გადაწყვეტილება №21550/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21550/2/2023
23 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 9.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21550/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
2. უძრავი ქონების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა საშემოსავლო გადასახადში;
3. გამოვლენილი შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №005-203 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28073 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 407 342 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 251 725
დღგ - 67 000
საშემოსავლო გადასახადი - 184 725
ჯარიმა - 125 863
საურავი - 29 754
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 26.12.2022 წლის №32880 ბრძანება და №005-203 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 20 ივნისის №14186 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 21 ივლისის №20210/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №14186 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28073 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28073 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა
ფაქტების აღწერა
საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2005 წლის 18 მაისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2014 წლის 12 დეკემბერს. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელსაც ახორციელებს შემდეგ მისამართზე: ქ. "------", "------"(საკადასტრო კოდი "------"). ობიექტის მშენებლობა დაიწყო 2016 წელს და დღეის მდგომარეობით, მშენებლობა დასრულებულია. შესამოწმებელ პერიოდში შპს „--------“-ის მიერ მყიდველებთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია საჯარო რეესტრში მყიდველის მიერ შეძენილი უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტისათვის. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, აგრეთვე ნასყიდობის ხელშეკრულებები და საჯარო რეესტრში ბინებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პერიოდები. შემოწმების მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. შემოწმებით გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად, დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები. შესამოწმებელ პერიოდში, შემოწმებით გაანგარიშებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 466 228 ლარი, ამავე პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა სულ შეადგენს 90 000 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელსაც ახორციელებს შემდეგ მისამართზე: ქ. "------", "------" (საკადასტრო კოდი "------"). ობიექტის მშენებლობა დაიწყო 2016 წელს და მშენებლობა დასრულებულია. შესამოწმებელ პერიოდში შპს „--------“-ის მიერ მყიდველებთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია საჯარო რეესტრში მყიდველის მიერ შეძენილი უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტისათვის. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, აგრეთვე ნასყიდობის ხელშეკრულებები და საჯარო რეესტრში ბინებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პერიოდები, რის საფუძველზეც გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. შემოსავლების სამსახური განმარტა, რომ აღნიშნული სხვაობის დღგით დაბეგვრა მართლზომიერად განხორციელდა.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ განმარტებაზე, სადაც მითითებულია, რომ შემმოწმებლებმა შემოწმების აქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში არ გაითვალისწინეს შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით კუთვნილი ჩასათვლელი დღგ, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში შეადგენდა 5665.69 ლარს. ამასთან, გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ 2021 წლის 5 ნოემბერს უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე "------"-ს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 126,10 კვ.მ.-ის უძრავი ქონება გადაუფორმა. შემმოწმებლებმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე (არ შეუფასებიათ ქონების საბაზრო ღირებულება, არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა ქონების ღირებულების დასადგენად) განუსაზღვრეს ქონების ღირებულებად 264 053,32 ლარი დღგ-ის ჩათვლით.
ფიზიკურმა პირმა თინათინ ჯაფარიძემ უზრუნველყო მის მშენებარე ობიექტზე მე-10 სართულზე მანსარდის დაშენებისათვის მშენებლობის პროექტის მომზადება, ნებართვის მისაღებად შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ქ. "------"-ის მერიის შესაბამის სამსახურში. წარდგენილი პროექტი მოწონებული იქნა და მშენებლობის ნებართვა გაიცა კომპანიაზე. მხარეთა შეთანხმებით აღნიშნული მომსახურეობის გაწევისათვის თინათინ ჯაფარიძისათვის უნდა გადაეცა უსასყიდლოდ უძრავი ქონება ასაშენებელ მანსარდაში 126,10 კვ.მ.-ის ოდენობით, რომლის ჭერის სიმაღლე არის 2,4 მ. აღნიშნული ოპერაციის შედეგად კომპანიის საკუთრებაში რჩებოდა 153,30 კვ.მ. მანსარდის ფართი, რაც კომპანიისათვის მომგებიანი ოპერაცია იყო. (იხ. ნოტარიულად დამოწმებული მტკიცებულება, რომელსაც დამატებით წარმოგიდგენთ). შესაბამისად აღნიშნული მომსახურეობის გაწევით თინათინ ჯაფარიძეს მისცა მინდობილობა უძრავი ქონების საკუთრებაში გადაფორმებასთან დაკავშირებით, როდესაც მან შეასრულა მასზედ ნაკისრი ვალდებულება, აღნიშნული მინდობილობით თინათინ ჯაფარიძემ კომპანიიდან 126,10 კვ.მ, ფართი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გაუფორმა თავის შვილს "------"-ს 2021 წლის ნოემბრის თვეში იხ. დანართი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი აქვს ბარტერულ ოპერაციას, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელ პერიოდამდე თინათინ ჯაფარიძისაგან მივიღე მომსახურეობა, უძრავი ქონების გადაცემის სანაცვლოდ. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს მესაკუთრემ ფაქტობრივად როდის გადაიფორმა უძრავი ქონება.
თუ დავების საბჭო მიიჩნევს, რომ ბარტერული ოპერაციის პერიოდია 2021 წელი, ამ შემთხვევაში უნდა დაებეგრა დღგ-ით ფიზიკური პირისაგან მიღებული საპროექტო მომსახურეობის საბაზრო ფასი, რომლის საბაზრო ფასი არ აღემატება 5 000 აშშ დოლარს ექვივალენტს ლარში.
2021 წლამდე არსებული რედაქციით საგადასახადო კოდექსის მიხედვით საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/ მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცის დაბეგვრის წესის მიხედვით ბარტერის მონაწილე ორივე პირი მიწოდებულ საქონელს/მომსახურებას დღგ-ით ბეგრავდა, ასეთ ოპერაციაზე ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა არ ხდებოდა და საგადასახადო დეკლარაცია იყო ჩათვლის მიღების საფუძველი. ასევე, იბეგრებოდა მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასი, ჩათვლაც ამავე ოდენობით ხდებოდა (მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან და არა მიღებული საქონლის ღირებულებად ან). საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის წარმოადგენს: ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრო განისაზღვრება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 8. უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი. ვინაიდან ბარტერული ოპერაციას აქვს ადგილი შესამოწმებელ პერიოდამდე ამიტომ შემოწმებით არ უნდა განხორციელებულიყო 2021 წლის ნოემბრის თვეში ჩუქების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა.
თუ დავუშვებთ, ბარტერულ ოპერაციას ადგილი არ ჰქონია და ჩუქების ოპერაციას ქონდა ადგილი მაშინ ისმევა კითხვა - რა ღირებულებით უნდა დაბეგრილიყო აღნიშნული ოპერაცია? ამ შემთხვევაში შემმოწმებლებს უნდა დაედგინათ მანსარდის საბაზრო ღირებულება საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით, ან/და ჩაეტარებინათ მანსარდის საბაზრო ღირებულების დადგენა საექსპერტო დასკვნაზე დაყრდნობით, რაც არ განახორციელეს და უცნობია საიდან მიიღეს/გამოიანგარიშეს 264 053,32 ლარის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით. სავარაუდოდ შემმოწმებლებმა სხვა ბინების გაყიდვისას დაფიქსირებული 1კვ.მ. ფართის ღირებულებიდან გაიანგარიშეს 264 053,32 ლარი.
მიაჩნია, რომ არასწორად იქნა უსასყიდლოდ/ჩუქებით მიწოდებული ქონების ღირებულება განსაზღვრული, რადგანაც იგი უნდა განსაზღვრულიყო შემდეგი სახით: ფ/პ"------"-თვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონების მანსარდის (რომლის ჭერის სიმაღლე გახლავთ 2,4 მ), ღირებულება უნდა დადგენილიყო კომპანიის მიერ ამავე მანსარდაში კომპანიის მიერ რეალიზებული 153,30 კვ.მ. ფართის "------"-ზე 200 000 ლარად რეალიზაციის (იხ. დანართი) 1 კვ.მ. ღირებულებიდან გამომდინარე, შესაბამისად იქნებოდა 1 კვ.მ.-ის ღირებულებას (200,000; 153,3) 1304,63 ლარს, რომლის ნამრავლით 126,10 ლარზე გამოვიდოდა 164 514,02 ლარი საბაზრო ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, ნაცვლად 264 053,32 ლარისა. უდავო ფაქტია, რომ ახლად აშენებულ კორპუსში მშენებარე ბინის ღირებულებზე ნაკლები ღირს ამავე კორპუსში არსებული დაშენების მანსარდის ღირებულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება ამ ნაწილში არის დაუსაბუთებელი და ექვემდებარება გაუქმებას.
