გადაწყვეტილება №26102/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26102/2/2025
10 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,---”-ს 29.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26102/2/2025).
დავის საგანი:
1. საბაჟო პროცედურის დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად;
3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა და საურავის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 13.08.2025 წლის №EL292670 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 14.08.2025 წლის №EL292810 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 14.08.2025 წლის №EL292818 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. საბაჟო დეპარტამენტის 21.08.2025 წლის №EL293368 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
5. საბაჟო დეპარტამენტის 14.08.2025 წლის №EL77777/6 (№006-6) საგადასახადო მოთხოვნა;
6. საბაჟო დეპარტამენტის 14.08.2025 წლის №EL77777/17 (№006-17) საგადასახადო მოთხოვნა;
7. საბაჟო დეპარტამენტის 14.08.2025 წლის №EL77777/19 (№006-19) საგადასახადო მოთხოვნა;
8. შემოსავლების სამსახურის 10.10.2025 წლის №21763 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 990,01 ლარი.
მათ შორის:
14.08.2025 წლის №EL77777/6 (№006-6) საგადასახადო მოთხოვნა - 22,18 ლარი.
გადასახადი - 19,55
დღგ საბაჟო - 5,54
აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 12
იმპორტის გადასახადი - 2,01
საურავი - 2,63
14.08.2025 წლის №EL77777/17 (№006-17) საგადასახადო მოთხოვნა - 935,55 ლარი.
გადასახადი - 934,61
დღგ საბაჟო - 232,86
აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 630,72
იმპორტის გადასახადი - 71,03
საურავი - 0,94
14.08.2025 წლის №EL77777/19 (№006-19) საგადასახადო მოთხოვნა - 158,14 ლარი.
გადასახადი - 157,99
დღგ საბაჟო - 31,87
აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 120
იმპორტის გადასახადი - 6,12
საურავი - 0,15
13.08.2025 წლის №EL292670 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 19,54
14.08.2025 წლის №EL292810 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 157,99
14.08.2025 წლის №EL292818 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 934,61
21.08.2025 წლის №EL293368 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 762
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საბაჟო დეპარტამენტის 15.07.2025 წლის №15938 ბრძანების საფუძველზე, 15.07.2025 წლიდან - 11.08.2025 წლის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა ქ. ----ის დასახლებაში მდებარე, შპს ---ის (ს/ნ ---) საბაჟო საწყობისთვის (WHS---) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი, რაზეც მიმდინარე წლის 11 აგვისტოს შედგა საბაჟო საწყობისთვის (WHS---) სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების აქტი“ №---. საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლიდან შერჩევით დათვალიერდა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი, ასევე საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დროებით შენახვის დეკლარაციით შენახული საქონელი, მათ შორის მომჩივნის კუთვნილი თამბაქოს ნაწარმი (ჩილიმის არომატი და ელექტრო სიგარეტი). 14.06.2023 წლის №---- საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი საქონლის ფაქტიური რაოდენობა 2 ცალით (ნეტო-წონით 100 გრამიანი შეფუთვა) ნაკლები იყო შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ რაოდენობასთან (ნაშთთან) შედარებით. ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაციით საბაჟო დეკლარაციის ნაშთი შეადგენდა 4 000 ცალს, ხოლო საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ წარმოდგენილი რაოდენობა – 3 998 ცალს.
ზემოაღნიშნული დეკლარაციით დასაწყობებული საქონლის ნაწილის (1 600 ცალი) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით 16.06.2023 წელს დარეგისტრირდა №--- საქონლის საბაჟო დეკლარაცია, რომლისთვის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალება „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“ და აღნიშნული საქონელი დღემდე განთავსებულია საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე. საქონლის დათვალიერება მიმდინარეობდა მომჩივნის წარმომადგენლის თანდასწრებით და მისი უშუალო მონაწილეობით, რა დროსაც მის მიერ არ ყოფილა მოწოდებული ინფორმაცია №--- (16.06.2023) საქონლის საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული იმპორტის გადასახდელის თანხების გადახდასთან დაკავშირებით.
ამასთან, იმპორტის გადასახდელის გადახდის შესახებ ინფორმაცია ასევე არ არის მითითებული ხსენებულ დეკლარაციაში. 30.06.2024 წლის №--- საქონლის დროებით შენახვის დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახული ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობის მიერ წარმოდგენილი საქონლის ფაქტიური რაოდენობა 10 შეფუთვით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ რაოდენობასთან შედარებით. ტვირთი თანმხლები დოკუმენტების მიხედვით უნდა ყოფილიყო 10 000 ცალი, საბაჟო საწყობში არსებულმა ფაქტიურმა რაოდენობამ შეადგინა 9 990 ცალი.
