ბრძანება N 4499
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4499
27 თებერვალი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის: -------, -------)
2025 წლის 29 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №99688/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ნოემბრის №024-122 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტრულ პროგრამაში არ ხორციელდებოდა აღრიცხვა შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილია ყველა დეკლარაცია, სულ შესამოწმებელ პერიოდში დარიცხულია 16 927 ლარი, ანუ დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 84 635 ლარს. ასევე, შემოწმების მიერ არ მოხდა 2021 წელს მიღებული ზარალის სრულად გამოქვითვა (2021 წელს ზარალი შეადგენდა 6041.96 ლარს დღგ-ის გარეშე). აგრეთვე, აცხადებს, რომ აუდიტორმა არაპირდაპირი მეთოდის მიხედვით დასაბეგრი შემოსავალი გაუზარდა დღგ-ის გარეშე 129 445 ლარით და დამატებით დაარიცხა საშემოსავლო გადასახადი 2022-2023-2024 წლებზე- 25 889 ლარი. ასევე გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაც. ფასნამატთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უნდა განისაზღვროს რომელი ფასებით იხელმძღვანელა შემმოწმებელმა, საცალო ფასებით თუ საბითუმო ფასებით. დასაბეგრი შემოსავლის 129 445 ლარით გაზრდის შემთხვევაში უნდა დარიცხვოდა დღგ 23 300.1 ლარი 3 წელზე, აუდიტორმა კი გადასახადი გამოიანგარიშა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, სრულიად გაუგებრად და ნაცვლად 23300.10 ლარისა (129445*0,18=23300,10) დაარიცხა 62 733 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდხელი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის №12669 და 4 ნოემბრის №24326 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2025 წლის 18 ივნისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 4 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 21 ნოემბერს გამოსცა №25625 ბრძანება და №024-122 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 171 362 ლარი, მათ შორის, გადასახადი 96 162 ლარი, ჯარიმა 44 053 ლარი და საურავი 31 147 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის სახეს წარმოადგენს ტექსტილით ვაჭრობა ------- ტერიტორიაზე იჯარით არებულ ფართში. საქონლის ყიდვა ხდება იმპორტის გზით, ხოლო რეალიზაცია ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ. შემოსავალების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 18 ივნისს განხორციელდა ი/მ ------- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 18 ივნისის მდგომარეობით გააჩნდა 700 113 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, რაზედაც შევსებულ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ ოქმი. კომპანიას შემოწმებისათვის არ წარმოუდგენია ბუღალტერია, არც ელექტრონული და არც მატერიალური ფორმით. შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე კომპანიის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს - 38%-ს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა 58%-იანი აუდირებული ფასნამატი საქონლის კატეგორიების მიხედვით. მიღებული შემოსავალი დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის წილის პროპორციულად იქნა განაწილებული. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი ერთობლივი შემოსავლით დაკორექტირდა 2022, 2023 და 2024 წლების წლიური საშემოსავლო დეკლარაციები, შეიცვალა დეკლარაციებში დაფიქსირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები (2022 წლის საწყისი ნაშთი დარჩა უცვლელი). აღსანიშნავია, რომ გამოქვითები გაიზარდა სესხზე გადახდილი პროცენტის თანხით და სხვა დოკუმენტური ხარჯებით. შედეგად, გაიზარდა დასაბეგრი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადი, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე2 ნაწილის გათვალისწინებით, კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან/და გადასახდელი (დარიცხვის მეთოდის გამოყენების მიხედვით) პროცენტები გამოიქვითება არა უმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.
2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.
3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი საქონლის შესყიდვას ახორციელებს იმპორტის გზით, ხოლო რეალიზაცია ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ. შემოსავალების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 18 ივნისს განხორციელდა გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 18 ივნისის მდგომარეობით გააჩნდა 700 113 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი, რაზედაც შევსებულ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ ოქმი. კომპანიას შემოწმებისათვის არ წარუდგენია ბუღალტერია, არც ელექტრონული და არც მატერიალური ფორმით. შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კომპანიის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს - 38%-ს. არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა აუდირებული 58%-იანი ფასნამატი, საქონლის კატეგორიების მიხედვით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის კორექტირება. ასევე შეიცვალა დეკლარაციებში დაფიქსირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები (2022 წლის საწყისი ნაშთი დარჩა უცვლელი), გამოქვითები გაიზარდა სესხზე გადახდილი პროცენტის თანხით და სხვა დოკუმენტური ხარჯებით.
შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია ბუღალტერია, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე საქონლის კატეგორიების მიხედვით აუდირებული ფასნამატის გავრცელება და მიღებული შემოსავლის დეკლარირებული დღგ-ით ბრუნვის წილის პროპორციულად განაწილება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის გაზრდა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან, 2021 წლის ზარალის გაუთვალისწინებლობასთან დაკაშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არაერთხელ ჰქონდა დაზუსტებული 2021 წლის დეკლარაცია სხვადასხვა მონაცემებით, ასევე 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო მითითებული წინა წლების ზარალი, რომელიც ექვემდებარება შემცირებას და ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდს არ წარმოადგენდა 2021 წლის საანგარიშო პერიოდი შემოწმების მიერ ვერ დადგინდა 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციაში არსებული ზარალის რეალობა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი იმგვარი არგუმენტი/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი საქონლის შესყიდვას ახორციელებს იმპორტის გზით, ხოლო რეალიზაცია ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ. შემოსავალების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი. კომპანიას შემოწმებისათვის არ წარუდგენია ბუღალტერია, არც ელექტრონული და არც მატერიალური ფორმით. შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა აუდირებული ფასნამატი, საქონლის კატეგორიების მიხედვით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის კორექტირება. ასევე შეიცვალა დეკლარაციებში დაფიქსირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები, გამოქვითები გაიზარდა სესხზე გადახდილი პროცენტის თანხით და სხვა დოკუმენტური ხარჯებით. გაიზარდა დასაბეგრი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადი, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159; 163; 164; 102; 105