გადაწყვეტილება №26196/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 17.12.2025
№ დოკუმენტი 26196/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26196/2/2025

17 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 21.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (№26196/2/2025).

 

დავის საგანი:

1. შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5499 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2014 წლის №081-98 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2015 წლის №081-140 საგადასახადო მოთხოვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2025 წლის №081-191 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 5.11.2025 წლის №24446 ბრძანება;

 

დარიცხული თანხა: 2 370 842.6 ლარი (14.07.2025 წლის №081-191 საგადასახადო მოთხოვნით).

მათ შორის:

გადასახადი - 716 021

მოგების გადასახადი - 680 219

საშემოსავლო გადასახადი - 28 384

ქონების გადასახადი - 7 418

ჯარიმა - 355 135

საურავი - 1 299 686.6

 

პროცედურული გარემოებები:

საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს სათამაშო ბიზნესი. აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 13 ივნისის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ჩატარდა საწარმოს გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში (2008-2010წწ.) საზოგადოებას დეკლარირებული აქვს ფიზიკურ პირებზე განაცემები, რომლებიც დაბეგრილი აქვს 12%-ით. გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც 2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 23-ე ნაწილის პირობას დააკმაყოფილებდა. შემოწმების მსვლელობისას დეკლარირებული ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად (ძვ. 174) ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა პერიოდების მიხედვით 25%-20% განაკვეთით;

2. გადამხდელის მხრიდან (2008-2011წწ) საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა, შემოწმების მსვლელობისას სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად გამოქვითვებში გათვალისწინებული იქნა გადამხდელის სახელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, არქივიდან გამოთხოვილი საბაჟო რეჟიმების ამსახველი დოკუმენტაცია, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, საშემოსავლო გადასახადში დეკლარირებული განაცემები და გამოქვითვას დაქვემდებარებული გადასახადი. მიღებული შედეგით დაკორექტირდა (შემცირდა) დეკლარირებული გამოქვითვები. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2014 წლის 9 დეკემბრის №50921 ბრძანება და №081-98 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 25.02.2015 წლის №5650 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საბჭომ ნაწილობრივ გაიზიარა გადამხდელის არგუმენტაცია და მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა: საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, გამოეთხოვა ინფორმაცია ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისაგან, მათი მოგების მარჟის თაობაზე და გადამხდელისაგან გამოთხოვილი, ასევე შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით მოეხდინა საკითხის დამატებით შესწავლა და შემოწმებით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 30 ივნისის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოგების მარჟასთან დაკავშირებით, რომელმაც საშუალოდ 26% შეადგინა (მთლიანი შემოსავალის დაახლოებით 79,06% წარმოადგენს ჯამურად დაბრუნებულ თანხებს).

გამოთხოვილი ინფორმაციიდან გამომდინარე თუ გადამხდელის განმარტებას დაეყრდნობოდა შემმოწმებელი, როგორც საჩივარშია აღნიშნული, რომ ერთობლივ შემოსავალში არა სხვაობა არამედ მთლიანი შემოსავალია დეკლარირებული მაშინ მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე გამოქვითვები გადააჭარბებს შემოსავალს (კაზინო გავა ზარალზე) და გადამხდელს იმის საშუალებაც არ ექნებოდა დეკლარირებული მოგების/ქონების გადასახადი გადაეხადა, რაც რეალობას არის მოკლებული, შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაციით გამყარდა პოზიცია, რომ გადამხდელს ერთობლივ შემოსავალში არა მთლიანი შემოსავალი არამედ სხვაობა ჰქონდა დეკლარირებული მთლიან შემოსავალსა და გაცემულ მოგებებს/თანხებს შორის.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2.07.2015 წლის №081-140 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.05.2016 წლის №12868 ბრძანებით საჩივარი შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 301- ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველი დარჩა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 2 მარტის №12034/2/16 და №13013/2/16 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები მომჩივნის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/568-17-21) სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომლის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე №3/ბ-19- 2022):

1. „---ის” (ს/ნ ---) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „---ის“ (ს/ნ ---) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №12868 ბრძანება და ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭოს 2017 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება;

4. დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს განიხილოს შპს „--ის" საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 2 ივლისის №081-140 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის და 2015 წლის 30 ივნისის დასკვნის ბათილად ცნობის შესახებ და საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივართან დაკავშირებით;

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ბს-1270(2კ22)) უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №3/ბ-19-2022). დაბრუნებული საჩივარი შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5499 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან (ერთობლივი შემოსავლების გაზრდა დეკლარირებული გამოქვითვების შემცირებით) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით სრულყოფილად შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5499 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.07.2025 წლის №22707/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5499 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 3 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებისას დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე, მომჩივანს წარედგინა 10.07.2025 წლის №15643 ბრძანება და 14.07.2025 წლის №081-191 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.11.2025 წლის №24446 ბრძანებით საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2025 წლის №081-191 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის №081-98 და 2.07.2015 წლის №081-140 საგადასახადო მოთხოვნების გასაჩივრების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველი დარჩა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

1. შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5499 ბრძანების აღსრულების შედეგები

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5499 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული დასკვნის მიხედვით, შემოწმების პროცესში დამატებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაცია და საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გაკეთებული ანალიზის მიხედვით, 2008-2012 წლების საანგარიშო პერიოდზე „აზარტული თამაშების საქმიანობები“ უფიქსირდება 600-მდე გადასახადის გადამხდელს. თითოეული გადასახადის გადამხდელის მონაცემების დამუშავების შედეგად, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ქ. ---ში, --- 46 გადასახადის გადამხდელი ფიქსირდება, რომლებიც ეწეოდნენ აზარტული თამაშის ოპერირებას. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 46 გადასახადის გადამხდელიდან დეკლარაციები 2012 წლის შემდეგ არცერთს არ აქვს ჩაბარებული და ფაქტიურად საქმიანობა გაჩერებული აქვთ.

