ბრძანება N 18051
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18051
05 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ----)
(მის.: ---) 2024 წლის 15 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 15 ივლისის №90733/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის №070-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ ხარჯების ნაწილში არ არის გათვალისწინებული სს „---ის“ და სს „---ის“ ტერმინალით მომსახურების საკომისიო თანხები, რომლებიც ჯამში შეადგენს 8 825 ლარს. განმარტავს, რომ 2021-2023 წლებში სს „---ის“ ტერმინალით მომსახურების საკომისიო თანხა, ბარათით ჩატარებული ყოველი ოპერაციის შემთხვევაში, შეადგენდა ჩატარებული ოპერაციის თანხის 7%-ს, 2024 წელს კი 1.5%-ს, ხოლო სს „---ის“ საკომისიო თანხა 2022 წელს შეადგენდა 1.5%-ს. ითხოვს ზემოაღნიშნული საკომისიო თანხების გათვალისწინებით საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ ბანკიდან გამოტანილი აქვს მიზნობრივი სესხი 120 000 ლარის ოდენობით, რომლითაც მიმდინარეობს ფერმის მშენებლობა, თუმცა შემმოწმებლებმა ეს გარემოება არ გაითვალისწინეს და აღნიშნული თანხიდან 101 353 ლარი დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვალეს. განმარტავს, რომ 2024 წლის იანვრიდან 2024 წლის 15 ივლისის მდგომარეობითაც ხორციელდება ფერმის მშენებლობისთვის საჭირო სამშენებლო და დამხმარე მასალების შეძენა და ფულადი ხარჯების გაწევა. აღნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჯამში შეძენილია 55 185 ლარის სამშენებლო მასალები. აცხადებს, რომ აღნიშნული თანხიდან 33 445 ლარი 2024 წლის პირველი აპრილის შემდგომ პერიოდში დირექტორმა უკან დააბრუნა და შემდეგ მოხდა აღნიშნული თანხით სხვადასხვა მასალების შეძენა. ითხოვს დარჩენილი თანხის ან დირექტორზე გაცემულ სესხად ან სარგებლად ჩათვლას, ვინაიდან აღნიშნული თანხა დირექტორს გააჩნია ხელზე და საჭიროების შემთხვევაში თანხას დააბრუნებს კომპანიის ანგარიშზე. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას და საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №8584 და 24 აპრილის №9560 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--- ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 15 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 11 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 17 ივნისის №14064 ბრძანება და ამავე თარიღის №070-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 36 281 ლარი, მათ შორის, გადასახადი 23 105 ლარი, ჯარიმა 11 382 ლარი, საურავი 1 794 ლარი
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცალო და საბითუმო ვაჭრობა მინერალური სასუქებით, აგროქიმიური პროდუქტებით, სამურნეო მასალებითა და საღებავებით. გადასახადის გადამხდელს არ აქვს საბუღალტრო პროგრამა, შესაბამისად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ასევე, შემოწმების მიერ სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა გაანგარიშდა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9-ის შესაბამისად. საკასო შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 101 353 ლარის ოდენობით, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვის სალაროს გონივრული ნაშთი და ახსნა-განმარტების საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაცია კრედიტორ-დებიტორების შესახებ, ხოლო დარჩენილი თანხა, რომლის სალაროში არსებობაც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ აქვს საბუღალტრო პროგრამა, შესაბამისად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
საკასო შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 101 353 ლარის ოდენობით, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვის სალაროს გონივრული ნაშთი და გადასახადის გადამხდელის მიერ ახსნა-განმარტების საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაცია კრედიტორ-დებიტორების შესახებ, ხოლო დარჩენილი თანხა, რომლის სალაროში არსებობაც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, მომჩივანი ითხოვს სს „----ს“ და სს „---ის“ ტერმინალით მომსახურების საკომისიო თანხების, ჯამში 8 825 ლარის, ხარჯებში გათვალისწინებას და შესაბამისად, დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შპს “---ის“ საქმიანობას წარმოადგენს საცალო და საბითუმო ვაჭრობა მინერალური სასუქებით, აგროქიმიური პროდუქტებით, სამეურნეო მასალებით და საღებავებით. გადასახადის გადამხდელი ადგილობრივად ყიდულობს და ყიდის საქონელს. ასევე ანაღდებს სოფლის მეურნეობის ვაუჩერებს. ანგარიშსწორება ხდება როგორც ნაღდით ასევე უნაღდო ფორმით. გადამხდელს ანგარიშები გახსნილი აქვს სს „---ში“, სს „---სა“ და სს „---ში“, სარგებლობს სს „---“-ს და სს „---ის“ ტერმინალებით.
