გადაწყვეტილება №27127/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27127/2/2026
18 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------ი (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 11.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27127/2/2026).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით;
2. იჯარით აღებული ობიექტის რემონტის ღირებულების გამქირავებელი ფიზიკური პირის (ამავე დროს საწარმოს დირექტორი) სარგებლად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. იჯარით აღებული ობიექტისათვის მსუბუქი კონსტრუქციის სარემონტო-სამშენებლო მასალების შეძენაზე დახარჯული თანხის გამქირავებლისთვის ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად/სარგებლად განხილვა და დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.11.2025 წლის №007-306 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.03.2026 წლის №6236 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 422 791.86 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 213 682.14
დღგ - 42 248.14
საშემოსავლო გადასახადი - 171 434
ჯარიმა - 106 480.5
საურავი - 102 629.22
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა დამფუძნებლის და დირექტორის, ფ.პ. --------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ------ მდებარე -----სი, -----ის ქ. №-) სასაწყობე ფართების მშენებლობა და ქვეიჯარით გაცემა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 5 თებერვალს, დღგ-ის გადამხდელად 2019 წლის 9 მაისს.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.07.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 5.11.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 20.11.2025 წლის №25504 ბრძანება და №007-306 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.03.2026 წლის №6236 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული აქვს 593 240 ტონა ხახვი, კარტოფილი და პომიდორი 2022 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და 2023 წლის მარტი აპრილის თვეებში -----დან, ----დან და -----დან (ერთ შემთხვევაში ----დან 81 ტონა ხახვი) თვითღირებულებით 283 665 ლარის ოდენობით. ადგილობრივ ბაზარზე შეძენები არ უფიქსირდება. საბუღალტრო პროგრამა ორისის მიხედვით, 2022 წლის პირველი იანვრისთვის ერიცხება ნაშთად 45 788.50 კგ. ხახვი თვითღირებულებით 25 822.30 ლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივლისამდე, იმპორტირებული აქვს: 1) 2022 წლის ოქტომბერში, 2023 წლის მარტსა და აპრილში 369 740 ტონა ხახვი 225 918 ლარის ღირებულების. განხორციელებული აქვს 2023 წლის მაისის თვეში 3 ტონა ხახვის დოკუმენტური რეალიზაცია 34.36%-იანი ფასნამატით (ს/ზ N -----) ღირებულებით 2 730 ლარის ოდენობით (1 კგ-ის სარეალიზაციო ფასი 0.77 ლარი დღგ-ის გარეშე, 0.91 ლარი დღგ-ის ჩათვლით). შემოწმებით ხახვზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი 34.36%. 2) 2022 წლის ნოემბრის თვეში იმპორტირებული აქვს 30 ტონა პომიდორი 25 831 ლარის ღირებულების (დღგ-ის გარეშე). პომიდვრის დოკუმენტური რეალიზაცია არ განუხორციელებია. გადამხდელს აღრიცხული აქვს პომიდვრის რეალიზაცია 2022 წლის ნოემბრის თვეში 34.84%-იანი ფასნამატით, დეკემბრის თვეში 0.63%იანი ფასნამატით. შემოწმებით გავრცელებული იქნა აუდირებული ფასნამატი 36.01%. 3) 2022 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში იმპორტირებული აქვს 193.50 ტონა კარტოფილი 56 337 ლარის ღირებულებით (დღგ-ის გარეშე). დოკუმენტური რეალიზაცია არ განუხორციელებია. გადამხდელს აღრიცხული აქვს კარტოფილის რეალიზაცია თვითღირებულებით (0.29%-0.32% ფასნამატით). შემოწმებით გავრცელებულ იქნა აუდირებული ფასნამატი 58.24% (0.47 ლარი დღგ-ის გარეშე, 0.56 ლარი დღგ-ის ჩათვლით). დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის სხვაობა ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
გარდა ამისა, საწარმოს განხორციელებული აქვს 2022 წლის პირველ იანვრამდე იმპორტირებული ელ. საქონლის (ელ. ჩაიდანი, ელ. გამათბობელი, მიკროტალღური ღუმელი და ა.შ.) და 2023 წლის 15 დეკემბერს -----დან იმპორტირებული კარის დოკუმენტური რეალიზაცია. შემოწმებით, სარეალიზაციო ფასის ცვლილება არ განხორციელებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
ხახვის რეალიზაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, სხვადასხვა იმპორტის დეკლარაციით იმპორტირებულია 369 740 ტონა, ხახვი ჯამში 225 918 ლარის ღირებულებით. ხახვის შესაძლო დაზიანების შესახებ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის შედგენილი ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტი. ასევე, გადასახადის გადამხდელი კონკრეტულად არ მიუთითებს სხვადასხვა დროს განხორციელებული იმპორტიდან კონკრეტულად რომელი იყო უვარგისი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხახვის რეალიზაციის განხილვისას შემოწმების მიერ გავრცელებულია დოკუმენტური ფასნამატი 34,36%.
რაც შეეხება კარტოფილის რეალიზაციას, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს კარტოფილის დოკუმენტური რეალიზაცია არ განუხორციელებია, თუმცა დეკლარირებულია კარტოფილის რეალიზაცია სხვადასხვა პირზე. აღნიშნულ შემთხვევაშიც შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი 58.24%-ის ოდენობით (1 კგის სარეალიზაციო ფასი შეადგენს 0,47 ლარს დღგ-ის გარეშე, 0,56 ლარს დღგ-ის ჩათვლით).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ხახვის რეალიზაციაზე დოკუმენტური ფასნამატის, ხოლო კარტოფილის რეალიზაციაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელ აუდიტს განხილული აქვს იმპორტით შეძენილი ბოსტნეულის, კერძოდ ხახვის დაბეგვრა, 2022 წლის საწყისი ნაშთი შეადგენს 45788,5 ლარს, შემდგომ შესყიდვა მოხდა იმპორტით 2022 წლის ოქტომბერში, 2023 წლის მარტში და აპრილში, ----დან და ----დან, ხახვს ლპობა დაწყებული ჰქონდა სანამ დასრულდა განბაჟების პროცესი, რადგან არ ჩამოსულა შესაბამისად აღჭურვილი კონტეინერით და მაღალი ტემპერატურის გამო დაიწყო გაფუჭება, რაც შეეხება მაისის თვეში გაყიდულ ხახვს ზედნადებით გაიყიდა 3 ტონა, თუმცა ხახვის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი და შემდგომში მიწოდებაზე უარი განაცხადა მყიდველმა და არც სხვა გაყიდვა არ განხორციელებულა. ხახვი ინახებოდა საწყობში. კომპანიას არა აქვს სამაცივრე საწყობი, შესაბამისად ხახვმა დაიწყო ლპობა, გაუჩნდა სუნი, სუნი გავრცელდა მთელს ახლომდებარე ტერიტორიაზე და მოსახლეობაში გაჩნდა პრეტენზია. კომპანიამ გადაწყვიტა საქონლის განადგურება, დაიწყო შესაბამისი მოკვლევა, ამ პერიოდისთვის მუშაობდა --- ნაგავსაყრელი, რომელმაც აღნიშნულ ტონაჟობაზე და ამ საქონლის განადგურებაზე მომსახურების ფასი განადგურება/ტრანსპორტირება/მუშების დახმარება 55000 ლარამდე ჯდებოდა, რისი საშუალებაც კომპანიას არ ქონდა, კომპანიამ უკვე იზარალა აღნიშნული შესყიდვით, გაწია ხარჯი რომ საქონლის ტრანსპორტირება მომხდარიყო, გადაიხადა დღგ და ამასთანავე გაფუჭდა საქონელი, რაზეც კიდევ დამატებით ხარჯი უნდა გაეწია. ერთადერთი რა გამოსავალიც ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე კომპანიამ მოიფიქრა იყო მისი მინიმალური ფასნამატით დაბეგვრა, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიას ფულადი სახსრები არ ჰქონდა გაეწია ხარჯი განადგურების ყველა ეტაპზე, აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა ბიუჯეტში არსებული ზედმეტობა გამოეყენებინა, აღნიშნული საქონლის მარაგის ჩამოსაწერად. დაბეგრილია 2023 წლის ივლისში და რომლის დღგ გადახდილია ბიუჯეტში. დღგის დეკლარაცია N----, დღგ 38361,55 ლარი (დღგ გადახდილია ზედმეტობიდან).
