გადაწყვეტილება №21539/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.02.2024
№ დოკუმენტი 21539/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21539/2/2023

28 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „------ -ს “ (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს "------"-ს 8.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21539/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.07.2023 წლის №19889/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 9.11.2023 წლის №081-280 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 51 619,13 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 31 844

დღგ - 27 475

მოგების გადასახადი - 4 369

ჯარიმა - 8 928

საურავი - 10 847,13

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.07.2021 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №081-318 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11659 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 7.07.2023 წლის №19889/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია მე-2 სადავო საკითხთან (იჯარისთვის გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად ჩათვლის) დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს მე-2 სადავო საკითხი (იჯარისთვის გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად ჩათვლის საკითხი) ამ გადაწყვტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 7.07.2023 წლის №19889/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების საფუძველზე, დარიცხული თანხა გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 9.11.2023 წლის №081-280 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს დასაბუთებას და გაურკვეველია შემმოწმებლის შეფასება, რომლითაც განსაზღვრული იქნა საგადასახადო ვალდებულებები. ეს კი მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს მის მიერ გამოცემული აქტის სამართლებრივი დასაბუთება.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე და 97-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფა არ განხორციელებულა, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ხელმძღვანელობდეს სწორედ სამართლით აღიარებული და კანონით განმტკიცებული პრინციპებით. შემმოწმებელი არ უთითებს მიღებული ჩათვლების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად, არ არის მითითებული რომელი ნორმის დარღვევით იქნა კომპანიის მიერ ჩათვლა განხორციელებული.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განმარტებულია, რომ თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

განსახილველ შემთხვევაში კი ადგილი არ ჰქონია დღგ-ის ჩათვლის შეზღუდვის საფუძვლებს, რის გამოც კომპანიის მიერ სამართლებრივი ნორმების დაცვით განხორციელდა დღგ-ის ჩათვლის მიღება. საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს დასაბუთებას საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძვლებთან დაკავშირებით და მიუთითებს მხოლოდ გარემოებაზე, რომ იჯარით აღებული ფართის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი ვერ დასტურდება. ეს კი მაშინ, როდესაც სს "------"-ს მიერ აღნიშნული საცხოვრებელი სახლის იჯარიდან მიღებულია შემოსავლები, რომლებიც შესამოწმებელ პერიოდშივე აღიარებულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში და გადახდილია შესაბამისი დღგ (დანართი №9) და აღნიშნული შემმოწმებლის მიერ უცვლელად იქნა დატოვებული და დასაბეგრი ბრუნვების კორექტირებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, თუ კომპანიის მიერ საცხოვრებელი სახლის იჯარიდან მიღებული შემოსავლები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად იქნა განხილული, რომელი საკანონმდებლო ნორმით განხორციელდა მიღებული ჩათვლების გაუქმება, კიდევ უფრო ბუნდოვანია. ზემოაღნიშნულთან ერთად კი, კომპანიის მიერ სს "------"-სგან მიღებული ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლა განხორციელებული იყო ასევე საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის დროსაც, თუმცა შემოწმების შედეგად აღნიშნული დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება არ განხორციელებულა. ამდენად, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემმოწმებლების მიერ დღგ-ით ჩასათვლელი თანხების შემცირება მოკლებულია როგორც სამართლებრივ ასევე ფაქტობრივ გარემოებებს, მით უმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემმოწმებელი არ უთითებს ფაქტებს, არ წარმოადგენს მტკიცებულებებს და მხოლოდ ზოგადი მითითებით ამძიმებს კომპანიის საგადასახადო ტვირთს, ხოლო იმავე უძრავი ქონების იჯარიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლები შემოწმების მიერ კორექტირებას არ დაექვემდებარა, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ შემმოწმებლის მიერ ოპერაცია არ იქნა შესწავლილი და ფაქტების გამოკვლევის გარეშე იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება: ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად; ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

კომპანიის მიერ სს "----"-სგან იჯარით აღებული საცხოვრებელი სახლი გამოყენებულია ეკონომიკურ საქმიანობაში, კერძოდ გაცემულია ქვეიჯარით და შესაბამისი შემოსავლები კომპანიის მიერ მიღებული და აღიარებულია შესამოწმებელ პერიოდშივე, შემმოწმებელი კი ფაქტების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე უტყუარად ამტკიცებს, რომ აღნიშნული ხარჯის გაწევის მიზანი არ არის ეკონომიკური, რის გამოც შემოწმების შედეგები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. რამდენადაც, საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით კომპანიას დაევალა მტკიცებულებების წარდგენა. ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ განხორციელდა ოპერაციის ყველა მხარის საგადასახადო შემოწმება. ასევე, შემმოწმებლის მიერ სს "------"- ს აღნიშნული საცხოვრებელი სახლის იჯარიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც შესამოწმებელ პერიოდშივე აღიარებულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში და გადახდილია შესაბამისი დღგ, უცვლელად იქნა შემოწმების მიერ დატოვებული და დასაბეგრი ბრუნვების კორექტირებას ადგილი არ ჰქონია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემულ დასკვნაში შემმოწმებელი მიუთითებს, რომ არ მოხდა სათანადო მტკიცებულებების წარდგენა.

აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილია საბუღალტრო პროგრამა, ამასთან, აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებული საბუღალტრო ჩანაწერების ამსახველი დოკუმენტაცია ახლდა საჩივარს დანართის სახით და მიმდინარე საჩივარშიც წარმოდგენილია დანართის სახით (დანართი №9). რაც შეეხება საიჯარო ხელშეკრულებებს, აღნიშნულის წარდგენა ვერ განხორციელდებოდა, რამდენადაც არაერთგზის მითითებულია, რომ კომპანიის დოკუმენტაცია სრულად ამოღებულია საგამოძიებო სამსახურის მიერ და აღნიშნული ხელმისაწვდომია აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კატეგორიულად მიუღებელია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგები, სს "------"-სგან შესყიდულ მომსახურებაზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა და დღგ-ის ჩათვლების გაუქმება. აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები სრულად უნდა გაუქმდეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.07.2023 წლის №19889/2/2023 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია იჯარისთვის გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს აღნიშნული საკითხი ამ გადაწყვტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების საფუძველზე, დარიცხული თანხა გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.07.2023 წლის №19889/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მოჩივანისთვის მიუღებელია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგები, შესყიდულ მომსახურებაზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა და დღგ-ის ჩათვლების გაუქმება. გადამხდელი მიიჩნევს,რომ აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები სრულად უნდა გაუქმდეს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭოს 7.07.2023 წლის №19889/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია მე-2 სადავო საკითხთან (იჯარისთვის გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად ჩათვლის) დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს მე-2 სადავო საკითხი ამ გადაწყვტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება . დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 7.07.2023 წლის №19889/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების საფუძველზე, დარიცხული თანხა გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 9.11.2023 წლის №081-280 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.07.2023 წლის №19889/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),982,174,175.