გადაწყვეტილება № 26111/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 26111/2/2025
04 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------1.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26111/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.06.2023 წლის №19497/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 4.09.2025 წლის №021-101 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 217 536.44 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 105 280
დღგ - 37 301
საშემოსავლო გადასახადი - 67 970
ქონების გადასახადი - 9
ჯარიმა - 52 445
საურავი - 59 811.44
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე პერიოდის, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა ორისში, მაგრამ საქონლის აღრიცხვას და ჩამოწერებს ახორციელებს ჯამური ღირებულებით, გადასახადის გადამხდელის ინფორმაციით საქონლის აღრიცხვას ახორციელებდა ცალკე საბუღალტრო პროგრამაში, რომელიც დაზიანდა და შემოწმებისთვის მისი წარდგენა ვერ შეძლო. გადასახადის გადამხდელი იურიდიულ პირებს უწერს ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს მომსახურებაზე (სარეკლამო, მარკეტინგული). ვინაიდან არ იქნა წარდგენილი საჭირო ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ვინაიდან, მხოლოდ 2018 წელს გამოწერილია (მცირე რაოდენობით) სასაქონლო ზედნადებები, ვერ მოხდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება. შედეგად, გამოყენებულ იქნა ქ. ------, იმავე ტიპის შემოწმებული ობიექტის აუდირებული ფასნამატი (14.23%), რაც გავრცელდა შემოწმებით დადგენილ საქონლის თვითღირებულებაზე და მიღებული შემოსავლები აისახა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში, დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობა, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;
პირველადი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე, გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ ჩასათვლელ დღგ-ის თანხებსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ის თანხებს შორის. გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს ასახული კორექტირებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შედეგად შესამცირებელი დღგ-ის თანხა, ასევე, გამოვლინდა სხვაობა მიბმულ ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანხებსა და შემოწმებით დადგენილ თანხებს შორის. საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე და 179-ე მუხლების თანახმად, გაიზარდა დღგ-ის დეკლარაციაში ჩასათვლელი დღგ-ის თანხები.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2021 წლის №10515 ბრძანება და 12.04.2021 წლის №021-38 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.06.2021 წლის №19803 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხებთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 18.06.2021 წლის №19803 ბრძანება, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 3.12.2021 წლის გადაწყვეტილებით (№13924/2/2021) საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 ივნისის №19803 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 3 931 ლარით, აღნიშნულზე შედგა, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 მარტის დასკვნა, რომლის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 7.04.2022 წლის №021-27 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.07.2022 წლის №18640 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 28.10.2022 წლის №17346/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა საჩივარი და 10.04.2023 წლის №7803 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. რომლის 16.06.2023 წლის №19497/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის 10.07.2025 წლის განცხადება, საბჭოს 16.06.2023 წლის №19497/2/2023 გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, საბჭოს 25.07.2025 წლის №25444/2/2025 გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 16.06.2023 წლის №19497/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2025 წლის დასკვნის საფუძველზე შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.09.2025 წლის №021-101 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიუხედავად დავების განხილვის საბჭოს 16.06.2023 წლის №19497/2/2023 გადაწყვეტილებისა აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან მაინც არ მოხდა გადაწყვეტილების აღსრულება. 2021 წლიდან დღემდე, არსებულ საქმეზე შეიცვალა 2 აუდიტორი და 2025 წელს აღნიშნულ საქმეზე კომუნიკაცია განხორციელდა მესამე აუდიტორთან, კომპანიამ საგადასახადო ორგანოს წარუდგინა, აღდგენილი ბუღალტრული პროგრამა, კრების ოქმები, დამფუძნებლების შენატანებზე ინფორმაცია და ექსელის გაანგარიშება სადაც ნათლად ჩანს, კრების ოქმებით და დამფუძნებლის შენატანების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის მოცულობა.