კომპანიამ ვერ გაანადგურა საქონელი განადგურების შესაბამისი წესით „ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტით“ ეს ყველაფერი კომპანიამ მოიკვლია და შესაბამისად კომპანიამ იცის საქონლის განადგურების შესაბამისი წესი, თუმცა კომპანიას არ ჰქონდა რესურსი იმის, რომ განადგურების ხარჯი გაეწია.
არ ეთანხმება პირდაპირი მეთოდის განსაზღვრას და დოკუმენტური ფასით დაბეგვრას, ამასთან დაკავშირებით დავების განხილვის დროს დააფიქსირა პოზიცია და აქვე განმარტავს, არ არსებობს პირდაპირი მეთოდის განსაზღვრის რეალური საფუძველი. დავების განხილვის საბჭოს წევრმა შემმოწმებელ აუდიტორს დაუსვა კითხვა, რა იყო საფუძველი არაპირდაპირი მეთოდის განსაზღვრის, აუდიტორმა უპასუხა, რომ არ იყო ზედნადებით გაყიდული, ბრუნვით უწყისში ჩანდა მხოლოდ დებეტკრედიტი, არ იყო ჩამოწერილი, ვერ ხდებოდა საქონლის რეალიზაციის იდენტიფიცირება როდის და ვისზე გაიყიდა.
ამასთანავე ბრძანებაში (აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში) წერია, რომ აღნიშნულზე გადამხდელს არ წარუდგენია პოზიცია, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, ამაზე სატელეფონო საუბარი შედგა და ასევე შემმოწმებელი აუდიტორის მეილზე გაგზავნილია ფოტო მასალები, რომელიც აღწერს ხახვის მდგომარეობას, თუმცა არ მოხდა აღნიშნულის გათვალისწინება, ასევე მეტი სიცხადისთვის შეეძლო აუდიტორს მოეთხოვა საქონლის ბარათები მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ასლი გაგზავნილია მასთან. იმის გამო, რომ იდენტიფიცირება ვერ ხდება და ზედნადებით არ ხდება რეალიზაცია ეს ლოგიკური მიზეზი ვერ იქნება არაპირდაპირი მეთოდის განსაზღვრის, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგალითად მაღაზია, მარკეტი, ნებისმიერი ტიპის ვაჭრობა, რომელიც საქონელს ყიდის ფიზიკურ პირებზე არ იწერება ზედნადები, მაგალითად, რომელ ჰიპერმარკეტზე განახორციელებთ პირდაპირ მეთოდს იმის გამო, რომ კლიენტზე არ აქვს ზედნადები გაწერილი, არცერთს, შესაბამისად შპს ---ის შემთხვევაში, რატომ გახდა ეს საფუძველი არაპირდაპირი მეთოდის, ამასთანავე, რომელიმე კომპანიას, რომ ეყიდა შპს ----გან, არცერთი შპს არ შეიძენდა ზედნადების გარეშე, თან საქონელი არის დღგ-ით დასაბეგრი, შესაბამისად არცერთი საწარმო არ დაკარგავდა ჩასათვლელ დღგ-ს, რომ მომხდარიყო რეალიზაცია აუცილებლად დადგებოდა ზედნადების გაწერის ვალდებულება, თუმცა გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის მიზნებისთვის, კომპანიამ ეს ოპერაცია ასახა როგორც რეალიზაცია ფიზიკურ პირებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქონელი გაფუჭებული იყო, თუ ჩათვლით რომ საქონელი არ იყო გაფუჭებული შემდგომში რეალიზაციისთვის ვარგისი იყო, თუნდაც ამ შემთხვევაში, რომ ათასი ადამიანისთვის მიეყიდა ეს ხახვი ამაზე შპს ----ს არ ჰქონდა ვალდებულება ზედნადების გაწერის. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლო და შეუსაბამოა არაპირდაპირი მეთოდის განსაზღვრა.
რადგან ხახვი არის სწრაფად გაფუჭებადი პროდუქტი, გაფუჭების შემდეგ იგი კარგავს საბაზრო ღირებულებას სრულად ან მნიშვნელოვნად, შესაბამისად მისი შეფასება საბაზრო ფასით, ან დოკუმენტური რეალიზაციის ფასით, არ არის ეკონომიკურად გამართლებული, აუდიტის დეპარტამენტმა გამოიყენა დოკუმენტური რეალიზაციის ფასი მაშინ როდესაც საქმე აქვს დაზიანებულ/გაუვარგისებულ მარაგთან.
დაბეგვრა უნდა ეფუძნებოდეს რეალურ ოპერაციას და ეკონომიკურ შინაარსს, გადასახადის გადამხდელმა გაფუჭებული საქონელი დაბეგრა მინიმალურ შესაძლო ღირებულებით, ადგილი არა აქვს გადასახადის მხრიდან გადასახადის დამალვას, ეს რომ ყოფილიყო კომპანიის მიზანი საერთოდ არ დაბეგრავდა გაფუჭებულ საქონელს, ეს იყო ყველაზე გონივრული რაც ასეთ სიტუაციაში კომპანიას შეეძლო გაეკეთებინა. საბაზრო ან დოკუმენტური ფასი გამოიყენება მაშინ, როდესაც საქონელი არის სტანდარტული მდგომარეობის, აუდიტის მხრიდან უნდა გამოყენებულიყო მინიმალურ ფასი, აქედან გამომდინარე, არ ეთანხმება დოკუმენტური ფასის განსაზღვრას.
რაც შეეხება ზედნადებით გაყიდულ საქონელს 2023 წლის 1 მაისში გაიყიდა 2023 წლის 29 აპრილს განბაჟებული, შესაბამისად ხახვი არ იყო იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც იყო 2023 წლის ივლისში. აქვე დაურთავს აღნიშნულ ფოტო მასალას, რომელიც გადაღებულია საწყობში, რაოდენობა და მდგომარეობა ფოტოზე გარჩევადია.
ამიტომ 2023 წლის მაისის თვეში ზედნადებში დაფიქსირებულის ფასის გავრცელებას არ ეთანხმება, კომპანია მოქმედებდა კეთილსინდისიერად და ასახა დაზიანებული საქონლის რეალური ღირებულება. აუდიტის მიერ გამოყენებული ფასი არ შეესაბამება კონკრეტული საქონლის მდგომარეობას, რის შედეგადაც მოხდა საგადასახადო ვალდებულების არასწორი განსაზღვრა. შესაბამისად, მოთხოვნილია დარიცხული თანხისა და ჯარიმის გაუქმება.
შემმოწმებელ აუდიტორს აღნიშნული აქვს, რომ კარტოფილი დაბეგრილია თვითღირებულებით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, კარტოფილი დაბეგრილია 2022 წლის დეკემბერში და 2023 წლის ივლისში ფასნამატით (თვითღირებულება 56337 ლარი. დაბეგრილია 61341 ლარი (4400 ლარი დღგ-ს გარეშე 2022 წლის დეკემბერში და 56941,5 ლარი დღგ-ს გარეშე 2023 წლის ივლისში). რაზეც გადახდილია დღგ 10249,47 ლარი. კომპანიამ დიდი რაოდენობით გაყიდა 2023 წლის ივლისში.
არ ეთანხმება 58,24%-იანი ფასნამატის გავრცელებას, რადგან გასაყიდი ფასი არ არის თვითღირებულებაზე დაბალი ფასი, კომპანიას რეალიზაცია არ მოუხდენია ურთიერთდამოკიდებულ პირზე, არ მოუხდენია ბარტერის ოპერაცია, შესაბამისად არ არღვევს საგადასახადო კოდექსს არცერთ ნაწილში, თვითღირებულებაზე დაბალი ფასით მიწოდება არ მომხდარა, ხოლო კომპანიისთვის ფასნამატის ოდენობას განსაზღვრავს კონკრეტული პროდუქტის ხარისხი, კონკურენცია, ბაზარზე არსებული მდგომარეობა, შესაბამისად კომპანიამ გადაწყვიტა მინიმალური ფასნამატით რეალიზაცია რადგან ეს არის იმპორტული საქონელი, კონკურენციას ვერ უწევს ადგილობრივ წარმოებულ იგივე სახის პროდუქტს ამიტომ კომპანიისთვის მიზანშეწონილი იყო მინიმალური ფასნამატით საქონლის რეალიზაცია ვიდრე, შენახვის ხარჯების გაწევა, მითუმეტეს როდესაც ეს არ არის კომპანიის ძირითადი საქმიანობა, არ ჰყავს დამკვეთი, არა აქვს ბაზარზე არსებული მდგომარეობა შესწავლილი.
ასევე, არც ამ ნაწილში ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და საბაზრო ფასს, საგადასახადო 2026 წელს სამართლიანად ვერ განსაზღვრავს 2023 წელ შპს -----ის მიერ იმპორტირებული კარტოფილი როგორი ხარისხის იყო და რა იყო ამ კარტოფილის შესაბამისი ფასი, მხოლოდ საბაზრო ფასით მსჯელობა შეუსაბამოა. ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე მოყვანილი კარტოფილი 10 ცალიდან ათივე არის სხვადასხვა ფორმის და ხარისხის, მითუმეტეს ახალი კარტოფილი რომელიც არის პარკებში, კომპანიისთვის პრიორიტეტული იყო გაეყიდა სწრაფად და სრული პარტია არ გაფუჭებულიყო რადგან კარტოფილი იყო პარკებში, იყო დაორთქლილი და დროულად უნდა გაყიდულიყო. არც ამ ნაწილში აქვს კომპანიას ზედნადების გაწერის ვალდებულება. ამ საქონელზეც კომპანიას რომ ყოლოდა მსურველი, არცერთი მსურველი შეიძენდა ზედნადების გარეშე, რომელი შემსყიდველი დაკარგავდა ჩასათვლელ დღგ-ს. შესაბამისად, ამ ნაწილშიც შეუსაბამოა პირდაპირი მეთოდის გავრცელება. საქონელი არის დაბეგრილი და დღგ გადახდილია ბიუჯეტში. ამ ნაწილშიც მოხდა საგადასახადო ვალდებულების არასწორი განსაზღვრა. შესაბამისად, მოთხოვნილია დარიცხული თანხისა და ჯარიმის გაუქმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.
6. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
მოპასუხის განმარტებით, დოკუმენტების გარეშე რეალიზებულ საქონელზე საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული აქვს 593,240 ტონა ხახვი, კარტოფილი და პომიდორი 2022 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და 2023 წლის მარტი აპრილის თვეებში ----დან, ----დან, ----დან, ერთ შემთხვევაში ----დან 81 ტონა ხახვი თვითღირებულებით 283 665 ლარის ოდენობით. ადგილობრივ ბაზარზე შეძენები არ უფიქსირდება. საბუღალტრო პროგრამა ორისის მიხედვით 1.01.2022 წლისათვის ერიცხება ნაშთად 45 788.50 კგ. ხახვი თვითღირებულებით 25 822.30 ლარის ოდენობით.
შესამოწმებელ პერიოდში 01.01.2022 წლიდან - 01.07.2025 წლამდე იმპორტირებული აქვს:
1) 2022 წლის ოქტომბერში, 2023 წლის მარტსა და აპრილში 369, 740 ტონა ხახვი ღირებულებით 225 918 ლარის ოდენობით. განხორციელებული აქვს 2023 წლის მაისის თვეში 3 ტონა ხახვის დოკუმენტური რეალიზაცია 34.36%-იანი ფასნამატით (ს/ზ N------------) ღირებულებით 2 730 ლარის ოდენობით (1 კგის სარეალიზაციო ფასი 0.77 ლარი დღგ-ის გარეშე 0.91 ლარი დღგ-ის ჩათვლით). შემოწმებით ხახვზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი 34.36%,2) 2022 წლის ნოემბრის თვეში იმპორტირებული აქვს 30 ტონა პომიდორი ღირებულებით 25 831 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). პომიდვრის დოკუმენტური რეალიზაცია არ განუხორციელებია. გადამხდელს აღრიცხული აქვს პომიდვრის რეალიზაცია 2022 წლის ნოემბრის თვეში 34.84%-იანი ფასნამატით, დეკემბრის თვეში 0.63%-იანი ფასნამატით. შემოწმებით გავრცელებული იქნა აუდირებული ფასნამატი 36.01%.
3) 2022 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში იმპორტირებული აქვს 193.50 ტონა კარტოფილი ღირებულებით 56 337 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). დოკუმენტური რეალიზაცია არ განუხორციელებია. გადამხდელს აღრიცხული აქვს კარტოფილის რეალიზაცია თვითღირებულებით (0.29%-0.32% ფასნამატით). შემოწმებით გავრცელებულ იქნა აუდირებული ფასნამატი 58.24% (0.47 ლარი დღგ-ის გარეშე, 0.56 ლარი დღგ-ის ჩათვლით). დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის სხვაობა ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
გარდა ამისა:
1) შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის 1.01.2022 წლისათვის გადამხდელს ერიცხება ნაშთან 45 788.50 კგ. ხახვი თვითღირებულებით 25 822.30 ლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს:
-----დან 2022 წლის 17 ოქტომბერს (საბაჟო დეკლარაცია A---) – 21 800 კგ. ხახვი;
------დან 2022 წლის 19 ოქტომბერს (საბაჟო დეკლარაცია A -----) – 43 600 კგ. ხახვი;
-------დან 2022 წლის 20 ოქტომბერს (საბაჟო დეკლარაცია A ----) – 174 400 კგ. ხახვი;
-------დან 2023 წლის 21 მარტს (საბაჟო დეკლარაცია -----) – 81 000 კგ. ხახვი;
--------დან 2023 წლის 28 აპრილს (საბაჟო დეკლარაცია A -----) – 24 470 კგ. ხახვი;
---------დან 2023 წლის 29 აპრილს (საბაჟო დეკლარაცია ---) – 24 470 კგ. ხახვი;
სულ 6 იმპორტის დეკლარაციით იმპორტირებულია 369, 740 ტონა ხახვი ღირებულებით 225 918 ლარის ოდენობით.