შესაბამისად, შემოწმების პროცესში მათგან საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად ინფორმაცია გამოთხოვილი ვერ იქნებოდა. გადასახადის გადამხდელისგან არც დავის პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი დოკუმენტაცია, რაც შემოწმებას საშუალებას მისცემდა წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მსვლელობისას გადაანგარიშების პროცესში გამოყენებული იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებები და ანალიზი გაკეთებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით არსებულ მასალებზე, საგადასახადო ორგანოში არსებულ დოკუმენტაციაზე და შესაბამის პერიოდში მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გადამხდელის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის (2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი) მოთხოვნები, კერძოდ: გადასახადის გადამხდელი ვალდებულია უზრუნველყოს იმ დოკუმენტების შენახვა 6 წლის ვადით, რომელთა საფუძველზედაც ხდება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვა და საგადასახადო დეკლარაციების შედგენა, აგრეთვე შემოსავლისა და მოგების მიღების, გაწეული ხარჯებისა და გადახდილი ან/და დაკავებული გადასახადების დადასტურება. ასევე დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილი (2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ვინაიდან საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შეუძლებელია გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციების კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე, 136-ე, 73-ე, 49-ე და 61-ე მუხლებით (შესაბამისად, 2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე, 199-ე, 104- ე, 51-ე და 68-ე მუხლებით) და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა ხელთ არსებულ დოკუმენტაციასა და ინფორმაციაზე დაყრდნობით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ასევე იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებებით, რომლებიც ეხება მსგავს შემთხვევებში, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის პრინციპებს, კერძოდ: აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2010 წლის ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით სათამაშო აპარატების ფისკალური მეხსიერებებიდან ამოღებული ინფორმაციის მიხედვით შედგენილი ოქმების დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემებით ერთი სათამაშო აპარატის დღიურმა შემოსავალმა (IN) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, გარდა თბილისისა, საშუალოდ შეადგინა 210 ლარი, ხოლო სათამაშო აპარატების დღიური გასავლების (OUT) მაჩვენებელმა - შემოსავლების 85%, მოთამაშეებზე გაცემულმა გადახდის წყაროსთან დასაბეგრმა მოგებამ - თითოეული სათამაშო აპარატის დღიური გასავლის 67%.

ზემოთხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად (ძვ. საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლი), გაკეთებულ იქნა ანალიზი, რომლის მიხედვითაც შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლით მოთამაშეებზე გაცემული მოგებები ხარჯში იქნა გათვალისწინებული, რამაც გამოიწვია შემოწმებით განსაზღვრული მოგების გადასახადის შემცირება, მაგრამ შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები წარმოადგენდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას 12-20% განაკვეთით, რაც სალდირებულად გამოიწვევს მეტი გადასახადის დარიცხვას და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას. ზემოთხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 304-ე მუხლის 21 ნაწილით და აღნიშნა, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გაკეთებული ანალიზის შესაბამისად დადგინდა, რომ ქ. ---ში, ფიქსირდება 46 გადასახადის გადამხდელი, რომელიც ეწეოდა აზარტული თამაშის ოპერირებას. ამასთან, აღნიშნულ გადამხდელებს გაჩერებული აქვთ საქმიანობა. ამდენად, შემოწმების პროცესში მათგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, ინფორმაციის გამოთხოვა ვერ განხორციელდა. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების/გადაანგარიშების ეტაპზეც არ მომხდარა დოკუმენტების წარდგენა, რაც შემოწმებას საშუალებას მისცემდა აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადაანგარიშების ეტაპზე ანალიზი გაკეთებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით არსებულ მასალებზე, საგადასახადო ორგანოში არსებულ დოკუმენტაციაზე და შესაბამის პერიოდში მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით. ასევე შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებებით, რომლებიც ეხება მსგავს შემთხვევებში, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის პრინციპებს. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმება შემოიფარგლა მხოლოდ ქ. ---ში მდებარე კაზინოების მონაცემებით. ამასთან, საგადასახადო შემოწმების/გადაანგარიშების პროცესში, შესაბამის პერიოდში ქ. ---ში არსებული კაზინოების მონაცემებითაც გაკეთებულია ანალიზი, რაზეც 2015 წლის 30 ივნისის შედგენილია დასკვნა.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 18 ნოემბრის №107795-21-14 წერილით, შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოდან გამოითხოვა 2010 წლიდან შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტების ელექტრონული ასლები, რომლებიც მოიცავდა წინა საგადასახადო პერიოდსაც. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საგადასახადო შემოწმება კომპანიებში ჩატარებულია იგივე მეთოდით, რა მეთოდითაც შემოწმებამ იხელმძღვანელა დასკვნის შედგენის/ფორმირებისას. კერძოდ: აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2010 წლის ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით სათამაშო აპარატების ფისკალური მეხსიერებებიდან ამოღებული ინფორმაციის მიხედვით შედგენილი ოქმების დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემებით ერთი სათამაშო აპარატის დღიურმა შემოსავალმა (IN) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, გარდა თბილისისა, საშუალოდ შეადგინა 210 ლარი, ხოლო სათამაშო აპარატების დღიური გასავლების (OUT) მაჩვენებელმა - შემოსავლების 85%, მოთამაშეებზე გაცემულმა გადახდის წყაროსთან დასაბეგრმა მოგებამ - თითოეული სათამაშო აპარატის დღიური გასავლის 67%.

ზემოთხსენებული გარემოებების გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის (ძვ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლი) შესაბამისად, გაკეთებულ იქნა ანალიზი, რომლის მიხედვითაც შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლით მოთამაშეებზე გაცემული მოგებები ხარჯში იქნა გათვალისწინებული, რამაც გამოიწვია შემოწმებით განსაზღვრული მოგების გადასახადი შემცირება, თუმცა შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები წარმოადგენდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას 12-20%-იანი განაკვეთით, რაც სალდირებულად გამოიწვევს მეტი გადასახადის დარიცხვას და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის კომუნიკატორის მეშვეობით 24.07.2025წ N569969 განცხადებით აუდიტის დეპარტამენტიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები (მასალები რასაც დაეყრდნო 3.07.2025 წ. N315/14 დასკვნის ავტორი), რაზეც პასუხი და შესაბამისი დოკუმენტაცია დღემდე არ მიუღია. 2025 წლის 8 აგვისტოს გაასაჩივრა სადავო აქტები, საქმისწარმოების სხვა აქტებთან ერთად შემოსავლების სამსახურში. 2025 წლის 2 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურში მოეწყო საჩივრის განხილვა, სადაც საწარმოს წარმომადგენლების მიერ დაისვა საკითხი საწარმოსთვის გამოთხოვილი (24.07.2025წ N569969 განცხადება) ინფორმაცია/დოკუმენტები (მასალები რასაც დაეყრდნო 3.07.2025 წ. N315/14 დასკვნა) მიწოდებაზე და სხდომის გადადების თაობაზე, ვინაიდან საწარმოს პოზიციების სრულყოფილად ჩამოყალიბება აღნიშნული დოკუმენტაციის გარეშე იყო შეუძლებელი და ვერ მოხდებოდა საჩივრის განხილვა სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით, (სსა-ს 298-ე მუხლის პირველი ნაწილი). შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტიდან მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომჩივანისთვის მიწოდებისა და სხდომის გადადების თაობაზე; როგორც გასაჩივრებული აქტიდან (05.11.2025წ. N24446 ბრძანება) ირკვევა შემოსავლების სამსახურმა 2025 წლის 30 ოქტომბერს მისი დასწრებისა და მონაწილეობის გარეშე განიხილა საჩივარი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღემდე არ გადასცემია მოთხოვნილი საქმისწარმოების მასალები (რასაც დაეყრდნო 3.07.2025 წ. N315/14 დასკვნა); ამასთან, 2025 წლის 17 ნოემბერს N606181 განცხადებით შემოსავლების სამსახურის კომუნიკატორის მეშვეობით, ამჯერად უკვე შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა სხდომის ოქმები და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. საქმისწარმოების პროცესში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2014 წლის შემოწმების აქტის და მისგან გამომდინარე დარიცხვის შესახებ ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ეტაპზე შემოსავლების სამსახურმა დაადგინა რომ შემოწმების აქტით დარიცხული თანხები მოგების მარჟის ნაწილში უნდა განხორციელებულიყო დამატებით შესწავლა, გადაანგარიშებულიყო ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისგან, მათი მოგების მარჟის თაობაზე და გადამხდელისგან გამოთხოვილი, ასევე შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით და მომხდარიყო კორექტირება (25.02.2015წ. N5650 ბრძანების მე-4 გვერდის ბოლო აბზაცი - სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი). შესაბამისად, დაადგინა რომ აუცილებელი იყო დარიცხული თანხების დაზუსტება/კორექტირებაშემცირება, რითაც დადგენილია რომ გადაანგარიშების აუცილებლობა გამოწვეული იყო იმით რომ შემოწმების 2014 წლის 5 დეკემბრის აქტი და მისი თანმდევი დოკუმენტები იყო უზუსტო და არასწორი.

ზემოაღნიშნული, შემოსავლების სამსახურის 25.02.2015წ. N5650 ბრძანება აღნიშნულ ნაწილში ძალაშია და ამ აქტით დადგენილი გარემოებები და რეზოლუციები წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისთვის სავალდებულო და გასათვალისწინებელ დოკუმენტს. მიუხედავად ზემოთხსენებულისა, შემოსავლების სამსახურმა 2-ჯერ მოახდინა საკითხის „შესწავლა“ და არც ერთხელ არ განახორციელა დარიცხული თანხების სიმბოლური კორექტირებაც კი. შემოსავლების სამსახურის 25.02.2015წ. N5650 ბრძანების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ფორმალურად შეისწავლა საკითხი და არ მოახდინა თანხების კორექტირება (30.06.2015წ. N778 დასკვნა, 1.07.2015წ. N23610 ბრძანება და 2.07.2015 N081-140 საგადასახადო დავალება) აღნიშნული დასკვნა იყო უკანონო და დაუსაბუთებელი, რაც დადასტურდა სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 14.06.2022წ. გადაწყვეტილებით (საქმე №080310017001909546 (3/ბ-19-2022) გვ.29 ბოლო აბზაცი, გვ.30 პირველი აბზაცი), სასამართლო უთითებს:

„ამდენად, საგადასახადო ორგანომ №5650 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოსცა რა 30.06.2015წ. №778 დასკვნა, 2015 წლის 01 ივლისის №23610 ბრძანება და 2015 წლის 07 ივლისის №081–140 საგადასახადო მოთხოვნა მიუხედავად იმისა, რომ:

1) შპს „---ს“ (---) (---) მიერ მოწოდებული ცნობები ეხებოდა 2014 წლ პერიოდს, როცა შპს „---ს ---“ უკვე აღარ საქმიანობდა;

2) გაურკვეველია რა პერიოდს მოიცავდა შპს „---ს“ მიერ მოწოდებული მონაცემები, იმაზე მითითება კი, რომ რა თქმა უნდა გადამხდელის მიერ მოწოდებულ იქნა სწორედ სადავო პერიოდთან დაკავშირებით ცნობები, შესაბამისი მტკიცებულებით დადასტურებული არ არის, მით უფრო, როცა საქმეში წარმოდგენილ, ერთ-ერთი გადამხდელისადმი (შპს „----") გაგზავნილ წერილში (2015 წლის 26 მარტის N°21-14/31663 წერილი), კონკრეტული პერიოდის მითითების გარეშე შემოსავლების სამსახური ითხოვს მხოლოდ შემდეგ ინფორმაციას: „მოთამაშეებზე მიღებულ მთლიან შემოსავალს შორის პროცენტულად რა ნაწილს შეადგენდა მოთამაშეებზე გაცემული მოგებები“,3) შპს „----“-ის რეგისტრაციის თარიღია: 16.03.2012წ., მაშინ როცა შპს „---ის“ საგადასახადო შემოწმებამ მოიცვა 2008-2011 წლების საანგარიშო პერიოდი. აქედან გამომდინარე, რეალურად, 30.06.2015წ. N778 დასკვნა ეყრდნობა არა ---ში, სადაც საქმიანობას ეწეოდა შპს „---“, არამედ თბილისში მდებარე შპს „---ს“ (ს/ნ ---) მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

სადავო დასკვნით კი საერთოდ არ ყოფილა შეფასებული შემოსავლების და მოგების მარჟის შესაძლო განსხვავებები სამორინეების ოპერირების ადგილების გათვალისწინებით. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცნობებით ვერ ჩაითვლება, რომ შემოსავლების სამსახურმა №5650 ბრძანების გათვალისწინებით გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ცნობები გამოიკვლია ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი ყველა შესაძლო სუბიექტისგან. მეტიც, სხვა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელებისგან როგორც დამატებითი, ისე უფრო კონკრეტული ინფორმაციის გამოთხოვის ნაცვლად, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №5650 ბრძანების საფუძველზე გამოცემული დასკვნის, კორექტირებული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვებამდე, პალატის შეფასებით, საჩივრის განმხილველ ორგანოს უნდა გამოეკვლია, სათანადოდ აღსრულდა თუ არა №5650 ბრძანება. დასახელებული ბრძანების ჯეროვნად აღსრულებისთვის კი უნდა შეფასებულიყო:

1. რა გარემოებების გამოკვლევა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს;

2. სრულყოფილად შეისწავლა თუ არა აუდიტის დეპარტამენტმა მიღებული ინფორმაცია და საჭირო იყო თუ არა დამატებითი ცნობების მოძიება;

3. წარდგენილი ინფორმაცია იძლეოდა თუ არა მხოლოდ დარიცხული თანხის გადაანგარიშების, არამედ ზოგადად სადავო საკითხზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე განახლებული წარმოების ფარგლებში შემოსავლების სამსახურს უნდა ეხელმძღვანელა სწორედ სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებებით და შეფასებებით.

შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 13 მარტის N5499 ბრძანებით მე-2 საკითხთან დაკავშირებით (ერთობლივი შემოსავლის გაზრდა და მოგების გადასახადის დარიცხვა) აუდიტის დეპარტამენტს ისევ დაავალა საკითხის დამატებით სრულყოფილად შესწავლა/გამოკვლევა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული ბრძანება კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ 2014 წლის 5 დეკემბრის შემოწმების აქტი და მისგან გამომდინარე დარიცხვები იყო არასრულყოფილი და საკითხი საჭიროებდა დამატებით უფრო კვალიფიციურ შესწავლას. (2024 წლის 13 მარტს N5499 ბრძანების მე-6 გვ. სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი).

2025 წლის 3 ივლისს აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა N313/14 გადაანგარიშების თაობაზე და მისგან გამომდინარე აქტების საფუძველზე კორექტირებაზე/შემცირებაზე ეთქვა უარი. (10.07.2025 წლის N15643 ბრძანება და 14.07.2025 წლის N0810-191 საგადასახადო მოთხოვნა). არც აუდიტის დეპარტამენტის და არც შემოსავლების სამსახურის მიერ მისი მოთხოვნის მიუხედავად არ გადასცემია საქმისწარმოების მასალები. საჩივრის განხილვა განხორციელდა მომჩივანის მონაწილეობის გარეშე მიუხედავად სხდომის გადადებისას მიღებული გადაწყვეტილებისა.

ა. არც აუდიტის დეპარტამენტმა და არც შემოსავლების სამსახურმა არ გადასცა საქმის წარმოების დოკუმენტაცია/ინფორმაცია რასაც დაეყრდნო 3.07.2025 წლის N313/14 დასკვნის და მისგან გამომდინარე აქტები;

ბ. შემოსავლების სამსახურში არ მიეცა შესაძლებლობა პოზიცია განხილვაზე სრულყოფილად დაეფიქსირებინა და საჩივარი განხილულ იქნა დაუსწრებლად, მიუხედავად იმისას რომ პირველი სხდომა გადაიდო იმ მოტივით რომ მომჩივანისთვის უნდა ყოფილიყო მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მიწოდებული;