მომჩივნის მიერ განცხადებაში წარმოდგენილი „ტვირთის დაზიანების ოქმი“ №0536, რომელიც გაცემულია შპს ---ს საბაჟო საწყობის მიერ 28.06.2024 წელს, შეიცავს საქონლის მიღებისას ტერმინალის მიერ ტვირთის შეფუთვის ვიზუალური დათვალიერების შემდგომ, შეფუთვის დაზიანების შესახებ ინფორმაციას და აღნიშნული არ წარმოადგენს საქონლის თავდაპირველ რაოდენობასთან შეუსაბამობის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამასთან, „ტვირთის დაზიანების ოქმი“ არ არის ატვირთული №--- საბაჟო დეკლარაციის თანმხლებ დოკუმენტებში. 29.06.2023 წლის №--- საქონლის დროებით შენახვის დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახული ელექტრო სიგარეტის დათვალიერების დროს ჯამში აღმოჩენილ იქნა 429 ერთეული ელექტრო სიგარეტი, თუმცა წარმოდგენილი საქონლის ფაქტიური რაოდენობა და მახასიათებლები (დასახელება, გემო) არ შეესაბამება აღნიშნული დეკლარაციის თანმხლებ დოკუმენტებში (№00415 (23.06.2023) შესყიდვის დოკუმენტი) მითითებულ მონაცემებს, კერძოდ: – №00415 (23.06.2023) შესყიდვის დოკუმენტში არსებული 30 პოზიციიდან დაემთხვა მხოლოდ №1, №2, №3, №5, №8, №9, №10, №14, №18, №19, №20, №22, №23, №27 და №28 პოზიციებით განსაზღვრული საქონელი (სულ 192 ცალი ელექტრო სიგარეტი). – ნაკლები იყო ან არ აღმოჩნდა №4, №7, №11, №12, №15, №16, №17, №24, №25, №26, №29 და №30 პოზიციებით განსაზღვრული საქონელი (სულ 146 ცალი ელექტრო სიგარეტი). – 48 ცალი ელექტრო სიგარეტით მეტი აღმოჩნდა №6, №13 და №21 პოზიციებით განსაზღვრული საქონელი. – საბაჟო საწყობისა და შპს ---ის უფლებამოსილი პირების მიერ წარმოდგენილ ელექტრო სიგარეტებში აღმოჩნდა 95 ერთეული ელექტრო სიგარეტი, რომელებიც არ იყო მითითებული №00415 (23.06.2023) შესყიდვის დოკუმენტში, კერძოდ:
• City - Baku Double Melon 24 ცალი; • City - Novosibirsk Grape Blackurrant 24 ცალი; • City - Bombay Guava 12 ცალი; • City - Paris Grape 12 ცალი; • Soak - Jasmin Raspberry Tea 4 ცალი; • Soak - Pomelo 10 ცალი; • Soak - Aloe vera 1 ცალი; • Soak - Passion Bubble 1ცალი; • Soak - Booble gum 1 ცალი; • Soak - Rose grape 1 ცალი; • Soak – Raspberry Yogurt 1ცალი; • Soak – True lemon 1 ცალი; • Soak - Forest Blackurrant 1 ცალი; • Soak – Morning Muesli 1 ცალი; • Soak – Vanilla Pear – 1 ცალი;
ვინაიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად და ასევე საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი №EL293368 (ჯარიმა 762 ლარი), №EL292670 (ჯარიმა 19,54 ლარი), №EL292810 (ჯარიმა 157,99 ლარი), №EL292818 (ჯარიმა 934,61 ლარი) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის, შპს ---ს პასუხისმგებლობა დაეკისრა შპს ----თან (ს/ნ ---) სოლიდარულად და სანქციის სახით შეეფარდა კუთვნილი ჯარიმები.
ამასთანავე, საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, გამოიცა №EL77777/6, №EL77777/17, №EL77777/19 საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც შპს ----ის (ს/ნ ---) შპს ---თან (ს/ნ ---) სოლიდარულად დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი და საურავი.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.10.2025 წლის №21763 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, მე-13 მუხლზე, 52-ე მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ, მე-5 და მე-7 ნაწილებზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილებზე, 172-ე მუხლზე და საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და 272-ე მუხლზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას და ასევე საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის და 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ამასთან, ვინაიდან არსებობს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, საბაჟო ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე სადავო საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული თანხებიც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის (საბაჟო საწყობის დეკლარაცია A--- 14.06.2023) დათვალიერებისას კამერალურ ნაშთთან შედარებით, აღმოჩნდა დანაკლისი 2 კოლოფი. ამ დეკლარაციიდან ნაწილი ტვირთი (1 600 ცალი) დადეკლარირდა იმპორტის პროცედურაში (C--- 16.06.2023), რომელზეც განისაზღვრა წითელი დერეფანი და შპს ---ის მიერ გადახდილ იქნა იმპორტის გადასახდელები სრულად (დანართი №5, საგადახდო დავალება №1686927412).