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ იმპორტირებული ხახვი იყო დაზიანებული, რომელიც ექვემდებარებოდა განადგურებას. თუმცა არ შეუდგენია „ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტი“. ასევე არ აკონკრეტებს განხორციელებული 6 იმპორტიდან, ხახვის, რომელი პარტია ექვემდებარებოდა განადგურებას, როგორც ვადაგასული და უვარგისი.
შემოწმებისას გავრცელებულია დოკუმენტური ფასნამატი 34,36%. კერძოდ: 2023 წლის მაისის თვეში (ს/ზ -------) რეალიზებულია 3 ტონა ხახვი 2 730 ლარად. 1 კგ-ის სარეალიზაციო ფასი შეადგენს 0.77 ლარს დღგ-ის გარეშე 0.91 ლარს დღგ-ის ჩათვლით.
2. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის 1.01.2022 წლისათვის გადამხდელს კარტოფილის ნაშთი არ ერიცხება.
შესამოწმებელ პერიოდში -----დან იმპორტირებული აქვს კარტოფილი:
2022 წლის 25 ოქტომბერს (საბაჟო დეკლარაცია A --) – 86 000 კგ. ღირებულებით 24 622,6 ლარის ოდენობით; 1კგ-ის თვითღირებულება 2,29 ლარი; 2022 წლის 28 ოქტომბერს (საბაჟო დეკლარაცია A ----) – 43 000 კგ. ღირებულებით 12 582,3 ლარის ოდენობით; 1კგ-ის თვითღირებულება 0,30 ლარი; 2022 წლის 03 ნოემბერს (საბაჟო დეკლარაცია A ---) – 64 500 კგ. ღირებულებით 19 132,8 ლარის ოდენობით; 1კგ-ის თვითღირებულება 0,30 ლარი; გადამხდელს კარტოფილის დოკუმენტური რეალიზაცია არ განუხორციელებია. დეკლარირებული აქვს კარტოფილის რეალიზაცია სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე:
2022 წლის დეკემბრის თვეში 15 000 კგ. - 4 400 ლარად. სადაც 1 კგ-ის სარეალიზაციო ფასი შეადგენს 0,29 ლარს.
2023 წლის ივლისის თვეში 178 500 კგ. – 56 941,50 ლარად. 1 კგ-ის სარეალიზაციო ფასი შეადგენს 0,319 ლარს.
შემოწმებისას გავრცელებული აუდირებული ფასნამატის 58.24%-ის გათვალისწინებით, 1 კგ-ის სარეალიზაციო ფასი შეადგენს 0.47ლარი დღგ-ის გარეშე, 0.56 ლარი დღგ-ის ჩათვლით.
მომჩივანს საჩივარზე (დანართის სახით) წარმოდგენილი აქვს, როგორც თავად განმარტავს, გამოუსადეგარი საქონლის (გაფუჭების) დამადასტურებელი მხოლოდ ფოტოსურათების ასლები, აღნიშნულის შესახებ სხვა რაიმე დოკუმენტი არ წარმოუდგენია. ამასთან, დადგენილია და ამას მომჩივანიც ადასტურებს, რომ საქმეზე არ არსებობს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო ორგანოს მიერ დადასტურებული „ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტი“, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული ფაქტის დადასტურება.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას რეალიზებულად ჩათვლილი საქონლის განადგურების/ჩამოწერის ფაქტს დაადასტურებდა. მის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათების ასლი, ვერ გახდება რეალიზებულად ჩათვლილი საქონლის გაფუჭების ან/და გაუვარგისების დამადასტურებელ შესაბამის მტკიცებულებად, რაც მისი მხრიდან საქონლის მინიმალური ფასნამატით რეალიზაციის მართლზომიერების ფაქტს დაადასტურებდა, შედეგად, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და დადგენილი ფასნამატით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. იჯარით აღებული ობიექტის რემონტის ღირებულების გამქირავებელი ფიზიკური პირის (ამავე დროს საწარმოს დირექტორი) სარგებლად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
2019 წელს არქიტექტურის სამსახურში შეთანხმებული პროექტის მიხედვით, 14 987 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 3 415.28 კვ.მ. ფართის III კლასის ერთსართულიანი საწყობის მშენებლობა. წერტილოვანი საძირკველით და მონოლითის კარკასით, რომელიც შეივსება ბლოკით. გადახურვა აიწყობა ლითონის კონსტრუქციით, დაეფარება ლითონის გოფრირებული ფურცელი. სამშენებლო სამუშაოები უნდა შეასრულოს შპს „----“ თავისი ძალებით.
კომპანიამ წარადგინა 2016 წლის 25 ივნისის იჯარის ხელშეკრულება, რომელიც შედგენილია მოიჯარე შპს „----ა“ (დირექტორი -----) და მეიჯარეს ფ.პ. -------ს შორის. მეიჯარე მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცემს მეიჯარის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. ---ი, ----ის ქ. №- საკადასტრო კოდი -----. მოიჯარე (შპს ----ი) იჯარის საგანში ჩაატარებს სარემონტო სამუშაოებს, რომლის სრული ღირებულება დაჯამდება და მთლიანად გამოქვითული იქნება ყოველთვიური პერიოდულობით საიჯარო მომსახურების ყოველთვიურ ღირებულებაში (ხელშ. პუნქტი 1.3). იჯარით აღებული ფართის რემონტის შემთხვევაში, სრულად უნდა წარუდგინოს მეიჯარეს-ფ/პ ------- შპს „-----ის“ დირექტორმა -------- რემონტის ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს იჯარის ყოველთვიური გადასახადების გამოქვითვა (პუნქტი 2.2.7). იჯარით გაცემული ფართის რემონტის შემთხვევაში, მოიჯარის მიერ რემონტზე დახარჯული ჯამური თანხა ჩაუთვალოს იჯარის ყოველთვიურ გადასახადში, რემონტის თანხის სრულ ამოწურვამდე (პუნქტი 2.4.4). საიჯარო ქირა შეადგენს 3 000 ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. ხელშეკრულება მოქმედებს 2023 წლის 31 დეკემბრამდე.
2022 წლის 30 ოქტომბრის წარდგენილი შეთანხმების თანახმად: იჯარით აღებული ობიექტის რემონტის ღირებულება შეადგენს 588 768 ლარს დღგ-ის ჩათვლით. მეიჯარის მიმართ დარიცხული იჯარა ხელშეკრულების დადების თარიღიდან- 2016 წლის 25 ივნისიდან 2022 წლის 30 ოქტომბრამდე შეადგენს 228 000 ლარს. იჯარაზე დარიცხული თანხა შეადგენს ურთიერთგაქვითვის საფუძველს. ------ის მიმართ დარიცხული ავანსი შეადგენს 360 768 ლარს (588 768 ლ. - 228 000ლ.). მხარეები (მეიჯარე არის არამეწარმე ფ.პ. -----ი, რომელიც ამავდროულად არის შპს ---ის დირექტორი) თანხმდებიან, რომ ავანსის თანხის ამოწურვამდე მოიჯარემ შპს „----“ გამოიყენოს იჯარის საგანი თავისი შეხედულებისამებრ, მათ შორის ქვეიჯარით გასაცემად.
