ბრძანება N 2932

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 17.02.2023
№ დოკუმენტი 2932
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2932

17.02.2023

ფ/პ "----------"-ს (პ/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2023 წლის 16, 17, 20 იანვრის და 3 თებერვლის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 და 9 თებერვლის სხდომებზე (ოქმები №9 და №11) განიხილა ფ/პ "----------"-ს (პ/ნ ----------) 2023 წლის 16 იანვრის №6302/01, 17 იანვრის №6653/01, 20 იანვრის №8690/21 და 3 თებერვლის №78828/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 მაისის №12976 საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების, 2022 წლის 14 ნოემბრის №28560 საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანებებთან, 2022 წლის 21 დეკემბრის №065-28 საგადასახადო მოთხოვნასთან და ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №065-4550 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ინფორმაცია კომერციული ფართის ყიდვა-გაყიდვის შესახებ. გადამხდელისთვის გაურკვეველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების გამოყენების საფუძვლები. აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული გარემოება, რომ 2019 წლის 16 ივლისიდან დარეგისტრირდა გადამხდელად სიცრუეა. ასევე განმარტავს, რომ შეცდომითაა მითითებული თანხა 21 000 აშშ დოლარის ოდენობით. აცხადებს, რომ ფართის ყიდვა-გაყიდვით მიიღო ზარალი. განმარტავს, რომ სულ შეძენილი აქვს 16 643 ლარის კვების პროდუქტები, საიდანაც რეალიზებული და დეკლარირებულია 5 888 ლარი, დაბეგრილია 1%-ით. დანარჩენი კვების პროდუქტები კი მაღაზიის დაკეტვის შემდეგ გამოყენებულ იქნა პირადი მოხმარებისთვის. მიუთითებს, რომ შემმოწმებლებს არ გაუთვალისწინებიათ რემონტის ხარჯები (მასალები, მუშახელი). ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები ვალდებულები იყვნენ შეეტყობინებინათ მცირე მეწარმესთვის რაიმე სახის შეცდომა თუ არსებობდა მის გაუქმებამდე. განმარტავს, რომ დღგ-ის გადამხდელი არასდროს არ ყოფილა და არც ბრუნვა არ გააჩნდა. ასევე აცხადებს, რომ საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკები დაბეგრილი აქვს და გადახდილი ბიუჯეტში, რაც არ არის შესწავლილი. გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების გაუქმებას და ასევე ექსპერტიზის ჩატარებას. კერძოდ, რა მდგომარეობაში შეიძინა ფართი, რა დაუჯდა მისი გარემონტება და ინვენტარი. ითხოვს უკანონოდ გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №065-28 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

გადასახადის გადამხდელი ითხოვს უკანონოდ გამოცემული შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 მაისის №12976 საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების, 2022 წლის 14 ნოემბრის №28560 საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანებების, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №065-28 საგადასახადო მოთხოვნის და ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №065-4550 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 მაისის ბრძანების №12976 საფუძველზე დაინიშნა ფ/პ "----------"-ს (პ/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. 2022 წლის 14 ნოემბრის №28560 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 მაისის №12976 ბრძანებით განსაზღვრული საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელდა 2022 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 14 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 20 დეკემბრის №32110 ბრძანება და 2022 წლის 21 დეკემბრის №065- 28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 37 464 ლარი, მათ შორის გადასახადი 24 203 ლარი, ჯარიმა 7 916 ლარი და საურავი 5 345 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 16 ივლისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. გადამხდელმა 2020 წლის 25 დეკემბერს შეიძინა კომერციული ფართი (ს/კ ----------) 21 000 აშშ დოლარად. აღნიშნული კომერციული ფართის რეალიზაცია მოახდინა 2021 წლის 26 ივლისს 123 480 ლარად. გადამხდელს 2021 წლის 2 თებერვალს მიღებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე და 82-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, ხოლო რაც შეეხება აღნიშნულ შემოსავლებთან დაკავშირებულ გამოქვითვებს, აღნიშნულზე შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებულ იქნა კომერციული ფართის შეძენაზე გადახდილი თანხა 21 000 აშშ დოლარი (68 676 ლარი შეძენის თარიღში დაფიქსირებული ეროვნული ბანკის კურსით) და ასევე საგადასახადო ანგარიშფაქტურით დადასტურებული დოკუმენტური ხარჯი 4 526 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). შედეგად, ფ/პ "----------"-ს (პ/ნ ----------) მიერ მიღებულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, განხორციელებული ოპერაციები დაექვემდებარა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებას. გადამხდელის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 26 ივლისი. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 მაისის №12976 საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების და 2022 წლის 14 ნოემბრის №28560 საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.

საქმეში არსებულ მასალებსა და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ფ/პ "----------"-ს (პ/ნ ----------) 2022 წლის 24 მაისის №12976 საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ და 2022 წლის 14 ნოემბრის №28560 კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანებები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №065-28 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა ისეთი ხარჯებისა (დანახარჯებისა), რომელთა პირდაპირ გამოქვითვის უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს, ხოლო აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას – ამ აქტივების საბაზრო ფასი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

3. ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა 2020 წლის 25 დეკემბერს შეიძინა კომერციული ფართი, რომლის რეალიზაციაც განახორციელა 2021 წლის 26 ივლისს 123 480 ლარად. ამასთან, შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებულ იქნა კომერციული ფართის შეძენაზე გადახდილი თანხა 21 000 აშშ დოლარი (68 676 ლარი შეძენის თარიღში დაფიქსირებული ეროვნული ბანკის კურსით) და ასევე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დადასტურებული დოკუმენტური ხარჯი 4 526 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის 26 ივლისს განხორციელებული კომერციული ფართის რეალიზაციის ოპერაციის, რომლის ღირებულება შეადგენს 123 480 ლარს, დღგით დაბეგვრა და შესაბამისად, ქონების რეალიზაციის თარიღით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ მის მიერ შეძენილი უძრავი ქონება გაარემონტა და ისე მოახდინა მისი რეალიზაცია. მიუთითებს, რომ შემმოწმებლებს არ გაუთვალისწინებიათ რემონტის ხარჯები (მასალები, მუშახელი). გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების გაუქმებას და ასევე ექსპერტიზის ჩატარებას. კერძოდ, რა მდგომარეობაში შეიძინა ფართი, რა დაუჯდა მისი გარემონტება და ინვენტარი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აქტივის მიწოდებიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გადამხდელის მიერ უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების განსაზღვრის თაობაზე), რომლითაც დადასტურდება ფ/პ "----------"-ს (პ/ნ ----------) მიერ უძრავი ქონების გაუმჯობესებაზე შესამოწმებელ პერიოდში ხარჯის გაწევის ფაქტი. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

 ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №065-4550 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ფ/პ "----------"-ს (პ/ნ ----------) 2022 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადის სახით 11.80 ლარი, ჯარიმა 0 ლარი, საურავი 3.05 ლარი, არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 37 475.77 ლარი. აღნიშნული დავალიანების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე, 2022 წლის 22 დეკემბრის №065-4550 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობი/იპოთეკის უფლება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №065-4550 შეტყობინების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, დაევალოს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №065- 28 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების შემთხვევაში, შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ "----------"-ს (პ/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. აქტივის მიწოდებიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გადამხდელის მიერ უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების განსაზღვრის თაობაზე), რომლითაც დადასტურდება ფ/პ "----------"-ს (პ/ნ ----------) მიერ უძრავი ქონების გაუმჯობესებაზე შესამოწმებელ პერიოდში ხარჯის გაწევის ფაქტი;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.