გადაწყვეტილება №22825/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.05.2024
№ დოკუმენტი 22825/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22825/2/2024

27 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --------ი (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 10.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22825/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით თანხების დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №085-30 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.03.2024 წლის №6158 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 347 953 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 188 754

დღგ- 96 254

საშემოსავლო გადასახადი - 92 500

ჯარიმა - 94 756

საურავი - 64 443

 

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობაა თამბაქოს პროდუქტებით, ვეტერინარული პრეპარატებითა და საბავშვო ჰიგიენით საცალო ვაჭრობა, მათ შორის ისეთი საქონლის რეალიზაცია, რომელიც საგადასახადო კოდექსით დღგ-ისგან გათავისუფლებულია.

2023 წლის 30 ნოემბრის №29754 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2020 წლიდან 1.12.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი. ხოლო, სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი.

შემოწმების შედეგები აისახა 25.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით საწარმოს აღრიცხვა არ გააჩნია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, კომპანიის ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით.

შემოწმების პერიოდში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 866 500 ლარს, ხოლო დღგ-ისგან გათავისუფლებული შემოსავალი 482 112 ლარს.

საწარმოში მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2023 წლის №30320 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა. აღნიშნულთან დაკავშირებით მასალები გადაგზავნილია აუდიტის დეპარტამენტში.

საწარმოს სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა არ გააჩნია. შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მცირე რაოდენობის (დოკუმენტური რეალიზაციის რპთ ნაკლებია 2%-ზე მთლიან რპთ-სთან შედარებით) დოკუმენტური რეალიზაცია, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე -5 ნაწილის შესაბამისად, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაიყო სახეობებად (ჯგუფებად), თითოეულ სახეობაზე (ჯგუფზე) გავრცელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურების (ინვენტარიზაცია), გაანგარიშდა ფასნამატი. შედეგად, გაიზარდა საწარმოს მიერ დეკლარირებული შემოსავალი 813 552 ლარით (დღგ-ის გარეშე), მათ შორის დღგ-ის 18%-იანი ბრუნვა 703 589 ლარით, ხოლო გათავისუფლებული შემოსავალი 109 963 ლარით.

შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა 703 589 ლარი, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლების შესაბამისად, დამატებით დაიბეგრა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით, ამასთან საწარმოს შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადი თანხის შემცირებისთვის.

ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს 211 694 ლარს. მიღებული ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად, დეკლარაციაზე მიბმული და ჩაუთვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს 30 389 ლარს. შესაბამისად, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 175-ე, 176-ე მუხლების შესაბამისად მიღებული ანაგრიშ-ფაქტურების საფუძველზე 30 389 ლარით გაიზარდა საწარმოს დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

ასევე, შემოწმების შედეგად მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, რის საფუძველზეც დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 370 000 ლარის ოდენობით (გადასახადის გარეშე), დამატებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს არ წარუდგენია. ამასთან, არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი (საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელ პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაშთი შეადგენს 30 000 ლარს). შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 101-ე, 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახური მეთოდური მითითების მიხედვით, დამატებით დადგენილი ფულადი სახსრები ნაშთი 370 00 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილი იქნა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 164-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად, კომპანიას შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადში თანხის შემცირებისთვის.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №33341 ბრძანება და №085-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.03.2024 წლის №6158 ბრძანების საფუძველზე საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა წარდგენილი მასალები, მ.შ. საჩივარზე თანდართული და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 21.03.2024 წლის №6158 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები, მ.შ. საჩივარზე თანდართული და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატს. ინვენტარიზაციით დადგენილ საქონლის ნაშთზე საწარმოს აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შესაბამისად გაუგებარია რატომ აიღო შემმოწმებელმა ინვენტარიზაციით დადგენილი საქონლის ფასი და არ გაითვალისწინა უფრო გვიან პერიოდში დოკუმენტალური რეალიზაციით დადგენილი ფასი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2024 წლის №-----21-14 წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა არ გააჩნია. უფიქსირდება მცირე რაოდენობის (დოკუმენტური რეალიზაციის რპთ ნაკლებია 2%-ზე მთლიან რპთსთან შედარებით) დოკუმენტური რეალიზაცია, შესაბამისად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე" ქვეპუნქტის და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით.

შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაიყო სახეობებად (ჯგუფებად), თითოეულ სახეობაზე (ჯგუფზე) გავრცელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურების (ინვენტარიზაცია) შესაბამისად გაანგარიშებული ფასნამატი. შედეგად, გაიზარდა მომჩივნის მიერ დეკლარირებული შემოსავალი 813 552 ლარით (დღგ-ის გარეშე), მათ შორის დღგ-ის 18%-იანი ბრუნვა 703 589 ლარით, ხოლო განთავისუფლებული შემოსავალი 109 963 ლარით.

გამოვლენილი სხვაობა 703 589 ლარი 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლების შესაბამისად, დამატებით დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახდელი თანხის შემცირებისთვის.

ამასთან, წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს 211 694 ლარს. ხოლო მიღებული ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად, დეკლარაციაზე მიბმული და ჩაუთვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს 30 389 ლარს. შედეგად, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 175-ე, 176-ე მუხლების შესაბამისად, მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე 30 389 ლარით გაიზარდა საწარმოს დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 370 000 ლარის ოდენობით (გადასახადის გარეშე). ასევე, არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი (საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაშთი შეადგენს 30 000 ლარს), შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 101-ე, 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი 370 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორის ---------ის (პ/ნ -------) მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ ფასნამატის გაანგარიშებას. ამბობს, რომ ინვენტარიზაციით დადგენილ საქონლის ნაშთზე საწარმოს აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, შესაბამისად გაუგებარია რატომ აიღო შემმოწმებელმა ინვენტარიზაციით დადგენილი საქონლის ფასი და არ გაითვალისწინა უფრო გვიან პერიოდში დოკუმენტალური რეალიზაციით დადგენილი ფასი.

აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ იხელმძღვანელეს, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის ბრძანებით №22708 დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, სადაც:

ა) პირველი - სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც იდენტიფიცირებადია პირის რეალიზაცია (შემდგომში - „დოკუმენტური ფასნამატი“); ერთი ჯგუფის შესაქმნელად, მისი ღირებულება უნდა იყოს შესაბამისი წლის რპთ-ის არანაკლებ 2%-ის ტოლფასი. ამასთან, შესაბამის პროდუქციათა დანიშნულებიდან და მახასიათებლიდან გამომდინარე, კონკრეტულ ჯგუფში შესაძლოა გაერთიანდეს „ანალოგიური“, „მსგავსი“ ან/და „ერთგვაროვანი“ პროდუქცია;

ბ) მეორე - პირთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებ(ებ)ით, კერძოდ ინვენტარიზაციითა და დათვალიერებით, დაფიქსირებული ინფორმაცია (შემდგომში - „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“).

ვინაიდან გადასახადის გადამხდელის დოკუმენტით რეალიზებული საქონლისგან შედგენილი ჯგუფის რპთ ნაკლები იყო 2%-ზე ვერ მოხდა „ა“ მეთოდის გამოყენება და გამოყენებული იქნა მეორე მეთოდი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადაო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდით თანხების დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2023 წლის 30 ნოემბრის №29754 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2020 წლიდან 1.12.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი. ხოლო, სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი.შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში. საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით საწარმოს აღრიცხვა არ გააჩნია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, კომპანიის ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №33341 ბრძანება და №085-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №6158 ბრძანების საფუძველზე საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის №6158 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადაო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1);