იჯარით აღებული ობიექტის რემონტის ღირებულება 2022 წლის ოქტომბრის თვის პერიოდზე 735 960 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით აგროსილი 588 738 ლარი/0.80) განხილულ იქნა ფ.პ. -----თვის იჯარით მიღებულ შემოსავლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის მე-9, მე-8, მე-16 და 154-ე მუხლების გათვალისწინებით საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-9 მუხლის პირველი ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-16 მუხლით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „მ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განმარტა, რომ 2022 წლის 30 ოქტომბრის შეთანხმების თანახმად, შემოწმებით, იჯარით აღებული ობიექტის რემონტის ღირებულების, 2022 წლის ოქტომბრის თვის პერიოდზე, გადახდის წყაროსთან დაბეგვრა, ასევე 2022 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ივლისამდე პერიოდზე იჯარით აღებული ობიექტისათვის გაწეული სარემონტო სამშენებლო მასალების ხარჯის მეიჯარისთვის ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად/სარგებლად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიასა და დამფუძნებელს -----ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 25.06.2016 წელს. რის საფუძველზეც კომპანიამ აიღო ვალდებულება სამშენებლო მომსახურებას მიაწოდებდა და შემდგომში აღნიშნულ ფართს გააქირავებდა კომპანია. აღნიშნულ მომსახურებაზე გაკეთდა ურთიერთშეთანხმება, რომ შპს ------ის მიერ სამშენებლო სარემონტო მომსახურების მიწოდება გაიქვითებოდა იჯარის ყოველთვიურ გადასახადში. სამშენებლო სარემონტო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 484673,43 ლარი, რასაც დაემატა ფასნამატი მომსახურების და დაემატა დღგ, რის შემდეგაც შეადგინა 588768,03 ლარი. რომელიც დაბეგრილია და გადახდილია დღგ 89812.08 ლარი. რაც შეეხება გაქვითვის ნაწილს ყოველთვიური საიჯარო გადასახადი შეადგენს 3000 ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. შესაბამისად გაქვითვის ნაწილში შპს ----ი ყოველთვიურ გადასახადს უქვითავს 3000 ლარს გაწეული მომსახურებიდან, ანუ უქვითავს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. შესაბამისად, სამშენებლო მომსახურება რომელიც შპს -----მა გაუწია ფ.პ -----ს ეს თანხა კომპანიამ განიხილა, როგორც მომსახურების მიწოდება და დაბეგრა დღგ-ით და გასაქვით თანხაში მონაწილეობს იჯარის ღირებულება 2400 და საშემოსავლო 600 ლარი.
შესაბამისად ამ ნაწილში არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას, რომ მიწოდებული მომსახურება, ის რაც კომპანიამ უკვე დაბეგრა დღგ-ით, კიდევ დაერიცხოს საშემოსავლო გადასახადი, რადგან 3000 ლარი ყოველთვიური იჯარის ხარჯი უკვე მოიცავს საშემოსავლო გადასახადს. როგორც გაწეული მომსახურება დაბეგრილია დღგ-ით, ასევე ყოველთვიური იჯარის გადასახადიდან 600 ლარის დაკავება ხდება საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.
აღნიშნული მომსახურების გაწევა განხილულია, როგორც ფ.პ ------ის სარგებელი, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება, მიწას და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას ექსპლუატაციაში იყენებს შპს ------ი, როგორ შეიძლება ეს იყოს ფიზიკური პირის სარგებელი, როდესაც მას განკარგვაში არა აქვს აღნიშნული ქონება, აღნიშნული ქონებიდან შემოსავლის მიმღები არის შპს ------ი, რომ მომხდარიყო იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა და მას დაბრუნებოდა მიწა უკვე აშენებული შენობა ნაგებობით, დარჩენილი ურთიერთგასაქვითი თანხა ნამდვილად იქნებოდა მისთვის სარგებელი, რადგან ფ.პ -------ს სარგებლობაში დაუბრუნდებოდა იმაზე მეტი ღირებულების ქონება ვიდრე მან ქვეიჯარის უფლებით გადასცა შპს -----ს და იჯარის გაუქმების მომენტი იქნებოდა დაბეგვრის მომენტი, შემდგომში ასეთის არსებობის შემთხვევაში კომპანია დაბეგრავს დარჩენილ გასაქვით თანხას, როდესაც მოხდება იჯარის შეწყვეტა, თუმცა ასეთ ფაქტს აქამდე ადგილი არ ქონია, შესაბამისად ამ მომენტისათვის და არ დამდგარა ამ ოპერაციის დაბეგვრის ვალდებულება.
არ ეთანხმება აღნიშნულ საკითხზე დარიცხულ თანხას და ჯარიმას, შესაბამისად, მოთხოვნილია დარიცხული თანხისა და ჯარიმის გაუქმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-7 და მე-10 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
7. ფიზიკურ პირს უფლება აქვს, შემოსავლები და ხარჯები საკასო მეთოდით აღრიცხოს.
10. თუ გადასახადის გადამხდელი არაფულადი ფორმით იღებს შემოსავლებს ან სწევს ხარჯებს, ასეთი შემოსავლების მიღების ან ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება იმ წესით, რა წესითაც განისაზღვრება ფულადი ფორმით შემოსავლების მიღების ან ხარჯების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, კომპენსაცია არის პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/და სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „მ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;
მ) პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა.
საგადასახადო კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად:
1. აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება:
ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის მიღების მომენტი;
ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების საბანკო დაწესებულებაში გადასახადის გადამხდელის მიმდინარე ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვის ან რომლიდანაც ამ სახსრების მიღების უფლება აქვს, ჩარიცხვის მომენტი.
2. გადასახადის გადამხდელის ფინანსურ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის შემთხვევაში, კერძოდ, ურთიერთჩათვლის დროს, შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ამ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მიხედვით:
1. აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტი, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება:
ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის გადახდის მომენტი;
ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – საბანკო დაწესებულების მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან ან სხვა ანგარიშიდან თანხების ჩამოწერის მომენტი.
3. გადასახადის გადამხდელის წინაშე ფინანსურ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის შემთხვევაში, კერძოდ, ურთიერთჩათვლის დროს, ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება ამ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტი.
4. სავალო ვალდებულების ან ქონების იჯარით გაცემასთან დაკავშირებული გადასახდელის მიმართ, თუ სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადა რამდენიმე საანგარიშო პერიოდს მოიცავს, ფაქტობრივად გადახდილი პროცენტის (იჯარის) თანხა, რომელიც გამოიქვითება საგადასახადო წლის განმავლობაში, არის პროცენტის (იჯარის) ის თანხა, რომელიც გამოიანგარიშება თითოეულ საანგარიშო პერიოდში დარიცხული ან დასარიცხი თანხის მიხედვით.