გ. სსიპ შემოსავლების სამსახურის 05.11.2025 წლის N24446 ბრძანება სიტყვა სიტყვით იმეორებს 3.07.2025 წლის N313/14 დასკვნის დებულებებს. შემოწმების ფარგლები. აუდიტორი შეფასებაში მიუთითებს: „გაკეთებული ანალიზის მიხედვით 2008-2012 წლების საანგარიშო პერიოდზე „აზარტული თამაშების საქმიანობები“ უფიქსირდება 600-მდე გადასახადის გადამხდელს თითოეულ გადასახადის გადამხდელის მონაცემების დამუშავების შედეგად, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით ქ. ---ი 46 გადასახადის გადამხდელი ფიქსირდება, რომლებიც ეწეოდნენ აზარტული თამაშების ოპერირებას. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 46 გადასახადის გადამხდელიდან დეკლარაციები 2012 წლის მერე არცერთ არ აქვს ჩაბარებული და ფაქტიურად საქმიანობა გაჩერებული აქვთ, შესაბამისად შემოწმების პროცესში მათგან სსკ-ის 70-ე მუხლის შესაბამისად ინფორმაცია გამოთხოვილი ვერ იქნებოდა.

გადასახადის გადამხდელისგან არც დავის პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი დოკუმენტაცია, რაც შემოწმებას საშუალებას მისცემდა წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემოწმების მსვლელობისას გადაანგარიშების პროცესში, გამოყენებულ იქნა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებები და ანალიზი გაკეთებული იქნა არაპირდაპირი მეთოდით, არსებულ მასალებზე, საგადასახადო ორგანოში არსებულ დოკუმენტაციაზე და შესაბამის პერიოდში მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით“. (315-14 დასკვნის მე5 გვ. მე-2-მე-5 აბზაცები).

აღნიშნულთან დაკავშირებით აფიქსირებს პოზიციას:

ა) შემოსავლების სამსახურს დასკვნის მომზადების პროცესში არ გამოუთხოვია მისგან რაიმე დამატებითი სახის დოკუმენტი, შესაბამისად უცნობი იყო აუდიტორის ასეთი საჭიროების შესახებ.

ბ) აუდიტორი მიუთითებს რომ 2012 წლამდე სულ 600-მდე ოპერატორი იყო და აქედან 46 ---ში. აუდიტორი შემოიფარგლება მხოლოდ ---ში მდებარე მეწარმეებით და როდესაც ამტკიცებს რომ ---ში მდებარე ობიექტებს არ აქვთ 2012 წ. შემდეგ დეკლარაცია წარდგენილი, აღარ ინტერესდება სხვა 500-ზე მეტი აზარტული თამაშების ოპერატორის საქმიანობით, რომელიც შეიძლება პირდაპირ არ ყოფილიყო რელევანტური მაგრამ გარკვეული დაშვებების გათვალისწინებით გაცილებით მეტი ინფორმაციის მატარებელი ინფორმაცია იქნებოდა, ვიდრე ის რასაც აუდიტორი დაეყრდნო. (მით უმეტეს იმის გათვალისწინებით რომ აუდიტორი საბოლოოდ მაინც მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ მონაცემებს დაეყრდნო, როგორც ამას თავად მიუთითებს).

გ) აქვე აუდიტორი მიუთითებს რომ 2012 წლამდე 46 ოპერატორი ---ში ფუნქციონირებდა, თუმცა აუდიტორმა არ მოიკვლია ინფორმაცია იმის შესახებ იყო თუ არა ჩატარებული რომელიმე აზარტული თამაშების ოპერატორის საგადასახადო შემოწმება სადავო პერიოდზე 2008-2012 წწ. რაც ასევე დამატებით ინფორმაციას მისცემდა აუდიტორს (ძალიან რთული დასაჯერებელია რომ 2008-2012 წწ.---ი მხოლოდ მისი საწარმო შემოწმდა);

დ) აუდიტორი მიუთითებს, რომ 46 საწარმოს უფიქსირდება აზარტული თამაშების საქმიანობა ---ში 2008-2012 წწ. და ასევე დასძენს, რომ 2012 წ, შემდეგ ისინი არ წარადგენენ დეკლარაციებს. აქვე გაუგებარია თუ რატომ არ შეისწავლა აუდიტორმა ამ საწარმოების წარდგენილი დეკლარაციები 2008-2012 წწ. პერიოდში სადავო საკითხიც ხომ ეგ არის რომ აუდიტს არ აქვს ინფორმაცია, რაზე დაყრდნობითაც მოხდებოდა ვალდებულებების განსაზღვრა, ამაზე მარტივი გზა რა შეიძლება ყოფილიყო გაუგებარია. აუდიტორი ასევე არ განმარტავს რატომ არ შეისწავლა აღნიშნული დეკლარაციები.

შესაბამისად ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა რომ აუდიტორმა არ შექმნა და არ შეაგროვა ინფორმაციის ის ბაზა, რასაც დაეყრდნობოდა შემდგომი ანალიზი. რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას რომ საკითხი არ არის სრულად შესწავლილი და დასკვნა არ არის ობიექტური, რაც ეწინააღმდეგება, როგორც სასამართლო გადაწყვეტილებას ასევე თავად შემოსავლების სამსახურის მითითებებს. აუდიტორი შეფასებაში მიუთითებს: „...აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2010 წლის ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით სათამაშო აპარატების ფისკალური მეხსიერებებიდან ამოღებული ინფორმაციის მიხედვით შედგენილი ოქმების დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემებით ერთი სათამაშო აპარატის დღიურმა შემოსავალმა (IN) ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისისა, საშუალოდ შეადგინა 210 ლარი, ხოლო სათამაშო აპარატების დღიური გასავლების (OUT) მაჩვენებელმა - შემოსავლების 85%, მოთამაშეებზე გაცემულმა გადახდის წყაროსთან დასაბეგრმა მოგებამ-შემოსავლის 67%.“(315-14 დასკვნის მე-6 გვ. 1-ლი აბზაცი). ხსენებულთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:

