინდა, რომ საწარმოს აღნიშნულ პირთან 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით აქვს ვალდებულება 149 195 ლარის ოდენობით, ხოლო 2025 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით 121 575 ლარის ოდენობით (აღნიშნული ნაშთი უძრავია 2024 წლის 26 თებერვლიდან). შესამოწმებელ პერიოდში ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულია ჯამში 493 291 ლარი, საიდანაც მომწოდებლებზე გადახდილია 222 520 ლარი, კომპანიიდან თანხის გაცემა განხორციელებულია როგორც სალაროდან, ასევე საბანკო გადარიცხვით.
გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ურთიერთშედარების აქტი და განმარტა, რომ თანხის გატანა საზღვარგარეთ ხორციელდება სხვადასხვა პირების მიერ, ხოლო ზემოაღნიშნულ ანგარიშვალდებულ არარეზიდენტ პირს საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება.
შემოწმების შედეგად ვერ დადასტურდა არარეზიდენტ ანგარიშვალდებულ პირზე ზედმეტად გადახდილი თანხების მიზნობრიობა და ვერ გაიშიფრა შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთის ფორმირების შესახებ ინფორმაცია. ამასთან, 2024 წლის 26 თებერვლიდან ფიქსირდება მოთხოვნა 121 575 ლარის ოდენობით და უცვლელია შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. შესაბამისად, ეჭვქვეშ დადგა საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების მიზნობრიობა და აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე 24.10.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №23538 ბრძანება და №001-225 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.12.2025 წლის №27254 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანიას ჰყავს არარეზიდენტი (გერმანიის მოქალაქე) ანგარიშვალდებული პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის შეძენასა და ანგარიშსწორებას ადგილზე. გადამხდელის მიერ წარდგენილი აღრიცხვის მიხედვით დადგინდა, რომ საწარმოს აღნიშნულ პირთან 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით აქვს ვალდებულება 149 195 ლარის ოდენობით, ხოლო 2025 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით
121 575 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულია ჯამში 493 291 ლარი, საიდანაც მომწოდებლებზე გადახდილია 222 520 ლარი. გადამხდელის განმარტებით, თანხის გატანა საზღვარგარეთ ხორციელდება სხვადასხვა პირების მიერ, ხოლო ზემოაღნიშნულ ანგარიშვალდებულ არარეზიდენტ პირს საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. შემოწმებისთვის წარდგენილია ურთიერთშედარების აქტი, თუმცა, შემოწმებით ვერ დადასტურდა არარეზიდენტ ანგარიშვალდებულ პირზე ზედმეტად გადახდილი თანხების მიზნობრიობა და ვერ გაიშიფრა შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთის ფორმირების შესახებ ინფორმაცია, შესაბამისად, კომპანიის მიერ გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ დოკუმენტთან, კერძოდ, ვალდებულების აქტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, აღნიშნული აქტი გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა შემოწმების პროცესშიც, შესაბამისად, შემოწმების მიერ განხორციელდა ვალდებულების აქტის შესწავლა და დადგინდა, რომ აღნიშნული დოკუმენტი გავლენას არ ახდენს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტი არ იქნა გათვალისწინებული.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება თანხების გაცემა ანგარიშვალდებულ პირზე, რომელთა მიზნობრიობა შემოწმებით ვერ დადგინდა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ანგარიშვალდებულ პირზე გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია თავის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას აღრიცხავს ბუღალტრული პროგრამა „ორის-5“- ის საშუალებით. მისი ძირითადი საქმიანობაა მეორადი საბურავების იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. კომპანიას ყავს არარეზიდენტი ანგარიშვალდებული ფ/პ (----- მოქალაქე), რომელიც ახდენს საბურავების შეძენას და ადგილზე ანგარიშსწორებას. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და მოითხოვს თანხის პერმანენტულ მიწოდებას, რომელსაც ახდენენ სხვადასხვა გზით. ამასთან, მათი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ შორის ხშირად ხდება დებიტორ/კრედიტორული დავალიანების მონაცვლეობა. აღნიშნულ ფაქტებს ადოკუმენტირებენ ურთიერთშედარების აქტის საშუალებით, კონკრეტულად: 1.01.2022 წელს ჰქონდათ ვალდებულება -149 795 ლარი, ხოლო 1.06.2025 წელს-დებიტორული 121 575 ლარი. შესაბამისი აქტი წარდგენილ იქნა როგორც საგადასახადო აუდიტის პროცესში, ასევე შემოსავლების სამსახურში გასაჩივრების დროს. შემოსავლების სამსახურმა ისარგებლა სსკ-ის 61-ე მუხლის მე-5 ნაწილით და აღნიშნული აქტი არ ჩათვალა კომპანიის მიერ წარმოდგენილ სრულფასოვან დოკუმენტად და მოახდინა გადასახადების დარიცხვა მის ხელთ არსებული ინფორმაციის შესაბამისად. საგადასახადო აუდიტის დამთავრების შემდგომ ანგარიშვალდებულმა პირმა მოახდინა თავისი ვალდებულების შესრულება და ორჯერ იქნა განხორციელებული საბურავების იმპორტი: 21.10.2025-72 860,55 ლარი და 9.12.2025-75 244,55 ლარის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ მომჩივანს არარეზიდენტ ანგარიშვალდებულ პირზე, შესამოწმებელ პერიოდში გაცემული აქვს ჯამში 493 291 ლარი, საიდანაც მომწოდებლებზე გადახდილია 222 520 ლარი. ამასთან, 2024 წლის 26 თებერვლიდან ფიქსირდება მოთხოვნა 121 575 ლარის ოდენობით და უცვლელია შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. საგადასახადო ორგანომ ვერ დაადგინა ნამეტი თანხის მიზნობრიობა და აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ვერ გაიშიფრა შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთის ფორმირების შესახებ ინფორმაცია. ამასთან, 2024 წლის 26 თებერვლიდან დაფიქსირებული მოთხოვნა 121 575 ლარის ოდენობით, უცვლელია შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. შესაბამისად, ეჭვქვეშ დადგა საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების მიზნობრიობა და აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივნის განმარტებით, არარეზიდენტი ანგარიშვალდებული ფიზიკური პირი (გერმანიის მოქალაქე), ახდენს საბურავების შეძენას და ადგილზე ანგარიშსწორებას. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და მოითხოვს თანხის პერმანენტულ მიწოდებას. ამასთან, ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ შორის ხშირად ხდება დებიტორ/კრედიტორული დავალიანების მონაცვლეობა. აღნიშნულ ფაქტებს ადოკუმენტირებენ ურთიერთშედარების აქტის საშუალებით, რაც წარდგენილ იქნა როგორც საგადასახადო აუდიტის პროცესში, ასევე შემოსავლების სამსახურში გასაჩივრების დროს.
მომჩივნის აღნიშნულ არგუმენტზე შემმოწმებლებმა განმარტეს, რომ ურთიერთშედარების აქტის შესწავლით დადგინდა, რომ ის გავლენას არ ახდენს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და არ წარმოადგენს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველს. აღნიშნული დოკუმენტი იდენტურად შეაფასა შემოსავლების სამსახურმაც.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხზე და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა მეორადი საბურავებით.
მომჩივანს არარეზიდენტ ანგარიშვალდებულ პირზე, შესამოწმებელ პერიოდში გაცემული აქვს ჯამში 493 291 ლარი, საიდანაც მომწოდებლებზე გადახდილია 222 520 ლარი. ამასთან, 2024 წლის 26 თებერვლიდან ფიქსირდება მოთხოვნა 121 575 ლარის ოდენობით და უცვლელია შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. საგადასახადო ორგანომ ვერ დაადგინა ნამეტი თანხის მიზნობრიობა და აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
ანსახილველ შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(9);101((1);154(1):