აუდიტის დეპარტამენტის 30.04.2026 წლის №38009-21-14 წერილის მიხედვით, კომპანიამ წარადგინა 25.06.2016 წლის იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულება შედგენილია „მოიჯარე“ შპს „----სა“ (დირექტორი -----ი) და „მეიჯარეს“ ფ.პ. ------ს შორის. მეიჯარე მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცემს მეიჯარის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. ----ი, ----ის ქ. N- საკადასტრო კოდი ----- მოიჯარე (შპს ------ი) იჯარის საგანში ჩაატარებს სარემონტო სამუშაოებს, რომლის სრული ღირებულება დაჯამდება და მთლიანად გამოქვითული იქნება ყოველთვიური პერიოდულობით საიჯარო მომსახურების ყოველთვიურ ღირებულებაში (ხელშ. პუნქტი 1.3). იჯარით აღებული ფართის რემონტის შემთხვევაში, სრულად უნდა წარუდგინოს მეიჯარეს-ფ.პ. -----ს შპს ------ის დირექტორმა ------- რემონტის ხარჯთაღრიცხვა. რის საფუძველზეც უნდა მოხდეს იჯარის ყოველთვიური გადასახადების გამოქვითვა (პუნქტი 2.2.7). იჯარით გაცემული ფართის რემონტის შემთხვევაში, მოიჯარეს მიერ რემონტზე დახარჯული ჯამური თანხა ჩაუთვალოს იჯარის ყოველთვიურ გადასახადში, რემონტის თანხის სრულ ამოწურვამდე (პუნქტი 2.4.4). საიჯარო ქირა შეადგენს 3 000 ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. ხელშეკრულება მოქმედებს 31.12.2023 წლამდე.
30.10.2022 წელს წარმოდგენილი შეთანხმების თანახმად: იჯარით აღებული ობიექტის რემონტის ღირებულება შეადგენს 588 768 ლარს დღგ-ის ჩათვლით. მეიჯარის მიმართ დარიცხული იჯარა ხელშეკრულების დადების თარიღიდან 25.06.2016-დან 30.10.2022 წლამდე შეადგენს 228 000 ლარს. იჯარაზე დარიცხული თანხა შეადგენს ურთიერთგაქვითვის საფუძველს. -----ის მიმართ დარიცხული ავანსი 360 768 ლარს (588 768ლ.-228 000ლ.). მხარეები (მეიჯარე არის არამეწარმე ფ.პ. ------ი, რომელიც ამავდროულად არის შპს -----ის დირექტორი) თანხმდებიან, რომ ავანსის თანხის ამოწურვამდე მოიჯარემ შპს ------მა გამოიყენოს იჯარის საგანი თავისი შეხედულებისამებრ, მათ შორის ქვეიჯარით გასაცემად.
იჯარით აღებული ობიექტის რემონტის ღირებულება 2022 წლის ოქტომბრის თვის პერიოდზე 735 960 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით აგროსილი 588 738 ლარი/0.80) განხილულ იქნა ფ.პ. -----ის (პ/ნ ----------) მიერ მიღებულ სარგებლად და საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპანიასა და დამფუძნებელს -------ს შორის 25.06.2016 წელს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. კომპანიამ აიღო ვალდებულება სამშენებლო მომსახურებას მიწოდების და შემდგომში აღნიშნული ფართის გაქირავების. აღნიშნულ მომსახურებაზე მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმება, რომ კომპანიის მიერ სამშენებლო სარემონტო მომსახურების მიწოდება გაიქვითებოდა იჯარის ყოველთვიურ გადასახადში, რომელიც შეადგენს 3000 ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. სამშენებლო სარემონტო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 484673,43 ლარი, რასაც დაემატა ფასნამატი მომსახურების და დაემატა დღგ, რის შემდეგაც შეადგინა 588768,03 ლარი, რომელიც დაბეგრილია და გადახდილია დღგ 89812.08 ლარი. საწარმო გაწეული მომსახურებიდან ყოველთვიურ გადასახადს ქვითავს 3000 ლარს, სამშენებლო მომსახურება რომელიც შპს -----მა გაუწია ფ.პ ------ს ეს თანხა კომპანიამ განიხილა, როგორც მომსახურების მიწოდება და დაბეგრა დღგ-ით. გასაქვით თანხაში მონაწილეობს იჯარის ღირებულება 2400 ლარი და საშემოსავლო 600 ლარი. მომსახურების გაწევა განხილულია, როგორც ფ.პ. ------ის სარგებელი, რაც დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, მიწას და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას ექსპლუატაციაში იყენებს კომპანია, ეს ფიზიკური პირის სარგებელი ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული ქონების განმკარგავი და გაქირავებიდან შემოსავლის მიმღები არის საწარმო, რომ მომხდარიყო იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა და მას დაბრუნებოდა მიწა უკვე აშენებული შენობა ნაგებობით, დარჩენილი ურთიერთგასაქვითი თანხა ნამდვილად იქნებოდა მისთვის სარგებელი, რადგან ფ.პ --------ს სარგებლობაში დაუბრუნდებოდა იმაზე მეტი ღირებულების ქონება ვიდრე მან ქვეიჯარის უფლებით გადასცა კომპანიას და იჯარის გაუქმების მომენტი იქნებოდა დაბეგვრის მომენტი, შემდგომში ასეთის არსებობის შემთხვევაში კომპანია დაბეგრავს დარჩენილ გასაქვით თანხასაც, როდესაც მოხდება იჯარის შეწყვეტა. შესაბამისად, მიაჩნია, რომ ამ მომენტისათვის არ დამდგარა ამ ოპერაციის დაბეგვრის ვალდებულება.
გარდა ამისა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მხარეებს შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია 25.06.2016 წელს, რომელიც წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს, შესამოწმებელი პერიოდია 1.01.2022 წლიდან, საგადასახადო ორგანოს შემოწმებისას და შედეგების გამოყვანისას ხანდაზმული პერიოდის შესაბამისი გათვალისწინება არ მოუხდენია.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საქმეზე წარმოდგენილ მხარეებს შორის 25.06.2016 წელს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებაზე და 30.10.2022 წლის შეთანხმებაზე, რომლებითაც დგინდება, რომ კომპანიამ მოახდინა იჯარით აღებული ობიექტის რემონტი, რემონტის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, 25.06.2016 წლიდან (ხელშეკრულების გაფორმების თარიღი) 30.10.2022 წლამდე (შეთანხმების გაფორმების თარიღი) იჯარით აღებული ობიექტის რემონტის ღირებულება შეადგენს - 588 768,3 ლარს დღგ-ის ჩათვლით, ხოლო იჯარის ყოველთვიური ღირებულება - 3000 ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ რემონტის ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე მოხდება იჯარის ყოველთვიური გადასახადების გამოქვითვა, მოიჯარეს რემონტზე დახარჯული ჯამური თანხა ეთვლება იჯარის ყოველთვიურ გადასახადში, რემონტის თანხის სრულ ამოწურვამდე, რაც განხორციელდა კიდეც, ვინაიდან იჯარით აღებული ობიექტის რემონტის ღირებულების - 588 768,3 ლარის და ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან (25.06.2016 წელი) შეთანხმების გაფორმების თარიღამდე (30.10.2022 წელი) იჯარაზე დარიცხული ჯამური თანხის 228 000 ლარის ურთიერთგაქვითვა მოხდა. ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ კომპანიას რემონტზე გაწეული ხარჯი (რემონტის მიწოდება) 588 768,3 ლარი დღგ-ით დაბეგრილი აქვს.