2. უძრავი ქონების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა საშემოსავლო გადასახადში
ფაქტების აღწერა
საწარმოს 2021 წლის 5 ნოემბერს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების მიხედვით, ფ/პ "------"-ზე უფიქსირდება 126.10 კვ.მ. უძრავი ქონების ჩუქება, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული ქონების გადაცემა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-100 მუხლის პირველი ნაწილით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 103-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს 2021 წლის 5 ნოემბერს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების მიხედვით, ფ/პ "------"-ზე უფიქსირდება 126.10 კვ.მ. უძრავი ქონების ჩუქება, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საწარმოს მიერ ქონების უსასყიდლოდ გადაცემის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერად განხორციელდა.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივრის პირველ ნაწილში მოცემული არგუმენტისა და მტკიცებულებიდან გამომდინარე, თუ კომპანია 2021 წლის 5 ნოემბერს უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების მიხედვით, "------"-ზე გადაცემული 126,10 კვ.მ. უძრავი ქონების ჩუქების ოპერაცია თუ გადაკვალიფიცირდება ბარტერულ ოპერაციად ამ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ოპერაცია აღარ იარსებებს.
იმ შემთხვევაში თუ ბარტერულ ოპერაციად არ გადაკვალიფიცირდა ამ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადით უნდა დაიბეგროს ამ საჩივრის პირველ ნაწილში მოცემული არგუმენტებისა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით საბაზრო ღირებულებად უნდა განსაზღვროდა 164 514,02 ლარი, შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ოპერაციას აგროსვით შეადგენს 205 642,53 ლარს, საიდანაც გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი უნდა დარიცხვოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება ამ ნაწილში არის დაუსაბუთებელი და ექვემდებარება გაუქმებას.
3. გამოვლენილი შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და შესაბამისად არ არის წარმოდგენილი დოკუმენტაცია. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და მერიის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ გვერდზე არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად გაანგარიშებული იქნა საწარმოს შემოსავალი, ფული სრულად მიღებულად ჩაითვალა საჯარო რეესტრში მყიდველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტში, ასევე ფულის გასავალი გაანგარიშებული იქნა საქონლის/მომსახურების შეძენის დოკუმენტების შესაბამისად (დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი საქონელი/ მომსახურება ჩაითვალა გადახდილად). შემოწმებით გადამხდელთან არსებული ნაღდი ფულის ნაშთი 2022 წლის 8 ივნისის მდგომარეობით დადგენილი იქნა 474 850.97 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს არ აქვს გაცემული ხელფასი. გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №14355 ბრძანების შესაბამისად ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც 2022 წლის 8 ივნისის მდგომარეობით ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნულოვანი მაჩვენებლით.
შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს დირექტორს/დამფუძნებელს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება/გადაწყვეტილება არ წარმოუდგენიათ. შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლები, რომელიც აღემატება საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით ან/და სხვა მტკიცებულებებით დაფიქსირებულ შემოსავალს და გადამხდელს არ აქვს მასზე მინიჭებული შესაბამისი კვალიფიკაცია, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად გაანგარიშებული იქნა საწარმოს შემოსავალი, ფული სრულად მიღებულად ჩაითვალა საჯარო რეესტრში მყიდველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტში, ასევე ფულის გასავალი გაანგარიშებული იქნა საქონლის/მომსახურების შეძენის დოკუმენტების შესაბამისად (დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი საქონელი/ მომსახურება ჩაითვალა გადახდილად). შემოწმებით გადამხდელთან არსებული ნაღდი ფულის ნაშთი 2022 წლის 8 ივნისის მდგომარეობით დადგენილი იქნა 474 850.97 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს არ აქვს გაცემული ხელფასი. გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №14355 ბრძანების შესაბამისად ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის შედეგად, 2022 წლის 8 ივნისის მდგომარეობით ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნულოვანი მაჩვენებლით. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და შესაბამისად არ არის წარდგენილი დოკუმენტაცია.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ სალაროს ნაშთის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი სამი პრინციპის გათვალისწინებით, ესენია:
განისაზღვრება კომპანიის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც კორექტირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებიდან გამომდინარე;
2. ერთობლივ შემოსავალს აკლდება მხოლოდ გადახდილი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. 3.სალაროში ფულადი თანხების შემოსვლა და გასვლა იანგარიშება ფაქტიურად შემოსული თანხებისა და გასული თანხების მიხედვით.
