ბრძანება N 24146

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.09.2023
№ დოკუმენტი 24146
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24146

29 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2023 წლის 27 იანვარის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 27 იანვრის №78619/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №006-637 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად მიჩნევას და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №12476 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 21 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32905 ბრძანება და ამავე თარიღის №006-637 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 608 140 ლარი, მათ შორის, გადასახადი 273 600 ლარი, ჯარიმა 167 561 ლარი, საურავი 166 979 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 10 აპრილის №7801 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 9 აგვისტოს №03/64523 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 აპრილის №7801 ბრძანება და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 აგვისტოს №03/64523 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს სალაროში უფიქსირდება ნაღდი ფულის უძრავი ან მზარდი ნაშთები. საწარმოს აღებული აქვს ბანკიდან სესხები და აღნიშნული თანხების შემოსვლა ფიქსირდება სალაროშიც. მზარდი ფულის ნაშთი ფიქსირდება 1.05.2020 წლამდე. ამ თარიღში სალაროდან გასულია 1 300 000 ლარი მიწის შესაძენად. შესამოწმებელ პერიოდში არ არის ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაცია ან სხვა ღონისძიება, რაც დაადასტურებდა სალაროში აღნიშნული თანხის არსებობას.

შემოწმების მიერ სალაროს უძრავი ნაშთის გაანგარიშება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, სალაროში რიცხული ნაღდი ფულის ნაშთები 1.05.2020 წლამდე განხილულ იქნა სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

საბჭო აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7801 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სალაროს არაგონივრული ნაშთის სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის შედეგად ჩასათვლელი მოგების გადასახადის საკითხი, მათ შორის დაშვებული ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას სალაროში უფიქსირდება ნაღდი ფულის უძრავი და მზარდი ნაშთები. ფულის ნაშთი 1 006 271 შესამოწმებელი პერიოდის 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გადმოდის 1 100 ანგარიშის სადებეტო ნაშთის სახით. ამავე პერიოდში, საწარმოს აღებული აქვს ბანკიდან სესხები და აღნიშნული თანხების შემოსვლა ფიქსირდება სალაროშიც. მზარდი ფულის ნაშთი ფიქსირდება 2020 წლის პირველ მაისამდე პერიოდში, ამ თარიღში კი სალაროდან გასულია 1 300 000 ლარი მიწის შესაძენად. შესამოწმებელ პერიოდში არ არის ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაცია ან სხვა რამე ღონისძიება, რაც დაადასტურებდა სალაროში აღნიშნული თანხის არსებობას.

შემოწმების მიერ სალაროს უძრავი ნაშთის გაანგარიშება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად. სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითება არეგულირებს საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთიდან გონივრული ნაშთის გაანგარიშებას და არაგონივრული ნაშთის დაბეგვრას. წინამდებარე მეთოდური მითითება გამოსაყენებლად სავალდებულოა იმ პირის მიმართ, რომელსაც უფიქსირდება საკასო შემოსავალი ან/და ხარჯი. გონივრული ნაშთი არის ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომლის განთავსება-შენახვა სალაროში გადასახადის გადამხდელს ესაჭიროება მისი საქმიანობის ან/და სამეურნეო ოპერაციის სპეციფიკიდან, აგრეთვე, ბიზნეს გეგმიდან გამომდინარე. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდება არაარსებითი საკასო შემოსავლები და ხარჯები, რაც გათვალისწინებულ იქნა გონივრული ნაშთის დაანგარიშებისას.

შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, სალაროში რიცხული ნაღდი ფულის ნაშთები 2020 წლის პირველ მაისამდე განხილულ იქნა კომპანიის სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. ამდენად, უპროცენტო სესხად კვალიფიცირებულ არაგონივრულ ნაშთთან დაკავშირებით პირის საგადასახადო ვალდებულებები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-8 ნაწილისა და 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაექვემდებარა დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სალაროში ნაშთის არსებობა კომპანიის ბიზნეს გეგმის ნაწილია. კერძოდ, კომპანიას მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მიზნით, უნდა შეეძინა ---------- საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, იმ შემთხვევაში თუ აუქციონის წესით შეიძენდა მერიის საკუთრებაში არსებულ მოსაზღვრე (379 კვ.მ.) და მასთან ერთად მერიის საკუთრებაში არსებულ დაურეგისტრირებელ (428 კვ.მ.) მიწის ნაკვეთებს, მშენებლობის და ---------- საკუთრებაში არსებულ მიწასთან გაერთიანების უფლებით. 2018 წლის ---------- განცხადების საფუძველზე, ---------- მიწის ნაკვეთს მიუერთა თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და გაიტანა აუქციონზე 2019 წელს მშენებლობის უფლების გარეშე. რის გამოც, არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა და აუქციონი ჩაიშალა. ---------- განმეორებით მიმართვის საფუძველზე, მერიამ გაყო აღნიშნული მიწის ნაკვეთი და დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე გაიტანა აუქციონზე 2020 წელს, რომელიც შეიძინა შპს „----------“ პარალელურ რეჟიმში კომპანიამ შეიძინა ---------- კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რის შედეგადაც 2020 წლის პირველ მაისს სალაროს ნაშთი განულდა. შესაბამისად, ფულის ნაშთის სალაროში არსებობის ხანგრძლივობა გამოწვეულია აუქციონების პროცედურების დროში გაწელვის შედეგად.

გარდა ამისა გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმებით დაერიცხა მოგების გადასახადი, მაგრამ სალაროს ნაშთის განულებისას არ შემცირდა მოგების გადასახადის თანხა. ასევე, კომპანიას მიწის ნაკვეთები, შესყიდვის ღირებულებით, ერიცხება ბალანსზე და შესაბამისად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. შემოწმებას ისინი „შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო ნაშთები საბუღალტრო ანგარიშებზე“ საბოლოო ნაშთებში ასახული არ აქვს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება (დანართი №9).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად მიჩნევას და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სალაროში ნაშთის არსებობა კომპანიის ბიზნეს გეგმის ნაწილია. კერძოდ, კომპანიას მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მიზნით, უნდა შეეძინა ფიზიკური პირისგან საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, იმ შემთხვევაში თუ აუქციონის წესით შეიძენდა მერიის საკუთრებაში არსებულ მოსაზღვრე (379 კვ.მ.) და მასთან ერთად მერიის საკუთრებაში არსებულ დაურეგისტრირებელ (428 კვ.მ.) მიწის ნაკვეთებს, მშენებლობის და ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწასთან გაერთიანების უფლებით. 2018 წლის ფიზიკური პირის განცხადების საფუძველზე, მერიამ მიწის ნაკვეთს მიუერთა თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და გაიტანა აუქციონზე 2019 წელს მშენებლობის უფლების გარეშე. რის გამოც, არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა და აუქციონი ჩაიშალა. ფიზიკური პირის განმეორებით მიმართვის საფუძველზე, მერიამ გაყო აღნიშნული მიწის ნაკვეთი და დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე გაიტანა აუქციონზე 2020 წელს, რომელიც შეიძინა მომჩივანმა პარალელურ რეჟიმში კომპანიამ შეიძინა ფიზიკური პირის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რის შედეგადაც 2020 წლის პირველ მაისს სალაროს ნაშთი განულდა. შესაბამისად, ფულის ნაშთის სალაროში არსებობის ხანგრძლივობა გამოწვეულია აუქციონების პროცედურების დროში გაწელვის შედეგად. გარდა ამისა გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმებით დაერიცხა მოგების გადასახადი, მაგრამ სალაროს ნაშთის განულებისას არ შემცირდა მოგების გადასახადის თანხა. ასევე, კომპანიას მიწის ნაკვეთები, შესყიდვის ღირებულებით, ერიცხება ბალანსზე და შესაბამისად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. შემოწმებას ისინი „შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო ნაშთები საბუღალტრო ანგარიშებზე“ საბოლოო ნაშთებში ასახული არ აქვს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“); 101(1,2„ბ“); 154(1„ა“);