ბრძანება N 3696

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.02.2023
№ დოკუმენტი 3696
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3696

27.02.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(იურ. მის.: ----------;

ფაქტ. მის.: ----------)

2022 წლის 11 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 11 დეკემბრის №77192/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ნოემბრის №081-213 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ საცალო რეალიზაციის შემთხვევაში ფასნამატი შეადგენს 25%-ს, საბითუმოს შემთხვევაში ის არის 10-12%-ის ფარგლებში. შესაბამისად, ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას საცალო და საბითუმო ფასნამატების გათვალისწინებით.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივლისის №17857 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 10 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 14 ნოემბრის №28609 ბრძანება და ამავე თარიღის №081-213 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 848 418 ლარი, მათ შორის, გადასახადი 510 138 ლარი, ჯარიმა 254 943 ლარი, საურავი 83 337 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა "----------"-დან "----------"-ს იმპორტი/რეალიზაცია. საწარმოს იჯარით აქვს აღებული სასაწყობე (საყინულე/სამაცივრე) ფართი (მის.: ----------). ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით უფიქსირდება ერთი საკონტროლო სალარო აპარატი (სადისტრიბუციო). გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტების მიხედვით ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს განხორციელებული, არ აწარმოებს საქონლის რაოდენობრივ აღრიცხვას, არ ხორციელდება საქონლის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა სმფ-ების და დებიტორული/კრედიტორული დავალიანების საწყისი და საბოლოო ნაშთები მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდისთვის (და არა წლების მიხედვით).

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დამუშავდა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული იმპორტირებული და ადგილობრივი სმფ-ის შესყიდვები/დოკუმენტური რეალიზაციები, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის აქტები, შედეგად, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა 17 ჯგუფად, 2019-2022 წლებში რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამის ჯგუფზე იდენტიფიცირებული დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც ჯამში საშუალოდ შეადგინა 25.52%.(შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული შემოსავლის 46%-ს შეადგენს). საწყისს და საბოლოო მარაგებში საქონლის თითოეული ჯგუფის წილი განსაზღვრულ იქნა შესაბამის საანგარიშო პერიოდში მისი შეძენის წილის პროპორციულად მთლიანი პერიოდის შეძენაში. აღნიშნული პრინციპით განსაზღვრულ და დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის სხვაობამ შეადგინა 1 102 413 ლარი, რომელიც პროპორციულად გადანაწილდა მთლიანი საანგარიშო პერიოდის დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ მთლიან ბრუნვაში. გადამხდელს დარიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. გადამხდელს ჩათვლილი ჰქონდა სარესტორნე მომსახურების დღგ-ის თანხები 39 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხით დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, შესაბამისად, დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი. ასევე, გათვალისწინებულ იქნა, საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტების საფუძველზე წარმოდგენილი შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო სალაროში არსებული ფულადი ნაშთები, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთები, საბანკო ამონაწერში არსებული საწყისი და საბოლოო ფულის ნაშთები, შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფულადი ნაშთის ოდენობამ შეადგინა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 1 554 730 ლარი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საწარმოს იმპორტირებული "----------" რეალიზაციის დიდი წილი მოდის საბითუმო რეალიზაციაზე (დაახლოებით 70%) და რეალიზაციის ამ ფორმის ძირითად ლოკაციას წარმოადგენს - ---------- და ----------. საცალო რეალიზაციის ძირითად მომხმარებლებს წარმოადგენენ კვების ობიექტები და სასტუმროები. შესაბამისად, აღნიშნული სუბიექტები სრულად უზრუნველყოფენ საგადასახადო ადმინისტრირებას და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოებას. განსხვავებული ვითარებაა ბაზრობებზე პროდუქციის საბითუმო რეალიზაციას. ბაზრობებზე დასაქმებულ ფიზიკური პირთა უმრავლესობას არ აქვს სალარო აპარატი, არ აწარმოებს საგადასახადო აღრიცხვას და ა.შ. მომჩივანი ასევე, განმარტავს, რომ "----------"-ს ფიზიკურ პირებზე მიწოდება დახლით ან/და სხვა საცალო რეალიზაციის არ ხდება. შესაბამისად, რესტორნებსა და სასტუმროებზე საქონელის მიწოდება ითვლება საცალო მიწოდებად, ხოლო "----------"-ზე და "----------"-ზე მიწოდება - საბითუმო მიწოდებად. რეალური ფასნამატიც განსხვავებულია - კერძოდ, თუ საცალო რეალიზაციის შემთხვევაში ფასნამატი შეადგენს 25%-ს, საბითუმოს შემთხვევაში ის არის 10-12%-ის ფარგლებში. შემოწმების პროცესში შემოწმებამ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საბითუმო მიწოდებისას, 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ სასაქონლო ზედნადებები უმეტეს მყიდველზე არ იწერებოდა ან/და იწერებოდა ნაწილობრივ, შესყიდული საქონლის მხოლოდ ნაწილზე. კომპანიამ დაიწყო ყოველდღიური რეესტრების წარმოება, თუ რა ოდენობის საქონელი იყიდებოდა ბაზრობაზე საბითუმოდ, ხოლო ტრანსპორტირებისას იყენებდა შიდა გადაზიდვას საწყობიდან ბაზრობამდე.

