გადაწყვეტილება № 27435/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27435/2/2026
15 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 28.05.2026 და 1.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №27435/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17717 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.04.2026 წლის №078-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.05.2026 წლის №11373 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 541 478.53 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 298 498
საშემოსავლო გადასახადი - 298 228
ქონების გადასახადი - 270
ჯარიმა - 149 348
საურავი - 93 632.53
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ახორციელებდა საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტის - დაფნის ფოთლის შეძენასა და შემდგომ ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანებში (მათ შორის: ------).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის 12.08.2024 წლის №18540 ბრძანებით დაინიშნა და ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 11.02.2021 წლიდან 9.08.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.09.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა ექსპორტზე გატანილი დაფნის ფოთლის ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების (შესყიდვის აქტები) ელექტრონული (დასკანერებული pdf ფაილი) ფაილების ნაწილი, ხოლო პირვანდელი სახით არსებული მატერიალური დოკუმენტების წარდგენა მხოლოდ მცირე ნაწილზე მოახერხა. საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, შემმოწმებელი დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ მონაცემებს, განმარტებებსა და სხვა დოკუმენტაციას, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას და საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმიდან მიღებულ მასალებს.
წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას, მასში მითითებული საქონლის რაოდენობა და ფასები გადამოწმდა საქონლის მიმწოდებელ ფიზიკურ პირებთან. საგამოძიებო სამსახურიდან მიწოდებულ გამოკითხვის ოქმებიდან გაირკვა, რომ ფიზიკური პირები არ ადასტურებდნენ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ მოცულობას ან/და ფასს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე და შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების“ მიხედვით, ვინაიდან ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ იყო სადავო, მაგრამ არ დადასტურდა შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემების ნამდვილობა, შემოწმების შედეგად ანაზღაურებულად ჩაითვალა შესყიდვის აქტით დაფიქსირებული შეძენილი საქონლის ღირებულების 75%, ხოლო დარჩენილი სხვაობის თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო თვეში. შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
ასევე, ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით განაცემთა ინფორმაციაში არასრულად არის ასახული შემოსავლის მიმღებ პირთა მიერ მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია. ამ ნაწილში საწარმოს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2024 წლის №22401 ბრძანება და 18.10.2024 წლის №078-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 15.11.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.12.2024 წლის №27456 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ, ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის აქტები; ხოლო ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესყიდვის აქტების ის ნაწილი, რაზეც საგამოძიებო სამსახურის მიერ არ არის დადგენილი სიყალბე, სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და განახორციელოს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 27.12.2024 წლის №27456 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.02.2025 წლის №24671/2/2025 (20.02.2025წ. 03/11614) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 27.12.2024 წლის №27456 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2025 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტების ის ნაწილი, რაზეც საგამოძიებო სამსახურის მიერ არ იყო დადგენილი სიყალბე, სრულად იქნა გათვალისწინებული ხარჯებში. შედეგად შემცირდა, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი და ჯარიმა, სულ 466 598 ლარით, მათ შორის საშემოსავლო გადასახადი 311 065 ლარით და ჯარიმა 155 533 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 17.06.2025 წლის №12636 ბრძანება და ამავე თარიღის №078-3 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.08.2025 წლის №17717 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტისდეპარტამენტს წარუდგინოს გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ, ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის აქტები; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესყიდვის აქტების ის ნაწილი, რაზეც საგამოძიებო სამსახურის მიერ არ არის დადგენილი სიყალბე, სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და განახორციელოს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
15.07.2025 წელს მომჩივანმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს მისივე 6.08.2025 წლის №17717 ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებაზე, რაზეც გამოიცა შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20417 ბრძანება, რომლითაც შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17717 ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო მტკიცებულებების წარდგენის ვადად კომპანიას განესაზღვრა ბრძანების ჩაბარების დღიდან 15 კალენდარული დღე.
შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17717 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.04.2026 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი და ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტების ის ნაწილი, რაზეც საგამოძიებო სამსახურის მიერ არ იყო დადგენილი სიყალბე სრულად იქნა გათვალისწინებული ხარჯებში და აღნიშნულის შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშება. შედეგად შემცირებას დაექვემდებარა სულ 35 501 ლარი, მათ შორის საშემოსავლო გადასახადი 23 667 ლარი და ჯარიმა 11 834 ლარი.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა 22.04.2026 წლის №8916 ბრძანება და ამავე თარიღის №078-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.05.2026 წლის №11373 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების, კერძოდ, ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის აქტების წარსადგენად ვადა პირველად განესაზღვრა შემოსავლების სამსახურის 27.12.2024 წლის №27456 ბრძანებით, შესაბამისად, კომპანიას ჰქონდა საკმარისი დრო ზემოაღნიშნული მტკიცებულებების წარსადგენად, თუმცა მომჩივანს მიმდინარე საგადასახადო დავის ეტაპზეც არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველად წარდგენილ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 11.02.2021 წელს, ამავე პერიოდიდანაა რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. საქმიანობის სფეროა საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტის - დაფნის ფოთლის შეძენა და ექსპორტი სხვადასხვა ქვეყნებში (მათ შორის: უმეტესად -----, ასევე -----). კომპანია რეგისტრაციიდან კეთილსინდისიერად ასრულებდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა საგადასახადო ვალდებულებას.
გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ექსპორტირებული დაფნის ფოთლის ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების (შესყიდვის აქტები) ელექტრონული (დასკანერებული ფაილი) ფაილების ნაწილი, ხოლო პირვანდელი სახით არსებული მატერიალური დოკუმენტების წარდგენა მხოლოდ მცირე ნაწილზე მოახერხა. საგადასახადო ვალდებულების სწორად განსაზღვრის მიზნით შემმოწმებელი დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის (ორისის) მონაცემებს, განმარტებებს და სხვა დოკუმენტაციას, ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებულ ინფორმაციას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმიდან მიღებულ მასალებს. წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას, მასში მითითებული საქონლის რაოდენობა და ფასები გადამოწმებულ იქნა საქონლის მიმწოდებელ ფიზიკურ პირებთან. საგამოძიებო სამსახურიდან მიწოდებული გამოკითხვის ოქმებიდან გაირკვა, რომ ფიზიკური პირები არ ადასტურებენ შესყიდვის აქტით დაფიქსირებულ მოცულობას ან/და ფასს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლზე დაყრდნობით და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების მიხედვით, ვინაიდან ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო, მაგრამ არ დასტურდება შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემების ნამდვილობა, ამიტომ ანაზღაურებულად ჩაითვალა შესყიდვის აქტით დაფიქსირებული შეძენილი საქონლის ღირებულების 75%, დარჩენილი სხვაობის თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო თვეში.
საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებს არ დაეთანხმა და გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. მიაჩნია, რომ შესყიდვის აქტებით განხორციელებული შეძენების მხოლოდ 75%-ის აღიარება ხარჯად და დანარჩენი ნაწილის დირექტორის ხელფასად განხილვა არასამართლიანია. კომპანიამ შემოწმების პროცესში ვერ შეძლო შესყიდვის აქტების მატერიალური ფორმით სრულად წარდგენა, მაგრამ საჩივარში მიუთითა, რომ დავის დაკმაყოფილების შემთხვევაში გონივრულ ვადაში წარადგენდა შესყიდვის აქტებს მატერიალური ფორმით და ასევე ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებებს, სადაც დადასტურებული იქნებოდა გამყიდველი ფიზიკური პირების მიერ კომპანიაზე კონკრეტული რეალიზაციის განხორციელების ფაქტები, რაოდენობების, თარიღებისა და მიღებული თანხების მითითებით, ამიტომ ითხოვდა შესყიდვების სრულად გათვალისწინებას ხარჯებში. ზემოთ განხილული თემის განხილვის შემდეგ კი, ითხოვდა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით დარიცხული ჯარიმების მოხსნას.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 27.12.2024 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა შესყიდვის აქტების სრულად წარდგენა, ხოლო 50%-ზე მეტი შეძენების ნოტარიულად დადასტურებული ფორმით წარადგინეს. დანარჩენ ნაწილზე გრძელდება აღნიშნული დოკუმენტების მოგროვება. აღნიშნული შეისწავლა აუდიტის დეპარტამენტმა და წარდგენილი მასალებიდან მოხდა მხოლოდ იმ შესყიდვის აქტების გათვალისწინება, რომლის ნოტარიულად დადასტურება მოხდა.
დასკვნის გამოცემადე სრულად ვერ მოესწრო შეძენების ნოტარიულად დამოწმება. ნოტარიუსების სამუშაო საათები შეზღუდულია, ასევე ნოტარიუსი არ არის ყველა სოფელთან ახლოს. მომწოდებლები კი სოფელში მაცხოვრებელი და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ხალხია, მათ მოწოდების დროს გამოწერეს შესყიდვის აქტები და ახლა ამ აქტების დამატებით დადასტურება ნოტარიუსთან მათთვის დისკომფორტია და გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. კომპანიის მხრიდან მოითხოვს თითოეულ მათგანზე მანქანის გამოყოფას და ახლომახლო ადმინისტრაციულ ერთეულამდე მათ ტრანსპორტირების უზრუნველყოფას, რაც დროში იწელება და პარალელურ რეჟიმში რამდენიმე მომწოდებელთან ერთდროულად დოკუმენტის დადასტურება ვერ ხერხდება. თუმცა გრძელდება მომწოდებლებთან კონტაქტი და ამ ეტაპზე შეუძლია დამატებით წარადგინოს რამდენიმე მათგანი. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მომწოდებელი გარდაცვლილია, რამდენიმე კი საზღვარგარეთაა, ამიტომ ფიზიკურად ვერ ხდება მათი ნოტარიუსთან მიყვანა. შესაბამისად, ითხოვს დამატებით მიეცეს დრო მათ ოჯახებთან დასაკავშირებლად და წარმოადგენს ოჯახის წევრების ნოტარიულ დასტურს.
