გადაწყვეტილება №24885/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.04.2025
№ დოკუმენტი 24885/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24885/2/2025

23 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 7.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24885/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8375 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №225-18 საგადასახდო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3034 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 349 609,25 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 169 496

ჯარიმა - 84 748

საურავი - 95 365,25

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბეტონის წარმოება -------, ------- ტერიტორიაზე.

აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი -------) შეძენის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორე. შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

2022 წლის 6 აპრილს, კომპანიამ 47 154 კვ.მ მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა შეიძინა საწარმოს დამფუძნებლისა და დირექტორისგან ------- 980 000 დოლარად (3 023 986 ლარი, კვ.მ 64,13 ლარი), მათ შორის მიწის ღირებულება იყო 639 000 დოლარი (1 971 762 ლარი, კვ.მ 41,81 ლარი), ხოლო დანარჩენი იყო შენობა-ნაგებობის ღირებულება. უძრავი ქონების გასაყიდი ფასი (980 000 დოლარი) განსაზღვრული იყო საშემფასებლო კომპანია შპს ------- მიერ.

აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2012 წლის 28 დეკემბერს ------- შეიძინა ფიზიკური პირებისგან კვ.მ 1,37 ლარად. აუდიტის დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 7 დეკემბერს ჩატარდა ალტერნატიული ექსპერტიზა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, უძრავი ქონების შესყიდვის თარიღისათვის. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს N58551/10/23 დასკვნის მიხედვით, ქონების ღირებულება 2022 წლის 6 აპრილის მდგომარეობით განისაზღვრა 2 346 000 ლარად. აღნიშნული თარიღისათვის, ------- იყო ასევე შპს ------- დირექტორი. შემოწმების შედეგად, 3 023 986 ლარსა და 2 346 000 ლარს შორის სხვაობა ჩაითვალა ------- გაცემულ ხელფასად და დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №225-29 საგადასახადო მოთხოვნა. 1.02.2024 წლის დასკვნით გასწორდა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დაშვებული ტექნიკური შეცდომა, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2.02.2024 წლის №1842 ბრძანება და ამავე თარიღის №225-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №225-29 და 2.02.2024 წლის №225-2 საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8375 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრების დანართად მტკიცებულების სახით წარმოდგენილი შპს ------- დასკვნა უძრავი ქონების შეფასების შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა

შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8375 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის დასკვნის მიხედვით შემოწმების მიერ შედარებულ იქნა შპს ------- დასკვნა, ვალის მართვის დეპარტამენტის №58551/10/23 დასკვნასთან და გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:

1. თანხობრივი სხვაობა გამოწვეულია მიწის შეფასების ღირებულებით, რომელიც შპს ------- მიერ შეფასებულია 13,55 დოლარად, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნით 3,18 დოლარად;

2. შესაფასებელი ობიექტი წარმოადგენს 47 154 კვ. მ ფართობს, მასზე დამაგრებული შენობანაგებობით. შპს ------- მიერ ანალოგები აღებულია 1060-დან 2231-მდე კვ. მ მიწის ფართობებზე, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნაში 4 203-დან 14 596-მდე კვ. მ მიწის ფართობზე. დასკვნის მიხედვით, ფართობის ზრდის პარალელურად იკლებდა ფასი 5,32-დან 2,42 დოლარამდე. ვინაიდან შესაფასებელი ობიექტის ფართობი არის 47 154 კვ. მ უფრო შესაბამისობაშია 14 596 კვ. მ მიწის ფართობთან, ვიდრე 2 231 კვ. მ-თან;

3. შესაფასებელი ობიექტი მდებარეობს -------, -------. შპს ------- დასკვნაში აღებული ანალოგები მდებარეობს -------, შესაფასებელ ობიექტსა და ანალოგებს შორის არის საკმაოდ დიდი მანძილი და მათ შორის ასევე გადის ცენტრალური მაგისტრალის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანი, რომლისგანაც ------- მხარეს არის ანალოგები, ხოლო შესაფასებელი ობიექტები არის სოფლის მხარეს, რაც მათ შორის ზრდის მიწის ღირებულების სხვაობას. ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნაში აღებული ანალოგები, მანძილითაც ახლოს არის შესაფასებელ ობიექტთან, ასევე მდებარეობს ცენტრალურ მაგისტრალთან სოფლის მხარეს, როგორც შესაფასებელი მიწის ნაკვეთი.

