ბრძანება N 20535
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20535
19 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 24 და 29 ივლისის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 24 ივლისის 117099/21-14 და 29 ივლისის №119823/21-14 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №005-107 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დეკორატიულ ------- კალკულაცია განხორციელდა არასწორად. ვინაიდან, იმისათვის რომ ნებისმიერი ზომის ------- მივიდეს მზა მდგომარეობამდე გათვალისწინებული უნდა იყოს 0.02 სმ-ით მეტი ნაჭრის აჭრა ვიდრე შემოწმებამ განახორციელა. ასევეა, შიგთავსის შემთხვევაშიც. შესაბამისად საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №7898 და 23 ივნისის №13351 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 2025 წლის 29 აპრილის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 30 ივნისის №14304 ბრძანება და პირველი ივლისის №005-107 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 337 016 ლარი, მათ შორის, გადასახადი 182 203 ლარი, ჯარიმა 118 276 ლარი, საურავი 36 538 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
● გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა დეკორატიული ------- წარმოება. მზა პროდუქციის რეალიზაციას ახდენს ქსელურ მარკეტებში, კერძოდ, კარფურსა და ფრესკოს ფილიალებში. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახორციელებს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 29 აპრილის №7669 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საწარმოში სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები და შესაბამისად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ არ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ნაწილში. გადამხდელის მხირდან შემოწმებისათვის წარდგენილია მზა პროდუქტის კალკულაციები სახეობების მიხედვით.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოების პროცესი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების საფუძველზე განხორციელდა ნედლეულისა და მზა პროდუქციის მოძრაობის ანალიზი. სმფ-ების საბოლოო ნაშთი განსაზღვრული იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სმფ-ების ფაქტობრივი აღწერით. შედეგად გამოვლინდა სხვაობა ნედლეულის ორ სახეობაში, რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა თვითღირებულებით რეალიზებულად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე და 159-ე მხულების გათვალისწინებით გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №7772 ბრძანების საფუძველზე 2025 წლის 29 აპრილს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია, რაზედაც შევსებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. მ.შ დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ს შეძენის ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით და ასევე, დებიტორულკრედიტორული დავალიანებების გათვალისწინებით გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
● საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 29 აპრილის №7669 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საწარმოში სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოების პროცესი, დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის კალკულაციები. შედეგად გამოვლინდა ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელიც არ ფიქსირდება პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში.
შემოწმებით, გადამხდელს დარიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა, აღურიცხველი სმფ-ების საბაზრო ღირებულების 50%-ის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 11 სექტემბერს 11:00 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოების პროცესი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების საფუძველზე განხორციელდა ნედლეულისა და მზა პროდუქციის მოძრაობის ანალიზი. სმფ-ების საბოლოო ნაშთი განსაზღვრული იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სმფს ფაქტობრივი აღწერით. შედეგად გამოვლინდა სხვაობა ნედლეულის ორ სახეობაში, რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა თვითღირებულებით რეალიზებულად. ამასთან, შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. მ.შ დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ს შეძენის ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით და ასევე, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების გათვალისწინებით გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა. შემოწმების მიერ აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ჯარიმასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
ამავე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:
1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (შემდგომში – სმფ), წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის (საქონლის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სმფ-ის (საქონლის მარაგების) ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა.
ამავე ინსტრუქციის 30-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად:
4. სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დაზუსტების შემდეგ, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ” (დანართი №19).
9. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დანართი №19-ის დადგენილ ვადებში შეუვსებლობის ან არასრულად შევსების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია შეავსოს დანართი №19 (მისი დანართის გარეშე) საგადასახადო ორგანოში აღნიშნული გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, დანართი №20 არ ივსება და სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შედეგად აღურიცხველი სმფ-ების გამოვლენის მიზნით, 5 კალენდარულ დღეში საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლომატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ” (დანართი №21).
ხოლო, 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობა ფორმდება შემაჯამებელი ოქმით, რომელშიც აისახება ინვენტარიზაციის შედეგები. სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შედეგად, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“ (დანართი №22).
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საწარმოში სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოების პროცესი. დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის კალკულაციები. შემოწმების ჯგუფის მიერ აღნიშნული მონაცემების დამუშავების და საბოლოო შედეგების დათვლის შედეგად გამოვლინდა ისეთი სასაქონლომატერიალური ფასეულობები, რომელიც არ ფიქსირდება პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
ვინაიდან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 29 აპრილის №7669 ბრძანებით განხორციელებულია სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის აღრიცხვა და შედეგები გამოყვანილია შემოწმების მიერ, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 26-ე, 30-ე და 31-ე მუხლების მიხედვით არ არის შედგენილი „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“ (დანართი №22) ოქმი, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 29 აპრილის №7669 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზანს წარმოადგენდა მხოლოდ სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის აღრიცხვა, შესაბამისად არამართლზომიერია საგადასახადო შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის შეფარდება.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოების პროცესი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების საფუძველზე განხორციელდა ნედლეულისა და მზა პროდუქციის მოძრაობის ანალიზი. სმფ-ების საბოლოო ნაშთი განსაზღვრული იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სმფს ფაქტობრივი აღწერით. შედეგად გამოვლინდა სხვაობა ნედლეულის ორ სახეობაში, რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა თვითღირებულებით რეალიზებულად. ამასთან, შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. მ.შ დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ს შეძენის ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით და ასევე, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების გათვალისწინებით გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა. შემოწმების მიერ აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოების პროცესი, დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის კალკულაციები. შედეგად გამოვლინდა ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელიც არ ფიქსირდება პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში. გადამხდელს დარიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 186(4)