გადაწყვეტილება №19752/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19752/2/2023
10.07.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- -------ა (ს/ნ -------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- ------ას 23.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19752/2/2023).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №024-12418 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ;
2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10717 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ორი სატრანსპორტო საშუალება: №------ და №------ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილია 2022 წლის 9 დეკემბერს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მომჩივანს 2022 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა ზედმეტობა 40 419.35 ლარი, აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 2 803 693.60 ლარი.
საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის მთელ ქონებაზე 2022 წლის 27 დეკემბრის №024-12418 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
მომჩივნის მიერ, შემოსავლების სამსახურში მოთხოვნილ იქნა ვალის მართვის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №024-12418 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ბრძანების გაუქმება ორ სატრანსპორტო საშუალებაზე: (№------ და №№------ ), რომლებიც 2022 წლის 9 დეკემბერს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (საბაჟო გამშვები პუნქტი „-----ი“-ს გავლით), შემოყვანილია -----ის რესპუბლიკის მოქალაქეების ----------------------ისა (დოკუმენტის №------ ), და -----------ის (დოკუმენტის №------ ) მიერ (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება).
შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10717 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჩივრის არაუფლებამოსილი პირის მიერ წარდგენის გამო განუხილველი დარჩა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლით, 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი, რადგან წარმოდგენილ საჩივარში საკითხი ეხება სხვა პირის ქონებრივ უფლებებს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გირავნობის უფლების გაუქმება აღნიშნულ ორ ავტომობილზე მოთხოვნილ იქნა შპს ---- ------ას (ს/ნ ---------) მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, რაც გამოიხატა უცხოელი მომწოდებლისადმი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ღირებულების გადაუხდელობით.
შპს ---- ------ამ უცხოელი მომწოდებლისაგან შპს ---- ---------------------------- სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შემდგომი გადახდის პირობით შეიძინა ორი ავტომობილი, აღნიშნული ავტომობილები მიაწოდეს და ჩამოვიდა საქართველოში. მომწოდებლისათვის უნდა გადაეხადა შეძენილი საქონლის ღირებულება (96 000 აშშ დოლარი) 2023 წლის 9 იანვრამდე. ობიექტური მიზეზების გამო, მომწოდებელს ვერ ურიცხავს საქონლის ღირებულებას, მომწოდებელმა 2023 წლის პირველ თებერვალს გამოგზავნილი წერილით (იხ. დანართი) მოითხოვა ორივე ავტომობილის დაბრუნება თანხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის გამო. მომჩივანს ხელშეკრულებით აკისრია ვალდებულება დაუბრუნოს ავტომობილები გამყიდველს, მაგრამ ამას ვერ ახორციელებს იმის გამო, რომ მისი კომპანიის ქონებაზე დადებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №024-12418 შეტყობინებით ეცნობა, რომ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება წარმოიშვა შპს ---- ------ას ნებისმიერი ქონების მიმართ. აღნიშნული გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობა განპირობებულია, კომპანიის მიმართ წარდგენილი 2022 წლის 26 დეკემბრის №024- 85 საგადასახადო მოთხოვნით, რომლის მიხედვითაც დაერიცხა 2 803 260.86 ლარი, რაზედაც საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს დავას.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლის (პირობადადებული საკუთრება) პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. თუ შემძენი გააჭიანურებს საფასურის გადახდას, ხოლო გამსხვისებელი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, უკვე ორმხრივად განხორციელებული შესრულება მხარეებმა უნდა დააბრუნონ.
ვინაიდან შპს ---- ------ას მიერ საქართველოში შემოყვანილ ზემოაღნიშნულ ორ ავტომობილზე არ წარმოშობია საკუთრების უფლება, რადგანაც არა აქვს ნასყიდობის საგნის ღირებულება ანაზღაურებული უცხოელი მომწოდებლისათვის და არც ბალანსზე ერიცხება აღნიშნული ავტომობილები - განუბაჟებელია, ამიტომ შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიის საკუთრებაში არ მყოფ საქონელზე (ორ ავტომობილზე) გირავნობის/იპოთეკის უფლების გავრცელება ეწინააღმდეგება როგორც საგადასახადო, ასევე სამოქალაქო კოდექსს.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, შპს ---- ------ა აღნიშნული ორი ავტომობილის მესაკუთრე არ არის, რადგანაც საჩივარში დასმული საკითხი ეხება სხვა პირის ქონებრივ უფლებებს და ამ მოტივით არ განიხილა შემოსავლების სამსახურმა მათი საჩივარი, რასაც არ ეთანხმება მომჩივანი. კერძოდ:
1. საქართველოს საბაჟო საზღვარი ამ ორმა ავტომობილმა, როდესაც გადმოკვეთა საბაჟოზე და საზღვრის კვეთისას წარდგენილ დოკუმენტებში მიმღები მხარე იყო მომჩივანი, რაც დოკუმენტურად დასტურდება;
2. აღნიშნული ორი ავტომობილი შემოყვანილი იქნა ---------ის რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ, რომელიც თავის მხრივ დაქირავებული მძღოლები გახლდნენ, ავტომობილები ჩამოიყვანეს საქართველოში და მომჩივანს ჩააბარეს, ამის შემდგომ აღნიშნული პირები დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში. საქართველოს საზღვარის კვეთისას და საბაჟოზეც ეს ორი უცხოეთის მოქალაქე ფიქსირდება, რომ მათ შემოიყვანეს ავტომობილები ქვეყანაში. ავტომობილს იმპორტირებისას მოჰყვება ე.წ. „ტირკარნეტი“, რაც მითითებულია სატრანსპორტო ე.წ. „ცემეერში“, აღნიშნული „ტირკარნეტი“ იხურება საქართველოს საზღვრის კვეთისას საბაჟო ორგანოს მიერ;
3. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით ირკვევა, რომ კომპანიაზე შემოყვანილი ორი ავტომობილი (რომელთა ვინ კოდებია: №------- და №-------), არაა მოქცეული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების ქვეშ, რადგანაც შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ საჩივარში საკითხი ეხება სხვა პირის ქონებრივ უფლებებს;
4. კომპანიას, რომც შეეძლოს აღნიშნული ორი ავტომობილის განბაჟება, დაჯარიმდება დეკლარირების-გამოცხადების ვადის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სანქციით.
ფაქტობრივად ადგილი აქვს შემდეგ გარემოებას: უცხოელ მომწოდებელთან ხელშეკრულების მიხედვით მისი კუთვნილი ავტომობილების უკან გაგზავნას/დაბრუნებას ვერ ახორცილებს, რადგანაც საბაჟო ორგანო ამის უფლებას არ აძლევს. რა გამოდის, რომ საქართველოში შემოყვანილი აღნიშნულ ორ ავტომობილს მესაკუთრე არ ყავს, რაც რასაკვირველია ასე არ არის. ამ ავტომობილების რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაჩერების ხარჯს კომპანია სწევს და ხელშეკრულებით კომპანიას აკისრია ვალდებულება უცხოელი მომწოდებლისათვის ავტომობილების უკან დაბრუნების ხარჯის გაწევაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მომჩივანი გამოდის პირობადადებული საკუთრების უფლების მქონე პირად, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ არ აქვს ნასყიდობის ნივთის საფასური გადახდილი და გამსხვისებელი უარს ამბობს ხელშეკრულებაზე, რაც მისი წერილით დასტურდება ამ შემთხვევაში უკან უნდა დაუბრუნდეს გამსხვისებელს მისი კუთვნილი ნივთი.
მომჩივანი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 97-ე მუხლის და 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ითხოვს:
1. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10717 ბრძანების გაუქმებას/ბათილად ცნობას;
2. დაევალოს შემოსავლების სამსახურს, მომჩივანს ნება დართოს უცხოელ მომწოდებელს (-----------------------) უკან დაუბრუნოს (გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან) ორი ავტომობილი, რომელთა ვინ კოდებია: №------- და №-------.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.
საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.
საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოცემულია ვალის მართვის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №024-12418 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ბრძანება, რომლის გასაჩივრების უფლებაც მას ჰქონდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად“.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10717 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება - საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლით, 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი, რადგან წარმოდგენილ საჩივარში საკითხი ეხება სხვა პირის ქონებრივ უფლებებს.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 37; 41(1 „ი“); 238(1 „ა“); 239(1,2); 301„გ“;
ასევე საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმას:165;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 188(1);
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე(1,2),;97;601 (1);
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;