გადაწყვეტილება №20258/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20258/2/2023
24 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 14.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20258/2/2023).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
2. სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე 2021 წლის მარტის თვის შემდგომ შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვა;
3. განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
4. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2022 წლის №081-175 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15132 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 165 384 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 92 232
დღგ - 44 697
მოგების გადასახადი - 4 850
საშემოსავლო გადასახადი - 42 414
ქონების გადასახადი - 271
ჯარიმა - 46 894
საურავი - 26 258
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა არასპეციალიზებული ვაჭრობა სასურსათო პროდუქციით, შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა მაღაზიას, ქ. ------ში.
აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 2.04.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2022 წლის №081-175 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15132 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ნაწარმოები აღრიცხვა იმ სახით, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის ზუსტად განსაზღვრა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს უფიქსირდება 1 728 274 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საქონლის შეძენა, ხოლო დოკუმენტურად რეალიზებული აქვს მხოლოდ 1 555 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების საქონელი.
მომჩივნის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიას არ გააჩნდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, საწარმოს 2021 წლის აპრილის თვის შემდგომ თითქმის შეჩერებული აქვს ეკონომიკური აქტივობა. ხსენებული პერიოდის შემდგომ აღარ უფიქსირდება საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვა, ასევე, არ ფიქსირდება საბანკო ანგარიშებზე აქტივობა, არ აქვს გამოწერილი ელექტრონული დოკუმენტაცია, ხოლო შეძენილი აქვს სულ 1 550 ლარის საქონელი.
შემოწმების პროცესში, გაანალიზდა და გაანგარიშდა მომჩივნის მიერ მიღებული და გამოწერილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ასევე, საკონტროლო-სალარო აპარატზე დაფიქსირებული ბრუნვა და ბანკში მიღებული საოპერაციო შემოსავლები. პირველადი დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ პირის მიერ მიღებული შემოსავლები მკვეთრად აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს.
ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შეძენილი ჰქონდა როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული საქონელი, მთლიან შეძენებში გათავისუფლებული საქონლის პროპორციის გამოყენებით გაიმიჯნა დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები. შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დასაბეგრი ბრუნვები. დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
პირველადი დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემების შესაბამისად შემოწმებით განისაზღვრა მომჩივნის შემოსავლები, რაც მკვეთრად აღემატება დეკლარირებულ შემოსავალს, ხოლო ხსენებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, პირის მიერ მიღებული შემოსავლიდან აუდირებული საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენებით (11,8%) განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საიდანაც 1 728 274 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საქონლის შეძენები დოკუმენტურად იყო დადასტურებული, ხოლო დანარჩენი საქონლის შეძენა დოკუმენტურად დაუდასტურებელია (110 247 ლარი დღგ-ის ჩათვლით). ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, გამოყენებულია „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითება, რომლის თანახმადაც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 75% ჩაითვალა დადასტურებულად, ხოლო 25% დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 25% დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა იმ სახით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო დაბეგვრის ობიექტის ზუსტად განსაზღვრა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, პირს უფიქსირდებოდა 1 728 274 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საქონლის შეძენა, ხოლო დოკუმენტურად რეალიზებული ჰქონდა მხოლოდ 1 555 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების საქონელი. გადამხდელის ახსნა-განმარტების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს არ გააჩნდა დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთები, ნაღდი ფულის, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგები. შემოწმებით, პირველადი დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები მკვეთრად აღემატებოდა დეკლარირებულ მონაცემებს. ასევე, შემოწმებით, გადამხდელის შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, პირის მიერ მიღებული შემოსავლიდან აუდირებული საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენებით (11,8%) განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საიდანაც 1 728 274 ლარის საქონლის შეძენები (დღგ-ის ჩათვლით) დოკუმენტურად იყო დადასტურებული, ხოლო დანარჩენი საქონლის შეძენა დოკუმენტურად არ დასტურდებოდა (110 247 ლარი დღგ-ის ჩათვლით). შემოწმებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 75% ჩაითვალა დადასტურებულად, ხოლო 25% დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველადი დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე მიღებულ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობის (დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები გათვალისწინებულია) დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების შედეგებზე აქტის შედგენისას და აღნიშნული აქტის საფუძველზე გადასახადების დარიცხვის თაობაზე შესაბამისი ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები: 1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. 2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ასევე, დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის მოთხოვნები, რამდენადაც საგადასახადო შემოწმების შედეგებზე აქტის შედგენისას და აღნიშნული აქტის საფუძველზე გადასახადების დარიცხვის თაობაზე შესაბამისი ბრძანების გამოცემისას პრაქტიკულად არ განხორციელებულა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების სიღრმისეული და საფუძვლიანი შესწავლა, გამოკვლევა და შეფასება. შემოწმების შედეგებზე არ მიგვიღია საგადასახადო შემოწმების აქტის წინასწარი შედეგები, შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს არ მოუთხოვია და არ წარგვიდგენია ჩვენი პოზიცია, რის გამოც პრაქტიკულად არ მომხდარა აქტზე ჩვენი მოსაზრებების შეჯერება შემმოწმებელთა მიერ აქტში დაფიქსირებულ გარემოებებთან, არ მომხდარა მათი ჩვენთან ერთად განხილვა-შეფასება. ყოველივე ზემოაღნიშნულთა გამო შემოწმების შედეგებზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა ჩვენი არგუმენტებისა და მოსაზრებების, ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის შედეგადაც შემმოწმებლების მხრიდან საწარმოს საფინანსო-სამეურნეო ოპერაციებს პრაქტიკულად მიეცა მხოლოდ ცალმხრივი და შესაბამისად, არასწორი შეფასება-კვალიფიკაცია, ისე რომ მასში არ არის გათვალისწინებული ისეთი არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, როგორსაც ამ შემთხვევაში წარმოადგენს საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებული რეგულაციები/ნებართვები. აღნიშნულიდან გამომდინარე შემმოწმებელთა მიერ არამართლზომიერად განხორციელდა დამატებითი გადასახადების და შესაბამისი ფინანსური სანქციების დარიცხვა, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტის საფუძველზე, ამავე დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით (6.10.2022 წლის №081-175) დარიცხული თანხები არამართლზომიერია.
შემოწმების აქტში აღნიშნული ფაქტი, რომ საწარმოს მიერ არ არის ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა შეესაბამება სიმართლეს, რაც არ არის სადავო, თუმცა აღნიშნული ფაქტის მიუხედავად გაუგებარია და უცნობია, რის მიხედვით მოხდა აღნიშნული ბრუნვების დადგენა (როგორ დაადგინა სარეალიზაციო პროდუქციის ფასები, როგორ იქნა გამოყვანილი შესაბამისი ფასნამატები, როგორ იქნა საქონელი დაყოფილი (კატეგორია, ჯგუფი, ქვეჯგუფი), ხომ არ გამოიყენა სხვა ობიექტის ფასნამატი, თუ გამოიყენა რომელი ობიექტის?). შემოწმების აქტის მე-4 საკითხში აღნიშნულია, რომ ფასნამატად გამოყენებული იქნა აუდირებული საშუალო შეწონილი ფასნამატი 11,8%. შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილია ახსნა-განმარტება, რომ სარეალიზაციო საქონელზე ფასნამატი არ აღემატებოდა 8-10%-ს და უცნობია რა ტიპის ფასნამატი იქნა გამოყენებული, საიდან იქნა მოძიებული და დადგენილი შემოწმებით გამოყენებული ფასნამატი? შესაბამისად მიუღებელია აღნიშნული პრინციპით გამოანგარიშებული დასაბეგრ ბრუნვები, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება რეალურად არსებულ ბრუნვას, აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მოხდეს დამატებით სარეალიზაციო საქონლის ფასნამატის დადგენა (აღნიშნულ ნაწილში კორექტირება აგრეთვე გამოიწვევს მე-4 საკითხში მითითებული დარიცხვის კორექტირებას).