გადაწყვეტილება №21673/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21673/2/2023
02 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 21.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21673/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ის ჩასათვლელი თანხების განსაზღვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №001-242 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.12.2023 წლის №29913 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 125 135 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 85 373
ჯარიმა - 23 715
საურავი - 16 047
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან და 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. შემოწმების შედეგად, საწარმო, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, 2021 წლის 17 ოქტომბერს დაექვემდებარა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციას და აღნიშნული მომენტიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი სულ 544 237 ლარი, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა დღგ-ის 18%-ით. ამასთან, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე მიღებულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ სულ 12 580 ლარი შემოწმებით, საგადასახდო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების მიხედვით, დაექვემდებარა ჩათვლას, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 17.10.2023 წლის №25714 ბრძანება და №001-242 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.12.2023 წლის №29913 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
გადამხდელის პოზიციასთან, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაზრდასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, პირი მიერ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციამდე პერიოდში შეძენილი მომსახურების ღირებულება, საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, ვერ იქნებოდა გათვალისწინებული დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში, ასევე, არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, ვინაიდან, საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, პირს ნაშთად არ გააჩნდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების მარაგები. დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციიდან შემოწმების დასრულებამდე პერიოდში შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხა სრულადაა გათვალისწინებული, ხოლო რაც შეეხება მიღებულ ანგარიშ-ფაქტურებს, რომელიც არ ეხება შესამოწმებელი პერიოდს და მიღებულია შესამოწმებელი პერიოდი შემდგომ, ვერ იქნება გათვალისწინებული შემოწმების მიერ.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღისათვის ნაშთად არ ჰქონდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგები, ხოლო რეგისტრაციის შემდგომ შესამოწმებელ პერიოდზე შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე ჩასათვლელი თანხები სრულად იქნა გათვალისწინებული შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ კომპანიის მიმართ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება და პირისთვის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და იქნებოდა საგადასახდო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, შემოწმების პერიოდში დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციიდან, 2021 წლის 17 ოქტომბრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე პერიოდში შეძენილი აქვს 166 681 ლარის პროდუქცია და 65 730 ლარის მომსახურება დღგ-ის გადამხდელი კომპანიებისაგან, რაც მკაფიოდ ჩანს და დასტურდება კომპანიის საგადასახადო ელექტრონულ გვერდზე და შესაბამისად მის მიერ გადმოგზავნილი საგადასახდო პორტალიდან ექსპორტირებული ექსელი ფაილების მიხედვით (იხ. მიმაგრებული ფაილები). მათ შორის დღგ შეძენილ პროდუქციაზე შეადგენს 25 425 ლარს, ხოლო მომსახურებაზე 10 026 ლარს. აქვს აგრეთვე შესყიდული მომსახურებები არარეზიდენტ კომპანიისგან ---------- და შესაბამისად გადარიცხვები, საერთო თანხით 22 478 ლარი, საიდანაც უკუდაბეგვრის დღგ შეადგენს 3 428 ლარს. იმის გამო, რომ პროდუქციის გამყიდველმა კომპანიებმა არაერთი მცდელობისა და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად (ელექტრონულად თუ სატელეფონო საუბრებით) დროულად (შემოწმების პერიოდში) ვერ წამოადგინა დღგ-ის აფ-ები, ეს ხომ ვერ იქნება იმის დამადასტურებელი, რომ კომპანიას არა აქვს გადახდილი დღგ - დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე პერიოდში და რეალურად გადახდილი დღგ-ის თანხები არ ექვემდებარება ჩათვლას.
ითხოვს ზემოაღნიშნულის გათვალისწინებას, რათა არ მოხდეს კომპანიის მიერ ზედმეტად, ანუ ორჯერ ერთი და იგივე გადასახადის გადახდა, რაც სერიოზულ ფინანასურ დარტყმას და ზიანს მიაყენებს კომპანიას და შეაფერხებს და ხელს შეუშლის შემდგომ პერიოდში მის საქმიანობის გაგრძელებას. თუ ვერ მოხდება შესამცირებელი დღგ-ის თანხის კორექტირება აქტით, მიეცეს უფლება 2021 წლის 17 ოქტომბრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე პერიოდში საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა განახორცილოს ახლა, რადგან მისი აზრით არ ცდება ხანდაზმულობის პერიოდს. შესამცირებელი დღგ-ის თანხა ნაცვლად 12580 ლარისა, განისაზღვროს 38879 ლარით, რაც თავისთავად გამოიწვევს ჯარიმა-საურავების კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
დ) უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია;
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ უკუდაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია;
დ) ამ კოდექსის 1611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მყიდველის მიერ საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის (მათ შორის, დღგ-ის თანხის) ოდენობა;
ე) საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვისას − დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმო 2021 წლის 17 ოქტომბერს დაექვემდებარა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციას და აღნიშნული მომენტიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი სულ 544 237 ლარი, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა დღგ-ის 18%-ით. ამასთან, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე მიღებულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ სულ 12 580 ლარი შემოწმებით, საგადასახდო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების მიხედვით, დაექვემდებარა ჩათვლას.
მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმების პერიოდში დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციიდან შესამოწმებელ პერიოდამდე (2021 წლის 17 ოქტომბრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე პერიოდში) შეძენილი აქვს 166 681 ლარის პროდუქცია და 65 730 ლარის მომსახურება დღგ-ის გადამხდელი კომპანიებისაგან, რაც მკაფიოდ ჩანს და დასტურდება კომპანიის საგადასახადო ელექტრონულ გვერდზე. იმის გამო, რომ დროულად (შემოწმების პერიოდში) ვერ წამოადგინა დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტები, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს დღგ-ის ჩათვლის არ გათვალისწინების საფუძველი.
მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება 15 კალენდარული დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დღგ-ის ჩათვლის მიღების დოკუმენტები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 1.12.2023 წლის №29913 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:
ა) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა;
ბ) სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ის ჩასათვლელი თანხების განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო 2021 წლის 17 ოქტომბერს დაექვემდებარა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციას და აღნიშნული მომენტიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი სულ 544 237 ლარი, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა დღგ-ის 18%-ით. ამასთან, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე მიღებულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ სულ 12 580 ლარი შემოწმებით, საგადასახდო კოდექსის მიხედვით, დაექვემდებარა ჩათვლას.
მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმების პერიოდში დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციიდან შესამოწმებელ პერიოდამდე (2021 წლის 17 ოქტომბრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე პერიოდში) შეძენილი აქვს 166 681 ლარის პროდუქცია და 65 730 ლარის მომსახურება დღგ-ის გადამხდელი კომპანიებისაგან, რაც მკაფიოდ ჩანს და დასტურდება კომპანიის საგადასახადო ელექტრონულ გვერდზე. იმის გამო, რომ დროულად (შემოწმების პერიოდში) ვერ წამოადგინა დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტები, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს დღგ-ის ჩათვლის არ გათვალისწინების საფუძველი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება 15 კალენდარული დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დღგ-ის ჩათვლის მიღების დოკუმენტები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1„ა,ბ“); 175(1); 176(1).