2025 წელს მოხდა მესამე აუდიტორთან კომუნიკაცია - შეხვედრა, რომელსაც სამმართველოს უფროსიც ესწრებოდა, აღნიშნულ შეხვედრაზე მათი მხრიდან საკითხი იყო დასმული ფასნამატის ცხრილზე, რომელიც არ არის წარდგენილი და საბჭოზეც არაერთხელ აქვს განმარტებული, რომ ვინაიდან დოკუმენტური რეალიზაცია არ აქვს, ვერ მოხდება ფასნამატის ცხრილის გავლა, შესაბამისად აუხსნა იგივე მოცემულობა და იქვე მოითხოვა სხვა წარდგენილი დოკუმენტების გავლა (კრების ოქმების, ბუღალტრული პროგრამის, ექსელის გაანგარიშების), რაზეც მიიღო პასუხი, რომ სხვა წარდგენილი დოკუმენტების გავლას არ ავალდებულებს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ივნისის №19497/2/2023 გადაწყვეტილება და ასევე, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 ივნისის №19803 ბრძანება. ვინაიდან, აღნიშნულ გადაწყვეტილებებში ნათლად ხედავდა სხვა დოკუმენტების გავლის ვალდებულებას და ასევე, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დარიცხული გადასახადების შემცირების აუცილებლობას, მიმართა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ივნისის №19497/2/2023 გადაწყვეტილების განმარტების შესახებ, რის საფუძველზედაც მიიღო დავების განხილვის საბჭოს 25.07.2025 წლის №25444/2/2025 გადაწყვეტილების განმარტება.
აუდიტორის შეფასებით, „საკითხი შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა დამატებით, თუმცა რაიმე სახის ცვლილებას ადგილი არ ქონია, ასევე გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები მათ შორის, განსხვავებული გაანგარიშების ცხრილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ არ განხორციელებულა დარიცხული თანხების კორექტირება.“
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოადგენს არგუმენტებს და შემდეგ მოთხოვნას:
1. შემოსავლების სამსახურის №19803 ბრძანების შეუსრულებლობა (2021 წ.)
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 ივნისის №19803 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა,არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით.
წარდგენილი იქნა სრულყოფილი დოკუმენტაცია: აღდგენილი საბუღალტრო პროგრამა, კრების ოქმები, დამფუძნებლების შენატანებზე ინფორმაცია, სალაროს ნაშთის გაანგარიშება და კომპანიის სრული პერიოდის ბუღალტერიის აღდგენა/ანალიზი ექსელის სახით. მიუხედავად ამისა, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არ მომხდარა წარდგენილი დოკუმენტების სათანადო შესწავლა და ბრძანებით დავალებული მოთხოვნის შესრულება. შესაბამისად, ბრძანების აღსრულება არ მომხდარა არცერთ ნაწილში (გარდა დღგ-ის ჩათვლის ნაწილობრივი კორექტირებისა, როგორც მოგვიანებით დადგინდა საბჭოს მიერ);
2. დავების განხილვის საბჭოს №19497/2/2023 გადაწყვეტილების შეუსრულებლობა (2023 წ.)
შემოსავლების სამსახურის №19803 ბრძანების შეუსრულებლობის გამო, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2023 წლის 16 ივნისის №19497/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გააუქმა შემოსავლების სამსახურის მოგვიანებით გამოცემული ბრძანება და ხელახლა დაავალა აუდიტის დეპარტამენტს:
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
აღნიშნული პუნქტის გათვალისწინებით, პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირების უზრუნველყოფა.
2021 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში, საქმეზე შეიცვალა 2 აუდიტორი. 2025 წელს შედგა კომუნიკაცია/შეხვედრა მესამე აუდიტორთან და მის სამმართველოს უფროსთან. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ დოკუმენტური რეალიზაციის არ არსებობის გამო, ვერ წარადგენდა ფასნამატის ცხრილს, რაც საბჭოს სამოტივაციო ნაწილშიც იყო ასახული. მოითხოვა უკვე წარდგენილი დოკუმენტების (კრების ოქმები, საბუღალტრო პროგრამა, ექსელის გაანგარიშება) შესწავლა, რაც უარყოფილ იქნა მოტივით, რომ საბჭოს გადაწყვეტილება მხოლოდ ფასნამატის ცხრილის წარდგენის აუცილებლობას კითხულობდა.