ე) ხსენებული აბზაცის გარდა დასკვნას თან არ ერთვის არანაირი დასაბუთება, დოკუმენტაცია, გაანგარიშება, ანალიზი. შესაბამისად გაუგებარია თუ რას დაეყრდნო აუდიტორი;

ვ) აუდიტორი მიუთითებს რომ არსებობს 2010 წლის ოქტომბერში სალარო აპარატების ფისკალური მეხსიერებიდან ამოღებული ინფორმაცია, თუმცა აუდიტორი არ განმარტავს რომელ პერიოდს მოიცავს აღნიშნული ინფორმაცია (მიმდინარე თვეს, კვარტალს, წელს და ა.შ.)

ზ) აუდიტორი ასევე ეყრდნობა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ მონაცემებს (გარდა თბილისისა) თუმცა არ განმარტავს თუ რატომ, ადვილი შესაძლებელი იქნებოდა მონაცემების ჩაშლა ---ის ან ---ის ჭრილში, რაც უფრო რელევანტურ სურათს მოგვცემდა, აღნიშნული მიდგომა გაცილებით არასარწმუნო ჩანს როდესაც აუდიტორი დასკვნის მე-5 გვერდის მე-2-მე-3 აბზაცებში უთითებს რომ აზარტული თამაშების საქმიანობების 600-მდე ოპერატორი იყო საქართველოში და დაინტერესდა მხოლოდ ---ში მდებარე 46 ოპერატორით.

აუდიტორი შეფასებაში მიუთითებს: „ზემოთ ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით სსკ-ის 73-ე მუხლის (ძვ.104-ე მუხლი) შესაბამისად გაკეთებული იქნა ანალიზი, რომლის მიხედვითაც შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლებით მოთამაშეებზე გაცემული მოგებები ხარჯში იქნა გათვალისწინებული რამაც გამოიწვია შემოწმებით განსაზღვრული მოგების გადასახადის შემცირება, მაგრამ შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები წარმოადგენდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას 12%-20% განაკვეთით, რაც სალდირებულად გამოიწვევს მეტი გადასახადის დარიცხვას და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების დამძიმებას.

ზემოთხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სსკ-ის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.“(დასკვნის მე-6 გვ. მე-2- მე-3 აბზაცები). პოზიცია შედეგებზე და შემცირებაზე უარის თაობაზე:

თ) აუდიტორი არ უთითებს თუ რა თანხები მიიღო მოგების გადასახადის შემცირებით ამ მწირე ინფორმაციის გადაანგარიშებით, რა ფორმულები გამოიყენა, უხეშად პირდაპირ მიუყენა სათამაშო აპარატების მონაცემები სამორინეს საქმიანობის ყველა სხვა სათამაშოს თუ არა და ა.შ;

ი) აუდიტორი განმარტავს და ადასტურებს, რომ მოგების გადასახადი შემცირდა მის მიერ გამოყენებული არასრული და არარელევანტური მეთოდითაც (მიუხედავად იმისა რომ არ უთითებს კონკრეტულ თანხებს);

კ) დასკვნის ავტორი მიუთითებს, რომ მოგების გადასახადი შემცირდა იმიტომ რომ არ იყო იმ რაოდენობის მოგება რაც თავდაპირველ - 2014 წ. შემოწმების აქტშია მითითებული, თუმცა მიუთითებს რომ აღნიშნულით გაიზარდა იმ თანხის ოდენობა რაც უკან იქნა დაბრუნებული მოთამაშეებს მოგების სახით და აღნიშნული იმ დროს იბეგრებოდა საშემოსავლო 12%-20%-იანი განაკვეთით.

აღნიშნული მსჯელობაც არასწორია ვინაიდან თუ აუდიტორი დაეყრდნო სათამაშო აპარატების გაანგარიშებას და გამომდინარე აქედან რაკი მოგების გადასახადი შემცირდა და საწარმოში არ შესულა იმ ოდენობის თანხები რაც მოგებით იყო დასაბეგრი ესე იგი მოხდა ამ თანხების დაბრუნება მოთამაშეებზე რაც იბეგრებოდა არა 12%-20%-ით არამედ ფიქსირებულად 12% (2011 წლამდე მოქმ. კოდექსით), ხოლო ახალი საგადასახადო კოდექსით მოთამაშეებზე დაბეგვრის საკითხი არ განიხილება სტანდარტულ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად რაზეც სამართლებრივი დასაბუთება აუდიტორს არ გაუკეთებია.

შესაბამისად ეს მსჯელობაც დაუსაბუთებელია.

ლ) არ ეთანხმება აუდიტორის მსჯელობას იმასთან დაკავშირებითაც, რომ 298-ე მუხლის მიხედვით კორექტირება არ განხორციელდა იმ გარემოების გამო, რომ სალდირებულად იზრდება ვალდებულებები სხვა გადასახადის (საშემოსავლო) ნაწილში.

- რისი არანაირი რწმუნება და მტკიცებულება დასკვნიდან არ გამომდინარეობს და დადგენილია, რომ შემოწმების საგანი იყო მოგების გადასახადის დარიცხვის კანონიერება, საშემოსავლო ნაწილს გადაანგარიშება არ შეხებია და აღნიშნული არ წარმოადგენდა ამ შემთხვევაში დავის საგანს, ხსენებული არასრულყოფილი გადაანგარიშებითაც კი შემცირდა მოგების გადასახადი, თუმცა აუდიტორი გადასახადის კორექტირებას არ ახორციელებს იმ მიზეზით, რომ მოუწევს სხვა გადასახადის გაზრდა- რაც არ წარმოადგენს მისი კვლევის საგანს და არც ამ კონკრეტული დავის საგანს.

