გადაწყვეტილება №23481/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.10.2024
№ დოკუმენტი 23481/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23481/2/2024

02 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ -ის 12.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23481/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატი და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2023 წლის №006-250 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.04.2024 წლის №7105 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 210 582 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 118 502

დღგ - 67 214

საშემოსავლო გადასახადი - 51 288

ჯარიმა - 59 251

საურავი - 32 829

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 18.03.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 12 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- კომპანია დაფუძნდა 2020 წლის 18 მარტს. 2020 წლის მაისის თვეში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს იმპორტით 8 760 ცალი საწოლის თეთრეული ჩინეთიდან, ხოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურის (ეა----№„--------“) საფუძველზე 8 726 ცალი ფეხსაცმელი შპს N1 მოდელიდან. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №6127 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს ნულს. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის სფეროს მქონე კომპანიების აუდირებული ფასნამატი საწოლის თეთრეულზე (77%) და ფეხსაცმელზე (45%), რომელიც გავრცელდა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე. შემოწმებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები რეალიზებულად განხილული იქნა 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;

- დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და შემოწმების ხელთ არსებული სხვა დოკუმენტები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის №4181 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია, თუმცა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება და მოძიება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, 2022 წლის 5 აპრილის №8450 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ნორმებზე დაყრდნობით ჩაითვალა, რომ გადასახადის გადამხდელის სალაროში ფიქსირდება ნული ლარი, დებიტორული დავალიანება არ გააჩნია, ხოლო კრედიტორული დავალიანების მიზნებისთვის გათვალისწინებულ იქნა შეძენის ღირებულება სრულად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ურთიერთშედარების აქტების საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. შედეგად, ინვენტარიზაციით დადგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივნისის №13409 ბრძანება და №006-250 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.09.2023 წლის №24133 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 22.12.2023 წლის №21152/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და 1.04.2024 წლის №7105 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმების პროცესში არ წარუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შეუძლებელი იყო ოპერაციების მიმდინარეობაზე კონტროლი და შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმების მიერ, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის სფეროს მქონე კომპანიების აუდირებული ფასნამატი (საწოლის თეთრეულზე 77% და ფეხსაცმელზე 45%), რომელიც გავრცელებული იქნა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე. შემოწმებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები რეალიზებულად განხილული იქნა 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტი, რომ ახორცილებდა საქონლის საბითუმოდ მიწოდებას, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის საცალო ფასნამატის გავრცელება, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არ წარუდგენია საქონლის საბითუმოდ რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები.

ამდენად, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შეძენილ საქონელზე შესაბამისი კატეგორიის მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და შემოწმებით გამოვლენილი ფულადი სახსრების ანალიზისას ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირება განხორციელდა მართლზომიერად.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება აუდიტორის შეფასებას, ვინაიდან სრულად არ იქნა გათვალისწინებული მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია. დაუსაბუთებელია სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის ფასნამატის მათზე მისადაგება, ვინაიდან "-------"-ს ტერიტორიაზე საშუალო საცალო რეალიზაცია შეადგენს ჯამურად 50%-ს, ხოლო საქონლის იმპორტიორის მიერ ან იმპორტიორისგან შეძენილი საქონლის ე.წ. გადამყიდველებზე მიწოდების შემთხვევაში საშუალო ფასნამატი მერყეობს 20-დან 40%-მდე. როგორც აუდიტის დეპარტამენტის აქტშია აღნიშნული, გადასახადის გადამხდელს მიერ მოხდა ორი სახის საქონლის შეძენა - ფეხსაცმლის ადგილობრივი იმპორტიორისგან, ხოლო თეთრეულის კომპანიის მიერ ჩინეთიდან იქნა იმპორტირებული.

კომპანიის მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სხვადასხვა მსგავსი, ანალოგიური საქმიანობის მქონე პირებისგან, რომლებიც ანალოგიურ პერიოდში, ანალოგიურ ადგილზე ახდენდნენ საქონლის რეალიზაციას, რომელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით საშუალო ფასნამატი შეადგენს 20-დან 40%- მდე.