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემმოწმებელთა მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და უფრო სარწმუნოდ მიღებულ იქნა ვალის მართვის დეპარტამენტის №58551/10/23 დასკვნა. შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები გაანგარიშებას არ დაექვემდებარა

აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №225-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3034 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ შედარებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შპს ------- დასკვნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის №58551/10/23 დასკვნასთან და დადგინდა, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნაში შესაფასებელი ობიექტის ანალოგი, ფართობებისა და მდებარეობის გათვალისწინებით, ბევრად ახლოს იყო შესაფასებელ მიწის ნაკვეთთან. კერძოდ, შპს ------- მიერ ანალოგები აღებულია 1 060 კვ.მ-დან 2 231 კვ.მ-მდე მიწის ფართობებზე, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნაში 4 203 კვ.მდან 14 596 კვ.მ-მდე მიწის ფართობებზე. აგრეთვე, ფართობის ზრდის პარალელურად იკლებდა ფასი 5,32 დოლარიდან 2,42 დოლარამდე. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შპს ------- დასკვნაში აღებულ ანალოგებსა და შესაფასებელ მიწის ნაკვეთს შორის საკმაოდ დიდი მანძილია და მათ შორის ასევე გადის ცენტრალური მაგისტრალის ავტობანი, რომლისგანაც ------- მხარეს არის ანალოგები, ხოლო შესაფასებელი ობიექტი არის სოფლის მხარეს, რაც მათ შორის ზრდის მიწის ღირებულების სხვაობას. ხოლო, ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნაში აღებული ანალოგები მანძილითაც ახლოს არის შესაფასებელ ობიექტთან და ასევე მდებარეობს ცენტრალური მაგისტრალიდან სოფლის მხარეს, როგორც შესაფასებელი მიწის ნაკვეთი. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემმოწმებელთა მიერ უფრო სარწმუნოდ იქნა მიჩნეული შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნა. ამდენად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2018-2022 წლებში ააშენა და დაამონტაჟა ბეტონის მობილური ქარხანა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციების ქარხანა, რომელიც განთავსებულია 10 ჰა ფართობზე. ამ ფართობიდან ნაწილი ეკუთვნოდა შპს -------, ხოლო 47 154 კვ.მ იყო ------- საკუთრებაში. ------- საკუთრებაში არსებული ქონების შესყიდვა შპს ------- იყო აუცილებელი, რადგან მასზე გადიოდა ქარხნებამდე მისასვლელი გზა და მასზევე იყო განთავსებული შენობანაგებობები, რომლებსაც შპს ------- იყენებდა ეკონომიკური საქმიანობისთვის (საკადასტრო კოდი -------) აღნიშნული ქონება მოიცავს მიწის ნაკვეთს და შენობა-ნაგებობებს, სასაწყობე, ავტოფარეხი, სადარაჯო, საქმიანი ეზო).

2022 წელს შპს ------- მიიღო გადაწყვეტილება შეესყიდა ფ/პ ------- მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი -------)

აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ფასის დადგენის მიზნით და იმის გამო, რომ ------- ამავდროულად კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორია, და აღნიშნული ოპერაცია მიეკუთვნება ურთიერთდამოკიდებულ პირთა შორის დადებულ გარიგებას, მოიწვია სერტიფიცირებული დამოუკიდებელი საშემფასებლო კომპანია ------- და შეაფასებინა აღნიშნული ობიექტი.

ექსპერტის მიერ შეფასებული საბაზრო ღირებულებაა 980 000 აშშ დოლარი. ფ/პ ------- მოახდინა აღნიშნული ქონების რეალიზაცია შპს ------- გაყიდვის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით 3,0836 მთლიანმა თანხამ შეადგინა 3 021 928 ლარი

შენობა-ნაგებობის რეალიზაციის ოპერაციაზე (1 051 507,6) ფ/პ ------- აპრილის თვეში გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და გადაიხადა შესაბამისი დღგ ბიუჯეტში.

აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №26394 ბრძანების საფუძველზე მოხდა აუდიტის დეპარტამენტის შემფასებლების მიერ შესამოწმებელი ქონების (საკადასტრო კოდი -------) შეფასება. მათი შეფასებით თავდაპირველი საბაზრო ღირებულება 675 000 ლარით ნაკლებია დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებასთან შედარებით და საწარმოს დაერიცხა 302 891,51 ლარი, მათ შორის საშემოსავლო გადასახადი 169 496 ლარი, ჯარიმა 84 748 ლარი, საურავი 48 647,51 ლარი (21.12.2023 წლის №225-29 საგადასახადო მოთხოვნა).

შპს ------- არ დაეთანხმა აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რადგან საწარმოს, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ავალდებულებდა ექსპერტის შეფასებას, მან კეთილსინდისიერად შეარჩია სერტიფიცირებული კომპანია, რომლის შეფასების (დანართი 1) თავში „პროფესიული გამოცდილება და კვალიფიკაცია“ მითითებულია, რომ მათთან ითანამშრომლა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და შეეფასებინა საპრივატიზაციო ობიექტები. ამდენად, სახელმწიფო მათ მიიჩნევდა კვალიფიციურ ექსპერტებად, საწარმოსთვის მათი შეფასება ჩაითვალა საგადასახადო ვალდებულებებიდან გადაცდომის თავიდან აცილების მიზნით დაზღვევის გარანტად. შესაბამისად ამ შეფასების მიხედვით მოახდინა სამეურნეო ოპერაციის დაბეგვრა, საერთაშორისო და საგადასახადო აღრიცხვის ყველა წესის დაცვით.

