გადაწყვეტილება №21999/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 21999/2/2024
16 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 16.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21999/2/2024).
დავის საგანი:
1. საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლის ოდენობა;
2. მიღებულ შემოსავალსა და გათვალისწინებულ ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №006-392 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №28969 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 377 164,64 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 242 901
დღგ - 160 453
საშემოსავლო გადასახადი - 82 448
ჯარიმა - 85 894
საურავი - 48 369,64
პროცედურული გარემოებები
გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემებისთვის საჭირო დანადგარების რეალიზაცია/მონტაჟი.
აუდიტის დეპარტამენტის 24.07.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2.02.2022 წლიდან 19.05.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №006-392 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №28969 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების მსვლელობისას გადამხდელისგან მოწოდებული დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები) და საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა-ანალიზით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში ზემოაღნიშნული საქმიანობის შედეგად მომჩივნის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 153 134 ლარი. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით მომჩივანი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, შესაბამისად საქონლისა და მომსახურების რეალიზაციით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით გადამხდელს დღგის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია.
საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლების ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილდე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა: ა) დასაბეგრი პირის მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება, ხოლო ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, ხოლო საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ხოლო, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა - იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, მომჩივანს დღგის ნაწილში დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ შემოწმების მსვლელობისას გადამხდელისგან მოწოდებული (საბანკო ამონაწერები) და საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლით მომჩივნის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 153 134 ლარი.
რაც შეეხება საჩივარში გადამხდელის მიერ მოყვანილ არგუმენტს, რომ საწარმოს შემოსავლებმა შესამოწმებელ პერიოდზე დღგ-ის ჩათვლით შეადგინა - 624 708,5 ლარი, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან აღნიშნული თანხა დათვლილია მხოლოდ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით და არ არის გათვალისწინებული შემოწმებისთვის წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული სხვა შემოსავლები, რომელიც პირს მიღებული აქვს როგორც საქონლის რეალიზაციით, ასევე გაწეული მომსახურების ანაზღაურებით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტის მიხედვით დადგენილია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდზე დღგ-ის ბრუნვამ შეადგინა - 1 153 354 ლარი. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან საწარმოს შემოსავლებმა შესამოწმებელ პერიოდზე დღგ-ის ჩათვლით შეადგინა - 624 708,5 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე გაუგებარია საიდან დაადგინა შემმოწმებელმა საწარმოს შემოსავალი - 1 153 354 ლარი.
უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებითი შესწავლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
შემოწმების შედეგად საბანკო ანგარიშების ამონაწერებით და საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა-ანალიზით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში უსაფრთხოების სისტემებისთვის საჭირო დანადგარების რეალიზაცია/მონტაჟიდან მომჩივნის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 153 134 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 22.01.2024 წლის №4685-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მომჩივნის მიერ მითითებული შემოსავლის თანხა 624 708,5 ლარი არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან აღნიშნული თანხა დათვლილი აქვს მხოლოდ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით და არ აქვს გათვალისწინებული მის მიერვე შემოწმებისთვის წარმოდგენილ საბანკო ანგარიშების ამონაწერებში დაფიქსირებული სხვა თანხები, რომელიც მიიღო როგორც საქონლის, ასევე გაწეული მომსახურების შედეგად სხვადასხვა მომხმარებლებისგან.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. მიღებულ შემოსავალსა და გათვალისწინებულ ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საზოგადოებას შემოწმებისთვის ბუღალტრული აღრიცხვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დადგენის მიზნით, ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაციისა და საბანკო ამონაწერების შესწავლა/ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 110 487 ლარს, ხოლო სმფ-ის დოკუმენტური (მათ შორის შესყიდვის აქტით) შეძენა არ უფიქსირდება. შედეგად, შემოწმებისთვის უცნობია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში საჭირო მასალების შესაძენად გადახდილი თანხების მოცულობა, თუმცა გადამხდელის მიერ სამუშაოების გაწევა და სმფ-ის გამოყენება ფიქსირდება.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტების დადგენა.
ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ხარჯების ნაწილში შემოწმებამ იხელმძღვანელა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად და განსაზღვრა საზოგადოების მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფარგლებში საჭირო სმფ-ის შესაძენად გადახდილი თანხების მოცულობა.
საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებითა და ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი (ხარჯების გათვალისწინებით) საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად განხილულ იქნა საზოგადოების დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად და შესაბამის პერიოდებში დაბეგრილ იქნა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გადახდის წყაროსთან, რის შედეგადაც საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და საბანკო ამონაწერების შესწავლა/ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 110 487 ლარს, ხოლო სმფ-ის დოკუმენტური (მათ შორის შესყიდვის აქტით) შეძენა არ უფიქსირდება, თუმცა გადამხდელის მიერ სამუშაოების გაწევა და სმფ-ის გამოყენება ფიქსირდება. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ხარჯების ნაწილში შემოწმებამ იხელმძღვანელა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად და განსაზღვრა საწარმოს მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფარგლებში საჭირო სმფ-ის შესაძენად გადახდილი თანხების მოცულობა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმოდგენილი ინფორმაციით, ფულადი ნაშთის ხელფასის ნაცვლად პროცენტიან სესხად დაკვალიფიცირებისათვის შესაბამისი მტკიცებულება გადასახადის გადამხდელის მხრიდან მოწოდებული არ ყოფილა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები უნდა დაკვალიფიცირდეს პროცენტიან სესხად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლის ოდენობა;
2. მიღებულ შემოსავალსა და გათვალისწინებულ ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემებისთვის საჭირო დანადგარების რეალიზაცია/მონტაჟი. შემოწმებით დადგინდა რომ,შპს-ის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 153 134 ლარი. შპს არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, შესაბამისად საქონლისა და მომსახურების რეალიზაციით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით გადამხდელს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია.
ასევე, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი (ხარჯების გათვალისწინებით) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად და შესაბამის პერიოდებში დაბეგრილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გადახდის წყაროსთან, რის შედეგადაც საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5,9);101(1);154(1);