თუ დავუშვებთ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით სხვა აუდირებული კომპანიის შედარებას და მის საფუძველზე ფასნამატის გავრცელებას, ასეთ შემთხვევაში, გამოყენებული ინფორმაცია უნდა წარმოადგენდეს კანონიერ ძალაში შესულ დარიცხვას/აქტს. კომპანიისათვის უცნობია თუ, რომელი ან რა სახის აუდირებული საქმიანობის მქონე კომპანიის ფასნამატი იქნა გამოყენებული და რისი მიხედვით მოახდინა შემოწმებამ 77%-იანი მარჟის მიკუთვნება.

დავების განხილვის საბჭოში წარმოადგინა სხვა პირებისგან მიწოდებული ინფორმაცია, მათ შორის აუდირებული კომპანიების ფასნამატის შესაბამისად გაანგარიშებულ ცხრილი (დანართი), რომლის მიხედვითაც, თეთრეულის შემთხვევაში საშუალო ფასნამატი შეადგენს 47%-ს, ხოლო ფეხსაცმლის შემთხვევაში 32%. ვინაიდან, კომპანიის მიერ არ ხდებოდა საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია, ყოველგვარ შესაძლებლობას მოკლებულია წარმოადგინოს დოკუმენტური ფასნამატის ამსახველი ინფორმაცია.

ამდენად, ითხოვს გამოიკვლიოს გამოიყენა თუ არა შემოწმებამ აუდირებული, კანონიერ ძალაში შესული საშუალო ფასნამატი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაევალოს შემმოწმებელ ორგანოს საკითხის ხელახლა შესწავლა და დარიცხული თანხების კორექტირება კომპანიის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების ცხრილის მიხედვით.

თუ მოხდება დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება, შესაბამისად წარმოიშობა საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ 2020 წლის მაისის თვეში გადასახადის გადამხდელს იმპორტით შეძენილი აქვს 8 760 ცალი საწოლის თეთრეული ჩინეთიდან, ხოლო 8 726 ცალი ფეხსაცმელი შპს N1 მოდელიდან. ხოლო, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებით, გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს ნულს. ამდენად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების აუდირებული ფასნამატის (საწოლის თეთრეულზე 77% და ფეხსაცმელზე 45%) გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე გავრცელების გზით. ამასთან, განისაზღვრა ფულის ნაშთი, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.

მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები/პოზიციები მანამდე წარმოდგენილი არგუმენტების/პოზიციების/მოთხოვნის ანალოგიურია, რაც ცნობილია საბჭოსათვის. კერძოდ აღნიშნავს, რომ შემმოწმებელი აუდიტორის მიერ სრულად არ იქნა გათვალისწინებული მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია. დაუსაბუთებელად მიაჩნია სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის ფასნამატის მისადაგება, გამოითხოვა ინფორმაცია სხვადასხვა მსგავსი, ანალოგიური საქმიანობის მქონე პირებისგან, რომლებიც ანალოგიურ პერიოდში, ანალოგიურ ადგილზე ახდენდნენ საქონლის რეალიზაციას დ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციით საშუალო ფასნამატი შეადგენს 20-დან 40%-მდე. კომპანიისათვის უცნობია რომელი ან რა სახის აუდირებული საქმიანობის მქონე კომპანიის ფასნამატი იქნა გამოყენებული. სხვა პირებისგან მიწოდებული ინფორმაციის, მათ შორის აუდირებული კომპანიების ფასნამატის შესაბამისად გაანგარიშების ცხრილის მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია დანართის სახით, თეთრეულის შემთხვევაში საშუალო ფასნამატი შეადგენს 47%-ს, ხოლო ფეხსაცმლის შემთხვევაში 32%-ს. ითხოვს გამოიკვლიოს გამოიყენა თუ არა შემოწმებამ აუდირებული, კანონიერ ძალაში შესული საშუალო ფასნამატი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაევალოს შემმოწმებელ ორგანოს საკითხის ხელახლა შესწავლა და დარიცხული თანხების კორექტირება კომპანიის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების ცხრილის მიხედვით.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება შემოწმების მიერ აუდირებული კომპანიის ფასნამატის: საწოლის თეთრეულზე 77%-ის და ფეხსაცმელზე 45%-ის გავრცელებას, რადგან უცნობია წარმოადგენს თუ არა დარიცხვა კანონიერ ძალაში შესულს და რომელი ან რა სახის აუდირებული საქმიანობის მქონე კომპანიის ფასნამატი იქნა გამოყენებული. კომპანიის მიერ მოძიებული იქნა ინფორმაცია ერთ კომპანიაზე შპს "------"-ზე, რომლის საჩივარზე შემოსავლების სამსახურმა აუდიტის დეპარტამენტს დაავალა საკითხის ხელახლა შესწავლა და ფასნამატის გამოყვანა, ამ კომპანიას მომჩივნის ანალოგიურად აქვს როგორც ადგილობრივ შეძენები, ისე იმპორტირებული პროდუქცია და აქვს ფასნამატები იმპორტირებულზე 47%, ხოლო ადგილობრივზე 32%. ამ პროცენტების ფარგლებში წარმოადგინა გაანგარიშება ცხრილის სახით საჩივარზე დანართის სახით, ასევე აუდიტის დეპარტამენტშიც, ითხოვს მათი გათვალისწინებით გადაანგარიშებას და დარიცხული თანხების კორექტირებას. ანუ ითხოვს აუდიტორი დაელოდოს შპს "------"-ის გადაანგარიშებას და შემდეგ მოხდეს გადასახადის გადამხდელზე დარიცხვის გადაანგარიშება. ვერანაირ მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს რომ საბითუმო მიწოდება განახორციელა, თუმცა იმაზე, რომ შპს "------"-ის აუდირებული ფასნამატი არის გამოყენებული, შპს "------"-ის შემთხვევაში არის როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზაცია, მიიჩნევს, რომ მათ შემთხვევაში, საშუალო უნდა იყოს გამოყენებული და არა მაქსიმალური. შეძლეს მხოლოდ ამ ერთი კომპანიის მოძიება, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტს ხელი მიუწვდება უფრო მეტზე და რატომ მაინცდამაინც 77%, მათთვის გაუგებარია. საბოლოო შედეგის დადგომამდე აუდიტორი იყენებდა დაახლოებით 50%-იან საშუალო ფასნამატს, მაგრამ შემდგომ შეცვალა და გამოყენებული იქნა 77%. მათთვის უცნობია შეცვლის მიზეზი, შპს "------"-ს იგივე გამყიდველისგან, იგივე საქონელი აქვს შეძენილი, წარმოდგენილი აქვს შესაბამისი გაანგარიშება და თვლის, რომ მოხდეს შპს "------"-ის გადაანგარიშება, რომელიც აღსრულების პროცესშია და შემდგომ ამის მიხედვით მოხდეს გადასახადის გადამხდელზე დარიცხული თანხების გადაანგარიშება.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა წარმოადგინა ფაქტობრივ გარემოებებში დაფიქსირებული ინფორმაციის ანალოგიური ინფორმაცია, ამასთან აღნიშნა, რომ საცალო რეალიზაციის აუდირებული ფასნამატია გამოყენებული და სხვა აუდირებულ კომპანიებში აუდირებული ფასნამატი კიდევ უფრო მაღალია, ამასთან რაც დეკლარირებულია გადასახადის გადამხდელის მიერ, დაახლოებით იგივე თანხაზეა განხორციელებული დარიცხვა.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 1.04.2023 წლის №7105 ბრძანება;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის არგუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტორის შეფასებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის სფეროს მქონე კომპანიების აუდირებული ფასნამატი საწოლის თეთრეულზე (77%) და ფეხსაცმელზე (45%), რომელიც გავრცელდა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე. შემოწმებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები რეალიზებულად განხილული იქნა 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

ასევე,განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. შედეგად, ინვენტარიზაციით დადგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),101,154.