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული 5 მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს უფიქსირდება 1 728 274 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საქონლის შეძენა, ხოლო დოკუმენტურად რეალიზებული აქვს მხოლოდ 1 555 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების საქონელი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიას არ გააჩნდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგები. საწარმოს 2021 წლის აპრილის თვის შემდგომ აღარ უფიქსირდება საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვა, ასევე, არ ფიქსირდება საბანკო ანგარიშებზე აქტივობა, არ აქვს გამოწერილი ელექტრონული დოკუმენტაცია, ხოლო შეძენილი აქვს სულ 1 550 ლარის საქონელი. პირველადი დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ პირის მიერ მიღებული შემოსავლები მკვეთრად აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს. გადასახადის გადამხდელს შეძენილი ჰქონდა როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული საქონელი, მთლიან შეძენებში გათავისუფლებული საქონლის პროპორციის გამოყენებით გაიმიჯნა დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები. შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მომჩივნის მიერ მიღებული შემოსავლიდან აუდირებული საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენებით (11,8%) განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საიდანაც 1 728 274 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საქონლის შეძენები დოკუმენტურად იყო დადასტურებული, ხოლო დანარჩენი საქონლის შეძენა დოკუმენტურად დაუდასტურებელია (110 247 ლარი დღგ-ის ჩათვლით). დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 75% ჩაითვალა დადასტურებულად, ხოლო 25% დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
2. სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე 2021 წლის მარტის თვის შემდგომ შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, მომჩივანს 2021 წლის მარტის თვის შემდგომ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, აღარ უფიქსირდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ასევე საკონტროლო-სალარო აპარატზე ამობეჭდილი ჩეკები და საბანკო ანგარიშებზე მიღებული საოპერაციო შემოსავლები. გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს არ გააჩნია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, 2021 წლის მარტის თვის შემდგომ მომჩივანს შეძენილი ჰქონდა 1 313 ლარის თვითღირებულების საქონელი. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა.
ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით 2021 წლის შემდგომ შეძენილი საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის შესაბამისად. შედეგად, გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 1 463 ლარის ოდენობით, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილია, რომ საწარმოს 2021 წლის მარტის თვის შემდგომ წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, აღარ უფიქსირდებოდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, ამავე პერიოდის შემდგომ საწარმოს აღარ უფიქსირდებოდა საკონტროლო-სალარო აპარატზე ამობეჭდილი ჩეკები და საბანკო ანგარიშებზე მიღებული საოპერაციო შემოსავლები. გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის საწარმოს არ გააჩნდა სმფ-ების ნაშთები. შემოწმებამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ გადამხდელს სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, 2021 წლის მარტის თვის შემდგომ შეძენილი ჰქონდა 1 313 ლარის თვითღირებულების საქონელი.
ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2021 წლის მარტის თვის შემდგომ შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის შესაბამისად და დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში აღნიშნული ფაქტი, რომ 2021 წლის მარტის თვის შემდეგ კომპანია აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ გააჩნია არც სალარო აპარატზე ამობეჭდილი ჩეკები და არც საბანკო ანგარიშზე ყოფილა მიღებული რაიმე თანხა, სადავო არ არის. ის ფაქტი, რომ ამ პერიოდის შემდეგ კომპანიაზე დაფიქსირებულია 1 313 ლარის თვითღირებულების საქონლის შეძენა არ ნიშნავს, რომ ის საქონელი რეალურად იქნა მიღებული, გაურკვეველია ვინ ან რატომ გამოწერა კომპანიის სახელზე საქონელი, მასზე არ ყოფილა გადახდილი რაიმე თანხა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ დოკუმენტი ფიქსირდება არ წარმოადგენს კომპანიისთვის ბრუნვის გაზრდის საფუძველს, ასევე როგორც შემოწმება მიუთითებს კომპანია 2021 წლის მარტის შემდეგ აღარ ახორციელებს არანაირ ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისად აღნიშნული დამატებით დაბეგრილი თანხები სრულად ექვემდებარება შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს სასაქონლო ზედნადებებით 2021 წლის მარტის თვის შემდგომ შეძენილი ჰქონდა 1 313 ლარის თვითღირებულების საქონელი. 