დანაკლისი სწორედ ამ ტვირთში აღმოჩნდა. გამოიწერა სამართალდარღვევის ოქმი №EL292670 – 19,54 ლარზე და მიიღო საგადასახადო მოთხოვნა №EL77777/6 14.08.2025 – 22,18 ლარზე (დღგ - 5,54 ლარი, აქციზი - 12 ლარი, იმპორტი - 2,01 ლარი და საურავი 2,63 ლარი). აღნიშნული თანხები უკვე გადახდილია მომჩივნის მიერ, რაც დასტურდება საგადახდო დავალებით №1686927412 (სადაც მითითებულია დეკლარაციის ნომერი) და უნდა გაუქმდეს საგადასახადო მოთხოვნა №EL77777/6, 14.08.2025. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის (საბაჟო საწყობის დეკლარაცია C--- 30.07.2024) დათვალიერებისას კამერალურ ნაშთთან შედარებით, აღმოჩნდა დანაკლისი 10 კოლოფი. გამოიწერა სამართალდარღვევის ოქმი №EL292810 – 157,99 ლარზე და მიიღო საგადასახადო მოთხოვნა №EL77777/19 14.08.2025 – 158,14 ლარზე (დღგ - 31,84 ლარი, აქციზი - 120 ლარი, იმპორტი - 6,12 ლარი და საურავი 0,12 ლარი).
აღნიშნული ტვირთის მიღებისას სახეზე იყო შეფუთვების მთლიანობის დარღვევის ნიშნები და დეკლარანტის მიერ, საწყობთან ერთად შედგენილ იქნა შესაბამისი აქტი, რომელიც წარდგენილ იქნა საბაჟოზე (დანართი №6). რადგანაც ტვირთი თავიდანვე დანაკლისით ჩამოვიდა და ამის შესახებ ინფორმირებული იქნა საბაჟო, საქონლის უკანონო განკარგვას ადგილი არ ქონია და უნდა გაუქმდეს სამართალდარღვევის ოქმი №EL292810 და საგადასახადო მოთხოვნა №77777/19, 14.08.2025.
საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის (საბაჟო საწყობის დეკლარაცია C--- 29.06.2023) დათვალიერებისას კამერალურ ნაშთთან შედარებით, აღმოჩნდა დანაკლისი 3 ცალი ელექტრო სიგარეტი. როგორც კომისიის წევრებმა განუმარტეს, იმის გამო, რომ ინვოისთან მიმართებით ელ. სიგარეტის გემოები არ დაემთხვა (დასაწყობებულში არ აღმოჩნდა რამდენიმე გემოს ელ. სიგარეტი, რომელიც მითითებული იყო ინვოისში), შემოწმების აქტში კომისიის წევრების მიერ ჩაიწერა დანაკლისი 146 ცალი ელ. სიგარეტი. ხოლო 143 ცალი ელ. სიგარეტი ჩაითვალა არადეკლარირებულად. გამოიწერა სამართალდარღვევის ოქმები №EL292818 – 934,61 ლარზე (უკანონო განკარგვა), №EL293368 – 762 ლარზე (არადეკლარირებული საქონელი) და მიიღო საგადასახადო მოთხოვნა №77777/17, 14.08.2025 – 935,55 ლარზე (დღგ- 232,86 ლარი, აქციზი - 630,72 ლარი, იმპორტი - 71,03 ლარი და საურავი 0,94 ლარი).
აღნიშნული ტვირთის მიღებისას კომპანიის მიერ დადგინდა, რომ ელ. სიგარეტის გემოები არ შეესაბამებოდა ინვოისში მითითებულს და აქედან გამომდინარე აღნიშნულ ტვირთზე დაწერილი აქვს განცხადება განადგურების შესახებ. ფაქტი არის ის, რომ დათვლის შედეგად საწყობში აღმოჩნდა 429 ერთეული ელ. სიგარეტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ადგილი არ ქონია 146 ცალი ელ. სიგარეტის უკანონო განკარგვას, არც არადეკლარირებული 143 ცალი ელ. სიგარეტი არსებობს. დანაკლისი მხოლოდ 3 ერთეულს შეადგენს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს სამართალდარღვევის ოქმები №EL292818 და №EL293368 და დაკორექტირდეს საგადასახადო მოთხოვნა №EL77777/17 14.08.2025 და დაანგარიშდეს გადასახდელების და საურავის მოცულობა 3 ცალი ელ. სიგარეტის დანაკლისის მიხედვით. უნდა გაუქმდეს 13.08.2025 წლის №EL292670, 14.08.2025 წლის №EL292810 და №EL292818 და 21.08.2025 წლის №EL293368 სამართალდარღვევის ოქმები, №EL77777/6 და №77777/19 საგადასახადო მოთხოვნები და შემოსავლების სამსახურის 10.10.2025 წლის №21763 გადაწყვეტილება. ასევე, დაკორექტირდეს №EL77777/17 საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:
1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო, მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.10.2025 წლის №21763 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საბაჟო პროცედურის დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად;
3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა და საურავის დაკისრება.
ფაქტობრივი გარემოებები
ვინაიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად და ასევე საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის, მომჩივანს პასუხისმგებლობა დაეკისრა სოლიდარულად და სანქციის სახით შეეფარდა კუთვნილი ჯარიმები.
ამასთანავე, საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, გამოიცა საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც მომჩივანს სოლიდარულად დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი და საურავი.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272 (1);
საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172.