ბრძანება N 13715

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.06.2024
№ დოკუმენტი 13715
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13715

11 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის: ---) 2023 წლის 25 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 ივნისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 მაისის №22397/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ს“ (ს/ნ ---) №86307/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №005-195 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, დასაქმებული პირის საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირად განხილვას, უძრავი ქონების საბაზრო ფასის ოდენობას, ასევე მიწის შესაძენად გადახდილ თანხასა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. აცხადებს, რომ ურთიერთდამოკიდებული პირის შემთხვევაში დასადგენია რამდენად მოახდინა ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა საბაზრო ფასზე.

აცხადებს, რომ შემოწმებისთვის წარდგენილი ჰქონდა სერტიფიცირებული შემფასებლის დასკვნა მიწის საბაზრო ფასთან დაკავშირებით, რაც არ იქნა გათვალისწინებული. საჩივარში წარმოდგენილი აქვს ვრცელი არგუმენტები და მსჯელობა დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესთან დაკავშირებით. განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოყენებული სამი ანალოგიდან პირველი და მე-2 ანალოგების გადამოწმება შესადარებლად გამოსადეგობასთან დაკავშირებით შეუძლებელია მაიდენტიფიცირებელი მონაცემების არარსებობის გამო (არ იძებნება დასკვნაში მითითებული ბმულები). აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ფიზიკური მახასიათებლების ნაწილში „ფართის“ ველში „-10%“-იანი კორექტირება. მიუთითებს, რომ შესაფასებელ მიწის ნაკვეთთან მე-3 ანალოგი შესაფასებელი მიწის ნაკვეთი არც იდენტური და არც მსგავსი არ არის და შესადარებლად გამოუსადეგარია, რადგან მდებარეობს ისეთ ზონაში, სადაც დაუშვებელია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის პირველი ნოემბრის №26984 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ----) შეძენის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 7 დეკემბრის №30695 ბრძანება და ამავე თარიღის №005-195 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 152 717 ლარი, მათ შორის, გადასახადი 93 604 ლარი, ჯარიმა 46 802 ლარი, საურავი 12 311 ლარი. ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 25 დეკემბერს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 თებერვლის №2325 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 24 მაისის №22397/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 თებერვლის №2325 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 მაისის №22397/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით: საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 1999 წელს, ამავე პერიოდიდან არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. პირის საქმიანობის განხორციელების ადგილია ქ. ----. წარმოდგენილია პირის საბუღალტრო პროგრამა. 2023 წლის 17 იანვარს საწარმომ ურთიერთდამოკიდებული პირისგან (დაქირავებულისგან) შეიძინა უძრავი ქონება - კერძოდ, არასასოფლო სამეურნეო მიწა - 1304 კვ.მ (ს.კ.----) 713 000 აშშ დოლარად (ეროვნული ბანკის კურსი 2.6738 - 1 906 419 ლარად). თანხა გადახდილია იმავე დღეს ბანკის ანგარიშიდან 1 906 419 ლარი. აღნიშნული მიწის შეძენასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა 2022 წლის 22 დეკემბრის დასკვნა (შემფასებელი ----), სადაც მიწის საბაზრო ფასი მითითებულია 713 000 აშშ დოლარი. ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის N58424/11/23 დასკვნით, უძრავი ქონების - არასასოფლო სამეურნეო მიწის 1304 კვ.მ (მდებარე ----) საბაზრო ღირებულება 2023 წლის 17 იანვრის მდგომარეობით შეფასდა 1 532 000 ლარად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწის ყიდვისას შეძენის ფასსა და საბაზრო ფასს შორის არსებული სხვაობა დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირზე - ---ზე (პ/ნ ----) გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.

7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება სხვა შემთხვევაში – სარგებლის საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინეს სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ გაცემული უძრავი ქონების შეფასების დასკვნა. თუმცა ის არ იქნა გათვალისწინებული და აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნით (10.11.2023 წლის №587424/11/23 დასკვნა).

გადასახადის გადამხდელი საჩივარში აღნიშნავს, რომ მათ შეისწავლეს ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნაში შესაფასებლად გამოყენებული 3 ანალოგი. იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მიწის ნაკვეთის კომერციულ მიმზიდველობას და მის ფასს განსაზღვრავს მისი ფუნქციური გამოყენებადობა და მასზე განაშენიანების დასაშვები სახეობები, მიიჩნევს, რომ შეუძლებელია შედარდეს გადამხდელის მიწის ნაკვეთი და განხილული ანალოგები, ვინაიდან ისინი სხვადასხვა საცხოვრებელ ზონაში მდებარეობს და აქვთ განსხვავებული მონაცემები, მათ შორის, ფართობი და განაშენიანების კოეფიციენტი. ასევე, განსახილველ შემთხვევაში ერთ-ერთ ანალოგზე შეზღუდულია მისი გამოყენებადობის დიაპაზონი და ფართის სრულად ათვისების შესაძლებლობა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული ვალის მართვის დეპარტამენტის და გადამხდელის მიერ წარდგენილი ქონების შეფასების დასკვნების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის დასაბუთებული გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი მიწის საბაზრო ფასის ცვლილების საკითხი. შესაბამისად, აღნიშნულის შედეგად, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ დადგენილ მიწის საბაზრო ფასსა და მიწის შეძენის ფასს შორის არსებული სხვაობის ხელფასად დაკვალიფიცირება არამართლზომიერია.

ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი მიწის საბაზრო ფასის ცვლილების შედეგად, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ დადგენილ მიწის საბაზრო ფასსა და მიწის შეძენის ფასს შორის არსებული სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი მიწის საბაზრო ფასის ცვლილების შედეგად, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ დადგენილ მიწის საბაზრო ფასსა და მიწის შეძენის ფასს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, დასაქმებული პირის საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირად განხილვას, უძრავი ქონების საბაზრო ფასის ოდენობას, ასევე მიწის შესაძენად გადახდილ თანხასა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით: 2023 წლის 17 იანვარს საწარმომ ურთიერთდამოკიდებული პირისგან (დაქირავებულისგან) შეიძინა უძრავი ქონება - კერძოდ, არასასოფლო სამეურნეო მიწა - 1304 კვ.მ 713 000 აშშ დოლარად. თანხა გადახდილია იმავე დღეს ბანკის ანგარიშიდან 1 906 419 ლარი. აღნიშნული მიწის შეძენასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა 2022 წლის 22 დეკემბრის დასკვნა, სადაც მიწის საბაზრო ფასი მითითებულია 713 000 აშშ დოლარი. ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის N58424/11/23 დასკვნით, უძრავი ქონების - არასასოფლო სამეურნეო მიწის 1304 კვ.მ საბაზრო ღირებულება 2023 წლის 17 იანვრის მდგომარეობით შეფასდა 1 532 000 ლარად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწის ყიდვისას შეძენის ფასსა და საბაზრო ფასს შორის არსებული სხვაობა დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18; 73 (4,9); 101; 154.