სს „---ის“ ტერმინალზე ატარებს სოფლის მეურნეობის ვაუჩერებს, ხოლო დანარჩენი გადახდები სრულდება სს „----ის“ ტერმინალზე. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერები. ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში ხარჯებში გათვალისწინებულია მხოლოდ ამონაწერში მითითებული „საკომისიოს“ დანიშნულებით ასახული თანხები, ხოლო რაც შეეხება ცალკე ტერმინალის ამონაწერს, გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. ხოლო, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, კომპანიას ბანკიდან გამოტანილი აქვს მიზნობრივი სესხი (ფერმის მშენებლობისთვის) 120 000 ლარის ოდენობით, ხოლო 2024 წლის იანვრიდან 2024 წლის 15 ივლისის განმავლობაში აღნიშნული თანხიდან შეძენილი აქვს 55 185 ლარის სამშენებლო მასალები, საიდანაც 33 445 ლარი 2024 წლის პირველი აპრილის შემდგომ პერიოდში დირექტორმა უკან დააბრუნა და შემდეგ მოხდა აღნიშნული თანხით სხვადასხვა მასალების შეძენა. ითხოვს 33 445 ლარის სესხის დაბრუნებად განხილვას, ხოლო დარჩენილი თანხის დირექტორზე გაცემულ სესხად/სარგებლად დაკვალიფიცირებას.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული შეძენები და საქონლის რეალიზაცია (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები), რომლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია სამშენებლო მასალები, ჯამში 21 739 ლარის ოდენობით, რომელთა დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდება. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, კომპანიის დირექტორმა სრულად გაანაღდა სესხის თანხა (120 000 ლარი), შესაბამისად, შემოწმებამ აღნიშნული სესხის თანხა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულ შემოსავლად ჩათვალა, ხოლო სესხის ის ნაწილი, რომელიც გადახდილი ჰქონდა გათვალისწინებულ იქნა ხარჯებში სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას. შესაბამისად, დანარჩენი ნაწილი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი დამატებით აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით კომპანიის სახელზე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი, რომელიც კომპანიის დამფუძნებელმა შეიტანა საწესდებო კაპიტალში, ხოლო შემოწმების მხრიდან გადასახადის გადამხდელისთვის შეთავაზებულ იქნა სალაროში არსებული ნაღდი ფულის ოდენობით საწარმოს კაპიტალის შემცირება, თუმცა გადასახადის გადამხდელმა აღნიშნულზე უარი განაცხადა. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის დირექტორმა სრულად გაანაღდა სესხის თანხა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმების მიერ სესხის თანხის გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულ შემოსავლად ჩათვლა, სესხისთვის გადახდილი თანხის ხარჯებში გათვალისწინება, ხოლო დარჩენილი ნაწილის, რომელიც არ იყო დაფარული, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, საგადასახადო შემოწმების აქტში კომპანიის წარმომადგენლად ---ის ნაცვლად ---ის მითითებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად შემმოწმებლებმა ვერ მიიღეს ყველა საკითხზე ამომწურავი პასუხები, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტში დირექტორის და დამფუძნებლის გრაფებში აღნიშნულია როგორც ---, ხოლო ხელმომწერ პირად ----ის დაფიქსირება წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც დარიცხვაზე გავლენას არ ახდენს. მოწოდებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა დირექტორის-----ის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტაცია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ ბანკიდან გამოტანილი აქვს მიზნობრივი სესხი 120 000 ლარის ოდენობით, რომლითაც მიმდინარეობს ფერმის მშენებლობა, თუმცა შემმოწმებლებმა ეს გარემოება არ გაითვალისწინეს და აღნიშნული თანხიდან 101 353 ლარი დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვალეს. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას და საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შესაბამისად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ასევე, შემოწმების მიერ სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა გაანგარიშდა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9-ის შესაბამისად. საკასო შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 101 353 ლარის ოდენობით, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვის სალაროს გონივრული ნაშთი და ახსნა-განმარტების საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაცია კრედიტორ-დებიტორების შესახებ, ხოლო დარჩენილი თანხა, რომლის სალაროში არსებობაც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
მეორე სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პირველი სადავო საკითხის ნაწილში, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101; 154.