საბჭო განმარტავს, რომ ფაქტები სადავო არ არის, კერძოდ, იჯარით აღებული ობიექტის რემონტის ღირებულება - 588 768,3 ლარი დღგ-ის ჩათვლით და იჯარის ყოველთვიური ღირებულება - 3000 ლარი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ამასთან, მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმებულია 25.06.2016 წელს, ხოლო შემოწმება დაწყებულია 1.01.2022 წლიდან. დამატებით შესწავლას საჭიროებს ხანდაზმულობის და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშების საკითხი, ამასთან, საიჯარო თანხის სანაცვლოდ ხდება იჯარით აღებული ობიექტის რემონტის ღირებულების გამოქვითვა (შემცირება), იჯარის თანხა, რაც უნდა მიეღო გამქირავებელს ხარჯის სახით ექვითება იმ გაქირავებული ობიექტის რემონტის ღირებულებაზე, რომლის განკარგვას და სარგებლობას (ქვეიჯარით გაცემა და შემოსავლის მიღება) ახდენს კომპანია, გამქირავებელი ფიზიკური პირი საიჯარო ქირის მიღების სანაცვლოდ იღებს გარემონტებულ ობიექტს, შესაბამისად, რემონტის ღირებულების გამქირავებელი ფიზიკური პირის სარგებლად დაკვალიფიცირების საკითხი და აღნიშნული სარგებლის მიღების მომენტი არ არის საკმარისად დასაბუთებული და საჭიროებს დამატებით შესწავლას.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს, როგორც ხანდაზმულობის, ისე, იჯარით აღებული ობიექტის რემონტის ღირებულების გამქირავებელი ფიზიკური პირის სარგებლად დაკვალიფიცირების და აღნიშნულის გადალახვის შემთხვევაში, სარგებლის მიღების დადგომის მომენტი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
3. იჯარით აღებული ობიექტისათვის მსუბუქი კონსტრუქციის სარემონტო-სამშენებლო მასალების შეძენაზე დახარჯული თანხის გამქირავებლისთვის ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად/სარგებლად განხილვა და დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს იჯარით აღებულ ფართში ჩატარებული აქვს სარემონტო სამშენებლო სამუშაოები. 2022 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით რემონტზე გაწეული ხარჯი (მასალების შეძენა) შეადგენს 588 768 ლარს, რომელიც დაბეგრილი აქვს დღგ-ით 2022 წლის ოქტომბრის თვეში. 2022 წლის ნოემბრიდან 2025 წლის პირველ ივლისამდე საწარმოს მიერ შეძენილია 96 968 ლარის სარემონტო სამშენებლო მასალები დღგ-ის ჩათვლით. კერძოდ: კუთხოვანა, კვადრატული მილი, ბეტონი, მავთულბადე და ა.შ. შემოწმებით, იჯარით აღებული ობიექტისათვის, 2022 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ივლისამდე პერიოდზე, მსუბუქი კონსტრუქციის სარემონტო-სამშენებლო მასალების შეძენაზე დახარჯული თანხა 82 176 ლარის ოდენობით დღგ-ის გარეშე განხილულ იქნა ფ.პ. ------ის სარგებლად. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის მე-9, მე-8, მე-16, 136-ე, 158-ე, 159- ე 160-ე მუხლების გათვალისწინებით, დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ასევე, განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადმოცემულია მე-2 დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტს 2022 წლის შემდგომ შეძენილი სამშენებლო-სარემონტო მასალების შეძენა განხილული აქვს სამშენებლო-სარემონტო მომსახურებად და მეიჯარის სარგებლად.
როდესაც მოიჯარე იჯარით იღებს ნებისმიერი ტიპის ობიექტს, მოიჯარე იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს იჯარით აღებულ ობიექტის მოვლა. იჯარით აღებული ობიექტი (სასაწყობე ფართები) იჯარით არის გაცემული ქვეიჯარის ხელშეკრულებით, შესაბამისად საწარმოს ქვემოიჯარეები (რომლებიც იყენებენ სასაწყობე დანიშნულებით და ხშირია ობიექტზე მაღალგაბარიტული ტრაილერების შემოსვლა ეს იწვევს ობიექტის დაზიანებას და შემდგომში მის გამოყენებას, შესაბამისად ასეთი ტიპის ხარჯი უნდა გაწიოს კომპანიამ, ხოლო ასეთი ტიპის ხარჯების, როგორიცაა ექსპლუატაციაში გამოწვეული ცვეთის უნდა გაწიოს საწარმომ და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს მეიჯარის სარგებლად განხილული.
სხვა შემთხვევაში როდესაც მოიჯარე იჯარით აღებული ობიექტის მოვლას უზრუნველყოფს არ განიხილება სარგებლად, იგივე ტიპის ხელშეკრულება და პირობებია შპს -----სა და ფ.პ -------ს შორის, გაუგებარია რატომ მოხდა ამ ნაწილში სხვა მიდგომის გავრცელება, ეს მიდგომა ნიშნავს, რომ რაც კი ობიექტზე საჭირო ხარჯის გაწევა მოუწევს კომპანიას განხილულ იქნას მეიჯარის სარგებლად, რომ მუდმივად სარემონტო მომსახურების გაქვითვა მოუწევს მეიჯარეს და მოიჯარეს, მოიჯარე უსასრულოდ გამოიყენებს ხოლო მეიჯარე ვერასდროს მიიღებს ფინანსურ სარგებელს აღნიშნული ობიექტიდან. რაც არაგონივრულია და საერთოდ ეჭქვეშ აყენებს აღნიშნულ ხელშეკრულების ეკონომიკურ მიზნობრიობას.
შეჯამება:
სულ შესამოწმებელ პერიოდზე (01.01.2022 -01.07.2025) კომპანიის დაბეგრილი ბრუნვა შეადგენს 1207695.43 რომლის დღგ შეადგენს 217385.1.
გასაყიდად განკუთვნილი ს.მ.ფ საწყისი ნაშთი
01.01.2022 წლის 154348.00
შესყიდვა იმპორტი 419029.76
ნაშთი 98477.72
სულ გაყიდული საქონლის თვითღირებულება 474900.04, იმპორტირებული საქონლის თვითღირებულება/გაყიდული იმპორტირებული საქონლის ბრუნვა 474900.04/480296.77
ეს მონაცემები თავად აუდიტს აქვს დასკვნაში გამოყენებული, საბოლოო ჯამში საერთო მაჩვენებლით იმპორტირებული საქონლის თვითღირებულება ნაკლებია იმპორტირებული საქონლის ბრუნვაზე, შესაბამისად თვითღირებულებაზე ნაკლები ღირებულებით საქონლის რეალიზაცია არ მომხდარა.
შეფასებაში წერია: მუხლი 158; მუხლი 159; მუხლი 160, არ არის განხილული კერძოდ, ამ მუხლების რომელი ნაწილი დაარღვია გადასახადის გადამხდელმა.
ამასთანავე ძირითადი თანხა შედგება სხვადასხვა გადასახადისგან, რომელიც არის სხვადასხვა პერიოდის სრულ ჯამზე ჯარიმის დარიცხვა განხორციელებულია 50%-ის ოდენობით, მიუხედავად იმისა რომ საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის 21 ნაწილის და 22 ნაწილის შესაბამისად უნდა განხილულიყო რამდენი პროცენტით შეიმცირა გადასახადის გადამხდელმა გადასახადი და ამის მიხედვით განსაზღვრულიყო 5%, 10% თუ 20% ექვემდებარებოდა ჯარიმის დარიცხვას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-7 და მე-10 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
7. ფიზიკურ პირს უფლება აქვს, შემოსავლები და ხარჯები საკასო მეთოდით აღრიცხოს.
