გადაწყვეტილება №25343/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25343/2/2025
27 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 20.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25343/2/2025).
დავის საგანი:
1. შემოწმების დასრულების შემდეგ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლის უფლება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №081-33 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11149 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 300 715.37 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 210 876.71
ჯარიმა - 75 450.61
საურავი - 14 388.05
პროცედურული გარემოებები
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 25.02.2020 წელს, საქმიანობას (კაფეები) ახორციელებს ქ. --------, იჯარით აღებულ ფართში, 3 ლოკაციაზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1496 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 27 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №6033 ბრძანება და №081-33 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 300 715.37 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 2 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 2 ივნისის №11149 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №081-33 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11149 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმების დასრულების შემდეგ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლის უფლება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (პოსტერმინალების) მონაცემების და საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ (1 509 012 ლარი დღგ-ის გარეშე) უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 2024 წლის 18 ივნისს. ამ თარიღიდან მომჩივანს წარმოეშვა დღგის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ 2024 წლის ივნისიდან მეწარმისთვის საქონლის შეძენისას გამყიდველის მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შესაბამისად, 2024 წლის ივნისი-დეკემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 60 745 ლარით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიმდინარეობისას შეძენების მცირე ნაწილზე მოხერხდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და შესაბამისად, ჩათვლა. აცხადებს, რომ შემოწმების დასრულების შემდეგ მომწოდებლების მხრიდან ეტაპობრივად იწერება დარჩენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ისინი სრულად (330 910 ლარის შეძენებზე) ექნება დავის დასრულებამდე. ითხოვს, აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშფაქტურებზე დღგ-ის ჩათვლების შესაბამის საანგარიშო პერიოდებში გათვალისწინებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
სამწუხაროდ, შემოწმების მიმდინარეობისას ყველა მომწოდებელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რის გამოც დღგ-ის თანხების მხოლოდ მცირედი ნაწილი (60 745 ლარი) იქნა ჩათვლილი საგადასახადო ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თუმცა დღეის მდგომარეობით არ არის გამოცემული დასკვნა.
შემოწმების დასრულების შემდეგ მომწოდებლების მხრიდან ეტაპობრივად იწერება დარჩენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სრულად ექნება წარმოდგენილი დავის დასრულებამდე, დღგ-ის რეგისტრაციის თარიღიდან შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე პერიოდის (18.06.2024-1.01.2025) შეძენებზე. ჯამში 330 910 ლარის შეძენებზე გადასახადის გადამხდელმა ვერ მიიღო ჩათვლა შემოწმების პერიოდში, რომლებზეც ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს მეწარმისთვის სოლიდურ თანხას. ითხოვს აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე მიეცეს დღგ-ის ჩათვლის უფლება შესაბამის საანგარიშო პერიოდებში, რათა მოხდეს საურავების კორექტირებაც.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად:
დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, 2024 წლის ივნისი-დეკემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 60 745 ლარით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმების მიმდინარეობისას ყველა მომწოდებელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რის გამოც დღგ-ის თანხების მხოლოდ მცირედი ნაწილი იქნა ჩათვლილი საგადასახადო ორგანოს მიერ. შემოწმების დასრულების შემდეგ მომწოდებლების მხრიდან ეტაპობრივად იწერება დარჩენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სრულად ექნება წარმოდგენილი დავის დასრულებამდე. 330 910 ლარის შეძენებზე გადასახადის გადამხდელმა ვერ მიიღო ჩათვლა შემოწმების პერიოდში, რომლებზეც ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს მეწარმისთვის სოლიდურ თანხას. ითხოვს აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე მიეცეს დღგ-ის ჩათვლის უფლება შესაბამის საანგარიშო პერიოდებში.
შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მისცა შესაძლებლობა, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №081-33 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 300 715.37 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 210 876.71 ლარი, ჯარიმა - 75 450.61 ლარი და საურავი - 14 388.05 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 282-ე მუხლებზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №081-33 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).
მომჩივნის არგუმენტაცია
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დაგვიანება გამოწვეული იყო არცოდნით. მიზანი არ ყოფილა გადასახადებისთვის თავის არიდება. ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №081-33 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 300 715.37 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 210 876.71 ლარი, ჯარიმა - 75 450.61 ლარი და საურავი - 14 388.05 ლარი.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დაგვიანება გამოწვეული იყო არცოდნით, მისი მიზანი არ ყოფილა გადასახადებისთვის თავის არიდება და ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმასაურავისგან.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 269-მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №----- საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. შემოწმების დასრულების შემდეგ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლის უფლება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი ახორციელებს საქმიანობას იჯარით აღებულ ფართში, 3 ლოკაციაზე. ჩატარდა კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით.
დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 2024 წლის 18 ივნისს. ამ თარიღიდან მომჩივანს წარმოეშვა დღგის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
ასევე, დადგინდა, რომ 2024 წლის ივნისიდან მეწარმისთვის საქონლის შეძენისას გამყიდველის მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შესაბამისად, 2024 წლის ივნისი-დეკემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;174(2,3);175(1);282(1);272(1);
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტი