ბრძანება N 958

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.01.2024
№ დოკუმენტი 958
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 958

24 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----ის“ (ს/ნ ---)

(მის.:---) 2024 წლის 11 იანვრის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის გამართულ სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) №86692/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 დეკემბრის №005-202 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას. განმარტავს, რომ შემოწმებას არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების არანაირი წინაპირობა, რადგან საწარმო აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და არ დაურღვევია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის რომელიმე პუნქტი. აცხადებს, რომ შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და საწარმოს მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობა გამოწვეულია შესამოწმებელი პერიოდის სიდიდით, ხოლო თვეების მიხედვით გამოვლენილი სხვაობები არაარსებითია. ასევე აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ვირტუალური თანხა შემოწმებამ დაბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 აგვისტოს №20335 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 13 ივლისიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 13 დეკემბრის №31334 ბრძანება და ამავე თარიღის №005-202 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც 24 იანვარი 2024 N 958 გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 64 771 ლარი, მათ შორის გადასახადი 40 082 ლარი, ჯარიმა 14 529 ლარი და საურავი 10 160 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „----ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის სახეა საცალო ვაჭრობა ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით. საწარმოს შემოსავლები ასახულია საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებში, ხოლო ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა მხოლოდ ცნობები საბანკო ანგარიშების თაობაზე და ამონაწერები შესაბამისი ანგარიშებიდან, შემოწმებით, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრა განხორციელდა აღნიშნული (საბანკო ამონაწერების და სსა-ს მონაცემების მიხედვით) შემოსავლების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაციის გათვალისწინებით.

შესაბამისად, შემოწმებით, შპს „---“-ს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, განესაზღვრა 17.10.2021 წელი. შემოწმებით დადგენილი დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა შეადგენს 222 674 ლარს, შესაბამისად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი სულ 40 081 ლარის ოდენობით. ამასთან, პირს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან (17.10.2021), ნებაყოფლობით რეგისტრაციის თარიღამდე (25.06.2022) პერიოდზე დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282- ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ჯარიმა, ხოლო მის შემდგომ პერიოდზე საწარმოს ჯარიმა განესაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად;

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება; .

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა პირის საბანკო ამონაწერებისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემები, რომლის საფუძველზეც პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2021 წლის 17 ოქტომბრის თარიღით და განესაზღვრა შესაბამისი ვალდებულებები. მომჩივნის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტზე, შემოწმებით პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შემოწმებით პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდი არ გამოყენებულა. საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა მხოლოდ პირის საბანკო ამონაწერებისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების გათვალისწინებით.

იმის გათვალისწინებით, რომ პირის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის სისწორის განსაზღვრა განხორციელდა პირის მიერ წარმოდგენილი შემოსავლების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ პირის მიმართ დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები ან იმგვარი არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 13 დეკემბრის №31334 ბრძანება და ამავე თარიღის №005-202 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 64 771 ლარი, მათ შორის გადასახადი 40 082 ლარი, ჯარიმა 14 529 ლარი და საურავი 10 160 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61; 165; 159; 163; 164.