10. თუ გადასახადის გადამხდელი არაფულადი ფორმით იღებს შემოსავლებს ან სწევს ხარჯებს, ასეთი შემოსავლების მიღების ან ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება იმ წესით, რა წესითაც განისაზღვრება ფულადი ფორმით შემოსავლების მიღების ან ხარჯების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის და მე-3 ნაწილების თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება, თუ იგი განახორციელა საწარმომ. საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის მიხედვით:
1. საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
2. მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, კომპენსაცია არის პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/და სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „მ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;
მ) პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა.
საგადასახადო კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად:
1. აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება:
ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის მიღების მომენტი;
ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების საბანკო დაწესებულებაში გადასახადის გადამხდელის მიმდინარე ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვის ან რომლიდანაც ამ სახსრების მიღების უფლება აქვს, ჩარიცხვის მომენტი.
2. გადასახადის გადამხდელის ფინანსურ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის შემთხვევაში, კერძოდ, ურთიერთჩათვლის დროს, შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ამ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტი.
აუდიტის დეპარტამენტის 30.04.2026 წლის №------21-14 წერილის მიხედვით, 2022 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით რემონტზე გაწეული ხარჯი (მასალების შეძენა) შეადგენს 588 768 ლარს, რაც გადამხდელს დაბეგრილი აქვს დღგ-ით 2022 წლის ოქტომბრის თვეში. 2022 წლის ნოემბრიდან 2025 წლის 1 ივლისამდე საწარმოს მიერ შეძენილია 96 968 ლარის სარემონტო სამშენებლო მასალები დღგ-ის ჩათვლით. კერძოდ: კუთხოვანა, კვადრატული მილი, ბეტონი, მავთულბადე და ა.შ. შემოწმებით, იჯარით აღებული ობიექტისათვის 2022 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ივლისამდე პერიოდზე მსუბუქი კონსტრუქციის სარემონტო-სამშენებლო მასალების შეძენაზე დახარჯული თანხა 82 176 ლარის ოდენობით დღგ-ის გარეშე განხილულ იქნა, როგორც ფ.პ. -------თვის ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად. შესაბამისად, დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.
მომჩივნის განმარტებით, საწარმო იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს იჯარით აღებულ ობიექტის მოვლას. სასაწყობე ფართები იჯარით აქვს გაცემული ქვეიჯარის ხელშეკრულებით, შესაბამისად, ქვემოიჯარეების გამოყენებისას ობიექტის დაზიანების აღდგენის ხარჯი უნდა გაწიოს კომპანიამ, ასეთი ტიპის ხარჯების, როგორიცაა ექსპლუატაციაში გამოწვეული ცვეთის უნდა გაწიოს საწარმომ და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს მეიჯარის სარგებლად განხილული. საგადასახადო ორგანოს მიდგომა ნიშნავს, რომ რაც კი ობიექტზე საჭირო ხარჯის გაწევა მოუწევს კომპანიას განხილულ იქნას მეიჯარის სარგებლად, რომ მუდმივად სარემონტო მომსახურების გაქვითვა მოუწევს მეიჯარეს და მოიჯარეს, მოიჯარე უსასრულოდ გამოიყენებს, ხოლო მეიჯარე ვერასდროს მიიღებს ფინანსურ სარგებელს აღნიშნული ობიექტიდან, რაც არაგონივრულია და საერთოდ ეჭქვეშ აყენებს აღნიშნულ ხელშეკრულების ეკონომიკურ მიზნობრიობას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იჯარის ობიექტს განკარგავს და ქვეიჯარით გასცემს და აღნიშნული ქვეიჯარიდან შემოსავალს იღებს კომპანია. კომპანიამ იჯარის ობიექტის შეუფერხებელი და უკეთ ფუნქციონირებისათვის გაწია რემონტის ხარჯი და შედეგად, შეძენილ სამშენებლო-სარემონტო მასალებზე კომპანიამ მიიღო დღგ-ის ჩათვლა. საგადასახადო ორგანოს მიერ იჯარით აღებული ობიექტისათვის 2022 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ივლისამდე პერიოდზე სამშენებლო-სარემონტო მასალების შეძენაზე დახარჯული თანხა 82 176 ლარის ოდენობით დღგ-ის გარეშე განიხილა, როგორც ფ.პ. -------თვის ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად/სარგებლად (საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ განხილულია სარგებლად, ხოლო დასკვნაში უსასყიდლო მიწოდებად). შედეგად განხორციელდა დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.
საბჭო განმარტავს, რომ სამშენებლო-სარემონტო მასალების შეძენაზე დახარჯული თანხის, როგორც ფ.პ. -------თვის ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად/სარგებლად დაკვალიფიცირების (მიჩნევის) საკითხი არ არის დასაბუთებული და საჭიროებს დამატებით შესწავლას, უცნობია რა გარემოებები დაედო საფუძვლად უსასყიდლოდ მიწოდების ფაქტის დადგომას/სარგებლის მიღებას თანაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სადავო შემთხვევაში უსასყიდლო მიწოდება საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მიხედვით, წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, ხოლო ფიზიკური პირისათვის შემოსავლის (სარგებლის) მიღების დროს განსაზღვრავს საგადასახადო კოდექსის 136-ე და 138-ე მუხლები.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს იჯარით აღებული ობიექტისათვის მსუბუქი კონსტრუქციის სამშენებლო-სარემონტო მასალების შეძენაზე დახარჯული თანხის გამქირავებლისთვის ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად/სარგებლად მიჩნევის და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრის პერიოდის წარმოშობის საკითხის მომჩივნის მონაწილეობით, დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოახდინოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
ამასთან, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შემოწმების აქტით გავრცელებული საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის განსაზღვრის მართლზომიერება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილების შესაბამისად გათვალისწინებული ჯარიმის გავრცელება და შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.03.2026 წლის №6236 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, განახორციელოს მე-2 და მე-3 სადავო საკითხების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შემოწმების აქტით გავრცელებული საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების განსაზღვრის მართლზომიერება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილების შესაბამისად გათვალისწინებული ჯარიმის გავრცელება და შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით;
2. იჯარით აღებული ობიექტის რემონტის ღირებულების გამქირავებელი ფიზიკური პირის (ამავე დროს საწარმოს დირექტორი) სარგებლად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. იჯარით აღებული ობიექტისათვის მსუბუქი კონსტრუქციის სარემონტო-სამშენებლო მასალების შეძენაზე დახარჯული თანხის გამქირავებლისთვის ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად/სარგებლად განხილვა და დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.07.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა №25504 ბრძანება და №007-306 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №6236 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და დადგენილი ფასნამატით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან,მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს, როგორც ხანდაზმულობის, ისე, იჯარით აღებული ობიექტის რემონტის ღირებულების გამქირავებელი ფიზიკური პირის სარგებლად დაკვალიფიცირების და აღნიშნულის გადალახვის შემთხვევაში, სარგებლის მიღების დადგომის მომენტი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
ხოლო,მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შემოწმების აქტით გავრცელებული საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის განსაზღვრის მართლზომიერება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილების შესაბამისად გათვალისწინებული ჯარიმის გავრცელება და შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5.9 ,,ბ“); 82( „თ“); 101(1); 136(1.30); 145(1.6); 154(1 ,,დ“ და ,,მ“.2 „ა“ და „ბ“.3„ა“ ); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 160(3„ა“); 163(1.2); 164(1.2 ,,ა“); 275(1. 21 .22);