3. საბჭოს გადაწყვეტილების განმარტების უგულებელყოფა (2025 წ.)
აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილების ინტერპრეტირების გამო, მოითხოვა საბჭოს №19497/2/2023 გადაწყვეტილების განმარტება. 2025 წლის 25 ივლისს მიღებული №25444/2/2025 განმარტებით, საბჭომ მიუთითა, რომ:
მისი №19497/2/2023 გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ არ მომხდარა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა ისე, როგორც ეს შემოსავლების სამსახურის N19803 ბრძანებით იყო განსაზღვრული.
საბჭოს მიერ ხელახლა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სწორედ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა.
საბჭომ მიიჩნია, რომ №19497/2/2023 გადაწყვეტილება არ საჭიროებს განმარტებას, რითაც დაადასტურა აუდიტის დეპარტამენტის ვალდებულება, შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 2 სექტემბერს გამოსცა დასკვნა, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, სადაც შეფასებაში აღნიშნულია შემდეგი: „აღნიშნული საკითხი შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა დამატებით, თუმცა რაიმე სახის ცვლილებას ადგილი არ ქონია, ასევე გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის, განსხვავებული გაანგარიშების ცხრილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ არ განხორციელებულა დარიცხული თანხების კორექტირება.“
აღნიშნული შეფასება აჩენს შთაბეჭდილებას, რომ აუდიტის დეპარტამენტს არამცთუ არ შეუსწავლია 2021 წლიდან წარდგენილი დოკუმენტები, არამედ საერთოდ არ არის გაცნობილი არც შემოსავლების სამსახურის 2021 წლის №19803 ბრძანებას და არც დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის №19497/2/2023 გადაწყვეტილებას. აუდიტორი კვლავ ფოკუსირდება მხოლოდ ფასნამატის ცხრილზე, მიუხედავად იმისა, რომ:
1. ფასნამატის ცხრილის არ არსებობა იყო ცნობილი და ამიტომაც დაევალა სხვა წარდგენილი მასალების შესწავლა.
2. წარდგენილია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის მოცულობის განსხვავებული გაანგარიშება (კრების ოქმებისა და დამფუძნებლის შენატანების გათვალისწინებით).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ადგილი აქვს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ივნისის №19497/2/2023 გადაწყვეტილებისა და 2025 წლის 25 ივლისის №25444/2/2025 განმარტების უხეშ და სისტემატურ შეუსრულებლობას. შეუსრულებლობა გამოიხატება:
1. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების (ბუღალტრული პროგრამა, კრების ოქმები, შენატანები, გაანგარიშებები) არასათანადო შესწავლაში;
2. მხოლოდ ფასნამატის ცხრილის მოთხოვნაში, რაც ეწინააღმდეგება საბჭოს გადაწყვეტილების სულისკვეთებასა და შინაარსს.
3. საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოცემულ დასკვნაში არასწორი ფაქტობრივი გარემოებების მითითებაში (არ არის წარდგენილი განსხვავებული გაანგარიშების ცხრილი).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს:
1. დაევალოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს:
მკაფიოდ, დაუყოვნებლივ აღასრულოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ივნისის №19497/2/2023 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის და მის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადის კორექტირების (შემცირების) ვალდებულება;
სრულყოფილად შეისწავლოს კომპანიის მიერ წარდგენილი ყველა მასალა (აღდგენილი საბუღალტრო პროგრამა, კრების ოქმები, დამფუძნებლების შენატანებზე ინფორმაცია, სალაროს ნაშთის გაანგარიშება და ექსელის გაანგარიშება) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 სექტემბრის №19512 ბრძანება და ამავე თარიღის №021-101 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, 2025 წლის 2 სექტემბრის დასკვნასთან ერთად, როგორც დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის და არასწორ ფაქტობრივ გარემოებებზე დაფუძნებული დოკუმენტი.
