ბრძანება N 8784

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.04.2024
№ დოკუმენტი 8784
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8784

16 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ ------------)

(ფაქტ. მის.: ---------------------;

იურ. მის.: -----------------------)

2023 წლის 8 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 მარტის და 4 აპრილის სხდომებზე (ოქმები №30 და №36) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ის (ს/ნ ------------) 2023 წლის 8 აგვისტოს №82931/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის №259-25 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ შემოწმების მიმდინარეობისას აუდიტის დეპარტამენტს მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია (ბუღალტრული პროგრამა), სადაც აღრიცხული იყო კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია. ამასთან, საგადასახადოს უფლებამოსულება შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტულ საქონელზე და არა ყველა ოპერაციაზე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საქონლის ფასნამატის გამოყენებით. დაუსაბუთებელი და გაუგებარია საცალო რეალიზაციის ფასნამატის გამოყენება, როდესაც საწარმოს საქმიანობის სფეროა საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმლით, ხოლო დოკუმენტების გარეშე რეალიზებულ საქონელზე, ყველა ოპერაციაზე და არა ერთ კონკრეტულზე, გავრცელებულია საცალო რეალიზატორის ფასნამატი 54%. შესაბამისად, თუ შემმოწმებელი მიიჩნევს, რომ საწარმო საქონლის რეალიზაციას ახდენდა საბითუმოდ, გაუგებარია რის საფუძველზე გაავრცელა საცალო რეალიზაციის ფასნამატი.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ მომწოდებლებთან იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულების 75%-ის ხარჯად ჩათვლას და აღნიშნულის გათვალისწინებით განსაზღვრულ სალაროს ნაშთს. განმარტავს, რომ -----იდან იმპორტირებულ საქონელზე სრულად აქვს გადახდილი თანხა უცხოელი მომწოდებლებისათვის და შესაბამისად შემოწმების შედეგად უნდა ჩათვლილიყო გადახდილი თანხის 100%.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მარტის №5850 ბრძანების, 27 აპრილის №9138 ბრძანების და 28 აპრილის №9267 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი ნოემბრიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 5 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 5 ივლისის №16000 ბრძანება და ამავე თარიღის №259-25 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 199 380 ლარი, მათ შორის, გადასახადი 129 100 ლარი, ჯარიმა 63 940 ლარი, საურავი 6 340 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 29 სექტემბრის №24147 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 27 თებერვლის №21015/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №24147 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 თებერვლის №21015/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და გამოყენებული ფასნამატის ოდენობას. შემოწმებას მიეწოდა ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც დეტალურადაა დოკუმენტური რეალიზაცია, საცალო რეალიზაცია, დეკლარირებული ფასნამატი 22%-ია და რეალიზაციის 64% დოკუმენტურია (სასაქონლო ზედნადებით გაყიდვებია). ამასთან, თავად აუდიტორის მიერ მოწოდებულ ცხრილში ჩანს, რომ დოკუმენტური ფასნამატი ნაკლებია დეკლარირებულ ფასნამატზე, კერძოდ დოკუმენტური ჯგუფის მიხედვით 15-20%-ის ფარგლებშია ფასნამატი. ამდენად, ამ პირობებში სხვა პირის აუდირებული ფასნამატის (54%) გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა. გარდა იმისა, რომ არ ეთანხმება აუდირებული ფასნამატის გავრცელებას, გაურკვეველია საიდან არის აღებული იგი. ითხოვს აუდირებული ფასნამატის ნაცვლად დეკლარირებული ფასნამატის გამოყენებას, მით უმეტეს, რომ საქონელი გაყიდულია ბითუმად და უმეტესი რეალიზაცია - 65% დოკუმენტურია (სასაქონლო ზედნადებებითაა გაყიდული), 1 კვირა იმუშავა გადასახადის გადამხდელმა საცალოდ და შემდგომ არ გაუგრძელებია. ამასთან, მეორე სადავო საკითხის ნაწილში, რომელიც კავშირშია ზემოაღნიშნულთან, არ ეთანხმება არარეზიდენტ მომწოდებლებთან, იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულების მხოლოდ 75%-ის ჩათვლას ხარჯად.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დოკუმენტურ რეალიზაციაზე რაც იყო ფასნამატი დაფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ დატოვეს, რომელიც 15-27%-ის ფარგლებშია, ხოლო საცალოდ რეალიზაციაზე, რომელზეც არც თანხის მიღება, არ ბანკში გადახდა და არც სალარო აპარატის მიხედვით არ ფიქსირდება ნაღდი ფულის მიღება, მასზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი, თუმცა არ განუმარტია რომელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმლით. გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან. ასევე, გადასახადის გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაჯარიმდა ინფორმაციის წარუდგენლობისთვის, ხოლო შემდეგ ეტაპზე წარმოადგინა საბუღალტრო პროგრამა და საბანკო ამონაწერი. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით სულ დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა - 638 709 ლარს, ხოლო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა - 860 025 ლარს.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგების მიხედვით გადამხდელის სასაქონლო ნაშთები ნულის ტოლია. აღსანიშნავია, რომ გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტთან და შედეგად, დაჯარიმდა ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ორჯერ. შპს „-----ის“ ადმინისტრაციამ 2023 წლის 5 აპრილის №--/4-23 წერილობითი განცხადებით განმარტა, რომ „შპს -----“ შპს „-----“-ში 2022 წლის 8 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით იჯარით ფლობდა სავაჭრო ფართს და დღეის მდგომარეობით აღნიშნულ მისამართზე აღარ ფუნქციონირებს. ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ გადამხდელმა წარმოადგინა საბუღალტრო პროგრამა, რომლის მიხედვითაც საქონლის მოძრაობა ვერ იშიფრება. (მაგალითისთვის აღრიცხულია რამდენიმე კაბა და ვერ ხდება იდენტიფიცირება და განსხვავება საქონელს შორის.) საბუღალტრო პროგრამით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტერიის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში 6110-ზე საქონლის საცალო რეალიზაციად ჩამოწერილია ნაშთად არსებული საქონელი და თანხის მიღება გატარებულია სალაროს 1110 ანგარიშზე. აღნიშნულ რეალიზაციაზე არ არის არც ზედნადები გამოწერილი და არც სალარო აპარატის მიხედვით არ ფიქსირდება ნაღდი ფულის მიღება, ასევე თანხის მიღება არ ჩანს არც საბანკო ამონაწერში. ვინაიდან გადამხდელი აღარ ფლობდა ფართს სადაც შესაძლებელი იქნებოდა საქონლის დასაწყობება და არც დოკუმენტები იყო გამოწერილი და არც თანხის მიღება ფიქსირდებოდა, ჩაითვალა რომ აღნიშნული საქონელი რეალიზებული ჰქონდა შესამოწმებელ პერიოდში. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები, რის შედეგადაც საქონლის 4 ჯგუფზე დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატები წლების მიხედვით, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის და წლების მიხედვით გამოთვლილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი. ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე კი გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე პირებთან დადგენილი საცალო ფასნამატები. შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შემოწმებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმებით განსაზღვრული შემოსავალი 1 014 830 ლარი (დღგ-ს გარეშე 860 025) ჩაითვალა მიღებულად. რაც შეეხება ხარჯებს, შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტური ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, იმპორტის ტრანსპორტირების ხარჯები და სხვა ხარჯები. რაც შეეხება იმპორტით განხორციელებულ საქონლის შეძენებს, აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის გამოყენებით დამუშავებული იქნა საბაჟო დეკლარაციები და ინვოისები, თუმცა არარეზიდენტებისთვის მოწოდებული საქონლის სანაცვლოდ გახორციელებული გადახდების დადასტურება ვერ მოხდა. ასევე ბანკის ამონაწერიდანაც არ დასტურდება თანხის გადახდა. ვინაიდან გადამხდელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი საქონლის იმპორტზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითების შესაბამისად, არარეზიდენტ მომწოდებლებთან იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულების 75% შემოწმების შედეგად ჩითვალა გადახდილად (ხარჯად). შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს სალაროში უნდა გააჩნდეს 357 063 ლარი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 21 მარტის №5527 ბრძანებით დაინიშნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ პროცედურა, რომლის შედეგების მიხედვითაც ნაღდი ფულის ნაშთი ნულის ტოლია. აღნიშნულიდან გამომდინარე დარიცხული თანხა 446 329 ლარის ოდენობით, ფორმა შინაარსის გათვალისწინებით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების,პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ გადამხდელმა წარმოადგინა საბუღალტრო პროგრამა, რომლის მიხედვითაც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გადამხდელი მიერ დეკლარირებული ბრუნვა ნაკლებია შემოწმების მიერ დადგენილ ბრუნვაზე. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტერიის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში 6110-ზე საქონლის საცალო რეალიზაციად ჩამოწერილია ნაშთად არსებული საქონელი და თანხის მიღება გატარებულია სალაროს 1110 ანგარიშზე. აღნიშნულ რეალიზაციაზე არ არის არც ზედნადები გამოწერილი და არც სალარო აპარატის მიხედვით არ ფიქსირდება ნაღდი ფულის მიღება, ასევე თანხის მიღება არ ჩანს არც საბანკო ამონაწერში. ვინაიდან გადამხდელი აღარ ფლობდა ფართს სადაც შესაძლებელი იქნებოდა საქონლის დასაწყობება და არც დოკუმენტები იყო გამოწერილი და არც თანხის მიღება ფიქსირდებოდა, ჩაითვალა რომ აღნიშნული საქონელი რეალიზებული ჰქონდა შესამოწმებელ პერიოდში. შესწავლილ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები, რის შედეგადაც საქონლის 4 ჯგუფზე დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატები წლების მიხედვით, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის და წლების მიხედვით გამოთვლილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი. ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე კი გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე პირებთან დადგენილი საცალო ფასნამატები.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო საბუღალტრო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ვერ გაიშიფრა ვერცერთი საქონლის მოძრაობა და არა კონკრეტული ერთი საქონლის, როგორც გადამხდელი უთითებს. საგადასახადო შემოწმების აქტში მოყვანილი იყო მაგალითი ერთ კონკრეტულ საქონელზე, კერძოდ კაბაზე, რომ აღრიცხულია რამოდენიმე ანგარიშზე და ვერ ხდება იდენტიფიცირება და განსხვავება საქონელს შორის. საბუღალტრო პროგრამით შეუძლებელი იყო მთლიანად დაბეგვრის ობიექტის დადგენა და არა ერთი კონკრეტული საქონლის. საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე, საცალო რეალიზაციაზე გავრცელდა, მსგავსი საქმიანობის მქონე პირებთან დადგენილი საცალო ფასნამატები, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმებით განსაზღვრული შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად. რაც შეეხება ხარჯებს, შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტური ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, იმპორტის ტრანსპორტირების ხარჯები და სხვა ხარჯები. იმპორტით განხორციელებულ საქონლის შეძენებთან დაკავშირებით, გადამხდელის მხრიდან არ არის წარდგენილი საქონლის იმპორტზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმებით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის გამოყენებით დამუშავდა საბაჟო დეკლარაციები და ინვოისები, თუმცა არარეზიდენტებისთვის მოწოდებული საქონლის სანაცვლოდ გახორციელებული გადახდების დადასტურება ვერ მოხდა. ასევე, ბანკის ამონაწერიდანაც არ დასტურდება თანხის გადახდა. შედეგად არარეზიდენტ მომწოდებლებთან იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულების 75% ჩითვალა გადახდილად (ხარჯად). შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს სალაროში უნდა გააჩნდეს 357 063 ლარი. დაინიშნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ პროცედურა, რომლის შედეგების მიხედვითაც ნაღდი ფულის ნაშთი ნულის ტოლია. აღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტობრივ და ნაღდი ფულის ნაშთს შორის სხვაობა, ფორმა შინაარსის გათვალისწინებით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მომჩივანს არც შემოწმების პროცესში წარმოუდგენია და საჩივარსაც არ ერთვის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები უცხოელ მომწოდებლებზე გადახდილი თანხის შესახებ.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საწარმოს მიერ არარეზიდენტ მომწოდებლებთან იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულების 75%-ის ანაზღაურებულად განხილვა მართლზომიერია, ხოლო აღნიშნულის გათვალისწინებით სალაროს ნაშთის განსაზღვრა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება,არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განესაზღვრას, არარეზიდენტ მომწოდებლებთან იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულების 75%-ის ხარჯად ჩათვლას და აღნიშნულის გათვალისწინებით განსაზღვრულ სალაროს ნაშთს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №5850 ბრძანების, №9138 ბრძანების და №9267 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი ნოემბრიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 5 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №16000 ბრძანება და №259-25 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 199 380 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №24147 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №21015/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №24147 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან,შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საწარმოს მიერ არარეზიდენტ მომწოდებლებთან იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულების 75%-ის ანაზღაურებულად განხილვა მართლზომიერია, ხოლო აღნიშნულის გათვალისწინებით სალაროს ნაშთის განსაზღვრა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 101(1); 154(1 „ა“,2 „ა“ და „ბ“);