შემოწმების აქტის თანახმად დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 462 228 ლარმა ე.ი დღგ-ის ჩათვლით კომპანიის შემოსავალია სულ: 545 429,04 ლარი, რომელშიც შედის ჩუქების სახით გადაცემული ქონების ღირებულება 264 053,32 ლარი, რაც შემმოწმებლებმა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩასვეს. კომპანიას სხვა სახის დღგ-ისაგან განთავისუფლებული შემოსავალი არ ქონია. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დებიტორული და კრედიტორული დავალიანება არ გააჩნდა. შესაბამისად 545 429,04 - 264 053,32=281 375,72 ლარია შემოსავალი ფულადი სახით და დებიტორულ/კრედიტორული დავალიანების არარსებობის გამო კორექტირებას არ ექვემდებარება.
კომპანიის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებია შემდეგი: შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი გვაქვს საქონელი 34 578, 63 ლარის ღირებულების საქონელი; ანგარიშ-ფაქტურით შეძენილი გვაქვს 15 350 ლარის ღირებულების მომსახურეობა და შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი აქვს 36 000 ლარი (იხ. დანართი) სულ გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 85 928,63 ლარმა.
სალაროში ფულადი სახსრების ნაშთი შეადგენს, რომელიც უნდა დაბეგრილიყო ეს არის 281 375,72 – 85 928,63 =195 447,09, რომლის აგროსვით ღებულობს 244 308,86 ლარს საიდანაც უნდა განხორციელებულიყო საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება. შემოსავლების სამსახურმა ამ საკითხის განხილვისას სამწუხაროდ არ გაამახვილა ყურადღება, რომ შემმოწმებლებმა ჩუქების სახით გადაცემული ქონების ღირებულება სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში დამატებული იყო დღგ-ის მთლიან ბრუნვაზე, რომელშიც უკვე შედიოდა ჩუქების ღირებულება და ამიტომაც მიიღეს შემმოწმებლებმა სალაროში შემოსავლად 900 ლარზე მეტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება ამ ნაწილში არის დაუსაბუთებელია და ექვემდებარება გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28073 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანს მიაჩნია, რომ არასწორად იქნა უსასყიდლოდ/ჩუქებით მიწოდებული ქონების ღირებულება განსაზღვრული ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება ამ ნაწილში არის დაუსაბუთებელი და ექვემდებარება გაუქმებას.
2.მომჩივანი მიიჩნევს,რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება ამ ნაწილში არის დაუსაბუთებელი და ექვემდებარება გაუქმებას.
3გადამხდელის მოსაზრებით შემოსავლების სამსახურის ბრძანება ამ ნაწილში არის დაუსაბუთებელია და ექვემდებარება გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2005 წლის 18 მაისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2014 წლის 12 დეკემბერს. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.ობიექტის მშენებლობა დაიწყო 2016 წელს და დღეის მდგომარეობით, მშენებლობა დასრულებულია.შემოწმებით გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. დაკორექტირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები. შესამოწმებელ პერიოდში, დასაბეგრი ბრუნვის სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2.საწარმოს 2021 წლის 5 ნოემბერს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების მიხედვით, ფ/პ -ზე უფიქსირდება უძრავი ქონების ჩუქება, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული ქონების გადაცემა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
3.უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად გაანგარიშებული იქნა საწარმოს შემოსავალი, ფული სრულად მიღებულად ჩაითვალა საჯარო რეესტრში მყიდველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტში, ასევე ფულის გასავალი გაანგარიშებული იქნა საქონლის/მომსახურების შეძენის დოკუმენტების შესაბამისად.გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების შესაბამისად ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც 2022 წლის 8 ივნისის მდგომარეობით ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნულოვანი მაჩვენებლით. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს დირექტორს/დამფუძნებელს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება/გადაწყვეტილება არ წარმოუდგენიათ. შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლები, რომელიც აღემატება საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით ან/და სხვა მტკიცებულებებით დაფიქსირებულ შემოსავალს და გადამხდელს არ აქვს მასზე მინიჭებული შესაბამისი კვალიფიკაცია,მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
302(6).