ბრძანება N 1556
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1556
31 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ააიპ „-------“ (ს/ნ -----)
(მის.: ------)
2023 წლის 28 დეკემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა ააიპ „---------“ (ს/ნ ----------) №86372/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის №001-260 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. განმარტავს, რომ შემოწმებას მიაწოდა ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა, ამდენად, გაუგებარია რატომ მოხდა შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია განხორციელდა 2022 წლის 30 ივნისიდან და დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 498 559 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ გადამხდელისთვის არ არის წარდგენილი ინფორმაცია დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების შესახებ, ხოლო კომპანიის მიერ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის დღიდან შემოწმების პერიოდის ბოლომდე გაანგარიშებულმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 428 435 ლარი. ამდენად, დღგ-ის თანხა, შემოწმებით დარიცხულ დღგ-ის თანხასთან მიმართებაში შეადგენს 12 620 ლარით ნაკლებს.
2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან, შემოწმების პერიოდის დასრულებამდე პერიოდში შესყიდულ საქონელსა და მომსახურებაზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. ამასთან, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციამდე პერიოდში კომპანიას შეძენილი აქვს ძირითადი საშუალებები, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტით. აღნიშნული ძირითადი საშუალებები დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის მომენტისთვის კომპანიას ნაშთან ერიცხებოდა. გადამხდელი ითხოვს აღნიშნული თანხებით მოხდეს დღგ-ის თანხების კორექტირება შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5425 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ააიპ „---------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 20 აგვისტოდან, 2023 წლის 17 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 17 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 ნოემბრის №29420 ბრძანება და ამავე თარიღის №001-260 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 132 580 ლარი, მათ შორის, გადასახადი 100 033 ლარი, ჯარიმა 14 121 ლარი, საურავი 18 426 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “----------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის საგანს წარმოადგენს საკუთრებაში არსებული და ქვე-იჯარით მიღებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა სხვა პირებზე თბილისის ზღვის კლუბის ტერიტორიაზე. აიპიმა, იჯარა/ქვეიჯარით უძრავი ქონების გაცემა დაიწყო 2022 წელს და ხელშეკრულების საფუძველზე ქონება გასცა ოთხ სხვადასხვა კომპანიაზე. გადამხდელის მიერ მოწოდებული ხელშეკრულებების, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის, მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად შემოწმებით განხორციელდა გადამხდელის დღგ-ის ბრუნვის გაანგარიშება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი არის 2022 წლის 30 ივნისი. დღგ-ზე რეგისტრაცია განხორციელდა გადასახადის გადამხდელის 2023 წლის 12 აპრილის განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე არ აქვს წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, აიპი-ს მიერ იჯარა/ქვეიჯარით უძრავი ქონების გადაცემა იბეგრება დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით. შემოწმების მიერ გაანგარიშებული დღგ-ის ბრუნვები აისახა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. პირს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების ან ძირითადი საშუალებების მიწოდების დროს, ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი/გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება საგადასახადო წლების მიხედვით ამ ძირითადი საშუალებების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად. ამ ნაწილის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად განხორციელდა გადამხდელის დღგ-ის ბრუნვის გაანგარიშება. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი არის 2022 წლის 30 ივნისი, ხოლო კომპანიის დღგ-ის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია განხორციელდა გადასახადის გადამხდელის 2023 წლის 12 აპრილის განცხადების საფუძველზე, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე არ აქვს წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ, პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდი არ გამოყენებულა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან, შემოწმების პერიოდის დასრულებამდე პერიოდში შესყიდულ საქონელსა და მომსახურებაზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. ამასთან, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციამდე პერიოდში კომპანიას შეძენილი აქვს ძირითადი საშუალებები, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტით. აღნიშნული ძირითადი საშუალებები დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის მომენტისთვის კომპანიას ნაშთან ერიცხებოდა, რაც ასევე დაფიქსირებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტს №5667 ბრძანებით ჩატარებული ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის აქტში. შესაბამისად, გადამხდელი ითხოვს ჩასათვლელი დღგ-ის თანხების გათვალისწინებას.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრის დანართად წარმოდგენილი) და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ააიპ „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრის დანართად წარმოდგენილი) და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.
2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან.
ფაქტობრივი გარემოებები
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საკუთრებაში არსებული და ქვე-იჯარით მიღებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა სხვა პირებზე. ააიპ-იმ, იჯარა/ქვეიჯარით უძრავი ქონების გაცემა დაიწყო 2022 წელს და ხელშეკრულების საფუძველზე ქონება გასცა ოთხ სხვადასხვა კომპანიაზე. შესწავლის შედეგად შემოწმებით განხორციელდა გადამხდელის დღგ-ის ბრუნვის გაანგარიშება. კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი არის 2022 წლის 30 ივნისი. დღგ-ზე რეგისტრაცია განხორციელდა გადასახადის გადამხდელის 2023 წლის 12 აპრილის განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე არ აქვს წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციები. შემოწმების მიერ გაანგარიშებული დღგ-ის ბრუნვები აისახა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. პირს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:165(2);158(1);159(1);163(1);164(1);174(1);175;