შესაბამისად არგუმენტად არ გამოდგება 298-ე მუხლის მე-2 ნაწილზე აპელირება სხვა გადასახადთან მიმართებაში, ვინაიდან აუდიტორის კვლების საგანს წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ მოგების გადასახადის კანონიერების დადგენა და თუკი აღნიშნული გადასახადი შემცირდა უნდა შემცირებულიყო და დაკორექტირებულიყო საგადასახადო მოთხოვნაც.

დასკვნის სახით რომ თქვას:

• სსიპ შემოსავლების სამსახურის 3.07.2025 წ. დასკვნა;

• სსიპ შემოსავლების სამსახურის 10.07.2025 წ. N15643 ბრძანება;

• სსიპ შემოსავლების სამსახურის 14.07.2025 წ. N 081-191 საგადასახადო მოთხოვნა ვინაიდან არ განხორციელებულა საკითხის „დამატებითი და სრულყოფილი შესწავლა“ და სადაო აქტები გამოცემულია კანონის, სასამართლო გადაწყვეტილებისა და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების/მითითებების არაერთგზისი დარღვევით, წარმოება არ ჩატარებულა სრულად და ობიექტურად აუდიტორი დაეყრდნო კონტექსტიდან ამოგლეჯილი, არარელევანტური ინფორმაციის მოკლე და მშრალ ანალიზს, არასწორად განმარტა კანონი და არ შეამცირა დარიცხული თანხები.

შესაბამისად, გამომდინარე სადავო აქტების გამოცემის პროცესში დაირღვა:

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი;

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი;

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი;

4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლი;

5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლი;

6. შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის N 5650 ბრძანება;

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №3/ბ-19-2022);

8. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 მარტის N5499 ბრძანება.

შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სრულად არის გაზიარებული 3.07.2025 წლის N313/14 დასკვნის დებულებები, ამასთან, დავის განმხილველ ორგანოს არ გამოუკვლევია ის საკითხები, რაც საჩივარში იყო დასმული არ გამოუთხოვია და არ გასცნობია დასკვნის მომზადების პროცესში გამოყენებულ ინფორმაციას და ამ ინფორმაციის საფუძველზე გაკეთებულ გაანგარიშებებს, არადა საჩივრის ძირითადი არსიც ხომ ეს იყო - დასკვნის დასაბუთებულობა და ობიექტურობა. რაც შეეხება დამატებით დარღვევებს რაც გამოვლინდა საჩივრის განხილვისას:

ა) არაერთხელ აღინიშნა რომ 2025 წ. 2 ოქტომბერს მოითხოვა სხდომის გადადება იმ მარტივი მიზეზით, რომ აუდიტის დეპარტამენტიდან კიდევ არ ჰქონდა მიღებული 24.07.2025წ N569969 განცხადებით გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია დასკვნაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, შესაბამისი გაანგარიშებებით.

ბ) შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მისი პოზიცია და გადადო სხდომა მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გადაცემამდე.

გ) მიუხედავად ზემოაღნიშნულისა ინფორმაცია/დოკუმენტაცია დღემდე არ მიუღია;

დ) მიუხედავად სხდომის ამ მიზეზით გადადებისა, მოულოდნელად გაეგზავნა 5.11.2025 წლის N24446 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, შესაბამისად საჩივრის განხილვა მოხდა მისი განხილვაზე მოწვევისა და დასწრების გარეშე.

ე) შემოსავლების სამსახურში წარდგენილ 2025 წლის 8 აგვისტოს N97437/1/2025 საჩივარში მითითებული ჰქონდა შემდეგი: „მის მიერ შემოსავლების სამსახურის კომუნიკატორის მეშვეობით 24.07.2025წ N569969 განცხადებით მოთხოვნილია აუდიტის დეპარტამენტიდან დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები (მასალები რასაც დაეყრდნო 3.07.2025 წ. N315/14 დასკვნის ავტორი), რისი მიღების შემდეგაც იტოვებს უფლებას დამატებით წარმოვადგინოთ ჩვენი პოზიცია.“

შესაბამისად მომჩივანს არ მიეცა შესაძლებლობა ჩამოეყალიბებინა საკუთარი პოზიცია სრულყოფილად.“ შესაბამისად თავად საჩივარშივე ჩანდა და ნათელი იყო რომ საჩივარი არ იყო სრულყოფილი რადგან არ ჰქონდა არანაირი დოკუმენტაცია სადაო აქტების დასაბუთებასთან და გაანგარიშებებთან დაკავშირებით.

ვ) ასევე არ არის სადავო ბრძანებაში მითითებული თუ რა დოკუმენტაცია წარადგინა აუდიტის დეპარტამენტმა შემოსავლების სამსახურში დამატებით და როგორც ბრძანებიდან გამომდინარეობს საბჭო დაეყრდნო მხოლოდ დასკვნას და არ მომხდარა დასკვნის საფუძვლიანობის შესწავლა.