გადამხდელის მითითებით, საწარმოს დაფუძნებიდან - 2018 წლის 1 აპრილამდე "----------"-ზე და "----------"-ში სულ რეალიზებულია 525 000 ლარის საქონელი, რომლის საგადასახადო ადმინისტრირება სრულად არის განხორცილებული. აღნიშნული მოცულობა ამავე პერიოდის მთლიანი რეალიზაციის 52%-ს შეადგენს, ხოლო რაოდენობრივ გამოხატულებაში - 70%-ს. ამავდროულად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საწყობიდან "----------"-ზე შიდა გადაზიდვით ტრანსპორტირებულია 52 ტონა საქონელი, რაც მთლიანად დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის 30%-ს შეადგენს. ზედნადებების ანალიზის შედეგად ასევე დგინდება, რომ "----------"-ზე არსებული საწარმოს 16 მყიდველზე სისტემატურად 2018 წლის 1 აპრილამდე პერიოდში იწერებოდა სასაქონლო ზედნადებები. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას საცალო და საბითუმო ფასნამატების გათვალისწინებით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები, მაგრამ შემოსავლების სამსახური ფასნამატთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს ფასნამატის გაანგარიშების საკითხი, კერძოდ: დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ პროდუქტზე გაავრცელოს, იმ სასაქონლო ზედნადებებით დადგენილი ფასნამატი, რომელიც გამოწერილია საწარმოს მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს ფასნამატის გაანგარიშების საკითხი, კერძოდ: დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ პროდუქტზე გაავრცელოს, იმ სასაქონლო ზედნადებებით დადგენილი ფასნამატი, რომელიც გამოწერილია საწარმოს მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საწარმოს იმპორტირებული თევზის რეალიზაციის დიდი წილი მოდის საბითუმო რეალიზაციაზე (დაახლოებით 70%) და რეალიზაციის ამ ფორმის ძირითად ლოკაციას წარმოადგენს - თევზის ბაზრობა და საკოლმეურნეო ბაზარი. საცალო რეალიზაციის ძირითად მომხმარებლებს წარმოადგენენ კვების ობიექტები და სასტუმროები. შესაბამისად, აღნიშნული სუბიექტები სრულად უზრუნველყოფენ საგადასახადო ადმინისტრირებას და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოებას. განსხვავებული ვითარებაა ბაზრობებზე პროდუქციის საბითუმო რეალიზაციას. ბაზრობებზე დასაქმებულ ფიზიკური პირთა უმრავლესობას არ აქვს სალარო აპარატი, არ აწარმოებს საგადასახადო აღრიცხვას და ა.შ. მომჩივანი ასევე, განმარტავს, რომ თევზის ფიზიკურ პირებზე მიწოდება დახლით ან/და სხვა საცალო რეალიზაციის არ ხდება. შესაბამისად, რესტორნებსა და სასტუმროებზე საქონელის მიწოდება ითვლება საცალო მიწოდებად, ხოლო თევზის ბაზრობაზე და საკოლმეურნეო ბაზარზე მიწოდება - საბითუმო მიწოდებად. რეალური ფასნამატიც განსხვავებულია - კერძოდ, თუ საცალო რეალიზაციის შემთხვევაში ფასნამატი შეადგენს 25%-ს, საბითუმოს შემთხვევაში ის არის 10-12%-ის ფარგლებში. შემოწმების პროცესში შემოწმებამ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საბითუმო მიწოდებისას, 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ სასაქონლო ზედნადებები უმეტეს მყიდველზე არ იწერებოდა ან/და იწერებოდა ნაწილობრივ, შესყიდული საქონლის მხოლოდ ნაწილზე. კომპანიამ დაიწყო ყოველდღიური რეესტრების წარმოება, თუ რა ოდენობის საქონელი იყიდებოდა ბაზრობაზე საბითუმოდ, ხოლო ტრანსპორტირებისას იყენებდა შიდა გადაზიდვას საწყობიდან ბაზრობამდე.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები, მაგრამ შემოსავლების სამსახური ფასნამატთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს ფასნამატის გაანგარიშების საკითხი, კერძოდ: დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ პროდუქტზე გაავრცელოს, იმ სასაქონლო ზედნადებებით დადგენილი ფასნამატი, რომელიც გამოწერილია საწარმოს მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275

(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)