ამასთან, მიეცეს საჩივრის განხილვაზე დასწრების საშუალება, რათა დეტალურად განმარტოს პოზიცია და წარადგინოს 2021 წლიდან დღემდე გავლილი გზის ამსახველი სრული ქრონოლოგია და წარდგენილი მტკიცებულებების შინაარსი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოწმებით დარიცხული თანხები არაერთხელ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურსა და დავების განხილვის საბჭოში, კერძოდ:
შემოსავლების სამსახურის 18.06.2021 წლის №19803 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხებთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 ივნისის №19803 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 3 931 ლარით (დღგ-ის ჩათვლის ნაწილში), აღნიშნულზე შედგა, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 მარტის დასკვნა, რომლის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 7.04.2022 წლის №021-27 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 15.07.2022 წლის №18640 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 28.10.2022 წლის №17346/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც განიხილა საჩივარი და 10.04.2023 წლის №7803 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც კვლავ გასაჩივრდა საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 16.06.2023 წლის №19497/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 16.06.2023 წლის №19497/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, ხოლო მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 სექტემბრის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ საკითხი შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა დამატებით, თუმცა რაიმე სახის ცვლილებას ადგილი არ ქონია, ასევე გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის, განსხვავებული გაანგარიშების ცხრილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ არ განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება.
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, შემოწმებით დარიცხული თანხების არ შემცირების თაობაზე. მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არ მოხდა საბჭოს 16.06.2023 წლის №19497/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 ივნისის №19803 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ხოლო, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით. აღნიშნავს, რომ წარდგენილი იყო აღდგენილი საბუღალტრო პროგრამა, კრების ოქმები, დამფუძნებლების შენატანებზე ინფორმაცია, სალაროს ნაშთის გაანგარიშება და კომპანიის სრული პერიოდის ბუღალტერიის აღდგენა/ანალიზი ექსელის სახით, მაგრამ, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არ მომხდარა წარდგენილი დოკუმენტების სათანადო შესწავლა და ბრძანებით დავალებული მოთხოვნის შესრულება. შესაბამისად, ხსენებული ბრძანების აღსრულება არ მომხდარა არცერთ ნაწილში გარდა დღგის ჩათვლის ნაწილობრივი კორექტირებისა. შემოსავლების სამსახურის №19803 ბრძანების შეუსრულებლობის გამო, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2023 წლის 16 ივნისის №19497/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა დაავალა აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დოკუმენტური რეალიზაციის არ არსებობის გამო, ვერ წარადგენდა ფასნამატის ცხრილს, რაც საბჭოს სამოტივაციო ნაწილშიც იყო ასახული, მოითხოვა უკვე წარდგენილი დოკუმენტების (კრების ოქმები, საბუღალტრო პროგრამა, ექსელის გაანგარიშება) შესწავლა, რაც უარყოფილ იქნა მოტივით, რომ საბჭოს გადაწყვეტილება მხოლოდ ფასნამატის ცხრილის წარდგენის აუცილებლობას წარმოადგენდა. განმარტებისათვის მიმართა საბჭოს, რომელმაც მიიჩნია, რომ №19497/2/2023 გადაწყვეტილება არ საჭიროებს განმარტებას, რითაც დაადასტურა აუდიტის დეპარტამენტის ვალდებულება, შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია. აუდიტორი კვლავ ფოკუსირდება მხოლოდ ფასნამატის ცხრილზე, მიუხედავად იმისა, რომ ფასნამატის ცხრილის არ არსებობა იყო ცნობილი და ამიტომაც დაევალა სხვა წარდგენილი მასალების შესწავლა და წარდგენილია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის მოცულობის განსხვავებული გაანგარიშება (კრების ოქმებისა და დამფუძნებლის შენატანების გათვალისწინებით). ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ივნისის №19497/2/2023 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის აღსრულება და მის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადის კორექტირება (შემცირება). კერძოდ, წარდგენილი ყველა მასალის (აღდგენილი საბუღალტრო პროგრამა, კრების ოქმები, დამფუძნებლების შენატანებზე ინფორმაცია, სალაროს ნაშთის გაანგარიშება და ექსელის გაანგარიშება) შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტი 17.11.2025 წლის №------ წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს შემდეგს: შემოწმების მიერ დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი მუშაობს საბუღალტრო პროგრამა ორისში, მაგრამ საქონლის აღრიცხვასა და ჩამოწერებს ახორციელებს ჯამური ღირებულებით, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საქონლის აღრიცხვას ახორციელებდა ცალკე საბუღალტრო პროგრამაში, რომელიც დაზიანდა და მისი წარმოდგენა ვერ შეძლო. გადასახადის გადამხდელი იურიდიულ პირებს უწერს ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს მომსახურებაზე (სარეკლამო, მარკეტინგული). ვინაიდან, კომპანიის მხრიდან არ იქნა წარდგენილი შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია (მხოლოდ 2018 წელს გამოწერილი აქვს მცირე რაოდენობით - სასაქონლო ზედნადები, ჯამურად 1 195 ლარის (დღგ-ის გარეშე), შესაბამისად ვერ მოხდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება)), რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ გამოყენებული იქნა ქ. -------, ამავე ტიპის მაღაზიის, შემოწმებული ობიექტის აუდირებული ფასნამატი (14.23%), რაც გავრცელდა შემოწმებით დადგენილი საქონლის თვითღირებულებაზე. გადასახადის გადამხდელი შემოწმების დროს წარმოდგენილ, როგორც წერილობით, ისე სიტყვიერ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავდა, რომ საქონლის მოძრაობის ამსახველ საბუღალტრო პროგრამას ვერ წარადგენდა პროგრამის გადაწვიდან გამომდინარე, რომლის აღდგენაც მცდელობის მიუხედავად ვერ მოხერხდა. რაც შეეხება საქონლის ნაშთებს, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა 2020 წლის ნაშთები საქონლის სახეობის მიხედვით. ვინაიდან, პროგრამაში დაფიქსირებული ღირებულებითი ნაშთი განსხვავდებოდა წარმოდგენილისგან, ოფიციალურ მეილზე კომუნიკაციით, მომჩივანმა ითხოვა შემოწმება დაყრდნობოდა პროგრამაში ასახულ ღირებულებით ნაშთს. გადასახადის გადამხდელი ფუნქციონირებს 2017 წლიდან, გამოირჩევა საქონლის ფართო ასორტიმენტით (რეალიზაციას ახდენს საკვები პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ქიმიური საშუალებების, სათამაშოების). შემოწმების მიერ, გამოყენებულია ქ. ------ ამავე ტიპის აუდირებული მაღაზიის ფასნამატი, ამასთან ინვენტარიზაციისა და აუდირებული ფასნამატი იდენტურია. გადასახადის გადამხდელს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრებული ჰქონდა შემოსავლების სამსახურის 18.06.2021 წლის №19803 ბრძანების აღსრულების შედეგები, დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 აგვისტოს №19497/2/2023 გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული საკითხი შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა დამატებით, თუმცა რაიმე სახის ცვლილებას ადგილი არ ქონია, ასევე გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის განსხვავებული გაანგარიშების ცხრილი. შედეგად, აქტით დარიცხული თანხების ცვლილება არ განხორციელებულა. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის გარეშე არ მომხდარა არცერთი დასკვნის ატვირთვა, ყოველი საკითხი გავლილია მასთან, ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოსადგენად მიცემული ჰქონდა დამატებითი დრო, თუმცა მისი მხრიდან დოკუმენტური მტკიცებულებები წარმოდგენილი ვერ იქნა.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები. ამასთან აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსხურის გადაწყვეტილება მიღებული იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების და მეორე, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, რაზეც წარმოდგენილია პოზიციები საჩივარში, დოკუმენტური რეალიზაცია არ ქონდა გადასახადის გადამხდელს და სალაროს ნაშთის გაანგარიშება ქონდა მხოლოდ. როცა შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანების აღსრულების, კერძოდ გადაანგარიშების პროცესში აუდიტორმა მოითხოვა კრების ოქმები, სალაროს გაანგარიშება, რაც მიეწოდა და მოხდა შეხვედრა, რა დროსაც სამუშაო პროცესი არ ყოფილა, კვლავაც ეცნობათ, რომ ფასნამატის თაობაზე დოკუმენტაციას ვერ წარადგენდნენ, ამდენად ამ კუთხით არ მომხდარა