ზ) ამასთან სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 14.06.2022წ. გადაწყვეტილებით (საქმე №080310017001909546 (3/ბ-19-2022) გვ.30 პირველი აბზაცი), სასამართლო უთითებს: „... პალატის შეფასებით, საჩივრის განმხილველ ორგანოს უნდა გამოეკვლია, სათანადოდ აღსრულდა თუ არა №5650 ბრძანება. დასახელებული ბრძანების ჯეროვნად აღსრულებისთვის კი უნდა შეფასებულიყო:

1. რა გარემოებების გამოკვლევა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს;

2. სრულყოფილად შეისწავლა თუ არა აუდიტის დეპარტამენტმა მიღებული ინფორმაცია და საჭირო იყო თუ არა დამატებითი ცნობების მოძიება;

3. წარდგენილი ინფორმაცია იძლეოდა თუ არა მხოლოდ დარიცხული თანხის გადაანგარიშების, არამედ ზოგადად სადავო საკითხზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას;“

შესაბამისად დავის განმხილველმა ორგანომ უკანონოდ დატოვა ძალაში გასაჩივრებული აქტები, არასწორად დაეყრდნო სსკ-ის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტს “ზ) არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება“, - როგორ შეიძლება იყოს დავა იმავე საგანზე, როდესაც გასაჩივრებული იყო ახალი დასკვნა და მისგან გამომდინარე აქტები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის 5.11.2025 წლის N24446 ბრძანება გამოცემულია კანონის, სასამართლო გადაწყვეტილებისა და შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილებების/მითითებების დარღვევით, წარმოება არ ჩატარებულა სრულად და ობიექტურად საბჭომ არ გამოიკვლია სრულად სადაო საკითხი არ უზრუნველყო მხარეთა თანასწორობა, სამართლიანობა და ობიექტურობა, დაეყრდნო კონტექსტიდან ამოგლეჯილი, არარელევანტური ინფორმაციის მოკლე და მშრალ ანალიზს, არასწორად განმარტა კანონი და არ გააუქმა სადაო დასკვნა და მისგან გამომდინარე აქტები. შესაბამისად, დაირღვა:

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი;

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი;

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლი;

4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლი;

5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი.

2025 წლის 17 ნოემბერს N606181 განცხადებით შემოსავლების სამსახურიდან მოთხოვნილია სხდომის ოქმები და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების შემდეგ იტოვებს უფლებას დამატებით წარმოადგინოს პოზიცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივანმა განაცხადა, რომ 2025 წლის 2 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურში მოეწყო საჩივრის განხილვა, სადაც საწარმოს წარმომადგენლების მიერ დაისვა საკითხი საწარმოსთვის გამოთხოვილი (24.07.2025წ N569969 განცხადება) ინფორმაცია/დოკუმენტები (მასალები რასაც დაეყრდნო 3.07.2025 წ. N315/14 დასკვნა) მიწოდებაზე და სხდომის გადადების თაობაზე, ვინაიდან საწარმოს პოზიციების სრულყოფილად ჩამოყალიბება აღნიშნული დოკუმენტაციის გარეშე იყო შეუძლებელი და ვერ მოხდებოდა საჩივრის განხილვა სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით, (სსა-ს 298-ე მუხლის პირველი ნაწილი). შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტიდან მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომჩივანისთვის მიწოდებისა და სხდომის გადადების თაობაზე. როგორც გასაჩივრებული აქტიდან (5.11.2025, N24446) ირკვევა შემოსავლების სამსახურმა 2025 წლის 30 ოქტომბერს მისი დასწრებისა და მონაწილეობის გარეშე განიხილა საჩივარი, რაც უკანონო და არასამართლიანია. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებული საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა მიმართა შემოსავლების სამსახურს და კვლავ მოითხოვა აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის №081-98 და 2.07.2015 წლის №081-140 საგადასახადო მოთხოვნების გაუქმება.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ 2014 წლის 9 დეკემბრის №081-98 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2015 წლის 2 ივლისის №081-140 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივრები, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №5650 და 2024 წლის 13 მარტის №5499 ბრძანებებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 8 აგვისტოს №97437/1/2025 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის №081-98 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2015 წლის 2 ივლისის №081-140 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის №081-98 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 25.02.2015 წლის №5650 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 2 ივლისის №081- 140 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №5499 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. იგივე საგადასახადო მოთხოვნების გაუქმების მოთხოვნით მომჩივანმა ხელახლა მიმართა შემოსავლების სამსახურს. ვინაიდან, აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის №081-98 და 2.07.2015 წლის №081-140 საგადასახადო მოთხოვნების თაობაზე მომჩივნის მიმართ არსებობს შესაბამისად, შემოსავლების 13 სამსახურის 25.02.2015 წლის №5650 და 2024 წლის 13 მარტის №5499 ბრძანებები, საბჭოს მიაჩნია, რომ იგივე მოთხოვნით იმავე ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი საჩივრის ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.11.2025 წლის №24446 ბრძანება;

3. საჩივარი, პირველი დავის საგნის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5499 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მსვლელობისას დეკლარირებული ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად (ძვ. 174) ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა პერიოდების მიხედვით 25%-20% განაკვეთით; შემოწმების მსვლელობისას სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად გამოქვითვებში გათვალისწინებული იქნა გადამხდელის სახელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, არქივიდან გამოთხოვილი საბაჟო რეჟიმების ამსახველი დოკუმენტაცია, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, საშემოსავლო გადასახადში დეკლარირებული განაცემები და გამოქვითვას დაქვემდებარებული გადასახადი. მიღებული შედეგით დაკორექტირდა (შემცირდა) დეკლარირებული გამოქვითვები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ბს-1270(2კ22)) უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №3/ბ-19-2022).

შემოსავლების სამსახურის №5499 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან (ერთობლივი შემოსავლების გაზრდა დეკლარირებული გამოქვითვების შემცირებით) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით სრულყოფილად შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

სადავო№5499 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებული საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, ბ); 301 (ზ).