2021 წლის მარტის თვის შემდგომ დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, აღარ უფიქსირდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, ამავე პერიოდის შემდგომ, პირს აღარ უფიქსირდება საკონტროლო-სალარო აპარატზე ამობეჭდილი ჩეკები და საბანკო ანგარიშებზე მიღებული საოპერაციო შემოსავლები, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს არ გააჩნია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქონელი შეძენილია პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები არ ფიქსირდება, შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები დეკლარირებული არ არის და მომჩივანმა საგადასახადო ორგანოს განუმარტა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა, აღნიშნული საქონლის რეალიზებულად განხილვა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანს არ წარუდგენია იმ სახის სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის ზუსტად დადგენა. შესაბამისად, შემოსავლების/ხარჯების განსაზღვრისთვის გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის არ გააჩნია დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთები, ასევე არ გააჩნია ნაღდი ფულის, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლომატერიალური ფასეულობების მარაგები. ამასთან, პირის მიერ წარმოდგენილია ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე გაანალიზდა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოში ფულადი სახსრების მოძრაობა. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოში გამოვლინდა განკარგვადი თანხები (ნაღდი ფულის ნაშთი), რომელზეც გადამხდელს არ აქვს მინიჭებული კვალიფიკაცია. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „სააღრიცხვო დოკუმენტაციის არარსებობისას, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული განკარგვადი თანხების დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების საფუძველზე აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლებს სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილია, რომ გადამხდელს შემმოწმებლისთვის არ წარუდგენია იმ სახის სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის ზუსტად დადგენა. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გააჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელზეც არ ჰქონდა მინიჭებული კვალიფიკაცია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმებამ სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას გაითვალისწინა ბიუჯეტში გადახდილი თანხები სს „-------ს“ და სს „------ს“ ანგარიშიდან, ასევე, სალაროდან.
ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის ანალიზისას გამოვლენილი განკარგვადი თანხა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში აღნიშნული ფაქტი, რომ საწარმოს მიერ არ არის ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა შეესაბამება სიმართლეს, რაც არ არის სადავო. ამასთან კომპანიის ინფორმაციით შემოწმებისას სრულად არ იქნა გათვალისწინებული გადახდილი თანხები ბიუჯეტში, აგრეთვე ბანკის საკომისიოები, რის შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს ფულის ნაშთი. ზემოაღნიშნული საკითხების და ასევე ამ საკითხის დაკორექტირების შემდეგ დარჩენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდეს როგორც დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემულ დივიდენდად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის არ გააჩნია დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთები, ასევე არ გააჩნია ნაღდი ფულის, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგები. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე გააანალიზა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოში ფულადი სახსრების მოძრაობა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოში გამოვლინდა განკარგვადი თანხები (ნაღდი ფულის ნაშთი), რომელზეც გადამხდელს არ აქვს მინიჭებული კვალიფიკაცია.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზით ირკვევა, რომ პირს ქონების გადასახადის დეკლარაციაში არ აქვს ასახული დასაბეგრი ქონების ღირებულებები. შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ პირს 2019 წელს შესყიდული აქვს სავაჭრო დახლი, ასევე ამავე პერიოდში შეძენილი აქვს სამშენებლო მასალები იჯარით აღებული ფართის რემონტისათვის. საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 202-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, 2019 და 2020 წლებზე გაანგარიშდა საწარმოს კუთვნილი ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულებები, რომლის შესაბამისადაც გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 115-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 12.08.1999 წლის №1 დადგენილებით დამტკიცებული ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმიდან გამომდინარე, იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობაზე გაწეული ხარჯი განიხილება ძირითად საშუალებად.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს 2019 წელს შესყიდული ჰქონდა სავაჭრო დახლი და სამშენებლო მასალები იჯარით აღებული ფართის რემონტისათვის, თუმცა არ ჰქონდა ასახული დასაბეგრი ქონების ღირებულებები ქონების გადასახადის დეკლარაციაში.
ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში აღნიშნული ფაქტი, რომ საწარმოს მიერ შეძენილი აქვს სამშენებლო მასალები შეესაბამება სიმართლეს, რაც არ არის სადავო. კომპანია ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა დირექტორის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ ფართში, რომლითაც მთელი პერიოდის განმავლობაში სარგებლობდა უსასყიდლოდ, შესაბამისად სარემონტო მასალების შეძენა არ წარმოადგენდა არანაირად საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე გაწეულ რემონტს, აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენდა მხოლოდ სავაჭრო ობიექტის იმგვარ ფორმაში მოქცევას, რომელშიც შეიძლებოდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. შეძენილი სარემონტო მასალების ღირებულება არანაირად არ წარმოადგენს კაპიტალიზებად ხარჯებს და არ უნდა შეიქმნას შესაბამისად ძირითადი საშუალების ჯგუფი. აღნიშნულის გათვალისწინებით შეძენილი სარემონტო მასალების ღირებულებით დათვლილი ქონების გადასახადი ექვემდებარება შემცირებას. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული უარის თქმის საფუძვლები, საჩივარი განიხილეს მომჩივნის ჩართულობის გარეშე, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის ბრძანება და საჩივარი დაბრუნდეს ხელახლა განსახილველად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2020 წლამდე მოქმედი რედაქციით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები, თუ მისი ჩატარება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული არ არის საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე, ექვემდებარება ძირითად საშუალებათა მიმღებთან კაპიტალიზებას და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ქმნის ცალკე ჯგუფს, რომლის დროსაც:
ა) გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ამ კოდექსით ძირითად საშუალებათა მიმართ დადგენილი ამორტიზაციის ნორმების მიხედვით, 15 პროცენტის ოდენობით;
ბ) ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ ხორციელდება ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება, აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და დარჩენილი თანხა ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება. ამასთანავე, ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება არ ითვლება მიწოდებად.
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანს ქონების გადასახადის დეკლარაციაში არ აქვს ასახული დასაბეგრი ქონების ღირებულებები. გადასახადის გადამხდელს 2019 წელს შესყიდული აქვს სავაჭრო დახლი, ასევე ამავე პერიოდში შეძენილი აქვს სამშენებლო მასალები იჯარით აღებული ფართის რემონტისათვის.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანს გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი და დადგენილია ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება, ქონების გადასახადი განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
2. სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე 2021 წლის მარტის თვის შემდგომ შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვა;
3. განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
4. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ნაწარმოები აღრიცხვა იმ სახით, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის ზუსტად განსაზღვრა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს უფიქსირდება 1 728 274 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საქონლის შეძენა, ხოლო დოკუმენტურად რეალიზებული აქვს მხოლოდ 1 555 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების საქონელი. არსებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ პირის მიერ მიღებული შემოსავლები მკვეთრად აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს. გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დასაბეგრი ბრუნვები. დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა. შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 75% ჩაითვალა დადასტურებულად, ხოლო 25% დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
2. 2021 წლის შემდგომ შეძენილი საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის შესაბამისად. შედეგად, გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 1 463 ლარის ოდენობით, დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
3. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გაანალიზდა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოში ფულადი სახსრების მოძრაობა. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოში გამოვლინდა განკარგვადი თანხები (ნაღდი ფულის ნაშთი), რომელზეც გადამხდელს არ აქვს მინიჭებული კვალიფიკაცია. აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზით ირკვევა, რომ პირს ქონების გადასახადის დეკლარაციაში არ აქვს ასახული დასაბეგრი ქონების ღირებულებები. შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ პირს 2019 წელს შესყიდული აქვს სავაჭრო დახლი, ასევე ამავე პერიოდში შეძენილი აქვს სამშენებლო მასალები იჯარით აღებული ფართის რემონტისათვის. 2019 და 2020 წლებზე გაანგარიშდა საწარმოს კუთვნილი ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულებები, რომლის შესაბამისადაც გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა")(9"ა""ბ"), 159(1"ა"), 97(1"ბ"), 982(1"ა"), 101(1), 154(1"ა"), 201(1"ა"), 115(4).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1"ა").