საწარმოს საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა და 12.04.2024 წლის №8375 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს ხელმეორედ განსახილველად დაუბრუნდა აღნიშნული დასკვნა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გაზიარებული სარჩელის არგუმენტაცია და შეადგინა 25.12.2024 წლის №891 დასკვნა.

აუდიტორი დასკვნის მიხედვით არ ეთანხმება დამოუკიდებელ ექსპერტს მიწის გადასახადის შეფასებაში და აღნიშნავს, რომ ნაკვეთი სოფლის დასახლებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ქალაქის დასახლებასთან, რომლის ანალოგიითაც ისარგებლა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, უნდა აღინიშნოს, რომ არც სოფელთან და არც ქალაქთან აუდიტორის მიერ შეფასებული მიწა 1 კვ.მ - 3 აშშ დოლარი, არც სამეურნეო ოპერაციის დროს და არც მიმდინარე პერიოდში არ შეესაბამება საბაზრო ფასს. „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის საბაზრო ფასის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთან მინისტრის 31.12.2010 წლის №990 ბრძანების მე-2 მუხლი განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუკი ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისგან. ამდენად აუდიტორის მიერ მტკიცებულებების არ არის წარდგენილი, რის საფუძველზე შეაფასა ასეთი არაადეკვატური დაბალი ფასით საწარმოს მიწის ფართობი, რომელიც ყოველთვის ბაზარზე წარმოადგენდა და წარმოდგენს მოთხოვნად საინვესტიციო ქონებას.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რადგან საწარმო არის სამშენებლო და არა სასოფლო სამეურნეო პროფილის მიწა გამოყენებულია სამრეწველო დანიშნულებით, რასაც შეფასებაზე თანდართული ფოტომასალაც ადასტურებს და ბუნებრივია ექსპერტი მიუდგა მიწის შეფასებას საერთაშორისო სტანდარტით, რაც მიუთითა დასკვნაში.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილზე, 255-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საწარმოს მიერ მოწვეული იქნა სერტიფიცირებული და როგორც აღნიშნა სამთავრობო სტრუქტურის მიერ აღიარებული ექსპერტი, ხოლო აუდიტორი ვერ ასაბუთებს და ვერ ასახელებს რას დაეყრდნო შეფასებისას, ასევე არ არის დასკვნაში მოყვანილი არცერთი საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც აღიარებს სახელმწიფო

შპს -------, რომელსაც არ ჰქონია გადასახადებისაგან თავიდან არიდების არცერთი მცდელობა, ამჟამად მოქმედებდა კეთილსინდისიერად და მის მიმართ გამოყენებული იქნა არასამართლებრივი მიდგომა.

მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7, მე-8 და 53-ე მუხლებზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8375 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრების დანართად მტკიცებულების სახით წარმოდგენილი შპს ------- დასკვნა უძრავი ქონების შეფასების შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8375 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის დასკვნის მიხედვით შემოწმების შედეგად შედარებულ იქნა შპს ------- დასკვნა, ვალის მართვის დეპარტამენტის №58551/10/23 დასკვნასთან. აუდიტის დეპარტამენტი დასკვნაში აღნიშნავს გარემოებებს, რის საფუძველზეც შემმოწმებელთა მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და უფრო სარწმუნოდ მიღებულ იქნა ვალის მართვის დეპარტამენტის №58551/10/23 დასკვნა. შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები გაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა 2022 წლის 6 აპრილს შეძენილი უძრავი ქონების (მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდი -------) შესყიდვის მომენტისთვის (2022 წლის 6 აპრილი) საბაზრო ფასის დადგენის თაობაზე, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3034 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა 2022 წლის 6 აპრილს შეძენილი უძრავი ქონების (მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდი -------) შესყიდვის მომენტისთვის (2022 წლის 6 აპრილი) საბაზრო ფასის დადგენის თაობაზე;

4. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევად არ უნდა იქნეს მიჩნეული, მომჩივნის მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების ამავე ვადაში წარდგენა, რა დროსაც შესაბამისი დასკვნის წარდგენის ვადა უნდა გაგრძელდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ დასკვნის გამოცემის თარიღის გათვალისწინებით;

5. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, მომჩივნის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება);

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8375 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია უძრავი ქონების შეძენის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორე. შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიამ მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა შეიძინა საწარმოს დამფუძნებლისა და დირექტორისგან 980 000 დოლარად.

აუდიტის დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ალტერნატიული ექსპერტიზა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, უძრავი ქონების შესყიდვის თარიღისათვის. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის მიხედვით, აღნიშნული თარიღისათვის ქონების ღირებულება განისაზღვრა 2 346 000 ლარად. შემოწმების შედეგად, სხვაობა ჩაითვალა გაცემულ ხელფასად და დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა შესყიდვის მომენტისთვის შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ფასის დადგენის თაობაზე, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18(11); 19(2-ბ); 101; 154;