გადაანგარიშება. მაგრამ, შემდგომ აუდიტორმა აცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის და საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება არ იძლევა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გადაანგარიშების საშუალებასო და არ გადაიანგარიშა. ამდენად, რაც ითხოვა აუდიტორმა კრების ოქმები წარადგინეს, დოკუმენტებს ფასნამატზე ვერ წარადგენდა, რადგან არ ქონდა და ამას საჩივრის წარდგენის ყველა ეტაპზე აღნიშნავდა, მათ შორის ამჟამად წარმოდგენილ საჩივარშიც მიუთითებს, რომ ფასნამატის ცხრილს ვერ წარადგენდა, მაგრამ გადაანგარიშებისას კაპიტალის არსებობა უნდა გაეთვალისწინებინა. შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში აღნიშნული პირდაპირ არ არის დავალებული, მაგრამ დავალება მიცემულია საშემოსავლო გადასახადის ნაწილში და თუ არ იყო დავალებული, გაუგებარია რატომ მოითხოვა აუდიტორმა კრების ოქმები.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს დაევალა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, ცხრილის სახით, ფასნამატის შესახებ ინფორმაციის წარდგენა და ამის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება. მომჩივნისაგან მოითხოვა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა, მაგრამ როგორც გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი აღნიშნავს, კრების ოქმების წარდგენა არ მოუთხოვია. მომჩივანმა წარმოადგინა კრების ოქმები, ქონდა კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან, რომელიც ითხოვს მათ გათვალისწინებას. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა თავიდან საკითხის გავლა, მაგრამ არ მოხდა გადაანგარიშება. კრების ოქმების გარდა, მომჩივანმა წარმოადგინა აღდგენილი პროგრამა, რაზეც თავიდან აღნიშნავდა, რომ დაზიანებულია და ვერ წარადგენდა. დღგ-ის ნაწილში თუ შემცირდებოდა დარიცხული თანხები, იგი საშემოსავლო გადასახადზე იქონიებდა გავლენას, ხოლო მარტო კრების ოქმებით ვერ მოხდებოდა საშემოსავლო გადასახადის შემცირება, რადგან არ მოიცავდა მარტო საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებას, ამდენად არ მოხდა გადაანგარიშება.
საბჭო აღნიშნავს, რომ საბჭოს 16.06.2023 წლის №19497/2/2023 გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ შემოსავლების სამსახურის 18.06.2021 წლის №19803 ბრძანების აღსრულება არ მომხდარა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების ნაწილში, რადგან გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა არ მომხდარა ისე, როგორც ეს შემოსავლების სამსახურის 18.06.2021 წლის №19803 ბრძანებით იყო განსაზღვრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა „არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).“
ამასთან, საბჭო ყურადღებას ამახვილებს და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 18.06.2021 წლის №19803 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს წინადადება მიეცა აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ ინფორმაცია. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მასალების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და მხოლოდ, აღნიშნულის გათვალისწინებით (დარიცხული თანხების შემცირების შემთხვევაში) საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება. ამდენად, ხსენებული შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით განცალკევებულად, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშება აუდიტის დეპარტამენტისათვის დავალებული არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 16.06.2023 წლის №19497/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, შემოწმებით დარიცხული თანხების არ შემცირების თაობაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი ახალ პროგრამაში ჩამოწერებს ახორციელებს თვის ბოლოს ერთჯერადად, არ ხდება კონტროლი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობაზე, არ ხდება კონტროლი თითოეული ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე, პროგრამულად არაა გამიჯნული კონკრეტული საქონელი შესაბამისი პერიოდის მიხედვით რა ფასად იქნა გაყიდული და ვერ ხერხდება საქონლის კატეგორიების მიხედვით სარეალიზაციო ფასის/ფასნამატის განსაზღვრა. შემოსავლებს პროგრამაში ატარებს პერიოდის მიხედვით მხოლოდ ჯამური ღირებულებით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 16.06.2023 წლის №19497/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5)