ბრძანება N 21051

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2025
№ დოკუმენტი 21051
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21051

26 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“-ს (ს/ნ -----) (მის: ----- )

2025 წლის 4 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 79) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) N 139265/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 4 სექტემბრის N EL294477 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ტვირთზე საბაჟო პროცედურები დასრულებული ეგონა და საქონელი კომპანიის საწყობში გამოცხადდა. სამართალდარღვევის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია და ქმედება ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 3 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით საქართველოში შემოვიდა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება N -----/-----, რომლითაც გადაადგილდებოდა N -----/C----- (26.08.2025) საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული, შპს „-----“-ის კუთვნილი საქონელი – კარაქი (25 კგიანი 840 ყუთი, საერთო წონა: ბრუტო 21 900 კგ, ნეტო 21 000 კგ, საბაჟო ღირებულება 270 298.73 ლარი). აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალება „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და შემდგომი კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“- ის დანიშნულებით.

2025 წლის 3 სექტემბერს შპს „-----“-ის წარმომადგენლის N ----- /21-10-22 განცხადებით საბაჟო ორგანოსთვის ცნობილი გახდა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ნაცვლად დანიშნულების ადგილისა, გამოცხადდა ქ. თბილისში მდებარე კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც განხორციელდა საქონლის გადმოტვირთვა.

2025 წლის 4 სექტემბერს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ აღნიშნულ მისამართზე დათვალიერდა კომპანიის კუთვნილი საქონელი, რის შედეგად გამოვლინდა 25 კგ-იანი 840 ყუთი კარაქი (ბრუტო წონა 21 900 კგ, ნეტო წონა - 21 000 კგ), თუმცა, საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

ვინაიდან შპს „-----“-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე 2025 წლის 4 სექტემბერს გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“-ის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი N EL294477 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „-----“-ს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შეეფარდა ჯარიმა 48 653.77 ლარის ოდენობით.

ამასთანავე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლების შესაბამისად, იმავე დღეს გამოიცა N EL11116/9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „-----“-ს დაერიცხა დღგ - 48 653.77 ლარი და საურავი - 24.3 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება. საბაჟო კონტროლი კი გულისხმობს, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

ამავე საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საბაჟო სანქცია ნორმის ელემენტია, რომელიც ითვალისწინებს უარყოფით შედეგებს საბაჟო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საბაჟო პასუხისმგებლობა კი არის კონკრეტული საბაჟო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საბაჟო კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“-ს (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში შემოვიდა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება რომლითაც გადაადგილდებოდა საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონელი. განცხადებით საბაჟო ორგანოსთვის ცნობილი გახდა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება , ნაცვლად დანიშნულების ადგილისა, გამოცხადდა მისივე კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც განხორციელდა საქონლის გადმოტვირთვა. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ აღნიშნულ მისამართზე დათვალიერდა კომპანიის კუთვნილი საქონელი, ვინაიდან მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით კომპანიას დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შეეფარდა ჯარიმა 48 653.77 ლარის ოდენობით. იმავე დღეს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც დაერიცხა დღგ - 48 653.77 ლარი და საურავი - 24.3 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 172;.