ბრძანება N 33880

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.12.2023
№ დოკუმენტი 33880
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33880

29 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 28 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 28 ნოემბრის №201194/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №065-31 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შპს „-------“ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. აცხადებს, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ისეთ ოპერაციები, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის უფლებას გამორიცხავდა, ხოლო საგადასახადო ორგანოს მისცემდა ჩათვლილი დღგ-ის გაუქმების უფლებას. მიუთითებს, რომ ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. მიუთითებს, რომ მათ მიერ შემოწმების პროცესში არ წარდგენილა საბანკო ამონაწერი ან/და სხვა ინფორმაცია დოკუმენტაცია კომპანიაში არსებული ფულადი ნაშთის შესახებ, მაგრამ მათი არგუმენტაციით აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს განხორციელებული ოპერაციების კანონსაწინააღმდეგოდ შეფასების და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №19263 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 ოქტომბრის №25059 ბრძანება და ამავე თარიღის №065-31 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 194 920 ლარი, მათ შორის, გადასახადი 128 130 ლარი, ჯარიმა 64 065 ლარი და საურავი 2 725 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. "შპს “-------” (ს/ნ -------) გადასახადის და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლიდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობად დაფიქსირებულია საცალო ვაჭრობა პურით, ნამცხვრებით, ფქვილოვანი და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმით სპეციალიზებულ მაღაზიებში. გადასახადის გადამხდელი არ მონაწილეობდა შემოწმების პროცესში, შესაბამისად, მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნილი ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაერიცხა კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მობილური საკომუნიკაციო მომსახურების დანიშნულებით შპს „-------“ (ს/ნ -------) (-------), რაც ვერ იქნა დაკავშირებული კომპანიის მიერ ელექტრონულ ბაზებში მითითებულ საქმიანობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის გათვალისწინებით, გაუქმდა შპს „-------“ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ჩათვლები. გადასახადის გადამხდელს, დაეკისრა დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. საგადასახადო შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ფულადი სახით ბიუჯეტიდან დაბრუნებული აქვს სულ ჯამში 101 429 ლარი, ასევე რეალიზებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. შედეგად, დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ფულადი სახსრების ნაშთი. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები ან/და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია კომპანიაში არსებული ფულადი ნაშთის შესახებ. გამოვლენილი ფულადი სახსრები შემოწმების მიერ ჩათვლილ იქნა კომპანიის დირექტორზე სახელფასო განაცემად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტებია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცმების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობად დაფიქსირებულია საცალო ვაჭრობა პურით, ნამცხვრებით, ფქვილოვანი და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმით სპეციალიზებულ მაღაზიებში. დადგენილი შემოწმებით ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მობილური საკომუნიკაციო მომსახურების დანიშნულებით შპს „-------“, რომელიც ვერ იქნა დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გათვალისწინებული დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, ასევე საგადასახადო შემოწმების აქტის დანართებში დაფიქსირებულ მონაცემებზე, რომლითაც დგინდება, რომ საწარმოს მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხა შეადგენს 1 650 ლარს, ხოლო დეკლარირებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა კი შეადგენს 101 181 ლარს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ რადგან საქონელი/მომსახურება არ არის გამიზნული და არ გამოიყენება დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისათვის, დასაბეგრ პირს არ წარმოეშვება დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის უფლება. შესაბამისად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში, არ უფიქსირდება ჩათვლილი დღგ-ის თანხის შესაბამისი დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელება, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია საგადასახადო შემოწმების მიერ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის გაუქმება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ფულადი სახით ბიუჯეტიდან დაბრუნებული აქვს სულ ჯამში 101 429 ლარი, ასვე რეალიზებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ თანამშრომლობდა საგადასახადო შემოწმებასთან და არ წარუდგენია ფულადი ნაშთის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებისას გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთების დირექტორის ხელფასად განხილვა და მისი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. აგრთვე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება

1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას.

2. ფულადი სახსრების ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცმების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობად დაფიქსირებულია საცალო ვაჭრობა პურით, ნამცხვრებით, ფქვილოვანი და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმით სპეციალიზებულ მაღაზიებში. დადგენილი შემოწმებით ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მობილური საკომუნიკაციო მომსახურების დანიშნულებით, რომელიც ვერ იქნა დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გათვალისწინებული დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას.

გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ თანამშრომლობდა საგადასახადო შემოწმებასთან და არ წარუდგენია ფულადი ნაშთის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 175;