გადაწყვეტილება №19748/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.07.2023
№ დოკუმენტი 19748/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19748/2/2023

14 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 22.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19748/2/2023).

 

დავის საგანი:

საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 4.03.2021 წლის №EL128623 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 2. საბაჟო დეპარტამენტის 12.03.2021 წლის №EL129686 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 3. საბაჟო დეპარტამენტის 15.03.2021 წლის №EL130158 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 4. საბაჟო დეპარტამენტის 17.03.2021 წლის №EL131090 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 5. საბაჟო დეპარტამენტის 18.03.2021 წლის №EL131115 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 6. საბაჟო დეპარტამენტის 22.03.2021 წლის №EL131937 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 7. საბაჟო დეპარტამენტის 25.03.2021 წლის №EL132705 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 8. საბაჟო დეპარტამენტის 27.03.2021 წლის №EL133395 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 9. საბაჟო დეპარტამენტის 29.04.2021 წლის №ELC04168 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 10. საბაჟო დეპარტამენტის 29.04.2021 წლის №ELC08684 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 11. საბაჟო დეპარტამენტის 29.04.2021 წლის №ELC00630 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 12. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC10244 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 13. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8387 ბრძანება; 14. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8388 ბრძანება; 15. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8389 ბრძანება; 16. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8393 ბრძანება; 17. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8395 ბრძანება; 18. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8396 ბრძანება; 19. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8398 ბრძანება; 20. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8403 ბრძანება; 21. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8422 ბრძანება; 22. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8423 ბრძანება; 23. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8424 ბრძანება; 24. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8425 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით, მომჩივანმა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქის წარმომადგენელმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აღრიცხვის მოწმობით დადეკლარირდა რეექსპორტში და მათი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა 45 კალენდარული დღე, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.

აღნიშნულ ვადაში მომჩივანი დანიშნულების საბაჟო ორგანოში არ გამოცხადებულა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, არ განხორციელებულა სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან/და საქართველოდან გატანა.

მომჩივანს, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, დაეკისრა შესაბამის პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის სადავო ბრძანებებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა. საჩივრებზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება მომჩივნის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით დადეკლარირდა რეექსპორტში და მისი საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა 45 კალენდარული დღე, თუმცა სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ტერიტორიის დატოვების და რეექსპორტის დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნის მიზნით. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია.

საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული სატრანსპორტო საშუალების მიმართ არ განხორციელებულა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება, რამაც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა გამოიწვია.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2023 წლის მარტში შეიტყო, რომ ქონებაზე შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებით დადებულია ყადაღა და სასამართლო იწყებს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვას. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე მიმართა საგადასახადო ორგანოს და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე შესასვლელი რეკვიზიტები. როგორც გვერდზე შესვლის შემდეგ გაირკვა, ერიცხება დავალიანება, რომელსაც არ ვეთანხმები რადგან ეს დავალიანება არ ეკუთვნის. საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულია თანხები ისეთ სამეწარმეო ხასიათის მოქმედებაზე, რომელიც არ განუხორციელებია და შესაბამისად არც ეკუთვნის. ასრულებდა მიმნდობი პირის „----------“ დავალებას. (მინდობილობა №----------, 28.09.2017 წ.) შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები ეკუთვნის ამ პიროვნებას. განმარტავს, რომ არ ფლობს ქართულ ენას და ფიქრობდა, რომ საბუთები რომელსაც ხელს აწერდა - იწერებოდა მარწმუნებლის სახელზე და ის იხდიდა გადასახადებს. ასე ფიქრობს დღემდე, რადგან მთელი ეს წლები არასოდეს არავინ დაკავშირებია და გადასახადის გადახდა არ მოუთხოვია. ამასთან, სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია დაუსწრებლად, მისი მონაწილეობის გარეშე და მისი ჩაბარებისათვის არანაირი მცდელობა, საგადასახადო ორგანოს არ განუხორციელებია. შედგენილი ყოფილა 100 (ასი) სამართალდარღვევაზე მეტი ოქმი და 46 (ორმოცდაექვსი) საგადასახადო მოთხოვნაზე მეტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად:

1. პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.

4. ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე.

5. საბაჟო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რეექსპორტის განხორციელებისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით.

ვინაიდან მომჩივანმა, რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა, ვალდებული იყო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოცხადებულიყო შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

ვინაიდან დანიშნულების საბაჟო ორგანომდე სატრანსპორტო საშუალებების მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში მომჩივანი არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში და ამასთან, არც სატრანსპორტო საშუალებას არ დაუტოვებია საქართველოს საბაჟო ტერიტორია, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა შესაბამის პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ომჩივანმა, რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა, ვალდებული იყო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოცხადებულიყო შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე. ვინაიდან დანიშნულების საბაჟო ორგანომდე სატრანსპორტო საშუალებების მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში მომჩივანი არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში და ამასთან, არც სატრანსპორტო საშუალებას არ დაუტოვებია საქართველოს საბაჟო ტერიტორია, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა შესაბამის პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მართებულია.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172(1).