გადაწყვეტილების მიხედვით უნდა მომხდარიყო ისეთი შესყიდვის აქტების გათვალისწინება სრულად, რომელზეც სიყალბე არ დადგენილა. სიყალბე კი მთლიანი შეძენებიდან მხოლოდ 2 ფიზიკურ პირზეა დადგენილი. სწორედ ამიტომ, ითხოვს სრულად მოხდეს შეძენების გათვალისწინება, არ არსებობს არანაირი საფუძველი არ იქნას მიჩნეული სწორად შესყიდვის აქტებით განხორციელებული შეძენები. ასევე ითხოვს ჯარიმა-საურავის მოხსნას. საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მიხედვით ჩამოთვლილი ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით შედგენილი შესყიდვის აქტები წარდგენილია აუდიტის დეპარტამენტში დავის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემდეგ (შემოწმების პროცესში აღნიშნული დოკუმენტები სრულად არ იყო წარდგენილი). მაგრამ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გათვალისწინებულია მხოლოდ ის აქტები, რომლებზეც ნოტარიული დასტური არსებობდა. შესაბამისად, გადაწყვეტილების შემდეგ გამოიცა ახალი საგადასახადო მოთხოვნა, მხოლოდ აღნიშნული ნოტარიული დოკუმენტებით შემცირებული თანხებით. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გამოიყენოს პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეძენის დასადასტურებლად, ნოტარიულ დადასტურებას საგადასახადო კოდექსი არ მოითხოვს. ამასთან, 130 მომწოდებლიდან მხოლოდ ორ ფიზიკურ პირთან მოხდა სიყალბის დადასტურება, მის მიერ შესყიდვის აქტი წარდგენილია სრულად და ნოტარიულად დადასტურებულია 69 მომწოდებელთან (რაც შეადგენს მთლიანი მომწოდებლების 53%-ს).
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლზე დაყრდნობით, სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობის და მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე დავების განხილვის საბჭომ უნდა მოახდინოს საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადების და ჯარიმა-საურავის გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17717 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ, ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის აქტები; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესყიდვის აქტების ის ნაწილი, რაზეც საგამოძიებო სამსახურის მიერ არ არის დადგენილი სიყალბე, სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და განახორციელოს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17717 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 21.04.2026 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი და ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტების ის ნაწილი, რაზეც საგამოძიებო სამსახურის მიერ არ იყო დადგენილი სიყალბე სრულად იქნა გათვალისწინებული ხარჯებში და აღნიშნულის შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშება.
მომჩივანი მიუთითებს, რომ დასკვნის გამოცემადე სრულად ვერ მოესწრო შეძენების ნოტარიულად დამოწმება. ნოტარიუსების სამუშაო საათები შეზღუდულია, ასევე ნოტარიუსი არ არის ყველა სოფელთან ახლოს. მომწოდებლები კი სოფელში მაცხოვრებელი და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ხალხია. თუმცა გრძელდება მომწოდებლებთან კონტაქტი და ამ ეტაპზე შეუძლია დამატებით წარადგინოს რამდენიმე მათგანი. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მომწოდებელი გარდაცვლილია, რამდენიმე კი საზღვარგარეთაა, ამიტომ ფიზიკურად ვერ ხდება მათი ნოტარიუსთან მიყვანა. შესაბამისად, ითხოვს დამატებით მიეცეს დრო მათ ოჯახებთან დასაკავშირებლად და წარმოადგენს ოჯახის წევრების ნოტარიულ დასტურს. ამასთან, 130 მომწოდებლიდან მხოლოდ ორ ფიზიკურ პირთან მოხდა სიყალბის დადასტურება, მის მიერ შესყიდვის აქტი წარდგენილია სრულად და ნოტარიულად დადასტურებულია 69 მომწოდებელთან (რაც შეადგენს მთლიანი მომწოდებლების 53%-ს). გადაწყვეტილების მიხედვით უნდა მომხდარიყო ისეთი შესყიდვის აქტების გათვალისწინება სრულად, რომელზეც სიყალბე არ დადგენილა. სწორედ ამიტომ, ითხოვს სრულად მოხდეს შეძენების გათვალისწინება, არ არსებობს არანაირი საფუძველი არ იქნას მიჩნეული სწორად შესყიდვის აქტებით განხორციელებული შეძენები.
აღსანიშნია, რომ მომჩივანმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს მისვე 6.08.2025 წლის №17717 ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებაზე, რაზეც აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო მტკიცებულებების წარდგენის ვადა კვლავ განესაზღვრა ბრძანების ჩაბარების დღიდან 15 კალენდარული დღე.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17717 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17717 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 06.08.2025 წლის №17717 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს ხარჯების დასადასტურებლად განესაზღვრა ნოტარიულად დამოწმებული შესყიდვის აქტების წარდგენის ვადა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იმ დოკუმენტების სრულად აღიარება, რომლებზეც საგამოძიებო სამსახურის მიერ სიყალბე არ დადასტურებულა. ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 21.04.2026 წლის დასკვნით მტკიცდება, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი ნოტარიულად დამოწმებული და უტყუარი დოკუმენტები სრულად იქნა გათვალისწინებული ხარჯებში, რის შედეგადაც საგადასახადო ვალდებულებები უკვე გადაიანგარიშდა და შემცირდა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304